Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ქუთაისი

 

da4b09313cf2.jpg

 

ზღვის პირი

 

აკა მორჩილაძე

 

 

ქუთაისზე როგორ უნდა დავწერო, ქუთაისს ისეთი მწერლები ჰყავს.

ქუთაისი ისე მიყვარს, რომ იქ არც მიცხოვრია. ერთ ღამეზე მეტი, გადაბმულად არც არასდროს გამითევია. დღემდე ვერ ავუღე ალღო ქალაქის გეოგრაფიას. ანუ, მარტო რომ შევიდე, ეგებ გასასვლელს ვეღარც ვუწიო.

შესასვლელი ვიცი, მარცხნივ კვახჭირი დარჩება.

ძველი შესასვლელიც ვიცი, ურიცკის ქუჩით.

არსებობს ახლა ძველი შესასვლელი?

ეგ სამწუხაროდ აღარ ვიცი.

ანდა რა მნიშვნელობა აქვს? ქუთაისში არ მიდიხარ ხოლმე გეოგრაფიის დასამახსოვრებლად. არასდროს. ქუთაისში მიდიხარ და მორჩა.

მართლა არ ვიცი, როგორ დავწერო ქუთაისზე. თავში სულ ფერადები დამირბის.

ეს არ არის ბოლო ოცი წლის ფერადები.

იყო ფერადები ბოლო ოც წელიწადს? ალბათ იყო, მაგრამ მე როგორღაც არ მომხვდა.

1918 წლის ზამთარში, სულ რამდენიმე დღეში, ქუთაისი დაიცალა. ყველამ, ვინც ქუთაისის სახეს ქმნიდა, რატომღაც გადაწყვიტა, რომ თბილისში წამოსულიყო. პოეტებმა, მხატვრებმა, მსახიობებმა, მასწავლებლებმა, ინჟინრებმა ასე გადაწყვიტეს. მგონი იმიტომ, რომ საქართველო დამოუკიდებელი იყო და ერთგვარ ცენტრად თბილისი აღიქმებოდა. ეს შეუმჩნეველი ამბავია ჩვენს ისტორიაში. თან უცნაური ამბავი. არადა მომხდარი ამბავია. დიდი შეცდომაც, რომელიც ალბათ ვეღარასდროს გამოსწორდება.

ქუთაისის ლეგენდარული ქართული გიმნაზიის მასწავლებლები შეიქნენ თბილისის უნივერსიტეტის პროფესორები. განთქმული ქუთაისელი ექიმები მოეწყვნენ თბილისის საავადმყოფოებში. ქუთაისელი პოეტები ჩამოსხდნენ თბილისის კაფე "ქიმერიონში", რომელიც ეგებ სხვა არც არაფერი იყო, უქიმერიონის გარდა. უქიმერიონის აღმართი... გეხსომებათ.

ამის შედეგი ის იყო, რომ ერთი ქალაქი დაიმცრო, მეორე კი კიდევ უფრო იზარდა.

არა მხოლოდ ესენი: ლეგენდარული ახალციხური გვარებიც კი, რომლებიც ქუთაისში აგე, როდის მოვიდნენ, თბილისისკენ გამოეშურენ.

რა არის ეს თბილისი ამისთანა. რატომ იყო საჭირო. რისთვის იყო საჭირო ეს დაძვრა. ასეთი უცაბედი. არც მახსოვს, სად ამოვიკითხე ეს ამბავი. ერთადერთი წინადადება ეწერა, - ასე მოხდაო. მგონი, არც იყო ქართული ტექსტი. ინგლისური იყო. ნამდვილად ინგლისური.

ჩვენს წიგნებში არ წერია ხოლმე ასეთი რამეები.

ეს ალბათ ძლიერ ინფარქტს ნიშნავდა.

სულაც არ მინდოდა ამ დრამატული ამბის გახსენება.

ბოლოს და ბოლოს ქუთაისს თავადაც ერგებოდა საუნივერსიტეტო ქალაქად ყოფნა.

მოხუცებული დიმიტრი ყიფიანი, რომელიც ყველა თანამდებობას ჩამოშორებული იყო, ბოლოს იმერეთის თავადაზნაურობის მარშლად აირჩიეს. გადარეული ყოფილა, - რა მიქნეს ამ ქუთაისელებმა, როგორ დამხვდნენო. ეტლში ჩამსვეს და მთელი ქალაქი ზარზეიმით მომატარესო.

დიმიტრი, ქართლელი ყიფიანი იყო, სუმბათაანთ აზნაური. ცხოვრება ისე გალია, რომ ზედმეტად არავის გაუღიმია მისთვის.

ქუთაისური გიტარა. სად წავიდა ქუთაისური გიტარა? მგონი, დღევანდელ თბილისურ ტრიოებში გადმოინაცვლა.

ოღონდ, სიმართლე რომ ვთქვა, არც ამის გახსენება მინდოდა.

სულ სხვა რამის დაწერა მინდა.

სამსონ ფირცხალავას უწერია, - ქუთაისიდან თბილისში რომ გადმოვედი, წავხდი კაცი, ვერ შევეგუე ასეთ სიჭრელეს, ასეთ განსხვავებულობასო.

პურსაც კი ვერ ვჭამდი, იმდენად განსხვავდებოდა ქუთაისურისგან, ჩემი დამემართა, სანამ მივეჩვიეო.

ბავშვობისა რა მახსოვს და, ადრიან დილით ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე, პაწაწინა სახლში მამიდაჩემი ცხელ ხაჭაპურს ჭრის და ჩაის ძველებურ ჭიქაში ბლომად ალუბლის მურაბას მიყრის. ვფიქრობდი, რანაირია ნეტა ეს ქუთაისი-თქო. არ ვიცოდი, ვიცოდი მხოლოდ ეს სახლი.

ჩვენები ომამდე ქუთაისში ცხოვრობდნენ, კაი დიდი სახლი ჰქონდათ გორაზე. მერე ომმა არია ცხოვრება. ბაბუაჩემი დაიძრა.

ეს გრძელი ისტორიაა და უცხოს არ დააინტერესებს.

სინამდვილეში სულ სხვა რამე მინდოდა მეთქვა. აი, ვუტრიალებ და ვერ ვახერხებ. რაღაც ნაკუწებს ვკრეფ და მგონი, საბოლოოდ რამე გამომივა.

მე რა უნდა დავწერო ქუთაისზე. ბავშვობიდან ვყოფილვარ იქ. ქუთაისის სადგურში დიდთოვლობას გაჩხერილ მატარებელშიც ვმჯდარვარ, სათაფლიას დუქანშიც ვყოფილვარ, გელათის ამბავსაც მივხვედრილვარ, მგონი, და ბაგრატის ტაძრის თაღში რომ ლეღვის ხე იყო შეზრდილი, ისიც დამამახსოვრდა. შიგ ჩიტები ფრთხიალებდნენ. ლეღვი იყო, მგონი. ვერ ვცნობდი მაშინ, პატარა ვიყავი. საოცარი რამ კი იყო. ახლა აღარ არისო, - მითხრეს. ბაგრატი უნდა აშენდესო, მგონი, ამასაც ამბობდნენ. ის თაღში ამოზრდილი ტოტები და შიგ შეფრთხიალებული ჩიტი, მგონი, ყველაზე ლამაზი რამ არი, რაც ცხოვრებაში მინახავს.კიბეც გადასარევია. გახსოვთ, "საბუდარელ ჭაბუკში" ჩხუბი როა ამ კიბეზე? ცუდი უშანგი და კარგი გოგიტა რო ჩხუბობენ?

ქუთაისი სურათებია. სურათებს სიცოცხლე უნდა. სად არის სიცოცხლე?

რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ნაგლეჯები: რესტორანი ქვაშავაზე. ძველი გოგისვანიძეები. დავით აღმაშენებელი. მოწამეთა. მამაო გაგი თავისი სამკურნალო ბალახებით. ყველა მაინც გაგის ეძახდა.

ბიკენტიას წყვილი ქაბაბი. ნიკო ნიკოლაძის დები. აკაკი აივანზე. ბოჩკები. ქუთეისელი ქურდები. ქუთეისელი ბუფეტჩიკები. ტუა. ბუნჩულა. რა ვიცი. სულ სურათებია, რომლებსაც ბავშვობიდან ვხედავდი გაკვრით ან არ ვხედავდი, ყურს მოვკრავდი და წარმოვიდგენდი.

რა ინდუსტრიის მშენებელი ეგ იყო.

გალაკტიონი. ქუთაისის გიმნაზია. ცისფერი ყანწის ბიჭები. დახვრეტილი ბარონ ბიბინეიშვილის მოგონებები ქუთაისის შესახებ. საოცარი მოგონებები, სხვათა შორის. ქუთაისის ციხე. აწ გამქრალი. სტალინის კამერა. გიჟუას ნახტომი. თხაწვერა გოგია. პოეზია. ქუთაისის თეატრი. ის, ძველი, ჭიჭიკია და ბიჭიკია. იმათი ძაღლი. ბისკვიტია. პიანი ბაზარი. მწვანე ბაზარი. კვაჭი კვაჭანტირაძე, კაცი დაბადებული სამტრედიასა და ხონს შუა, ქუთაისში გაგიმნაზისტებული.

სულ მომწონდა ქუთაისის უბნების სახელები. თბილისისა როგორღაც უფრო დამჯდარი და პირქუში იყო. მწვანეყვავილა. სასაფლაოს უკეთესი სახელი მე არ გამიგონია. ასე რომ ჟღერდეს. სამსონ თოფურია. სამსონ თოფურიას ლეგენდარული ბიუსტი. სად არის იგი? გინახავთ სამსონ თოფურიას ფოტო? ექიმი, ადესაში მტვირთავად ნამუშევარი. სხვა იერის კაცი. აკაკის გადამრჩენი, არაერთხელ. ექიმი ასევე, ივანე გომართელი. სოციალისტი, მგონი. წერდა გაუთავებლად. გარეგნობა-საუკეთესო სასიძო. რიონის წვერა. რიონის ქვები. კომუნისტებმა გაისროლეს რიონი ქუთაისიდან. დააწყალმარჩხეს. დარჩა ქვები. თეთრი. ქუთაისის ხიდები... შეიძლება, რომ ყველაფერი ასე სახელიანი იყოს? ასე გამოკვეთილი? ჯაჭვის ხიდი. სანამ ვნახავდი, ბავშვობაში უშველებელი წარმომედგინა. მერე გადავიარეთ. პატარა ხიდია. მაინც განუმეორებელი. არაფერი და ყველაფერი. როგორ მირბის ზედ, რევოლვერმომარჯვებული კონსტანტინე დადეშქელიანი, რომელმაც ეს წუთია მოჰკლა გუბერნატორი. ამპრეტუზო მედუზო. პიკასოს ბიჭი. ლადო მესხიშვილი, ხმა ჩახლეჩილი, ფრანც მოორის როლში, კინაღამ მართლა რომ ჩამოიხრჩო თავი. პიპინია მიქელაძე ახტა სცენაზე, ხმლით გადასჭრა თოკი. დარჩა ხმა გაბზარული. ქუთაისის ხმა. სერგია ერისთავი. გიცანი, სერგია გიცანიიი? რიონს რო მივქონდე და მეძახდე, გიცნობო, ასეა საქართველოს ამბავიო. სერგია ერისთავი. ქუთაისური ხუმრობა. დღეს, მგონი, ოდნავ ნაძალადევი, სერგიაზე და სხვათა კლასიკაზე აწყობილი. ოთარ მამფორიაზე, რასაკვირველია.

