ასკილიRosa canina
Шиповник
ასკილი ანუ ველური ვარდი ძლიერ დატოტვილი ბუჩქია ვარდისებრთა (Rosaceae) ოჯახიდან, 2 მ-მდე სიმაღლის. ტოტები წვრილი, დაფარულია მოყავისფრო-წითელი ქერქით. ფოთლები განლაგებულია მორიგეობით, კვერცხისებური, ქვედა მხრიდან მორუხო-მომწვანო ფერის. ყვავილი შედგება 5 გვირგვინის ფურცლისაგან, ვარდისფერი ან თეთრი შეფერილობისაა. ნაყოფი მოყავისფრო-წითელი ელიფსური, 5სმ-მდე სიგრძის. ყვავილობს მაის-ივლისში, ნაყოფი ცრუა მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
ასკილი მდიდარია ვიტამინ C -თი. ნაყოფი იკრიფება სრული სიმწიფის პერიოდში, ხასიათდება მომჟაო-მოტკბო გემოთი. ვიტამინ C-ს (ასკორბინის მჟავა) შემცველობა 4-6% - მდეა, ზოგიერთ სახეობაში კი 18%-მდე აღწევს. გარდა ამისა ასკილის ნაყოფი შეიცავს ვიტამინ P (რუტინი), B1 ,B, K, A – კაროტინი. თესლებში არის ვიტამინი E. ნაყოფი შეიცავს ასევე ფლავონურ გლიკოზიდებს – კემპფეროლს და კვერცეტინს, შაქარს 18%-მდე, მთრიმლავ ნივთიერებებეს 45%-მდე, პექტინებს 3,7%, ორგანულ მჟავებს: ვაშლის-1,8%, ლიმონის-2%. ასევე გვხვდება ლიკოპენი, რუბიქსანტინი, ეთერზეთები, კალიუმის მარილები, რკინა, მარგანეცი, ფოსფორი, კალციუმი, მაგნიუმი. ასკილის ნაყოფი ხასიათდება ფიტონციდური და ბაქტერიოციდული თვისებებით. გარდა ამისა არის ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მარეგულირებელი და შარდმდენი საშუალება. ვიტამინი C – ასკორბინის მჟავა მინაწილეობს ორგანიზმში მიმდინარე ჟანგვა-აღდგენით პროცესებში, დადგენილია, რომ ის ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას, ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. ვიტამინი P P – რუტინი, ხელს უწყობს კაპილარების სიმყიფესა და შეღწევადობის შემცირებას, აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ ასკორბინის მჟავის გამოყენებას. ვიტამინი A A – კაროტინი, ამაღლებს ორგანიზმის საერთო წინააღმდეგობის უნარს. ვიტამინები მონაწილეობენ ყვითელი ფერმენტის სინთეზში, ხელს უწყობენ მხედველობითი პურპურის სინთეზს, მოქმედებენ სისხლმბად ორგანოებზე. ვიტამინი K – მონაწილეობს პროთრომბინის წარმოქმნაში.
ასკილის ნაყოფი სამკურნალო მიზნით გამოიყენება ნაყენის, სიროფის, ექსტრაქტისა და ფხვნილის სახით. კერძოდ, ვიტამინი C –ს იყენებენ სისხლნაკლულობის, ორგანიზმის დაუძლურების, ათეროსკლეროზის დროს. გამოიყენება ასევე როგორც ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარიანობის გაზრდის საშუალება ინფექციური და ინტოქსიკაციური პროცესებისას (ქუნთრუშა, დიფტერია, პნევმონია, ყივანახველა და სხვა). ხელს უწყობს მოტეხილობის დროს ძვლების შეზრდის პროცესის დაჩქარებას, გამოიყენება აგრეთვე საშვილოსნოდან სისხლდენის დროს, თირკმლის კენჭოვანი დაავადებისა და ღვიძლის დაქვეითებული სეკრეციის დროს, ზემოქმედებს ძვლის ტვინის ფუნქციასა და ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაზე.
ხალხურ მედიცინაში ასკილის ნაყოფების ნახარში ფართოდ გამოიყენება თითქმის ყველა მძიმე დაავადების დროს. კერძოდ, კენჭოვანი დაავადების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტის, კოლიტის, სისხლნაკლებობის, მალარიის, ქალის სასქესო ორგანოების დაავადებათა დროს.
აღმოსავლური ნაძვი
Picea abies L.
30-50 მ. სიმაღლის მარადმწვანე წიწვოვანი ხეა ფიჭვისებრთა (Pinaceae) ოჯახიდან, აქვს სწორმდგომი 1მ-მდე დიამეტრის ღერო და კონუსისებური ვარჯი. ფოთლები (წიწვები) ნემსისებური, ოთხწახნაგოვანი. მცენარე ერთსახლიანია. მამრობითი გირჩი განლაგებულია წიწვების უბეებში ყლორტების ქვედა ნაწილში, მდედრობითი _ ყლორტების ზედა ნაწილში ვითარდება. დამტვერვა ხდება მაის-ივნისში, ნორჩი გირჩი წითელია ან მწვანე, მომწიფებული_რუხი ფერის, წაგრძელებულ-ცილინდრულია, 15 სმ-მდე სიგრძის. ფრთიანი თესლი ზამთრის მეორე ნახევარში ცვივა და ქარს მიაქვს.
გავრცელებულია შერეულ და წიწვოვან ტყეებში. სამკურნალო ნედლეულია წიწვები, ყლორტები და გირჩები, რომელთაც აგროვებენ ზაფხულში. Qქიმიური შემცველობა: ნაძვის წიწვები, წიწვოვანი ყლორტები და ნორჩი გირჩები შეიცავენ ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისებს, ვიტამინ C-ს (წიწვში 4--% მგ-მდე), რკინის, ქრომის, მანგანუმის, სპილენძის, ალუმინის მარილებს. G გამოყენება: მცენარისაგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება სასუნთქი გზების დაავდებათა სამკურნალოდ, კერძოდ, ანგინის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, ბრონქიალური ასთმის დროს. Aასევე ნაძვის ახალგაზრდა ტოტებსა და გირჩებს იყენებენ სურავანდის სამკურნალოდ. ორგანიზმში ვიტამინ C-ს უკმარისობისას ან პროფილაქტიკური მიზნით სვამენ მის ნაყენს
Kკანის გარეგანი დაზიანების სამკურნალოდ ამზადებენ მალამოს ნაძვის ფისების, ცვილისა და კარაქის თანაბარი რაოდენობის შერევით, ამ მალამოს იყენებენ ფურუნკულების, ჩირქგროვების, წყლულების, ჭრილობების და დაჟეჟილობის სამკურნალოდ.
