Jump to content
Club-Monadire.Ge

პარასკევას ბუდე


Recommended Posts

post-30-0-74809300-1366795796_thumb.jpg

 

 

ვაი, რა ვიწრო ნაოჭი, ღარი და ხნული ჰქონია ტვინში იმას, ვისაც ეგონა, რომ მის სახელს წაშლიდა ქვეყნიერებაზე.

ჯავახიშვილისნაირი მწერლები საერთოდ არ კვდებიან, და თუ კვდებიან, ხელმეორედ იბადებიან. ესე იგი, ერსა და მის მშობელ ხალხს არ ძალუძთ მის გარეშე სიცოცხლე. ასე იბადება უკვდავება ქვეყნიერებაზე და ასე დაიბადა საქართველოში მიხეილ ჯავახიშვილი. ♥

 

ნოდარ დუმბაძე

Link to post
Share on other sites
  • Replies 1,5k
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

პარასკევა კლუბის შეხვედრაზე.    

პეტრე კოლხი (Y)ვისაც წასვლა უნდა, გაუშვი. ძალით დარჩენას არ აქვს აზრი! უფრო აუტანელია, როცა გვერდით გყავს და სინამდვილეში სხვაგან არის. ნურც შენ დარჩები ხელოვნურად მის გვერდით, ვისთვისაც მხოლოდ სიმძიმ

ისწავლეთ დატკბეთ იმით რაც გაქვთ და იყოთ ბედნიერი.  თქვენს უკან მილიონობით ადამიანი დგას, ვინც თქვენს ცხოვრებას თავისად სიყვარულით მიიღებდა, თქვენს ჯვარს (რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ) სიხარულით ზ

Posted Images

დუმბაძის იმ პატარა მოთხრობაზე გამახსენდა,ბავშვობაში მისი პატარა წიგნი მქონდა,გლადიატორი ერქვა,პატარა იუმორისტული მოთხრობები და ჩანახატები იყო შიგ,მათ შორის ეს მოთხრობაც,სულ ზეპირად ვიცოდი,ახლა რომ წავიკითხე გული გამითბა!!!!

Link to post
Share on other sites

ყვავილების გამყიდველი, გრძელფეხება ჯადოქარი.

……….

 

მე ისეთ ქალაქში ვცხოვრობ, სადაც შადრევნების წყალი ჯერ კიდევ ლომების ხახიდან გადმოდის და ადამიანებს შლაპები ახურავთ, ფანჯრებს დარაბები აქვს და სახლებს ეზოები და ბაღები არტყია გარშემო.

 

მაგრამ ყველაზე ლამაზი ბაღი ყვავილების გამყიდველს აქვს. ის მთავარ მოედანზე ჰყიდის მცენარეებს და ცისფერ ბაფთიანი ველოსიპედი ჰყავს. თავის ველოსიპედს სადაც გააჩერებს, ხვიარა მცენარის ღეროთი აბამს და თაიგულებს თავისი ოქროსფერი თმის ღერებით კრავს.

 

***

 

ლეა ერქვა, სრული სახელი ლეანდრა-მარია. ჩვენს მეზობლად ცხოვრობდა ქვედა ტერასაზე. ყვითელი, თეძოებამდე გრძელი თმა ჰქონდა და ისეთი მწვანე თვალები, თითქოს ზურმუხტი ჩააგდეს წყალში. კიდევ, გასაოცარი ფეხები – თავის ტანთან შედარებით ზედმეტად გრძელი. ყველაზე საინტერესო მაინც ის იყო, რასაც მასზე ჰყვებოდნენ – კუდიანობას აბრალებდნენ. თაიგულებს თავისი ჯადოსნური თმის ღერებით კრავს და იმიტომ აქვთ მათ ასეთი საოცარი ფერები და სურნელიო. შეუძლებელი იყო ლეას ყვავილები ვინმესთვის გეჩუქებინათ და იმ ადამიანის კეთილგანწყობა არ დაგემსახურებინათ.

 

***

 

 

 

ჩემი ყველაზე ადრეული მოგონება ამ ქალზე ღრმა ბავშვობას უკავშირდება. ძალიან პატარა ვიყავი, ეზოში ვთამაშობდი და თამაშ-თამაშით ქუჩაში გავედი, კიბეს ავყევი და ლეას ბაღში მოვხვდი. გაზაფხული მთავრდებოდა, ათასფერი პეპლები დასტრიალებდნენ ბაღს, რომელშიც საოცარი ყვავილები და ხეები იზრდებოდა. აფეთქებულიყო მაგნოლია სულანჟი, კამელია, სხვადასხვა ფერის ტიტები, ამარილისები, მიხაკები და სხვა ათასი, რომელთა სახელებიც არ ვიცოდი. ყველაზე თვალშისაცემი მაინც იასამანი იყო, საოცარ სურნელს გამოსცემდა. პეპლების დევნაში ბაღი გადავჭერი და სახლში შევბაჯბაჯდი. კარი ღია იყო და შიშს ბავშვურმა ცნობისმოყვარეობამ სძლია. შესასვლელიდან მთელ სახლში იასამნის გროვები დახვავებულიყო, უამრავი ტოტი მოეჭრათ და ერთმანეთზე დაეყარათ. მძაფრი სუნი იდგა, თავბრუდამხვევი. კედლები თაროებით გადაევსოთ – ზოგი წიგნებისათვის, ზოგი კი კოლბებს და გამხმარ ყვავულებს დაეკავებინათ. ამასობაში ლეა შემოვიდა.