მინახავს მოხუცებული ბუღალტრები, შავი ჰალსტუხებით, ტილოს პიჯაკებში, გარეთა ჯიბეში სამი-სამი ავტორუჩკით, შლაპებით. ბაღში. მოვესწარი ამის შემჩნევას. ბაღისკიდეც მახსოვს. ცოტა ლუპენული ხუმრობებისკენ მიდრეკილად წერდნენ მის შესახებ.

ბულვარი, გულვარდი. ასე უნდა სწორედ სიტყვის მორგება და გადაკეთება. დანიელა ურია. ქუთაისის ებრაელობა. ქუთაისის რუსობა და ქუთაისის პოლონელობა. მოკრივე ბოჭოლია. ნამდვილი ვარსკვლავის კი არა, შოუ და რაღაცა. ძველი ქუთაისელი ძელეცები. ერთხელ, ბავშვობაში, ქუჩაზე დამახსოვრებული კაცი. ეს ვინაა, იცი? იობიძეა, ათასკაციანი ქორწილი რო გადოუხადა შვილს და რო დეიჭირეს. დაჭერები. პიერ, პიერ. მე მილიციაში ვმუშაობ და ქორწილებში თუ ვუბაგუნე დოლს... ქუთეისია, უნდა უბაგუნო. ჩემი მეგობარი ნოდარი. ტიტე ვაჩაძე. ტორპედო. ქუთაისის ტორპედო. თავისი მთელი ამბებით. იუზა ლოსაბერიძის გოლი კიევის კარში, სისინა ქარის თანხლებით. ომი ქუთაისის სტადიონზე, სიკვდილი. სახალხო მღელვარება. დაღუპული ბიჭი. ბადრი ფარულავა, დურმიშხან ქვირია, ლეგენდა - ჯემალ ხერხაძე. კარგია, როცა ყველაფერი შენი გაქვს. მე მომწონს, სხვისი არ ვიცი.

მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე, რაც არ უთქვამთ და რაც თავიანთ გულში არ გაუტარებიათ? მართლა მაისში იყო მაგარი. ქარები იცის, ოხრული ქარები. მიდი, მოდი, თეთრო ხიდო, ოღასკურა, საფიჩხია... შალიკო ხვინგიაძე. სინამდვილეში გიგიაძე. შეხვედრები ჰიტლერთან. დათეშიძის გორა. აგული ერისთავი, სასაფლაოთა მიქელანჯელო. პერსონაჟები და რეალური ადამიანები სრულიად ერთად, ყოველგვარი გამოცალკევების გარეშე. ქუთაისური გვარები. მიქელაძე-მიქელთაძე. რომელ ქალაქში დაარქმევენ შვილს შედანს ჩვენს დროში? შედან ჭილაძე, მეჩვიდმეტე საუკუნის დიდი მსმელი. ჰოდა, არქმევენ. კოლია ქვარიანი. კოლია ქვარიანი! გოლიათი, ამერიკულ ფილმებში. გადახვეწილი. დიდი და მელოტი კოლია ქვარიანი. ზანგ ხულიგნებთან ჩხუბში დაღუპული სამოცდაჩვიდმეტი წლის დევი. დღემდე კლასიკა, ჭიდაობის სურათი, ჩახედეთ იუთუბს, ჯინ სტენლი-კოლია ქვარიანი. სიმონ ქვარიანი,ისტორიული რომანი... მამაჩემის მოგონება: ჩამოვედი მატარებლიდან, გავიარე სადგური, დილაა, ვიტრინიდან ხელს მიქნევენ ბოჭოლია და გენდრიმოვიჩი, წინ უდგათ არყის ბოთლები და ლუდის კათხები. უნდა დაგვეწიო, თითო ბოთლი დაცლილი გვაქ უკვეო. რავარი დასაწევია. პერაშკი ჩააყოლე, პერაშკი. რიონის წვერა. გინახავთ, ჩხირებზე აგებული? ეს ორი ვარია შოუშვი ისრიმ მაყვალში... მწვანილი, ქუთაისის მწვანილობის ეპოქა... მგონი, რაღაც ვთქვი და რაღაცას მოვყევი, იქ არმცხოვრები კაცის პირობაზე, თორემ მე რას უნდა მოვყვე ქუთაისზე. მე ვინ ვარ ამ საქმეშიი? ვთქვი, რისი თქმაც მინდოდა. ცოტათი მაინც. მთავარი კი არ მითქვამს.

დიდი ქუთაისური ლიტერატურა. დიდზე დიდი. პირადად ჩემთვის სრულიად გადამწყვეტი და განუმეორებელი დღევანდელი ჩვენი მწერლობისთვის. ეგ რომ არ ყოფილიყო... არ ვიცი, აზრებს ძნელად გამოვთქვამ ხოლმე ფილოლოგიურად. ასე დაცლილმა, ასე გადასხვაფერებულმა, გულგამოღებულმა, მაინც მოახერხა და ამდენი გააკეთა. ამდენი კი არა, მე რო მკითხო...

ჩემს გონებაში ქუთაისი, როგორც სისტემა დაიწყო რეზო ჭეიშვილის მოთხრობით, სადაც წყალტუბოს არქივში მომუშავე მწერლის ცხოვრება იყო აღწერილი და სადაც მოთხრობილ იყო მოკრივე ბაჭიას სიკვდილზე ავტოკატასტროფაში.

ალბათ ბაჭია მაშინვე დავუკავშირე, ადრევე გაგონილ ბოჭოლიას და ალბათ იმასაც მივხვდი, რომ ეს ერთი და იგივე კაცია. მე რა უნდა ვთქვა ქუთაისზე. ეგებ სულაც არასწორად ვამბობ ოდესღაც გაგონილ სახელებს.

მაგრამ მახსოვს წვიმა იმ მოთხრობაში და ძველი ქუთაისელი ძელეცები რესტორანში.

არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ მოთხრობამ ჩემზე სრულიად განუმეორებელი შთაბეჭდილება მოახდინა. სრულიად გარკვევით ვხედავდი იმ ადამიანებს, რომლებიც იქ მიმოდიოდნენ. შეიძლება იმიტომ, რომ რაღაცები და ვიღაცები უკვე მენახა ქუთაისში. არ ვიცი. მაგრამ ასე კი იყო და ახლაც ასეა.

მერე წავიკითხე მისივე "მუსიკა ქარში". ჩემი ჭკუით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ქართული წიგნი ბოლო ას წელიწადში. ჩემთვის, ისევ და ისევ, თორემ სხვისთვის რა ვიცი. ამ წიგნის ტონი სრულიად უცხოა ჩვენებური წიგნებისთვის. ომის და ომისშემდგომი ქუთაისი. სიმინდი, ბაბუა, ლეკის ბიჭი, პორფილი, დაუმთავრებელი სახლი. ბიჭი, რომელიც ყველაფერს იმახსოვრებს. ასეთი ქუთაისი კარგა ხანს მმართავდა. სულ არ გავდა იმას, რასაც თვალს მოვკრავდი ხოლმე. იქ რომ მოვხვდებოდი, აუცილებლად გადავხტებოდი ხოლმე ამ წიგნში და ვადარებდი. ეგეთი ქვეყანაა საქართველო. გააკეთებ ასეთ რაღაცას და არის ეს რაღაცა ჩუმად, ვითომ ასეთი წესია. მოხდება ხოლმე ასე.

მგონი, არ უნდა შევყოლოდი ამ ლაპარაკს. ვეღარ დავამთავრებ. ანდა დაუნდობლად უნდა მოვკვეცო. ჩემი ქუთაისური წიგნები კი რასაკვირველია ჩემთან დარჩება.

ერთხელ კოტე ჯანდიერმა რეზო გაბრიაძესთან წამიყვანა. ვისხედით და ვლაპარაკობდით. მე რა უნდა მელაპარაკა, მკითხავდა რამეს და ვუპასუხებდი. იჯდა და ხმადაბლა გვიამბობდა რაღაცებს, ლიმონათს აძალებდა ჩემს ქალიშვილს და მალიმალ ეუბნებოდა, - ყოჩაღ, თუ სამიანებს იღებ ხოლმეო. მისი მობილური ყიოდა მამალივით, ის თავად ეწეოდა ძალიან წვრილ სიგარეტებს, ჩასცქეროდა საფერფლეს და ხმადაბლა გვიყვებოდა, როგორ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში, დაბალი და გამხდარი; როგორ დადიოდა საჯაროში, სად რომელი ბირჟა იდგა რუსთაველზე და ამას ყვებოდა არა წარსულისადმი მისი თაობის თბილისელთათვის ჩვეული რომანტიკით და ლაღიძის წყლებზე აქცენტით, არამედ როგორც განვლილი ტკივილის შესახებ.ეს არ იყო ტკივილი წასული რომანტიზმის შესახებ. ეს სულ სხვა ტკივილი იყო. მე მინდოდა, ქუთაისზე მოეყოლა. ხომ არ დავუწყებდი გამოკითხვას. იმ ნაამბობში, ქუთაისი ერთადერთხელ ახსენა და ისე, რომ არ უხსენებია. ასე თქვა: ჩამოვედი აქ, ბავშვი. სიყვარულის მეტი არაფერი მენახა და არაფერი ვიცოდი.

ჰოდა, რაიმეს კითხვა ქუთაისის შესახებ რაღა საჭირო იყო.

კაცმა თქვა, - სიყვარულიდან ჩამოვედიო.

ისე რაღაცნაირად დამამახსოვრდა.. .

ახლა ხომ არ მოვყვები, რა არის რეზო გაბრიაძის ქუთაისი და რა მნიშვნელობა ჰქონდა ჩვენთვის მის ქუთაისს ბოლო ორმოც წელიწადს.