აჭარის ყოჩივარდაCyclamen adzharicum Pobed.
Цикламен аджариский
10-20 სმ. სიმაღლის მრავალწლიანი ტუბერიანი ბალახოვანი მცენარეა ფურისულასებრთა (Primulaceae) ოჯახიდან. გრძელყუნწიანი ფოთლები თავმოყრილია ფესვის ყელთან, ფოთლის ფირფიტა ფართე თირკმლისებრია, კიდემთლიანი, ზედა მხრიდან მოთეთრო-მწვანე ლაქებით, ქვედა მხრიდან კი წითელი. ყვავილები ვარდისფერია, გრძელყუნწიანი, თავდახრილი. გვირგვინის ფურცლებს უვითარდება მუქი იისფერი და თეთრი ფერის წერტილები. აქვს მოკლე მილი და 5 ნაკვთიანი გადანაღუნი. ნაყოფი სფერული კოლოფია მრავალი თესლით.
გავრცელებულია ფერდობებზე, ტყის ხეობებში, ბუჩქნარებში, გაჩეხილ ადგილებსა და სხვა. გავრცელებულია წიფლნარ, მუხნარ, წაბლნარ ტყეებში, მდინარეთა ხეობებში. მცენარე დეკორატიულია.
სამკურნალო ნედლეულია ტუბერი, რომელსაც აგროვებენ გვიან შემოდგომაზე ან ზამთარში, ვეგეტაციის დაწყებამდე მცენარე ტოქსიკურია.
ქიმიური შემცველობა: ტუბერი შეიცავს საპონინ ციკლამინს, ალკალოიდებს.
ბარამბო
Melissa officinalis L. Мелиса лекарственная
30-80 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. სწორმდგომ ღეროზე მოპირდაპირედ განლაგებულია კვერცხისებრი, კიდედაკბილული შებუსული ფოთლები; ყვავილები თეთრი ფერის ორტუჩაა, შედგება სამნაკვთიანი ზედა ტუჩისაგან და გაბერილი ორნაკვთიანი ქვედა
ტუჩისაგან, ისინი ქმნიან ფარისებრ ყვავილედს. ნაყოფი კაკლუჭაა. მცენარეს აქვს სუსტი ლიმონის სურნელი. ყვავილობს ივლის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერ-ოქტომბერში.
გავრცელებულია აღმოსავლეთი აზიაში. ჩვენში შემოტანილი იქნა არაბების და ბერძნების მიერ, თავდაპირველად მოჰყავდათ ბოსტნებში, ამჟამად აჭარაში ფართოდ არის გავრცელებული. იგი გვხვდება ტენიან ტყეებში მთის შუა სარტყლამდე, ხშირად იზრდება ბერძნული კაკლის ძირას. გვხვდება ჩაქვისთავში, ქედისა და შუახევის მიდამოებში. სამკურნალო ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში, აშრობენ 40-500C-ზე საშრობში ან ჩრდილში, ორპირ ქარში.
ქიმიური შემცველობა: მიწისზედა ნაწილები შეიცავს 0,2% ეთეროვან ზეთებს, რომლის ძირითადი კომპონენტებია ცინეოლი, პერანიოლი, ციტრალი, ასევე გვხვდება მთრიმლავი ნივთიერებები, ლორწო, ფისები, ვიტამინი C, კაროტინი და სხვა.
ბაბუაწვერა
Taraxacum officinale Wigg. Одуванчик
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა (Asteraceae) ოჯახიდან. გვხვდება ზღვის სანაპიროდან ტყის ზოლის ზედა საზღვრამდე, მდელოებში, ბაღებში, გზისპირებში.
სამკურნალო ნედლეულია მცენარის ფესვი. მას თხრიან გვიან შემოდგომაზე, როცა მცენარის მიწისზედა ნაწილი ხმება. შემდგომ მას აშორებენ ფოთლებს,
რეცხავენ გამდინარე წყლით და აშრობენ ჰაერზე მანამ, სანამ არ შეწყდება რძის წვენის გამოყოფა (რძის წვენი გამოიყენება კოჟრებისა და მეჭეჭების მოსაცილებლად). შემდეგ აწყობენ ერთ ფენად და აშრობენ თბილ კარგად განიავებულ შენობაში ან ღუმელში. ზოგჯერ ფესვებს თხრიან გაზაფხულზე მცენარის ყვავილობამდე.
ქიმიური შემცველობა: ყვავილედი დაFფოთოლი შეიცავს კაროტინოიდებს ტარაქსანტინებს _ C40H56O4, ფლავოქსანტინებს _ C40H56O3, ლუტეინს _ C40H56O2, ტირიტერპენულ სპირტებს. ძირითადი სამკურნალო გამოყენება აქვს ბაბუაწვერას ფესვს, იგი შეიცავს ინულინს 40%-მდე, შაქრებს 20%-მდე, ვაშლის მჟავას 0,25%-მდე, კაუჩუკს 2,3%-მდე, გლიკოზიდ ტარაქსაცინს, ფისებს, ცხიმოვან ზეთს, ნაკლებად შესწავლილ ტრიტერპენულ შენაერთებს, სპირტებს, სტერინებს
გამოყენება: საქართველოში ბაბუაწვერა გამოიყენება როგორც შარდმდენი, ნაღველმდენი საშუალება, მას იყენებენ შეკრულობის (ყაბზობის) დროს. ბაბუაწვერა უძველესი სამკურნალო საშუალებაა. ჯერ კიდევ თეოფრასტე იყენებდა მას ჭორფლებისა და ღვიძლის დაავადებით გამოწვეული პიგმენტური ხალების მოსაცილებლად. XVI საუკუნეში გერმანიაში ბაბუაწვერას იყენებდნენ როგორც ძილის მომგვრელ და დამამშვიდებელ საშუალებას
ბოლოკი
Raphanus sativus L.
Редька посевная
ერთწლიანი საბოსტნე ბალახია ჯვაროსანთა (Cruciferae) ოჯახიდან. ნიადაგში ივითარებს სფერულ ან მოგრძო ძირხვენებს. ყუნწიანი მოგრძო-ელიფსური ხერხკბილა ფოთლები შეკრებილია ფესვის ყელთან. ყვავილები თეთრია ან ვარდისფერი, შედგება 4 წევრიანი წრეებისაგან. ნაყოფი ჭოტია მრავალი თესლით. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება მაის-ივნისში, კულტივირებული მცენარეა.