 

თმებით მზე შემოიტანა და ხელში იასამნის თაიგულები ეჭირა. დაყარა იქვე ერთ-ერთ გროვაზე და ჩემკენ წამოვიდა. კარგად მახსოვს მისი წკრიალა ხმა, მკითხა აქ როგორ მოხვდიო, ხელში ამიყვანა და გარეთ გავედით. ჟასმინი ჩამოწყვიტა ხიდან, მომაწოდა და ბაღიდან გამიყვანა. ძალიან კეთილი და თბილი იყო. ზურმუხტისფრად უბრწყინავდა თვალები. სახლში რომ მიმიყვანა ბებიაჩემს გული გაუსკდა, მაგრამ არ შეიმჩნია, მადლობა გადაუხადა და ბოდიშიც მოუხადა უყურადღებოდ დაგვიტოვებიაო. ლეა თავზე მომეფერა და წავიდა. ბებია მეცა და ლანძღვა დამიწყო, იმ კუდიანის სახლში რამ შეგაბოდიალაო. კუდიანები საშიშები არიან , მეორედ ახლოსაც არ გაეკაროო. მე სულ არ მომეჩვენა საშიში, დიდხანს ვფიქრობდი იდუმალ სახლსა და მის მეპატრონეზე.

 

ამის შემდეგ ლეა კიდევ ბევრჯერ ვნახე, მაგრამ უცნაური ის იყო, რომ ის არასდროს იცვლებოდა. მუდამ 18 წლისად გამოიყურებოდა, თითქოს ასაკი არ ემატებაო. აი მე კი ნამდვილად მემატებოდა. ბავშვები სკოლაში რომ მივდიოდით, ვხედავდით დილაობით როგორ ბარავდა ან თოხნიდა თავის ბაღს. ბოტები და მოკლე შორტები ეცვა, ანდაც მოკლე შორტებიანი კომბინიზონი, რომლის ჯიბიდან ყოველთვის სასხლავი მაკრატელი ჩანდა. როცა დაგვინახავდა, ჩამოეყრდნობოდა თოხს ან ბარს და ხელს დაგვიქნევდა, თან სულ იღიმებოდა. ჩვენ კი მის ლამაზ ფეხებს ვუყურებდით და ნერწყვს ვყლაპავდით. (ხომ გითხარით, ასაკი მოგვემატა..)

 

დილის საქმეებს რომ მორჩებოდა თავის ბაღში, თაიგულებს გაამზადებდა, და ველოსიპედს გამოიყვანდა. უკან კალათა ჰქონდა მიბმული, რომელშიც აწყობდა ყვავილებს და მთავარ მოედანზე მიდიოდა, საჭეზე მიმაგრებული ცისფერი ბაფთები ფრიალებდნენ. დანარჩენი თაიგულები მის მებაღეს მიჰქონდა. მოხუცი კაცი, ულვაშებიანი, ლამაზ და ფაქიზად გაპრიალებულ მაღალყელიან ჩექმებს ატარებდა და ლეას ეხმარებოდა ბაღის მოვლაში.

 

***

 

რამოდენიმე წლით დედაქალაქში ვიყავი წასული და როცა დავბრუნდი ჩემს პატარა ქალაქში, 25 წლის ვიყავი. ეს მგონი უკვე არის ის ასაკი, როცა უფლება გაქვს სადაც გინდა იქ წახვიდე და კუდიანების არ გეშინოდეს. ბებია ვეღარ დამტუქსავდა და ლეას სახლისკენ გადავუხვიე. გაზაფხულის მიწურული იყო და ზუსტად ისე დაეხვავებინათ იასამნის გროვები, როგორც იმ შორეულ დღეს, მის სახლში რომ შევბოდიალდი.

 

მაგნოლია სულანჟის ყვავილები უკვე გადამჭკნარიყო და გვირილები იწყებდა ყვავილობას. ბილიკს გავყევი, რომელიც ყვავილების კუნძულებს უვლიდა გარს.