მგონი, რაღაც კუთხით, მისმა ქუთაისმა გადაგვარჩინა კიდეც. ოღონდ ადამიანებს არ უყვართ ასეთ რამეებზე ფიქრი. ვაი და, სადამდე მიხვიდე.

მე კიდევ, რა უნდა ვთქვა ქუთაისზე.

ეს იყო ხმელთაშუა ზღვის ქალაქი, რატომღაც მოხვედრილი ხმელთაშუა ზღვისგან შორს. ალბათ ეს არის ამ ქალაქის დრამა.

მოვიგეთ, ფეოლა...

გაგიჭირდებოდათ.

მიტროფანე ლაღიძემაც იქიდან დაძრა თავისი წყლები თბილისისკენ.

Link to post
Share on other sites
  • Replies 189
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

ორმაისობას კარგი ამინდი დაემთხვა როგორც ჩანს. ულამაზესია მაგ დროს საღორიის ტყე. გვირილობას გილოცავთ.

მამა არჩილის გვერდზე ვნახე. დათეშიძის გორა ყველამ იცის ქუთაისში.   დათეშიძეები   დღეს, სამწუხაროდ ცოტას თუ ახსვოვს დათეშიძეების გვარის წარმომადგენელთა საქმიანობის და ქვეყნის წინაშე ღვაწლის შესახებ

ცოტა დაგვიანებით გილოცავთ ორმაისობას ქუთათურებო!

Posted Images

გეიხარე დათო ძამია,მაგრად ვისიამოვნე,მაგარია ჩვენი ქუთეისი,გული გამითბა ამ საღამოს!!!!!

 

ღმეთმა გაგახაროს მამუკა!!!

 

:hi:

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...
  • 1 month later...

ბავშვობისდროინდელ ქუთაისზე რაღაც მოგონებები მქონდა ერთ ფორუმზე, მაგრამ სამწუხაროდ ორი წლის ნაპოსტი წაიშალა....ესეც ჩემი ბავშვობიდანაა

 

---------------

 

 

 

შალიკო იდეური კომუნისტი იყო. დიდ ომში კავკასიის ბრძოლების მონაწილე, ქალქკომის და მისივე კარის მეზობლის, გრიშას რისხვა…- ომის მერე ფაიტონებს არემონტებდა. შალიკოსთან, ჩიხში, ნNაირნაირი ფაიტონები მოჰყავდათ. ცხენებით, უცხენოდ, მდიდრულად გაწყობილი თუ ქუთაისურ ქეიფებში გაცვეთილ-მოყანყალებული. შალიკოს ოOქროს ხელი ჰქონდა და მეფაიტონეები, ფაიტონის განახლებას, მასთან კაი მამაპაპური ქეიფით ასრულებდნენ დუქანში. შალიკო გვიან, ბარბაცით შემოუხვევდა ჩიხში. შავ ჩექმებში, გალიფესა და კიტელში გამოწყობილს, ფაფახი გვერდზე მოქცეოდა და ტესტოსტერონი უკვე საეჭვო იყო, მაგრამ რაღაც სხვა ჰორმონი ნამდვილად ექნებოდა აწეული, ჟესტიკულაციაზე და აგრესიაზე ეტყობოდა. გრიშას და პაჭოს სახლთან მისი აფორიაქება პიკს აღწევდა. ზოგი რომ ვითომ ვეტერანია და საბუთი რომ ნაყიდი აქვენ რაფერაა მა საქმეო- დაიყვირებდა. გრიშა მაგ დროს ხმის გამღები იყო?! გრიშას, კაი მოქეიფეს, ფაიტონის და არღნის არანაკლებ მოყვარულს, ომის ვეტერანის წიგნაკი, მისივე სიტყვები რომ გავიმეორო, ზურგის ფრონტზე გმირული ბრძოლით ჰქონდა დამსახურებული. გრიშა პარიკმახერი იყო…. ქუთაისში ერთერთი პირველი ,,პაბედა,, გრიშასი იყო. ჩიხმა ტელევიზორიც პირველად გრიშას და პაჭოს ოჯახში ვნახეთ. გრიშა არ იყო კონფლიქტური ადამიანი და მიუხედავად შალიკოსთან მისი უდაოდ თვალსაჩინო ფიზიკური უპირატესობისა, ყოველთვის თმობდა. ომის თემა, შალიკოსა და გრიშას შორის, მხოლოდ შალიკოს სიმთვრალეში მძაფრდებოდა. შალიკოს სიფხიზლეში განსაკუთრებით დატვირთვას ქათმის და კვერცხის კონფლიქტი იძენდა. აღსანიშნავია რომ პაჭოს კაი კვერცხმადებარი ქათმები ჰყავდა და მათ კისერს პაჭოს ხელში, ცივი იარაღი უკანასკნელ გაფართხალებამდე არ ემუქრებოდა. კრიტიკული ასაკის მერე, ქათმებს საკუთარი საბუდარი სხვისაში ერეოდათ და ხშირად შალიკოს სარდაფებში ტოვებდნენ კაი ბობოლა კვერცხებს. შალიკოს ‘’რა გინდოდა ჩემს პადვალში,,-ს რომ გავიგონებდით და იქედან სრაფ ტემპში კვერცხებით ხელგავსებულ პაჭოსაც რომ მოვჰკრავდით თვალს, ცხადი იყო, ის დღე ტრადიციულად ცხელი იქნებოდა, და პროცესი ხვალ, გათენებისთანავე შალიკოს ქალაქკომში ახალი განცხადების შეტანით დამთავრდებოდა. განცხადებას შალიკო გაზეთ ქუთაისის მთლად ცხელ ნომერში ჩადებდა, დაგრაგნიდა(როგორც პაჭო ამტკიცებდა, იმ გაზეთში განცხადებასთან ერთად, ათიოდე ანონიმური წერილიც ედო შალიკოს), დაგრაგნილგაზეთიან მარჯვენას მაღლა შემართავდა, იქ გამცემთ პასუხსო(ამ დროს ცალი გვერდით კარის მეზობლის სახლისკენ იყო მიბრუნებული)და ქალაქკომისკენ ქვეითთა მარშის ტემპით დაიძვრებოდა. კKიდევ კარგი, რომ ქალქკომის განყოფილებები ბოლომდე ისრუტავდნენ შალიკოს აბობოქრებულ ენერგიას და შალიკო დღის მეორე ნახევარში მშვიდი და პატივმოყვარეობადაკმაყოფილებული გვიბრუნდებოდა.

ომის ამბებს შალიკო ბავშვებს პატარა შებუჟბუჟებულზე გვიყვებოდა. მისი მონაყოლი ცოტა არ იყოს განსხვავდებოდა კავკასიის ბრძოლების ოფიციალური ქრონიკებისგან. მის საბრძოლო მოგონებებში ფიგურირებდა წითელი არმიისთვის წარმოუდგენელი ისეთი აქტებიც კი, როგორიცაა, ოფიცრების ლოთობა, მედდებთან არაპროფესიული ხასიათის კონტაქტი(მეისპო შალიკია, რავა გადარია ბოვშებიო, იცხადებდა ბებიაჩემი), ბრძოლიდან გაქცევა, მთვრალი ოფიცრების მიერ ხელქვეითების დედის გინება და იარაღის ჰაერში სროლა...შალიკო ზოგიერთი სოციალისტური სამშობლოს დამცველის მტრის მხარეზე გადასვლის ფაქტებსაც კი ამჟღავნებდა, რასაც ჩვენ გოგისვანიძეების დუქნის ღვინოს ვაბრალებდით.

შალიკო მხოლოდ ვასოს ვეტერანობას აღიარებდა. შალიკოს თვალში ვასოს ვეტერანის წიგნაკი განსხვავდებოდა ზურგის ფრონტის გმირის წიგნაკისაგან. ოOმის ამბებს ვასოც ყვებოდა, ჩიხის ძალიან კეთილი და უზომოდ თავმდაბალი კაცი. ის ქერჩის ოპერაციას იყო გადანარჩენი, ზღვიდან, ღამით აიყვანეს თურმე ნავზე, უკვე ძალაგამოცლილი და დასახრჩობად განწირული(თუმცა მერე ხმელეთზე გააგრძელა ბრძოლა და ბერლინამდე სდია გერმანელებს…უფრო წარმატებულადაც).ქერჩის გამო, ვასო სტალინს მთლად კეთილი სიტყვებით არ მოიხსენიებდა, თუმცა შალიკო აქტიურ პროტესტს ვერ უბედავდა. ბოლობოლო შალიკოს საგმირო პერიპეტიებში, კავკასიის კალთებზე, ზარბაზანაკიდებული ჯორ-ცხენის უკანალზე ბეჭით მიწოლა თუ დომინანტობდა, ვასოს რაიხსტაგის კედელზე ჰქონდა ხელი მონაწერი.

სულ ბოლოს, მამაჩემი, როგორც უნგრეთის მოვლენების მონაწილე, ომის ვეტერანებს გაუთანაბრეს. შალიკოსთვის ეს წარმოუდგენელი მკრეხელობა იყო, მაგრამ რადგან ბებიაჩემის შალიკოსაც კი ეშინოდა, მამაჩემის წიგნაკთან დაკავშირებით, ის მხოლოდ ხმამაღლა ჩაახველებდა.

ჩიხში ნავთს, ცხენის ‘,,კაჭკით,, დაატარებდნენ (იქვე ბჟოლებიდან მოჰქონდათ. მანდვე იდგნენ ფაიტონებიც. დედაჩემს ისევ ახსოვს ცნობილი მეფაიტონის, იაგორა აბზიანიძის მათრახის სიმწარე, ფაიტონზე უკნიდან ჩამოკიდებულ ბავშვებს რომ აკივლებდა). შალიკო ხსენებულ ,,კაჭკებსაც,, ავლებდა ხელს თუ ძალიან გაუჭირდებოდა. ერთხელ მაგ ,,ნავთის,, ცხენმა ფაციას ზურგში უკბინა და იქ ატეხილი ორომტრიალის გამო შალიკო კაი ხანს იყო დარჩენილი უსაქმოდ. ფაციას დასაწყნარებლად, შალიკო პირობას დებდა რომ აწი ჩიხში ჩამოსული ყველა ცხენის ქცევაზე იღებდა პასუხისმგებლობას.

მერე შალიკო დაბერდა, ქუთაისს ფაიტონები მოაკლდა, მანქანამ იმძლავრა და შალიკოს მხოლოდ მის ციცქნა სახელოსნოში ბუჯურიღა დარჩა გართობად.

 

შალიკოს ხსენებისას, ჩიხში დამდგარი მისი ფერად-ფერადი ფაიტონები , კუდდაპწნილი და მობზიალე ცხენები მაგონდება. რა კაი იყო მაშინ ქუთაისი……..