სამკურნალო ნედლეულია ძირხვენა.
ქიმიური შემცველობა: ბოლოკის ძირხვენები შეიცავენ შემდეგ ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს: ეთერზეთებს, გლიკოზიდებს, შაქრებს, უჯრედისს, ცხიმებს, ფერმენტებს, C და BB ვიტამინებს.
გამოყენება. ბოლოკის ფესვი ასტიმულირებს ნაღვლის გამოყოფას, მედიცინაში მის წვენს იყენებენ ქოლეცისტიტის, ღვიძლის ცეროზის დროს. ხალხურ მედიცინაში იყენებენ ნახველის ამოსაღებს საშუალებად, რისთვისაც ერთმანეთში
თანაბარი რაოდენობით ურევენ ბოლოკის წვენსა და თაფლს. ბოლოკი ხასიათდება ანტიმიკრობული მოქმედებითაც..
ბოსტნის წალიკა
Polygonum persicaria L. Пречишник почечуйный

30-80 სმ. სიმაღლის ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა (Polygonaceae) ოჯახიდან. ფოთლები ლანცეტაა, უყუნწო, 10 სმ-მდე სიგრძის, ზედა მხრიდან მუქი ლაქებით. ყვავილები ვარდისფერია, შედგება ხუთწევრიანი წევრებისაგან და შეკრებილია ღეროსა და ტოტების წვერში თავთავ ყვავილედად.
ნაყოფი კვერცხისებრი, მბზინავი შავი კაკალია, ყვავილობს ივლის-სექტემბერში, ნაყოფი მწიფდება ივლის-ოქტომბერში. გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან მთის შუა სარტყლამდე, გვხვდება ნესტიან ადგილებში, მდინარეების, ტბებისა და გუბურების ნაპირებზე, სარწყავ არხებსა და თხრილებში, სარწყავ მიწებზე, ბოსტნებში, ბაღებსა და ვენახებში, გზის პირას, ხრამებში.
სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც ამზადებენ კოკრობისა და ყვავილობის პერიოდში. აშრობენ ჰაერზე, ჩრდილში, კარგად განიავებულ შენობებში. ნედლეულის შენახვის ვადა 2 წელია.
ქიმიური შედგენილობა: ბალახი შეიცავს ფლავონოიდებს (ჰიპეროზიდი, ავიკულარინი, კვერცეტინი, რუტინი), ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, პექტინს, ლორწოს, ფიტოსტერინებს, ცვილს, ორგანულ მჟავებს.
ბროწეული.
Punica granatum
Гранат
6 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქია ბროწეულისებრთა P( Punicaceae ) ოჯახიდან. ყვავილები წითელი აქვს, მომრგვალო, ნაყოფი მსხვილია, ტყავისებური ნაყოფგარსით. მარცვალი წითელი ფერისაა, დაფარულია მაგარი კანით. ნაყოფის შუაგულში ბევრი თესლია 400-დან 700-მდე. ნაყოფი დაყოფილია ბუდეებად, თითოეულ ბუდეში თესლები მოთავსებულია ორ რიგად, რბილობი მომჟაო-მოტკბო, მუქი წითელი ფერისაა.
გავრცელება: ბროწეულის სამშობლოა ჩრდილოეთი აფრიკა, შუა აზია. მის კულტივირებას ახდენენ ყველა სუბტროპიკულ ქვეყანაში, კერძოდ ის მოჰყავთ
ყირიმში, აზერბაიჯანში, საქართველოში, ირანში, ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში. ველური ფორმით გვხვდება კავკასიაში და შუა აზიაში.
ქიმიური შემცველობა: ნაყოფი შეიცავს: ვიტამინებს, მინერალურ ნივთიერებებს, მიკროელემენტებს: კალიუმი, კალციუმი, მაგნიუმი, ნატრიუმი. ნაყოფი იძლევა 60-%-მდე წვენს ანტოციანების მაღალი შემცველობით. წვენი შეიცავს ასევე 8-20% შაქარს (გლუკოზა და ფრუქტოზა), 10%-მდე ლიმონის, ვაშლის და სხვა ორგანულ მჟავეებს, ფიტონციდებს, ტანინებს, აზოტის შემცველ ნივთიერებებს, მარილებს. ნაყოფის გარსში და ფესვებში არის 32%-მდე მთრიმლავი ნივთიერებები. ბროწეულის ყვავილისაგან, რომელიც შეიცავს მკვეთრი წითელი ფერის პიგმენტ _ ანტოციან-პუნიცინს, აწარმოებენ საღებავებს, რომლითაც ღებავენ აბრეშუმის, ბამბისა და შალის ქსოვილებს. სამკურნალო ნედლეულია ბროწეულის წვენი, კერძოდ ცინგის, ათეროსკლეროზის, ჰიპერტონიის დროს. ასევე ის აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს. ბროწეულის კანის შემადგენლობაში არესებული პოლიფენოლი ზემოქმედებს დიზენტერიულ ჩხირებზე.
გამოყენება: ნაყოფისაგან დამზადებული ჩაი ამშვიდებს ნერვულ სისტემას და ხსნის აღგზნებულობას. სისხლნასკლულობის დროს გამოიყენება ბროწეულის წვენი, 1 ჩაის ჭიქა დღეში 3 ჯერ ჭამამდე 30 წთ.ადრე. მკურნალობის კურსი 2 - 4 თვე. ნაყოფის კანისაგან ღებულობენ მოყვითალო-წითელ ფხვნილს - ექსტრაქტს, რომელსაც იყენებენ ენტეროკოლიტის სამკურნალოდ, მას ღებულობენ 0,75გრ. დღეში 3 ჯერ. ბროწეულს იყენებენ გაცივების, ხველის, ბრონქიალური ასთმის, ანგინას და მალარიის დროს. ჰორმონალური დარღვევის დროს თესლის შემადგენლობაში შემავალი ცხიმი აღადგენს ორგანიზმში ჰორმონალურ ბალანსს. ხსნის თავის ტკივილს, ამცირებს წნევას და გაღიზიანებას კლიმაქსის პერიოდში.
გველის სურო
Vinca minor L. Барвинок малый
15-40 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ქენდირისებრთა (Apocynaceae) ოჯახიდან. მცენარის ვეგეტატიური ყლორტები ნიადაგზეა გართხმული, რომელზეც საპირისპიროდ არის განლაგებული ელიფსური, პრიალა, ტყავისებრი ფოთლები, ხოლო საყვავილე ყლორტები სწორმდგომია. ყვავილები ლურჯი ფერისაა, ბორბლისებრი ხუთნაკვთიანი. ნაყოფი ფოთლურაა, 2 თესლით. ყვავილობს აპრილ-ივნისში, ნაყოფები მწიფდება მაის-სექტემბერში. გავრცელებულია ზღვისპირა ტყეებში, ფერდობებზე და ხეობებში, მთის შუა სარტყლამდე.
სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში, აშრობენ ჩრდილში.
ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს 20 სახის ალკალოიდს, რომლებიც ახლოს დგანან რეზერპინთან. მათ შორის აღსანიშნავია ვინკამინი, იზოვინკამინი, ვინკამინორპინი, ვინინი და სხვა.
გვირილა
Marticoria chamonilla var.
Рамашка аптечная
ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა რთულყვავილოვანთა- (Compositae) ოჯახიდან. 20-40 სმ სიგრძის დატოტვილი, თითქმის შიშველი ღერო, ხშირად მოწითალო შეფერილობისაა. აქვს ვიწრო, ხაზურა, ორმაგ ფრთად განკვეთილი მჯდომარე ფოთლები. ყვავილები შეკრებილია 5-8 მმ. დიამეტრის მქონე კალათა ყვავილედებად, რომელშიც ორი სახის ყვავილია: გვერდითი-თეთრი ენაკისებური და შუა ყვითელი მილისებური. ნაყოფი მორუხო-მომწვანო თესლია. ყვავის თითქმის მთელ ზაფხულის განმავლობაში, ნაყოფი მწიფდება ივნის-ოქტომბერში. გავრცელებულია: ზღვისპირა ტერასებზე, გზისპირას. აჭარაში გავრცელებულია ქობულეთსა და ბათუმში.
სამკურნალო ნედლეულია მცენარის ყვავილები. ყვავილების შეგროვება ხდება ყვავილობის დასაწყისში, მშრალ მზიან ამინდში. ყვავილებს წყვეტენ ხელით
ყუნწთან ერთად, არა უმეტეს 3 სმ-ზე მეტ სიგრძეზე. შეგროვილი ნედლეული მაშინვე უნდა გაიგზავნოს გასაშრობად, რადაგან სწრაფად იწყებს გამუქებას და კარგავს თავის თვისებებს. გაშრობა ხდება საშრობში 35-400c-ზე ტემპერატურაზე ან სხვენზე, კარგი ვენტილაციის პირობებში ათავსებენ 2-3 სმ. სიმაღლის თხელ ფენად და პერიოდულად აბრუნებენ. არ არის სასურველი ნედლეულის ძალიან გამოშრობა, რადგანაც ამ შემთხვევაში კალათა იწყებს დანაწევრებას.
ქიმიური შემცველობა: ყვავილების შემადგენლობაში შედის ეთერზეთები 0,8%-მდე, რომლის შემადგენლობაში შედის ქამაზულენი, სხვადასხვა ტერპენები და სასკვიტერპენები. გარდა ამისა, კალათაში ნაპოვნია აპიინი, აპიგენინი, პროხამაზულენი, მატრიცინი, ლაქტონი, მატრიკარინი, უმბელფერონი, ორგანული მჟავები, ფისები, ფლავონოიდები, პოლისაქარიდები, კაროტინოიდები, ასკორბინის მჟავა და სხვა.
გულყვითელა
Calendula officinalis L.
Ноготки лекарственная
დეკორატიული ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა 60 სმ სიმაღლის ღეროთი, რთულყვავილოვანთა (Compositae) ოჯახიდან. ფოთლები წაგრძელებული კვერცხისებური. ყვავილები ყვითელ-ოქროსფერი ან ნარინჯისფერი, შეკრებილი ღეროს წვეროზე კალათად, კალათი მსხვილი, 4-5 სმ დიამეტრით. კიდურა ყვავილები ენისებურია მდედრობითია, ხოლო ცენტრში მილისებრი ორსქესიანი, მაგრამ უნაყოფო. ნაყოფი მოხრილი თესლურა განლაგებულია 2-3 რიგად. ყვავილობს ივნის-აგვისტიში, ნაყოფი მწიფდება აგვისტოში.
ქიმიური შემცველობა: ყვავილის კალათები შეიცავენ კაროტინოიდებს, მცენარის ნორჩ ნაწილებში აღმოჩენილია მწარე ნივთიერება კალენდულა 19%, რომელიც თავისი ბუნებით უჯერია, ყვავილების სუნი განპირობებულია ეთერზეთების შემცველობით. აგრეთვე თანაყვავილედი შეიცავს ფისებს (3,44%), ლორწოს (2,5%), აზოტშემცვლელ ლორწოს (1,5%), ვაშლმჟავას (6-8%) და სილიციუმმჟავას კვალს, კალათა შეიცავს შეუსწავლელ ალკალოიდს. ფესვებში ნაპოვნია ინულინი. მიწისზედა ნაწილი შეიცავს საპონინს. მისი ჰიდროლოზისას მიიღება ოლეინისა და გლუკურონის მჟავა. თესლში არის ცხიმოვანი მჟავები და უცნობი ალკალოიდები. სამკურნალო ნედლეულია ყვავილები. ნედლეულს იღებენ ენისებრი ყვავილის ჰორიზონტალურად განლაგებისას, ზაფხულის განმავლობაში ახერხებენ 10-დან 20-მდე მოსავლის აღებას. ჭრიან კალათებს მას აცლიან ენისებურ ყვავილებს და აშრობენ 4საათის განმავლობაში ჩრდილში.
გამოყენება: სამედიცინო პრაქტიკაში გულყვითელას პრეპარატები გამოიყენება, როგორც ანთების საწინააღმდეგო, დამწვრობის, ჭრილობის, პარეზის, ნაღრძობის, მოყინვის, ფურუნკულოზის დროს. აგრეთვე გინეკოლოგიური დაავადებებისას, პირის ღრუსა და ყელის, გინგივიტების საწინააღმდეგოდ. საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების, კერძოდ გასტრიტის, კოლიტის, ენტეროკოლიტის დროს. აძლიერებს მადას. ის გამოიყენება ღვიძლის, გულისისხლძარღვთა სისტემის დაავადების დროს. ასევე გამოიყენება, როგორც დამამშვიდებელი საშუალება
გრძელფოთოლა პიტნა
Mentha longifolia Y. Huds. Мята длиннолистая
1მ-მდე სიმაღლის მრავალწლოვანი მცოცავფესურიანი ბალახოვანი მცენარეა, ტუჩოსანთა (Lamiaceae) ოჯახიდან. 6-10 სმ სიგრძის მოგრძო ლანცეტა ფოთლები საპირისპიროდ არიან განლაგებული, ქვემოთა მხარეს თეთრადაა შებუსული. ვარდისფერი, წვრილი ყვავილები განლაგებულია ღეროსა და ტოტების წვერში და ქმნის ცილინდრულ ყვავილედს, ყვავილის ჯამი მილისებრია, ხოლო გვირგვინი
ძაბრისებრი, ნაყოფი კაკლუჭაა. მცენარის ყველა ნაწილს აქვს არომატული სუნი. ყვავილობს ივნის-სექტემბერში, ნაყოფები მწიფდება ოქტომბერ-ნოემბერში.