Link to post
Share on other sites

კიდევ ვნახე ერთი ქუთაისზე :e025:

 

 

 

აგვსიტოში, ქუთაისში, ჩიხში, ჩვენ სახლს ცოტა ხელი შევავლეთ და საქმემ ელექტრო ბოძის ადგილის შეცვლა მოითხოვა. ეს ხის, უკვე გაშავებული ბოძი, ჩვენი ეზოს კიდეში დგას. რაც თავი მახსოვს მასე გადაყანთრულად იდგა, წვერში უამრავი მავთულებით გაბურდული. მთელი ჩიხის შუქმომარაგება მაგ ბოძზე ეკიდა და ვინ აერთებდა ლევს და ვინ პრავს სულიკოს გარდა კაცისშვილმა არ იცოდა. ქელასის თანამშრომელიც კი ვერ ბედავდა მაგ ბოძზე აძრომას სულიკოს გარეშე.

ჰოდა დღის წესრიგში დადგა ამ ბოძის მოხსნის და ახლის დადგმის საკითხი, მაგრამ გარემოებების გამო ბოძი ისევ ძველ ადგილას ვეღარ დაიდგმებობა, ახალი ადგილი უნდა მოგვეძებნა. აი მაშინ დაიწყო თუ დაიწყო...ჩიხი გამოცოცხლდა, ჯერ აფორიაქდა, მერე ენერგიით დაიმუხტა, მერე ამ ენერგიამ იფეთქა და ტრადიციულ დროებით სამეზობლო კონფლიქტში გადაიზარდა.

ქეთინომ,- მაგ ''სტოლბა'' ჩემს ეზოს არ მოაკაროთ თვარა არ ვიცი რას ვიზამო, ელვა-ჭექის დარტყმა უნდა ამ ჩემს ისედაც დაშლილ ხუხულასო? ეგერო(თავი მეზობლისკენ გადააქცია), იმის ეზოსთან დადგითო. წკეპლა ეტყობა შორიდან ალივერებდა სიტუაციას და სახლიდან გამოუსვლელად, გადახსნილი კედლიდან დაიღრინა: გოგო შენ ხუ არ გასუნელდი(გოგო 55 წელს გადაცილებულია), ამ ''უბორნიას'' რო მაგ ''სტოლბამ'' ძირი გამოუთხაროს, მერე მე შეგიშვირო ხელიო? (ტუალეტი უმაწვავესი საკითხია ქეთინოსა და წკეპლას შორის, რამეთუ საერთოა და ერთი თხელი ტიხრით გაყოფილი, ხან აქედან შედიან, ხან იქედან). ამიტომ ეს ვარიანტიც მოიხსნა. ნაილიმ, - ჩემი ბოვში(ჩემი ბიძაშვილი) გამოვა სადაცაა და მანქანის ყიდვას აპირებს და მაგ ''სტოლბას'' ვერ გავხრიგავ ეზოშიო..ეს, ხმამაღლა, თორემ დედაჩემს გადაუჩურჩულა, აბა მაგ ჭკუაზე ვარ, ციალას და სულიკოს დენები ვაწოდო, ფეხის გადასადგემელი ადგილი არ დამიტოვეს ეზოს წინო...ქუჩის თავში ომარი ცხოვრობს, და ის არ მეყოფა კომუნისტებმა უკითხავად ტროლეიბუსის ''სტოლბა'' რო დამიყენეს ეზოში და ვეღარ გამიგია როდის ვარ ფხიზელი და როდის პახმელიაზე სახლს ისე აზანზარებსო, მე ვერ დაგადგემევინებთო. სულიკომ, ჩიხის ბოლოში დადგული სტოლბა არ გამიგია და თან ნაილისთან საქმეს ნუ დამაჭერინებთო. დარიკოს წინ ეს ბოძი ფიზიკურად ვერ ჩაეტეოდა. თეზისთან მეორე სართულზე ხომ არ ავიტანდით... ჰოდა გამოუვალი სიტუაცია შეიქმნა, ვირტუალურად ეს ბოძი თავის მავთულებიანად ხან ჩიხის თავში აიტანეს, ხან ისევ ბოლოში ჩამოიტანეს. ჩემი ძმა კანადაში მირეკავდა, რა ვქნა სად წავიღო ეს ბოძი მირჩიე რამეო.... ბოლოს ყელში რომ ამოუვიდა და ჩიხიც საომარ ველს რომ დაემსგავსა და 1950-იანი წლების ამბების ამოწევა რომ დაიწყო, განაცხადა: მე ჩემთვის ვიდგამ ახალ ბოძს ჩემი გაყვანილობით და სადაც გინდათ იქ წაიღეთ ეს შავი ბოძიო. ამან სიტუაცია მყისიერად განმუხტა, ქელასის თანამშრომელიც ეგრევე მოიყვანეს(გაქცეული იყო, სანამ არ მეტყვით სად დავდგა ბოძი, მანამ ამ ჩიხში ჩამომსვლელი არ ვარ და არ მომეკაროთო) და ახალი ბოძი ჩვენსა და ნაილის საზღვარზე ჩაიდგა. ძველი ბოძი ნაილის ერგო კონტრიბუციად, ზამთრისთვის შეშის მასალად.

ახალ ბოძს ყველამ ერთად მიაყარა მიწა და მერე ორი ჭიქაც წაუქციეს ძველ ბოძს, ძველ მეზობლობას, ძველ ჩიხს და საერთოდ ''იმ კაი დროს''...

Link to post
Share on other sites

ესეც ვნახე. ყურშაც წავიდა ფაშტის მერე. გაანათლოთ...

 

 

წავიდა ფაშტი. ადრე წავიდა. კაი ხანს უნდა ევლო კიდე წესით. შარშან რომ გავიარე ქუთაისში, ჩიხისთავის ბირჟაზე იჯდა, მარტო. ვეღარ ხედავდა და სანამ ხმა არ გავეცი ვერ მიცნო. გული ჩამწყდა ისეთ დღეში იყო. არც წამალს იღებდა უკვე და რეჟიმზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. შევეგუე უკვე, აღარ მეშინია, ვიცი რაც მოხდებაო.

არადა თითქოს გუშინ იყო.. მე რომ სკოლაში მიმიყვანეს, ფაშტი უკვე ამთავრებდა. მისი ეშმაკის ფეხის მკვნეტელი სახლიკაცი , ყურშა , მერვეში იქნებოდა(სპორტულ ტანვარჯიშზე დადიოდა თეთრ ხიდზე რომ სპორტსკოლა იყო ). ფაშტის ჯგუფი უძლიერესი იყო სკოლაში. მათემატიკაში რომ გავიჭედებოდი, ფაშტი იყო მშველელი. ფაშტის წინა თაობაში უკვე დაწყებული იყო ქუთაისში კაი ბიჭური(ქურდული) მენტალიტეტის აყვავების პროცესი, ფაშტის თაობამ მაგრად აიტაცა, მერე ჩემმა და ჩემს მერე თაობამ ხომ საერთოდ . კაი ბიჭის სახელი ჰქონდა ფაშტისაც. მერე შუა აზიაში იყო დიდი ხანი. ქუთაისში რომ დაბრუნდა უკვე სიტყვა ეთქმოდა თავის წრეში. ძალიან კეთილი იყო ფაშტი და უსამართლობას ვერ იტანდა. მახსოვს ერთხელ ბიჭებმა ამბავი მოიტანეს ამირანა (ჩვენი ებრაელი მეზობლის, მიშას ბიჭი, ჯარიდან ცოტა არეული ჩამოვიდა) უცეკვებიათ ვიღაც ახვრებს ბაზართანო. მაგ ამბავს ფაშტი რად უნდოდა მაგრამ ყურით მოათრევინა ბიჭებს ორივე (გვერდით უბნელები აღმოჩნდნენ და ფაშტის მეგობრებს ეთხოვათ, ხელი არ მოხვდეს და რაც გინდათ ის უქენითო), ამირანაც იქ იყო. აბა ჰე, ამირანს უნდა თქვენი ცეკვა ნახოს და აბა თქვენ იცითო, ფაშტიმ. შეგვეშალაო ამოილუღლუღეს, ტირილს არაფერი უკლდათ(ახლა გამახსენდა, ვინ გაბედავდა მაგ დროს დანაზე ფიქრსაც კი, წარმოუდგენელი იყო). მაგრად გაპრესა ორივე და გაუშვა (არა მგონია გამოსწორებულიყვნენ, ახვრობა არ იკურნება, მხოლოდ უხეში ძალა შველის ისიც დროებით). ჩიხში ბებიაჩემს ოთარაანთ ქვრივის სახელი ჰქონდა და ფაშტის თავზეც გადაივლიდა ხოლმე მისი რისხვა ხანდახან, ფაშტის ცხოვრების წესზე განსხვავებული შეხედულების გამო. თუ ვინმე უბედური იზრდებოდა უბანში იმის ცოდვებსაც ფაშტის აჰკიდებდნენ, არაჯანსაღი გავლენა აქვს ახალგაზრდობაზეო (არადა ფაშტი ანგელოზი იყო ზოგიერთთან შედარებით). შარშანწინ თბილისში მესტუმრა რაღაც საქმე ჰქონდა. საღამოს ჩავუჯექით, სულ კაკალ-კაკალ მოგვიყვა ჩიხის ამბები. ფაშტის სუფთა ქუთაისური იუმორი ჰქონდა. ისე მოყვებოდა ამბავს სულს ვეღარ მოიბრუნებდი, არადა თვითონ ვითომც არაფერი. მაშინაც მოყვა ქეთინოს ამბები, მაგი მაკონტროლებს მარტო მეტი ვერავინო, იმ დღეს შორიდან ვერ ვიცანი ,თამარა დეიდა მეგონა(ქეთინოს დედა) და ისე მივესალმეო, მწყევლა სერიალის დაწყებამდეო. წკეპლა და ქეთინო ისევ ემუქრებიან ერთმანეთს, ახალი ტუალეტის აშენებითო(ერთი საზიარო ტუალეტი აქვთ, შილიფი ფიცრით გატიხრული და რიგრიგობით შედიან). ნაილი და ციალა დეემდურენ ერთმანეთს ერთი ძირი ტყემლისთვისო, ვისი დარგულია ვერ დავადგინეთ, მეც ჩამრიესო (ჩვენს ეზოში დამდურება და შერიგება ქორწილებს და გასვენებს უკავშირდებოდა ძირითადად, ამჯერად ცხონებული ლეილა დეიდას დაკრძალვა ყოფილა ),სტამბის სასადილოში დირექტორი მოხსნეს, სამი რვეული უნახეს მეწილეებმა ჩვენი ნისიებით სავსეო, გულნარა ისევე დააყაჩაღა დამხობამო(საკუთარმა შვილიშვილმა), ზვიადიას ციალა უკვე ბირჯაზე აჭმევს საჭმელსო და ასე შემდეგ და ასე შემდეგ დაუსრულებლად.