გავრცელებულია მთელი ტყის სარტყელში, გვხვდება მინდვრებში, მდინარეებისა და ნაკადულების ნაპირებთან, ტყის პირებზე.
სამკურნალო ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ ყვავილობის პერიოდში. შეგროვილი ნედლეულის შრობა ხდება 25-400C-ზე საშრობში ან ჩრდილში.
ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავს 2,5%, ხოლო ყვავილები 4-6%-ს ეთეროვან ზეთებს. ეთეროვანი ზეთების ძირითადი კომპონენტებია: მენთოლი (40-70%), ორგანული მჟავები, კაროტინოიდები და ჰესპერიდინი.
გამოყენება: მცენარისაგან მიღებული მენთოლი შედის კომპლექსური გულ-სისხლძარღვოვანი პრეპარატების – ვალიდოლის, ზელენინის წვეთებისა და სხვათა შემადგენლობაში.
დათვის კანაფი
Datisca cannabina Y Датиска Коноплевая
1-1,5 მ-მდე სიმაღლის დატოტვილი მარადმწვანე მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა დათვისკანაფისებრთა (Dიტისცაცეაე) ოჯახიდან. ფოთლები კენტფრთულია 13სმ სიგრძის, კიდედაკბილული. წვრილი ცალსქესიანი ყვავილები შეკრულია მტევან ყვავილედებად. ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-სექტემბერში.
გავრცელებულია მთის შუა სარტყელში, კერძოდ აჭარისწყლის, კინტრიშის, ჩაქვისწყლის ხეობებში. იზრდება ბუჩქნარებში, მდინარეთა ნაპირებზე, ტყეებში.
სამკურნალო ნედლეულია მიწისზედა ნაწილი, რომელსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში, აშრობენ ჩრდილში.
ქიმიური შემცველობა: ბალახი შეიცავს გლიკოზიდს, ალკალოიდებს, ვიტამინ ჩ-ს, ფლავონოიდებს.
გამოყენება: მცენარის ბალახისაგან მზადდება პრეპარატი დატისკანი, რომელსაც იყენებენ ღვიძლის დაავადებების, კერძოდ ჰეპატიტის დროს.
დედოფლისთითა
Veronica officinalis L.
Вероника лекарственная
10-30 სმ-ის სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა შავწამალასებრთა – (Scrophyllariaceae) ოჯახიდან. ფოთლები მოკლეყუნწიანია, ელიფსური ან ფართოკვერცხისებრი, საყვავილე ყუნწები სწორმდგომია. ყვავილები ცისფერია, შედგება 4 ჯამის ფოთოლაკისაგან, 4 გვირგვინის ფურცლისაგან, 2 მტვრიანასა და 1 ბუტკოსაგან. ნაყოფი ორბუდიანი მრავალთესლიანი კოლოფია. მცენარე ყვავილობს გაზაფხულის მეორე ნახევარსა და ზაფხულის დასაწყისში.
გავრცელებულია მთელ ტყის სარტყელში სუბალპებამდე, სადაც იზრდება ტყეებში, ბუჩქნარებში, მდელოებსა და გზების გასწვრივ. სამკურნალო ნედლეულია მცენარის მიწისზედა ნაწილი.
ქიმიური შემცველობა: გლიკოზიდი აუკუბინი, მწარე ნივთიერებები, ტანინები.
გამოყენება: მცენარე გამოიყენება როგორც შარდმდენი, თირკმლებისა და შარდის ბუშტის კენჭოვანი დაავადებებისა და სილის არსებობის დროს სამკურნალოდ
დიდგულა
Sambucus nigra L. Бузина черная
10 მ-მდე სიმაღლის ბუჩქი ან დაბალი ხეა (Caprifoliaceae) ოჯახიდან. ღერო _ დატოტვილი, მოყვითალო იისფერი ქერქით. ფოთლები მორიგეობითი, კენტფრთართული, შეკრებილია ქოლგა ყვავილედად. ნაყოფი 5-8 მმ დიამეტრის შავი წვნიანი კენკრაა. მცენარე ყვავილობს მაის-ივნისში, ნაყოფი მწიფდება ივნის-აგვისტოში.
გავრცელებულია ტყეებში, ხეობებში, ტყეების ნაპირებზე, გზების გასწვრივ. სამკურნალო ნედლეულია ყვავილედი და მწიფე ნაყოფები, რომლებიც უნდა გაშრეს 30-350C-ზე საშრობში, ჩრდილში ან სხვენში.
ქიმიური შემცველობა: დიდგულას ყვავილები და ნაყოფი შეიცავს გლიკოზიდ სამბუცინს, (სამბუცინიგრინი) ეთერზეთებს, მთრიმლავ და ლორწოვან ნივთიერებებს, ასკორბინის, ვალერიანის, ძმრის, ვაშლისა და სხვა მჟავებს.
გამოყენება: მედიცინაში დიდგულას პრეპარატები გამოიყენება საინჰალაციოდ, სასუნთქი გზების დაავადების დროს.
დიდი მრავალძარღვა
Piantago major L.
Подорожник
ორწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა (Piantaginaceae) ოჯახიდან 50 სმ-მდე სიმაღლის. ფესვთანური ფოთლები ფართო კვერცხისებური, გრძელყუნწიანია, სიგრძით 4-12 სმ. სიგანით 5-10 სმ. რუხი ფერის ყვავილები შეკრებილია მჭიდრო, გრძელთავთავისებურ ყვავილედებად. გვირგვინის ფურცლები გამჭვირვალეა და შეიცავს მურა ფერის პიგმენტს. ნაყოფი კოლოფია 6-8 ან მეტი თესლით, რომელიც იხსნება სახურავით. ყვავილობს მაისიდან აგვისტომდე. გავრცელებულია მთელ საქართველოში, გვხვდება მდელოებში, მინდვრებზე, გზისპირას, ბაღებში, დანაგვიანებულ ადგილებში, საცხოვრებელი სახლების ახლოს, ტყის ზონაში სუბალპებამდე. სამკურნალო ნედლეულია მცენარის ფოთოლი, ძირი და მარცვალი. მწვანე ფოთლებს ყუნწის ნაწილთან ერთად აგროვებენ მთელი ზაფხულის განმავლობაში. რეცხავენ წყლით, აშრობენ და ათავსებენ თხელ ფენად სუფთა საფენზე მზის პირდაპირი სხივებისაგან დაცულ თბილ შენობაში ან საშრობში. გაშრობის შემდეგ გამუქებულ ფოთლებს აცლიან, ხოლო ვარგის ნედლეულს ინახავენ 2 წლის განმავლობაში. ქიმიური შემცველობა: ფოთოლი შეიცავს პოლისაქარიდებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, ორგანულ მჟავებს, ლორწოს, მინერალურ ნივთიერებებს და სხვა.
გამოყენება: ფოთოლს სამეგრელოში, გურიაში, იმერეთში იყენებენ ჩირქგროვის დასამწიფებლად და გამოსადენად, ადებენ ჭრილობებზე შეხორცების დასაჩქარებლად. ქართლში იყენებენ ყურის დაავადების დროს. აჭარაში მრავალძარღვას მარცვალს იყენებენ ხველისა და ბუასილის სამკურნალოდ, ძირს – თიაქარისა და სიცხიანობის დროს. ფოთოლს აშრობენ, ფშვნიან, ატარებენ საცერში და ხარშავენ, ნახარშს იყენებენ კუჭის აშლილობის სამკურნალოდ. ფოთლებით მკურნალობენ წყლულებსა და მუწუკებს.
დვალურა
Jolygonam carneum C. Kach Гречишник темно-красный
30-80 სმ-მდე სიმაღლის ფესურიანი, სწორმდგომი, ღეროიანი, ბალახოვანი მცენარეა მატიტელასებრთა (Pოლყგოპაცაე) ოჯახიდან. ფოთლები მოგრძო-კვერცხისებურია, ქვემოთა მხრიდან ღია ფერისაა 6-12 სმ სიგრძისა და 2-7 სმ სიგანის. ვარდისფერი წვრილი ყვავილები შეკრებილია თავთავ ყვავილედებად. ყვავილობს მაის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება აგვისტო-ოქტომბერში.
გავრცელებულია უხვად სუბალპურ მდელოებზე. სამკურნალო ნედლეულია ფესურა ფესვებით და ფოთლები. ფესურებს ამზადებენ შემოდგომაზე, რეცხავენ, ჭრიან პატარა ნაჭრებად, ხოლო ფოთლებს მთელი ვეგეტაციის პერიოდში.
ქიმიური შემცველობა. ფესურები შეიცავენ 25% მთრიმლავ ნივთიერებებს, 26%-მდე სახამებელს, ვიტამინ ჩ-ს, ფლავონოიდებს.
გამოყენება. ფესურისაგან დამზადებულ პრეპარატებს იყენებენ ნაწლავების მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს. კერძოდ, კუჭაშლილობისა და კოლიტის სამკურნალოდ. ასევე გამოიყენება საშვილოსნოდან და სხვა შინაგანი ორგანოებიდან სისხლდენის შესაჩერებლად, ღრძილების ანთების დროს, ჩირქოვან მუწუკებზე დასაფენად. ფოთლებს იყენებენ საკვებადაც.
ევკალიპტი
Eucalyptus globulus Labill - მრგვალფოთოლა ევკალიპტი-Эвкалипт широколистный E.
cinerea F Muell – ცისფერი ევკალიპტი- Эвкалипт пеплный E.
viminalis Labill – მანანის ევკალიპტი Эвкалипт прцтовилный
50 მ-მდე სიმაღლის მარადმწვანე ხეა მირტისებრთა (Myrtaceae) ოჯახიდან, გლუვი ღია ნარინჯისფერი ქერქით, რომელიც მერქანს სცილდება ზოლებად. მცენარეს ახასიათებს ნაირფოთლიანობა ანუ ჰეტეროფილია. ახალგაზრდა ტოტებზე ფოთლები პირისპირ არის განლაგებული, ისინი რბილია და ყუნწიანი, ხოლო ხნიერ ტოტებზე ფოთოლთგანლაგება მორიგეობითია, ისინი წაგრძელებული, ყუნწიანი და უხეშია. ყვავილები ერთეულია და მჯდომარე ლამბაქისებრი ჯამით და მრავალრიცხოვანი მტვრიანით. ნაყოფი კოლოფია. მცენარე ყვავილობს ოქტომბერ-ნოემბერში, ნაყოფი მწიფდება 1 წლის შემდეგ.
გავრცელებულია მცენარის სამშობლოა ავსტრალია, საქართველოში შემოტანილია 1867 წელს. იგი სწრაფმზარდი ხეა, აორთქლებს დიდი რაოდენობით წყალს (დღე-ღამეში 10 ლ-ს) ამიტომ იყენებენ ჭაობიან ადგილების ამოსაშრობად.
სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომელიც შეიძლება შეგროვდეს წლის ნებისმიერ დროს, სასურველია შემოდგომა-ზამთარში. ფოთოლს აქვს არომატული სუნი და მწარე გემო. ისინი უნდა გაშრეს დაბალ ტემპერატურაზე, არა უმეტეს 300C-ზე ჩრდილში.
ქიმიური შემცველობა: ევკალიპტის ფოთლები შეიცავს ეთერზეთების 2,5%-ს, რომლის ძირითადი კომპონენტია ცინეოლი – 60%. გამოყენება: ევკალიპტისაგან მიღებული ეთეროვანი ზეთები
გამოიყენება როგორც ბაქტერიციდული საშუალება სასუნთქი გზების დაავადების დროს – კერძოდ, ხველების, ბრონქიტის და ფილტვის განგრენის დროს. ასევე ღრძილების ანთების და ანგინის დროს.
ეწრის გვიმრა
Pteridium tauricum (presl) U. Krecz.
Орляк
50 – 150 სმ. სიმაღლის მხოხავფესურიანი მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეა კილამურასებრთა Polypodiaceae ოჯახიდან. ფესურიდან ვითარდება გრძელყუნწიანი, ორჯერ ან სამჯერ ფრთისებრრთული ფოთლები, რომელთა ქვედა მხარეს ვითარდება სპორანგიუმები.