ერთხელ სიზმარი ენახა, პატარა მატარებელი ქრონიკას და ოღასკურას შორის დამატარებდაო. ბიჭები აშაყირებდნენ, კიდე კაი ოღასკურაზე არ გაჩერდაო.

ხუთშაბათს გაჩერდება ფაშტის ბოლო მატარებელი ოღასკურაზე..

Link to post
Share on other sites

ბიჭებო, თუ რამე, სხვაგან გადავიტანოთ. უბრაილოდ ქუთაისის და ქუთაისლების ამბები რომაა იმიტომ დავდე აქ.

 

 

 

 

ერთი ქუთაისელი მეგობარი ბერი მყავს, მაშინ მორჩილი იყო ბაღდათის მთებში, მონასტერში. მოძღვარმა თურმე მოსაგებად გამზადებული ძროხა ჩააბარა, რომ მოიგებს არ აჭამოო, დაარიგა. ძროხამ მშვიდობიანად მოიგო ხბო. გავიდა ოთხი დღე და მოძღვარი მეგობარს ეკითხება, რაღაც ჩვენი ძროხა არ მინახავს გამოსული მოგების მერეო. ქუთაისელმა(სოფლისგან შორს მდგომი იყო): მამაო, ისე კარქათაა მარა რომ არ ვაჭმევთ ადგომა უჭირსო.... შევარდნენ ბოსელში და მოძღვრის დანახვაზე იატაკზე მწოლარე ოთხი დღის მოშიმშილე ძროხამ ერთი შეჰბღავლა თურმე მამაოს და ჰიპოგლიკემიურ კომაში ჩავარდა(ქუთაისელმა უფრო რეალისტურად, ერთი სიტყვით მოჭრა: დეინთხვლა..). მერე ძაბრით ასხამდნენ თურმე ღერღილის სალაფავს ყანყრატოში.. გადარჩა..

 

 

იგივე მეგობარი (უკვე ბერია), ორი წლის წინ ტყიბულ-რაჭის საზღვარზე მთასაყდრის ახლადდაარსებულ მონასტერში გადავიდა. გასულ გაზაფხულზე თხუთმეტი თხა აუყვანიათ მოსაშენებლად. თხები უცებ გაველურდნენ თურმე და კლდიდან აღარ ჩამოდიოდნენ, არც კაცს იკარებდნენ. ზაფხულში დიდი ფიზიკური დატვირთვა ჰქონდათ(სენაკები და ეკლესია ააშენეს, სულ ხელით აზიდეს ყველაფერი) და იქნებ ერთი თხა დაგვეკლაო . ჩემი მეგობარი წასულა დასაჭერად. ისეთ კლდეებში შეუტყუებიათ თხებს,რომ უკან ვეღარ ბრუნდებოდა თურმე(ღმერთო შემინდე და რომ მიყვებოდა ''თორმეტი სკამი'' გამახსენდა), ღმერთს ვევედრებოდი ოღონდ აქედან ჩამიყვანე და თხისკენ აღარ გამოვიხედავო. ბოლოს ორი კაცი მიეშველა ქვემოდან და ძლივს მოხსნეს თურმე.

ჰოდა ახლა ზაფხულში როცა ტრაპეზი გარეთ გვაქვსო, ვუწებ მონასტრის პურს ლობიოში და მონოკლით(ახლობელმა აჩუქათ, ძველებურია, ფეხიანი, კაპიტნის) ვალივერებ ჩვენს თხებს შორიდანო. მერე სერიოზულად, ამოხვნეშით ჩაილაპარაკა: დედა რა მსუქნები გახდნენ მაინც ის დალოცვიელბიო...

Link to post
Share on other sites

ესეც ძველია. ჩემს ქუთაისელ ბებიაზე და ჩვენს სახლზე....

 

 

 

იმ დღეს ჩვენებმა დამირეკეს, სახლის მყიდველი გამოჩნდაო. რაღაც გაურკვეველი გრძნობა დამეუფლა, ვეღარ გავიგე გამიხარდა თუ მეწყინა. ქუთაისში ჩვენს სახლზეა ლაპარაკი, ბებიაჩემის, დედაჩემის დედის სახლზე სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე. ბებიაჩემის გარდაცვალების მერე, მშობლები სოფელში გადავიდნენ და სახლი გამოიკეტა. ქუთაისში ჩასვლისას ჯერ ბებიაჩემის საფლავზე გავდივარ, მერე ჩიხში ვბრუნდები, სახლს გავაღებ, ჯერ ერთ ოთახში შევალ მერე მეორეში, ბებიაჩემის სურათს გავხედავ. სიჩუმის გარდა არაფერი ისმის. ერთ დროს კიდე:

სახლი ხმამაღალი ნათქვამია, ერთი ვიწრო შესასვლელი, რომელიც სამზარეულოს ფუნქციასაც ასრულებდა, ერთი მოზრდილი ოთახი მშობლებისთვის და ერთიც პატარა ოთახი სადაც მე, ჩემს და-ძმას და ბებიაჩემს თანაბრად გვეკუთვნოდა და პატარა ეზო. სახლი მეცხრამეტეში იყო აშენებული(ისე მთელი ჩიხი დედაჩემის ბაბუის ბაბუის საკუთრება ყოფილა), მერე ომის დროს დანგრეულა, და ბებიაჩემს საკუთარი ხელით აუშენებია თავიდან(ბაბუაჩემი ომში დაიღუპა).

იმ ჩვენს საზიარო, პატარა ოთახში ვცხოვრობდით დღის განმავლობასი, იქ ვმეცადინეობდით (მაგიდის ნათელი კუთხის დასათრევად სულ ჩხუბი გვქონდა), იქ ვანთებდით შეშის ღუმელს, იქ იმართებოდა ოჯახური სასამართლოები(თუ კრებები) სადაც მამაჩემი მოსამართლე იყო, დედაჩემი ბრალმდებელი და ბებიაჩემი ადვოკატი. ჩვენ ბრალდებულები. ბებიაჩემი უბნისთვის ოთარაანთ ქვრივი იყო, ჩემთვის ოლღა ბებია. ჩემი ხათრით მომაყვანინა პოინტერი მარსიკია, რომელიც კიბის თავზე ცხოვრობდა(უცნაური ძაღლი იყო, ნაბულს და ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას ერთდროულად ცდილობდა). კიბე ადრე ხის იყო, მერე მამაჩემის მეგობარმა კოლიამ გვაჩუქა რკინის კიბე, რომელიც ზაფხულშიმ ისე ცხელდებოდა რომ ან სირბილით უნდა აგევლო ან ხტომით. ბებიაჩემი ყოველ ასვლაზე წყევლიდა კოლიას: შენ დეგეწვა ხანი კოლაია, ჩემი ასე გამწარებიზაო. აქედან დავყავდი ბებიაჩემს დათიკოსთან თავის გასაპარსად. თუ დათიკო იმ დღეს ქეიფობდა, ვარიანტი არ იყო სხვასთან შემეკრიჭა თმები. ბებიაჩემი შემომაპარებდა: მიდი ეგერ ბებია, დათიკოს ამხანაგია (მის გვერდით მუშაობდა) დათიკოსავით გაქპარსავს, დათიკო ღმერთი კი არააო. კი, ბიძია, ზუსტად ისე გაქპარსავო, მპირდებოდა დათიკოს კოლეგა. არა მეთქი, არ ვშვებოდი. წამომიყვანდა ბებიაჩემი გაბრაზებული, შენ მეისპი ერთ დღეს, რა ხარ ამნაირი უნაირო. გევიხედე და მოკვტა დათიკო, რა შობი მერე, რას აპირებო. ამ სახლიდან შეეხმიანებოდა ეზოს ბავშვებზე გაცეცხლებულ მეზობელს,იონას, ბებიაჩემი(სხვა ვერ ბედავდა გამოჩენას), და ცოტათი დააშოშმინებდა.

ამ სახლიდან დადვდიოდით სკოლაში ერთად მე , ჩემი და და ბებიაჩემი. მერე ჩემი ძმაც შემოგვემატა, თუმცა ჩემი ძმის შემთხვევაში უკვე ბებიაჩემს სკოლის ჩანთა ხშირად სახლში ავიწყდებოდა. ამ სახლიდან დავდიოდით მე და ბებიაჩემი მონადირე ძაღლების გამოფენაზე საღორიის ტყეში(სამი დღე, ბებიაჩემის გარდა, ქალის ჭაჭანება რომ არ იყო იმ ტერიტორიაზე). ამ სახლიდან, მამაჩემის უჩუმრად, დავდიოდით მე და ბებიაჩემი ანკესებით სათევზაოდ ვარციხეში ქუთაისი-ბაღდათი ან ქუთაისი-ვანის ავტობუსით, სანამ მამაჩემის მეგობრებმა ბებიაჩემი არ იცნეს და ეს საკითხის საოჯახო სასამართლოზე ანკესების აკეცვით, და ბებიაჩემის პირად საქმეში სასტიკის საყვედურის შეტანით არ დაამთავრა მამაჩემმა. უნდა ვაღიარო რომ ბებიაჩემო ცოტათი გამომარჩევდა და-ძმაში. ზედმეტსახელიც მან შემარქვა, და ამ სახელით მიცნობს ახლაც მთელი უბანი ქუთაისში(სამაგიეროდ სოფელში ბაბუაჩემმა შემარქვა სხვა სახელი და იქ იმ სახელით მიცნობენ. ოფიციალურ სახელს მხოლოდ ოფიციალურ ადგილებში მეძახიან). ჰოდა სტუდენტი რომ გავხდი, ბებიაჩემმა მიატოვა სახლი, ქუთაისი და თბილისში წამომყვა. ზემელზე ვცხოვრობდით. მთელ კურსს იცნობდა. ნიგვზიან ლობიოზე და მჟავეზე ამოდიოდნენ ბიჭები. ერთი თბილისელი გვყავდა, წარმოშობით აზნოურიშვილი იმერელი, ხოდა ის უყვარდა ძალიან, არაყს არ დაამადლიდა(ალკაში იყო, მაგრამ რატომღაც სადმე შორს რომ მივდიოდით ყველა ირაკლის ჩააბარებდა ჩვენს თავს, არადა საბოლოოდ ჩვენი მისახედი იყო სულ).გამოცდებზე თუ გოგოებს რომელიმე ლექტორის დაწყევლა დასჭირდებოდათ, ბებიაჩემს აწყევლინებდნენ, ჭრისო ამბობდნენ. დიპლომთან ერთად სამკერდე ნიშანიც რომ მომცა დეკანმა, ეს ბებიაშენს მიუტანე ეკუთვნისო. კაი ხანი ეგონა თბილისის ზღვა ფუნიკულიორზე, აგერაა ახლოში ამ მთის გადაღმათქო, რომ დამემშვიდებინა. ჩემი ძმა მაგ დროს ჯარში იყო, არქტიკაში წყალქვეშა ნავზე და მის თითო წერილში მანეთს აძლევდა ფოსტალიონ მამედას, თუმცა ეს ხელს არ უშლიდა კუდით ქვა ესროლინებინა თუ ჩემი ჟურნალების(რუსული სანადირო-სათევზაო) მოტანა შეაგვიანდებოდა (მამედა მკერავდა, ბიჭო უთხარი შენ ძმას დაწეროს რა წერილი, რაფერ უხარია ბებიაშენს ხომ ხედავო). ზემელზე პირველ სართულზე ალბერტა გვყავდა მეზობელი, თბილისელი სომეხი, 65 წლის იყო ბავშვი რომ შეეძინა 30 წლის ტანიასგან. მეტი მაგის გვერები არ ადგა რავარც მა ბოვში მისი იყოსო, ბებიაჩემი ეჭვობდა. მერე ბავშვი რომ ალბერტას დაემსგავსა, მართლა ამისია გონია, დასწყევლა ღმერთმა ეს უკუღმართი ალებერტიაო. ზემო სართული ზურიკოსი იყო, ბიჭიკო ერთ ოთახს უყოფდა. ბიჭიკო სტუდენტი იყო და ფული თუ დაჭირდებოდა ბებიაჩემი უარს არასდროს ეუბნებოდა, ნახაზისთვის მჭირდებაო და ვინ ეტყოდა რამეს. ბიჭიკოსთან მისულ გოგოებს, ბებიაჩემი გამანადგურებელი მზერით აცილებდა, გაფუჭებულები და გათახსირებულები, ვინ მივა მაგ უკუღმართთან პატიოსანიო. გააფუჭა ზურკიაო (ზურიკო მაგ დროს 45 წლის იყო, ბიჭიკო 25-ის). ზურიკოს არაყი უყვარდა და რადგანაც მე ხშირად ჩამომდიოდა (მე არ ვსვამ), ჩემი მეგობრებისგან დარჩენილ 30 პროცენტს ზურიკო ითვისებდა. ბებიაჩემისგან მალულად რომ გაეეგო ჩამოვიდა თუ არა არაყი, გადმომძახებდა: ამოიტანე ახალი გაზეთი? კი, ვეტყოდი. ბებიაჩემს რომ გარეთ გავიგულებდით, იმ არაყს ზურიკო ათ წუთში აითვისებდა და გრაფინს წყლით შეავსებდა. ხანდახან ბებიაჩემს ზურიკოზე გული რომ მოუბრუნდებოდა, უწევდა ზურიკოს წყლით სადღეგრძელოების თქმა. ზურიკოსთან ერთი ქალი ჩამოდიოდა მოსკოვიდან, ვალია. ხანდახან გვიან ღამით ჩხუბით ამოვიდოდნენ , ვალია ოთახში შეიკეტებოდა და ზურიკოს არ უშვებდა. ატყდებოდა გამიშვი და გაგიშვებ. გამოვარდებოდა ბებიაჩემი პოლისჯოხით. შენ არ დეგეხუჭა თვალი სამუდამოდ ზურიკია რავარც შენ მე თვალი არ მომახუჭიე ამ ღამეს, დაანებე მა ქალს თავი თვარა ამევედი პოლისჯიხითო. მერე ვალიას მიუკაკუნებდა მეორე სართულზე: ატკროი ვალია, ჩემი ხათრით, ამ ერთხელ ატკროი და მაგის ამბავს ხვალ გაჩვენებო. პატარა სიჩუმის მერე კარი იღებოდა(მახსოვს, ერთხელ დილით პახმელიზე რომ გამოდიოდნენ ზურიკო და ბიჭიკო, მოდი ვალიასთან გადავფრინდეთო, აიღეს ღვინოები და გადაფრინდნენ ვალიასთან მოსკოვში, ვალიამ კარის ღრიჭოდან მოწვა რა დღეშიც იყვნენ და სახლში არ შეუშვა არცერთი. აითვისეს აეროპორტში დარჩენილი სასმელი და საღამოს უკან გადმოფრინდნენ). ყველაზე უცნაური ის იყო რომ ბებიაჩემს თბილისი ისე შეუყვარდა ქუთაისის ხსენება აღარ უნდოდა. რა ველაპარაკო იქანე, გამოყრუებულ ფაციას და პაჭიკიასო, მეზობლებზე ამბობდა. ჩავიდოდა რუსთაველზე, ოფიცერთა სახლთან რომ კაფე იყო, მიარტყამდა ყავას და ამოვიდოდა. 9 აპრილს საღამოს 11 საათზე კარებში ჩამიდგა, გული ცუდს მებნება და არ წახვიდეო(საჭმელზე ვიყავი ამოსული), რომ მაინც დავაპირე, მოვკვდები ბებია და არ წახვიდე ჩემი ხათრითო და დავრჩი.

იმ უბედურ დროს როცა მე თბილისში არ ვიყავი, ზურიკოს და ბიჭიკოს ამოჰქონდათ პური ბებიაჩემისთვის. მერე უცებ მოტყდა და ქუთაისში წავიყვანეთ, ტრაგედია იყო მისთვის. უკვე ცუდად იყო, და ქობალია რომ კოპიტნარს მოადგა სოფელში გადაიყვანეს. დედაჩემმა დამირეკა, ჩამოდი სასწრაფოდ, გკითხულობსო(ბებიაჩემი მორწმუნე არ იყო, და ავადმყოფობისას დედაჩემმა ჯვარი დაჰკიდა. იმ დღეს სოფელში დაუბანია და ბებიაჩემს ჯავრი მოუცილებია, აღარ მინდა, მომწყინდაო. იმ საღამოსვე შექმნილა ცუდად). ჩავვარდი სოფელში, ბებიაჩემი იყო სულ თეთრი, თეთრი. დამალბო ცრემლებით, ჩემი ბიჭი, ჩემი მერცხალიო.... მეტს არაფერს ამბობდა. მესამე დღეს გარდაიცვალა. ჩავიყვანეთ მის სახლში, ქუთაისში. უბნის ბიჭები კოპიტნარიდან მოდიოდნენ ყოველ საღამოს(ქობალია ისევ იქ იდგა). წლისთავზე ზურიკომ და ბიჭიკომ ახადეს ჭერი სახლს და ისე მოულხინეს ბებიაჩემს რომ უყვარდა. მეორე დღეს დავკეტეთ სახლი და დავიშალეთ.

ახლა გულის ერთი კუნჭული მეუბნება, სახლის გაყიდვასთან ერთად იმასაც დაკარგავ რაც სახლთან გაკავშირებდაო. მეორე კუნჭული კიდე, ურდულდადებული სახლი რისი მაქნისია, სხვამაც იცხოვროს და სხვასაც ჰქონდეს რამე მოსაგონარი შიგ შენ თუ ვერ იყენებო. რომელს დავუჯერო აღარ ვიცი....

Link to post
Share on other sites

ეს 2006-ში დამიდევს ერთ ფორუმზე....

 

 

ამ ბოლო დროს ქუთაისში წელიწადში ერთხელ მიწევს ჩასვლა, თან სულ რამდენიმე დღით. ჯერ ბებიაჩემის საფლავზე გავდივარ ქვიტირის სასაფლაოზე, სანთელს ვანთებ და მერე მივდივარ ჩიხში, ბებიაჩემისავე სახლში, სადაც დავიბადე და ბავშვობა გავატარე. გადმოვივლი გზაგამტარ ხიდს, გორის ქუჩას, სისხლისმიერი ნათესავის, კიკვიძის ძეგლს ჩავუვლი ზასტავაზე, ამოვალ წყალტუბოს გადასახვევთან(კინოგამარჯვებაც გამოდგება სანიშნედ) და რუსთაველით მოვადგები ჩიხისთავს. ჩიხისთავში ''სკამეიკა'' ადილზე დამხვდება. თუ კარგი ამინდია, ფაშტი აუცილებლად იქ იქნება, მარტო ან სასტავით. ჩიხი თხუთმეტამდე მოსახლისგან შედგება, სამი თაობის თანშეზრდილი ოჯახებით. მანქანას ჩვენ სახლთან გავაჩერებთ და სანამ ჩემი ძმა ბოქლომს ეჩალიჩება, ჯერ ერთი მეზობელი გამოიხედავს, უი ეს ვინ მოსულაო, შეიცხადებს. ხმაზე სხვებიც გამოიხედავენ და მიდის ჩახუტება, მოკითხვა და ალაგალაგ შეკივლებაც. ძირითადად უკვე მოხუცები არიან, ახლაგაზრდობა მთლიანად გაქცეულია ქუთაისიდან. დარჩა ის ხალხი, ვინც მართლა ვერ იცხოვრებს ქუთაისს გარეთ, და ამ ხალხს უდიდეს პატივს ვცემ, ესენი ხედავენ უბანს, ჭირისუფლობენ გაჭირვებულს, ლხინიც ამათ იმედზეა.

მერე ჩიხის თავში ავალ, ფაშტი დიაბეტის გამო შორს ვერ ხედავს და სანამ ხმას არ გავიღებ ვერ მცნობს. გადამეხვევა, ჩამოვჯდები და უბნის ახალ ამბებს მომიყვება. ფაშტი უბნის კოლორიტია , სერიოზულობით მომიყვება უბნის ყველაზე სასაცილო თავგადასავლებს, თვითონ ერთხელაც არ გაეცინება. ახლაც ქეთინოზე შემომჩივლა(წკეპლას კარის მეზობელია, საერთო,შუაში გატიხრულ ტუალეტს და მასთან დაკავშირებულ პრობლემებს ერთად იყოფენ), შორიდან ვერ დევინახე ბიჭო, თამარა მეგონა (ქეთინოს დედა) და გამარჯობა თამარა დეიდათქვა, და არ დამწყევლა ბიჭოო? შენ არ მეესწარი თამარას ხნევანობას, მე და თამარა თუ ვერ გაგირჩევია მაინც არ გიწერია შე გაფუჭებულო დიდი დღეო. ქეთინო გესტაპოა ჩიხის.