გავრცელებულია ზღვისპირა დაბლობებიდან სუბალპებამდე. იზრდება ტყის ნაპირას, ტყეკაფებზე, ტყეებში, მინდვრებში, ჩაის პლანტაციებში, ციტრუსოვანთა ბაღებში და სხვა.
სამკურნალო ნედლეულია ფესურები და ფესვები, რომელთაც აგროვებენ ადრე გაზაფხულზე, რეცხავენ, ჭრიან 2-3 მმ. ზომის ნაჭრებად და აშრობენ ჯერ ჰაერზე, შემდეგ ჩრდილში.
ქიმიური შემცველობა: ფესურები და ფესვები შეიცავენ Eეთეროვან ზეთებს, ნახშირწყლებს, მწარე ნივთიერებებს, საპონინებს. გამოყენება. მედიცინაში იყენებენ ჩირქოვანი მუწუკებისა და ეგზემური წყლულების სამკურნალოდ. ამზადებენ მალამოს სხვა მცენარეებთან შერევით. ოჯახურ პირობებში მალამოს მოსამზადებლად ფესვ-ფესურებს ფხვნიან, ავლებენ ადუღებულ წყალს, ხარშავენ რძეში და ურევენ ღორის ქონს, მიიღება ჟანგისფერი ბლანტი სითხე. ფესვებსა და ფესურებს იყენებენ ორგანიზმიდან სოლიტერის გამოსადევნადაც, მაგრამ მისი ქმედითუნარიანობა შედარებით სუსტია, ვიდრე სხვა პრეპარატებისა.
კანაფი ჩვეულებრივი
Cannabis sativa Y Конопля посевная
1 მ-მდე სიმაღლის ერთწლოვანი, ორსახლიანი ბალახოვანი მცენარეა კანაფისებრთა (ჩანნაბაცეაე) ოჯახიდან. ღეროს ქვედა ნაწილში მოპირისპირედ განლაგებული გრძელყუნწიანი ფოთლებია, ხოლო ზედა ნაწილში კი მორიგეობით განლაგებული მოკლეყუნწიანი ფოთლები. ცალსქესიანი მამრობითი ყვავილები შეკრებილია კენწრულ სარქველებად, ხოლო მდედრობითი ყვავილები თავთავებად. ნაყოფი მბრწყინავი რუხი კაკალია. მცენარე ყვავილობს ივნის-ივლისში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.
გავრცელება: უძველესი დროიდან შეყვანილია კულტურაში. იზრდება ხიხაძირში, დიდაჭარის იაილებში, ველურდება მიტოვებულ ადგილებში.
სამკურნალო ნედლეულია ნორჩი ყლორტები და თესლი, ყლორტებს აგროვებენ გაზაფხულ-ზაფხულში, თესლს შემოდგომაზე სრული სიმწიფის პერიოდში.
ქიმიური შემცველობა: ყლორტები შეიცავენ გლიკოზიდ კანამინს, ალკალოიდებს, K ვიტამინებს, მინერალურ მარილებს. თესლი შეიცავს 35% ცხიმებსა და ეთერზეთებს.
გამოყენება. თესლებისა და ყლორტების ნარჩენი ყვავილებიანად წარმოადგენს დამამშვიდებელ და საძილე საშუალებას, ასევე იყენებენ ხველებისა და მტკივნეული შარდვის დროს
კარტოფილი
Solanum tuberosum L.
Картофель
მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა ძაღლყურძენასებრთა _(Solanaceae) ოჯახიდან, კულტივირებულია როგორც ერთწლიანი მცენარე. მიწისქვეშა ყლორტები წარმოქმნიან გორგლებს, რომელსაც ადამიანი იყენებს საკვებად. მიწისზედა ყლორტები სწორმდგომია, დატოტვილი, ხორციანი, შეფოთლილი, ფოთოლგანლაგება მორიგეობითი. ყვავილები 5 წევრიანია, თეთრი, იისფერი ან მოწითალო. ნაყოფი მრავალთესლიანია, ბურთისებრი ან ოვალური. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება სექტემბერში.
გავრცელება: ყველგან, განსაკუთრებით ზემომთიან აჭარაში.
ქიმიური შემცველობა: სამკურნალო მნიშვნელობა აქვს კარტოფილის ბოლქვს. იგი შეიცავს: A, B, B2, B6, C, PP ვიტამინებს. თუმცა ვიტამინების შემცველობა კარტოფილის ბოლქვებში არ არის დიდი, ორგანიზმი ბევრი ვიტამინის მოთხოვნილებას სწორედ კარტოფილის ხარჯზე იკმაყოფილებს. კარტოფილის ბოლქვში არის ასევე კალციუმის, კალიუმის, ფოსფორის, რკინის მარილები, ორგანული მჟავები და სხვა ნივთიერებები. კალიუმის მაღალი შემცველობა ბოლქვებში განსაზღვრავს მის შარდმდენ თვისებას. ახალი ბოლქვების წვენი სასურველ მოქმედებას ახდენს მაღალი მჟავიანობის, გასტრიტისა და შეკრულობის დროს, იყენებენ ასევე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროსაც. იგი ამუხრუჭებს კუჭის ჯირკვლების სეკრეციას, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას.
გამოყენება: კარტოფილის, როგორც სამკურნალო საშუალების გამოყენება, უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის რჩევით. ხალხურ მედიცინაში კარტოფილის გახეხილი ნედლი ბოლქვი გამოიყენება კანის დამწვრობის, ეგზემის ან კანის სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. გარდა ამისა ფართოდ იყენებენ ზედა სასუნთქი გზების კატარის დროს მოხარშული კარტოფილის ორთქლის შესუნთქვით მკურნალობას (ინჰალაცია). არ შეიძლება გამოვიყენოთ საკვებად და სამკურნალოდ კარტოფილის ბოლქვების გამწვანებული ნაწილები, რადგან მათში გროვდება შხამიანი ნივთიერებები.
კეთილშობილი დაფნა
Laurus nobilis L. Лавр благородный
5-8 მ. სიმაღლის მარადმწვანე ხეა დაფნისებრთა (Lauraceae) ოჯახიდან. დატოტვილი ღეროს ქერქი ყავისფერია, ყლორტებისა მწვანე. ფოთლები მოკლე ყუნწიანია, ტყავისებრი, კიდემთლიანი. ღეროზე განლაგებულია მორიგეობით, ახასიათებს სასიამოვნო სუნი. ყლორტების კენწრულ ნაწილში ფოთლის იღლიებში ვითარდება ჯგუფურად შეკრებილი, ცალსქესიანი თეთრი ყვავილები. ნაყოფი მომწვანო-შავი ელიფსური კურკიანაა. ყვავილობს აპრილ-მაისში, ნაყოფი მწიფდება შემოდგომაზე.