სიჩუმეა ჩიხში, სიჩუმეა ჩიხისთავზეც, ტროლეიბუსი ჩამოიჩოჩიალებს ხანდახან და ისიც ექვს საათამდე თურმე. სხვა დროც ახსოვს ამ ჩიხს:

დილით ნაგვის მანქანის ხმაზე უბნის ბებიები ავიდოდნენ ჩიხისთავში ვედროებით. ცოტა ხანში , ასევე რიგრიგობით წავიდოდნენ ''კაზარმებში''(რუსული სამხედრო ნაწილი იყო იქვე) ვაენტორგში ანუ ანდროს მაღაზიაში(გამყიდველი იყო) ქუთაისური ცხელი პურის და ახალთახალი კარაქის მოსატანად (''პაჩკის'' კარაქი და გაყინული ქათამი გრეხი იყო). თორნის პური ცოტა მოშორებით ბჟოლებში ცხვებოდა. ჩაის შემდეგ, თაობების მიხედვით გამოვიდოდით: ფაშტი, წკეპლა, ყურშა, ქეთინო, შანცი, კუბო ერთი თაობა იყო, მერე ჩემი თაობა მიყვებოდა და ბოლოს სულ პატარა თაობა. ავუვლიდით ნინოშვილის უნირვემაგს (წინ დათიკოს საპარიკმახერო იყო. დათიკო ჩვენი მეზობელი იყო და თმას მხოლოდ მასთან ვიკრეჭდი, თუ არ დაგვხვდებოდა მე და ბებიაჩემი ვბრუნდებოდით, სხვას არ ვაკრეჭინებდი და ბებიაჩემი გიჟდებოდა, დათიკო რომ მოკვდება მერე რა გეშველება, რაფერ ივლი დევინახავო), პიონერთა სახლთან(გვერდით მწერალთა სახლიც იყო) ჩავუხვევდით წულუკიძეზე და ჩვენი სკოლაც იქვე იყო. ჩვენი სკოლით ყველა ვვამაყობდით, დიდი ისტორიის და ტრადიციების მქონე იყო.

ჩიხში ჩვენი ყველაზე საყვარელი ადგილი იონას ეზო იყო. ხეხილიან ეზოში ლორთქიფანიძეების და მიქელაძეების ნაქონი სახლი იდგა, უკვე იონას ეკუთვნოდა მაგრამ მანდ არ ცხოვრობდა და ეზოს ბავშვები ვითვისებდით. ორ დიდ წითელ ტყემალზე შტაბი გვქონდა მოწყობილი და რიგრიგობით ვყარაულობდით(მოწინააღმდეგეს მეზობელ ეზოში ჰქონდა შტაბი). ფეხბურთსაც მანდ ვთამაშობდით. ეს მანამ, სანამ ვინმე არ დაიძახებდა იონა მოდისო. ჩვენ ერთ წამში ავვორთქლდებოდით და იონას შორიდან ვუთვალთვალებდით. იონა მაღალი მხარბეჭიანი ჯმუხი კაცი იყო და მის ეზოში შტაბები და მოედანი არ ხიბლავდა მაინცადამაინც. ერთს დაიქუხებდა და ბებიაჩვენებიც ეგრევე გარეთ იყვნენ გავარდნილნი. რა მოხდა იონა ბატონო, ხო მშვიდობაა? ვითომ გულუბრყვილოდ იკითხავდნენ. რას ჰქვია მშვიდობა, დაიქუხებდა იონა, მე ვიჭრები თქვენ ოჯახებში? იკითხავდა. რავა გეკადრებათ ბატონო იონა. ამოიკნავლებდნენ ბებიები.

რა არის ეს? აიხედავდა იონა ტყემალზე შტაბის მიმართულებით. უი, უი, ის სასიკვდილე...აყვებოდნენ ყასიდად ბებიები. თუ დავიჭირე რომელიმე, ვერ გამომბდღვით ხელიდან. დაიქადნებოდა იონა და ცოტა ხანში წავიდოდა. იმ დღეს შტაბი უყარაულოდ რჩებოდა და საღამოს, ოჯახის კრებაზე (მამაჩემი იწვევდა კვირაში ერთხელ, ან საჭიროებისამებრ) ბებიაჩემი რბილ ფორმებში და შემამსუბუქებელი გარემოებებით, მოახსნებდა კრებას შექმნილი სიტუაციის შესახებ. მამაჩემი იონას მხარეს იჭერდა და ..... იონას მეორედ მოსვლამდე შტაბი, სტადიონი და საომარი ველი ისევ ფუნქციონირებდა. მახსოვს, ხშირად უფროსები შეიკრიბებოდნენ, ერთიანი სუფრა გაიშლებოდა, ჩვენ გვერდით პატარა, ცალკე სუფრა ცალკე გვედგა და იყო დიდი, დიდი სიყვარული. მერე ჩვენი პეტრე-პავლეს ეკლესიის ზარები დარეკდნენ ყურისძირში....

მერე.. მერე დაიშალა ჩიხი, მოკვდა ქუთაისი და რა ვიცი როდის გაცოცხლდება კიდევ...

Link to post
Share on other sites

ქუთაისში მეზობელი გარდაიცვალა. დაკრძალვის მომდევნო დღეს მეგობარი ე-მეილს მიგზავნის. წერილი ასე იწყება: გასვენებამ კარგად ჩაიარა......

Link to post
Share on other sites

თბილისში რომ მოვდიოდი სასწავლებლად, ჩემმა ქუთაისელმა ბებიამ, ბოვშვს მარტო რავა გოვუშვებო და წამომყვა. მთელი სტუდენტობა ერთად ვცხოვრობდით.

ბებიაჩემი ოთარაანთ ქვრივის (სხვებისთვის) და ოლღას(ჩემთვის) ნაზავი იყო. მაგარი პურმარილის კეთება იცოდა. ქუთაისში რომ გადავწყვეტდით გამგზავრებას საგზალს გაამზადებდა. საგზალი კი არა სამეფო პურმარილი იყო: შებრაწული ვარია (ჩემი გემოვნების მიხედვით მრგვალად მოხარშული დედალიც შეიძლება ყოფილიყო)ნივრით და წიწაკით უხვად დამუშავებული.

იმ დილით დამცხვარი ხაჭაპურები. ქილით ტყემალი.სქლად დაჭრილი ოდნავმარილიანი სულგუნი, რძე რომ მოსტირის ისეთი და თორნის პური.

მიუხედავად იმისა რომ ვაფრთხილებდი სუფრა რიკოთზე შესვენებისას გაეშალა , ბებიაჩემი სუფრას პირდაპირ ავტობუსში შლიდა, მეზობელი მგზავრების მიპატიჟებით რა თქმა უნდა. მე მაინც ვაფრთხილებდი რომ ჩემთვის არ დაეძახა(ავტობუსის უკანა რიგებში სულ ვნახულობდი ნაცნობ ქუთაისელ სტუდენტებს). ავტობუსი იგოეთამდეც არ იყო მისული რომ გავიგონებდი:მერცხალო!.. წავუყრუებდი... ეხლა უფრო ხმამაღლა :მერცხალო, მოდი ბებია ჭამე... აუუ, ამაზე ამასხამდა ტვინში მარა, რას შვები, მის ხელში ხარ, სად დაემალები. მივიპატიჯებდი ნაცნობებს და მოვულხენდით. ქუთაისში ბებიაჩემს მაგრად ვეჩხუბებოდი თავის მოჭრისთვის და შემპირდებოდა რომ მეორედ აღარ დამიძახებდა რიკოთამდე. ქუთაისიდან გამოსულები ჭიშურამდეც არ ვიყავით მისულები რომ გავიგონებდი: მერცხალო!....

Link to post
Share on other sites

ჩემი ძმის უკრაინელი მეგობარი გვესტუმრა, სამხედრო მარიაკი, კაი დრო ვატარეთ. მერე იქეთ დაგვპატიჟა ყირიმში, ვინ ეტყოდა უარს, თან ის პატარა დაბა, მირნი , რომ დაგვიხასიათა: კაცები ზღვაში, გაურკვეველი დროით, ქალები დაბაში, კაცების (არა ყოველთვის თავიანთი)ლოდინში. გავავსეთ მე და ჩემმა ძმამ 50 ლიტრიანი ცოლიკაურით, ოციანი (ექვსი ჯიშია, ჩამოთვლა მეზარება)შავით და ქუთაისის აეროპორტში ველოდებით სიმფეროპოლის თვითმფრინავს. საუბედუროდ იმ დღეს მამაჩემის ნაცნობი მილიციელები შეუცვლიათ და ახლებმა გაგვიხურეს, არ გვატანენ ღვინოს. აიწია პატარა გარჩევა , ამაზე მილიცია მთლად გაცოფდა და ჩანთების გაჩხრეკა დაიწყეს. გახსნეს, რას ნახავდნენ უკეთეს, ბოროტულად გაეღიმა უფროსს, ამას ატან ხო ბოვშებს ამ ხნის კაციო, მამაჩემს ეუბნება და ერთი ბღუჯა ვენერიული დაავადებების საწინააღმდეგო ეფექტური გასაბერი ბუშტები ცხვირწინ გაუწელა. მამაჩემმა იგივე ნაწარმით ნახევრად სავსე ჩანთაში ჩაიხედა და მხოლოდ ეს მოახერხა:ხოოოო...

ხოდა 25 მანეთის ამბავიაო მილიციამ და შევგრიალდით თვითმფრინავის სალონში. ღვინოები პილოტების კაბინაში დავაბინავეთ. აფრენიდან 15 წუთში ულამაზესი სტიუარდესა (უკრაინის ეკიპაჟია)გვიახლოვდება და ღვინის პატრონს პილოტები სთხოვენ გასინჯვა თუ შეიძლებაო. შევვარდი კაბინაში, დაჯდომისას პრობლემა ხომ არ გვექნება მეთქი. ეშიო ბიო, პილოტებმა და ჩამოვასხით...

მოკლედ დავჯექით სიმფეროპოლში ფრთების ქანავ-ქანავით მარა მშვიდობით. ჩავედით მირნიში, სად ნახავ უკეთეს ადგილს, მზე, სუფთა ზღვა და ქალებით დაძეძგილი ვაენნი გარადოკი კაცების გარეშე. წავიდა გიგინი, ტანცპლაშჩადკა, ტი მარიაჩკა ია მარიაკ, ერთი სახლიდან მეორეში, მეორედან მესამეში, ქართული სადღეგრძელოები პირველ ნახევარ საათში , მერე ანარქია მაწ პარიადკა... ორ დღეში ღვინო აღარ იყო. მერე უბნის ინსპექტორი (ძმა გახდა ჩვენი ჩასვლის საღამოსვე)ბრაგის გამოხდაში ეჭვმიტანილ ბაბუსიებს იბარებდა და ისინი გვამარაგებდნენ მარა რითი, აუ რომ მახსენდება რას გადაურჩა ჩემი ორგანიზმი. მოკლედ ხუთიანი დრო ვატარეთ. წავედით იალტაში, იქ უკვე სხვა სიტუაცია, ფული მიდის წყალივით. წამოსვლის წინა საღამოა იალტაში სანაპიროს მივუყვებით, სამად სამი მანეთი მაქვს ჯიბეში(აბრატნი ბილეთები გვაქვს), ამ საღამოს ვივახშმებთ და ხვალ შუადღით სიმფეროპოლიდან უნდა გამოვფრინდეთ. ნახევარი დღის შიმშილი გვიწევს, მეტი არა. გარშემო მწვადი სურნელია, მუხლს მოგკვეთს, მაგრამ ვიხანგრძლივებთ სასიამოვნო მოლოდინს, მოვსეირნობთ. უცებ ავე მარიას ჰანგები მომესმა, მივიწიეთ, გოგონაა ულამაზესი, ვიოლინოზე უკრავს, ვიოლინოსვე ყუთში ცოტა ფული უყრია. უკრავდა რაღაც სასწაულად, თვალებდახუჭული, სულ სხვაგან იყო რა. აუ რა ამიყვანა ცაში რომ იცოდეთ. დაამთავრა. ინსტიქტურად ჩავიყავი ჯიბეში ხელი და ფული ყუთში ჩავუშვი. ჩემი ძმის ნახტომმა გამომაფხიზლა.. ვეღარ მიუსწრო, ფული უკვე ყუთში იყო. რა ქენი ბიჭო? ჯერ კიდე ვერაა აზრზე მოსული ჩემი ძმა. მე უკვე ცხადად ვიგრძენი როგორ გამკრა კუჭთან ყრუდ რაღაცამ. მივეცი რა, ღირსი იყო.. ხელოვნური გულგრილობით ვთქვი.

ეს აიჭრა.. აიქნია ხელი ჩემმა ძმამ და წინ გააჭრა. მივყევი უკან დატუქსული. ბედად ჩემს ძმას მანეთიანი მოუჟოშკავს სიგარეტისთვის, იმ მანეთით ვიყიდეთ ერთი პორცია კატლეტი სანაპიროსგან მოშორებით მდგარ ბუზებიან სასადილოში და ძმურად გავიყავით.

სიმფეროპოლიდან ქართული ეკიპაჟი შეგვხვდა, არ ვიცი სასწავლო გაფრენა ჰქონდათ თუ პირდაპირ ელვაჭექას დაუმიზნეს ეს თვითმფრინავი, მარა კარგად ვიგრძენი რას გრძნობდნენ კამიკაძეები ამერიკულ ავიამზიდზე პიკირებისას. ხალხმა ჯვარედინად არწყია ერთმანეთს, ჩვენ მოზღვავებულ კუჭის წვენს თუ არ ჩავთვლით ვერაფერი ამოვაყოლეთ. ზატო ქუთაისში მშვიდობით დავჯექით, ყოველგვარი ფრთების ქნევის გარეშე.

Link to post
Share on other sites

ჩემი ძმა ბავშვობიდანვე ერთი უცნაური ტალანტით გამოირჩეოდა. ჩიხისთავიდან შეეძლო ამოეცნო მოახლოებული კალცევოის(პირველი ნომერი ავტობუსი ქუთაისში) ნომერი, მძღოლი, მძღოლის დამოკიდებულება უბილეთო მგზავრებისადმი. არადა ეს კალცევოი ყველა ერთნაირი ყვითელი ფერის იკარუსი იყო. თვეში ერთხელ სოფელს ვსტუმრობდით, ჩვენი ავტობუსის ბაქანზე ვანის ავტობუსებიც დგებოდა. ჩემი ძმა შორიდანვე გვაცნობდა უნდა გვეჩქარა თუ არა, ეგრევე არჩევდა ვანი-სულორი იდგა თუ ბაღდათი-ხანი, ან ბაღდათი-შუბანი, თითოეულის გრაფიკიც ზეპირად იცოდა და მანქანის ნომერიც.

ოჯახისდა სამწუხაროდ ამ ტალანტის სკოლის კედლებში გამომჟღავნებაზე ჩემი ძმა უარს ამბობდა, თუმცა შეეძლო შეეკეთებინა ონკანი,კედელში ჩაესვა ჩამრთველი ან დაეჭრა საფანჯრე მინა. ამის გამო ის სკოლის ზავხოზის მარჯვენა ხელად ითვლებოდა და გაჭირვების ტალკვესს ეძახდნენ. ამ მდგომარეობას ის ბოროტადაც იყენებდა. ორშაბათს თუ საკონტროლო ჰქონდა თინა დანელიასთან ან გასაძახებელთა სიაში თუ იყო ქეთო კიკნაძესთან, ავიდოდა კვირა საღამოს სკოლაში(თან რა სკოლაში, ოცხელის და სილოვან ხუნდაძის სკოლაში),ქვით მშვიდად ჩამოფშვნიდა შესაბამისი კლასის ფანჯრებს (თან რა კლასის ფანჯრებს: საქართველოს საამაყო შვილების ნახევარს რომ მაინც ეკუთვნოდა-ამ ხალხის სია ჩემმა ძმამაც ზეპირად იცოდა) და მეორე დღეს უდარდელად შეაბიჯებდა სკვაზნიაკიან ოთახში. ვინ იყო მისი გამძახებელი, მადლობასაც უხდიდნენ დღის ბოლოს გაწეული სამსახურისთვის.

ისე პირველ კლასში, პირველ სექტემბერს მაგ და ბებიაჩემი სკოლიდან რომ მობრუნდნენ სახლში დარჩენილი ჩანთის გამო, მამაჩემმა კი იწინასწარმეტყველა, არ უნდა იყოს კაი ნიშანიო...

Link to post
Share on other sites

ჩემი ჩიხის ამბავია, ქუთაისიდან. ფაშტის სიმაური (სიმამრი) გარდაეცვალა ხარაგოულის მაღალმთიან სოფელში და მისი დაკრძალვის ამბებს გვიყვება ბირჟაზე ჩიხისთავში:

გასვენების დღეა ბიჭო და, იქანე ცოდნიათ საფლავს თურმე მეზობლები უჭრიენ, ხოდა დილას მითხრენ ამ ოთხ კაცს გატანთ აგერ და მიგვიხედე მა საქმესო. პურმარილი და შარაფი ქე გამოგვატანეს. ვიარეთ ბიჭო, გევიღვარე ოფლად, სა დავდივარ ქუთაისში ამდენს, ამომვარდა გული, ევიარეთ ერთი აღმართი და ქე მივედით სასაფლაოზე. ქე ჩევიკეცე ბიჭო ხის ძირში, ამ ბუღა ხალხს შეეჯიბრები სიარულში ბიჭო? ქე იცით ორმო არ ამომითხრია ბიჭო ჩემდღეში და საფლავს რა ამომათხრევიებდა ბიჭო. ჩემ ბედზე ტრაქტორს მოვკარი თვალი იქანე ამოსავალში და ამგენს ვუთხარი არ დეიწყოთ მალე მოვალთქვა. ვაჯახე ბიჭო ოცდახუთიანი შოფერს, კაი კოვში ქე ქონდა და ქე მივაყენე სათხრელად. ჩვენ ბიჭო ჩოვუჯექით ჩეროში, და მაგენის ღვინო ჩემმა მტერმა დალია მარა სვირიდან ამოუტანიათ და ქე დევიწყეთ ჭიქის წაქცევა. ე შოფერი რო მორჩა საქმეს ქე წევიდა ბიჭო, არ შემიხედია საფლავზე. ქე ვართ კაი შებუჟბუჟებული ბიჭო და არ გევიგონე კივილი? ვაჟიკო ქე გამოუსვენებიათ და სადაცაა უნდა მოგვადგენ ბიჭო. ჩევიხედე საფლავში მარა რას ჩეიხედავ ბიჭო იმ კარგმოტ****ლს იმხელა ამოუღია ბიჭო ცხრა რაჟიკო ჩეეტევა შიგნით. არადა რა გინდა რო ქნა ბიჭო, ამოვსებასაც ვეღარ ვასწრებ ბიჭო. მეითავეს კივილი და ქე ჩოუშვეს ბიჭო, ბაწარი რო არ ეყოთ ქე ატყდა ცოტა ჩოჩქოლი მარა, დოუშვეს როგორც იქნა. დევიწყეთ მიწის მიყრა, ვაყრი მარა რას ვაყრი ბიჭო, იქნება ამოვავსოთ მალე, სადაა ბიჭო, წეიყვანეს ჭირისუფალი დავრჩით ახლობელი ხალხი ბიჭო, ხალხი რო წევიდა ბიჭო, ამგენმა არ დეიწყეს ბიჭო?: ამ საფლავის ამომთხრელის დედა და მამა... არ გინდა პასუხი გაცე ბიჭო? გამევიპარე და დევეშვი ბიჭო თავდაღმართში, და ახალი დამჯდარი იყვენ ქე მივუსწარი. ერთი საათის მერე ის ხალხიც ქე გამოჩდა ბიჭო, კაი მარათონის მონაწილეებივით იყვენ ოფლად გახვითქული ბიჭო, ქე ამოუვსიათ როგორც იქნა ბიჭო...

Link to post
Share on other sites

http://www.myvideo.ge/?video_id=1577955

 

აი კიდე ნაღდი ქუთაისელი კაცი. სასწაული კაცობის მატარებელი კაცური კაცი. ასეთები რომ მიდიან იმ ზეყანას ნაადრევად ეგაა საცოდაობა. ღმერთმა გაანათლოს მისის სული და მისნაირი ადამიანები გვიმრავლოს ქართველებს.

Link to post
Share on other sites

კი,მართალია.სულხან მამისეიშვილი,კაცი,რომელმაც კიბოს სძლია და პახმელიამ დაამარცხა.ქუთაისის კოლორიტი.გლახაობდა კიდეც კიბომ თქვაო მე გამიჩდა მამისეიშვილიო).

Link to post
Share on other sites

აბა ამათი დაგარგვა იქნება ვახტანგ?

 

დაძებნე რა დანარჩენებიც.

 

ხალხო, მაგარი რამეები აქვს დაწერილი BROWNING-ს და გვიმალავს.

Link to post
Share on other sites

ბრაუნინგ

 

მართლა კარგად წერ. ეხლა გამახსენდა, ადრე მაქვს წაკითხული ერთ ფორუმზე შენი ნოველები.

 

ეგ ნიჭია ხომ იცი?

 

მწერლობის ნიჭი ბევრ ჭკვიანს არ აქვს.

 

პ.ს ეს კომპლიმენტი არაა.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...