გავრცელება: დაფნის სამშობლოა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. საქართველოში შემოიტანეს XIX ს-ის დასაწყისში და ფართოდაა გავრცელებული როგორც სუნელ-სანელებელი მცენარე.
სამკურნალო ნედლეულია ფოთლები, რომლებსაც აგროვებენ მთელი ვეგეტაციის განმავლობაში და აშრობენ ჩრდილში.
ქიმიური შემცველობა: ფოთლები შეიცავენ ეთეროვან ზეთებს 4-5%, ორგანულ მჟავებს, პოლისაქარიდებს. გამოყენება. იყენებენ ღრძილების ანთების წინააღმდეგ, ასევე კბილების გასამაგრებლად
კივი
Actinidia deliciosa
Киви
კივი ხისებრი ლიანაა აქტინიდიასებრთა A(Actinidiaceae) ოჯახიდან. წარმოიშვა ჩინეთში, ველური ფორმის ნაყოფის წონა ტოლია 30გრ. ხოლო კულტურულის 100გრ. ახალი ზელანდიის სელექციონერებმა მას უწოდეს კივი, შებუსული ნაყოფის ახალზელანდიურ ჩიტ-კივთან მსგავსების გამო, რომელიც ამ ქვეყნის ემბლემაა. ამჟამად კივი მოჰყავთ მრავალ ქვეყანაში: იტალიაში, ჩილეში, კრასნოდარის მხარეში, შავი ზღვის სანაპიროზე. ქიმიური შემცველობა: კივის ნაყოფი შეიცავს ვიტამინებს: C, PP, E, A, D,B2 , B3 , B6, მაგნიუმს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას, შაქრებს, ბეტა-კაროტინს, ფოლის მჟავას, ფლავონოიდებს. მასში შერწყმულია ბანანის, ანანასის, ნესვის, მარწყვისა და ხურტკმელის გემო. ნაყოფის მთავარი ღირსებაა ვიტამინ C-ს დიდი რაოდენობით შემცველობა. სწორედ ამის გამო კივი იცავს ორგანიზმს ინფექციებისაგან და ამაგრებს იმუნურ სისტემას. ვიტამინი C მაგნიუმთან ერთად აუმჯობესებს გულის ფუნქციას, გარდა ამისა მაგნიუმი არეგულირებს უჯრედთა შორის ნივთიერებათა ცვლას და უზრუნველყოფს ორგანიზმის გამძლეობას სტრესის დროს. ნაყოფში შედის ასევე მცენარეული ფერმენტი აქტინიდინი, რომელიც აუმჯობესებს ცილების შეთვისებას. კივში არის იდეალური ბალანსი _ კალორიულობის მინიმუმი და სასარგებლო ნივთიერებათა მაქსიმუმი. კივი ამცირებს ონკოლოგიურ და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს და აუმჯობესებს შრომისუნარიანობას. ნორვეგიელი მეცნიერების მიერ დადგენილი იქნა, რომ კივს შეუძლია დაშალოს ის ცხიმები, რომლებიც იწვევენ არტერიის ბლოკირებას, რითაც მცირდება თრომბის წარმოქმნის რისკი.
გამოყენება: ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში კივი გამოიყენება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, რევმატიული დაავადებების პროფილაქტიკისათვის, თირკმლებში კენჭის წარმოქმნის საწინააღმდეგოდ და ნერვული სტრესის შესამცირებლად.
კიტრი
Cucumis sativus L.
Огурец
ერთწლიანი მცენარეა გოგრისებრთა ( Cucurbitaieae ) ოჯახიდან. აქვს 1,5 მ-მდე სიგრძის მხვიარა, მიწაზე გართხმული ღერო მარტივი ულვაშებით. ფოთლები და ღეროები შებუსულია უხეშად, გვირგვინი ყვითელი და ძაბრისებურია. ნაყოფი ფორმის, ზომისა და შეფერილობის მიხედვით ძალზე მრავალფეროვანია, შეიცავს ბევრ თესლს. ყვავის ივნის-აგვისტოში, ნაყოფი მწიფდება ივლის-სექტემბერში. დახურულ გრუნტში ყვავილობა და ნაყოფიერება გრძელდება თითქმის მთელ წელიწადს.
გავრცელება: ველური სახით კიტრი უცნობია, ბევრ ქვეყანაში ფართოდ ავრცელებენ, როგორც ბოსტნეულ კულტურას. დახურულ და ღია გრუნტში გამოყვანილია ბევრი ჯიში.
ქიმიური შემცველობა: კიტრი ძირითადად მოჰყავთ ნაყოფისათვის. მისი კვებითი ფასეულობა ძალზე დაბალია, რადგან მასის 90-95% წყალია. კიტრის მშრალ ნივთიერებაში არის უჯრედისი და სხვა ნახშირწყლები, ცილები, კალიუმის მარილები, რკინა, ფოსფორი, კაროტინის უმნიშვნელო რაოდენობა, B1 და C ვიტამინები.
გამოყენება: კიტრი მადის აღმძვრელია, აუმჯობესებს ცილებისა და ცხიმების შეწოვას. კიტრს აქვს სასაქმებელი მოქმედება, ამიტომ მას იყენებენ ქრონიკული შეკრულობის დროს. გააჩნია აგრეთვე ნაღველმდენი და შარდმდენი მოქმედება, ამიტომ ქორფა კიტრის ან მისი წვენის გამოყენება სასარგებლოა წყალმანკით გამოწვეული შეშუპების დროს, რაც დაკავშირებულია გულის დაავადებებთან. ხალხურ მედიცინაში ქორფა კიტრის წვენს სვამენ როგორც დამამშვიდებელ და ტკივილგამაყუჩებელ საშუალებას კუჭ-ნაწლავის ჭვალის დროს. კავკასიის ხალხურ მედიცინაში კიტრის ღეროებისა და მწიფე ნაყოფის ნახარშს სვამენ სიყვითლისა და ღვიძლის სხვა დაავადებების შემთხვევაში. კიტრის წვენსა და ნაყოფის მწვანე ქერქის წყლიან ნაყენს იყენებენ სახის გასაწმენდად ფერიმჭამელების, ჭორფლის, პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად. ზაფხულში მომატებული ოფლიანობის დროს კანის გასაგრილებლად იყენებენ ახლადგაჭრილი ან ახლადგამოწურული კიტრის წვენს.