 

საოცარი იყო! ისევ ისეთი დამხვდა, როგორსაც ყოველთვის ვიცნობდი: 18 წლის გოგონა, ზურმუხტები თვალებში და მზე თმებში, ზედმეტად გრძელი ფეხები და ჩვილივით ნაზი კანი. შლაპა ეხურა თავზე და სახლის წინ, ხის ჩრდილქვეშ გაწყობილ მაგიდაზე ჭურჭელს აწყობდა. ჩემდა გასაოცრად მიცნო და მხიარულად მიმიღო, ზუსტად ახლა საუზმობას ვაპირებდი და შემომიერთდიო. მაგიდაზე მშვენიერი, ფაიფურის ჭურჭელი ეწყო. გარშემო უზარმაზარი ვარდის ბუჩქები იდგა და მაგიდაზე ვანილის მცენარე ამოცოცებულიყო. მიუხედავად იმისა რომ ყვავილების გამყიდველი ვარ, მე თვითონ არ მიყვარს დაკრეფილი მცენარეები, ცოცხლები მირჩევნიაო – მითხრა. – ეს ვარდები და ვანილიც ისე ახლოს არიან მაგიდასთან, ყვავილების ლარნაკის დადგმა არც მჭირდებაო.

 

თავს ძალიან უხერხულად ვგრძნობდი. თავი უფროსი მეგონა, არადა ოდესღაც ის იყო ჩემზე დიდი და ყველანაირი ლოგიკით ახლაც ასე უნდა ყოფილიყო. შემდგომში შევეჩვიე ჩემს როლს – ის პატარა 18 წლის გოგო იყო და მე უფროსი.

 

იმ დღეს ბავშვობიდან გამოყოლილი საიდუმლო ამოვხსენი : სანამ გასაყიდად წაიღებენ, იასამნის გროვებს თურმე სახლში იმიტომ აწყობენ რომ ავი სულები განდევნონ. სახლის აურას წმენდს იასამანიო, სერიოზულად ამიხსნა ლეამ. შემდეგ მთელი ბაღი დამათვალიერებინა, თითოეული მცენარის სახელს ლათინურადაც იმეორებდა და თან ისე ლამაზად წარმოთქვამდა, რომ ჟრუანტელი დაგივლიდა. განსაკუთრებულად მოვლილი იყო ერთი კუთხე სადაც გადაშენების პირას მყოფი რამდენიმე მცენარე დაერგო.

 

შემდეგ სახლში შემიპატიჟა. ნელ-ნელა ვმხიარულდებოდი. ყველაფერი მართლაც ისეთი იყო როგორც ფანტასტიკურ წიგნებშია აღწერილი: სახლს წვეტიანი სახურავი ჰქონდა და სხვენის ოთხკუთხედი ფანჯარა შუაზე ჰყოფდა შენობას. ერთ მხარეს პასიფლორა აცოცებულიყო კედლებზე, მეორე მხრიდან კი ტეკომა. უკანა მხრიდან კი მთელ სახლზე გლიცინია იზრდებოდა და სახურავზეც ჩამოდიოდა. ასე რომ, წელიწადის დროების მიხედვით კედლების ხან ერთი მხარე იყო აყვავებული, ხან მეორე.

 

შიგნით ყველაფერი ზუსტად ისეთი იყო, როგორც ბავშვობის მოგონებიდან მახსოვდა: კოლბებით და წიგნებით სავსე თაროები და უამრავი დამჭკნარი მცენარე თუ მათი თესლი. ჩემი მასპინძელი გაუთავებლად ლაპარაკობდა ბუნებაზე და მის დაცვაზე. წუწუნებდა ხალხს აღარ უყვარს და აღარ უვლის გარემოსო. არ ვაფასებთ რა მნიშვნელოვანიაო.

 

-მინდვრები სულ გადამჭკნარია, ერთ ველურ ყვავილს ვერ ნახავ. ზოგი სამკურნალო მცენარეც გაქრა. მიწას პატივს თუ არ სცემ მოსავალს არ მოგცემს. ხალხი მხოლოდ ამუშავებს და ამუშავებს, ყველაფერს ართმევს რისი წაგლეჯაც შეუძლია, საფასურად კი ცოტას მიცემაც კი არ უნდათ.

 

ვერ გავიგე რას გულისხმობდა, ვინც მიწას ამუშავებს ის ხომ უვლის კიდეც, აბა მართლაც როგორ მიიღებს მოსავალს. ალბათ რამე წარმართულ რიტუალებს მისტირის ეს გრძელკუდა .

 

მისი სახლიდან საღამოს წამოვედი. თავი მიბრუოდა, ვერ მივხვდი – ყვავილების მძაფრი სურნელისა თუ მისი გაუთავებელი ლაქლაქისაგან. მართლაც, ძალიან ბევრს ლაპარაკობდა, მხიარული და ტიკტიკა იყო. ძალიან დავმეგობრდით და ხშირად ვსტუმრობდი ბაღში ეგვიპტური ჰიბისკუსის ნაყენის დასალევად.

 

***

 

 

 

ერთხელ მთავარ მოედანზე გადავეყარე, სადაც ყვავილებს ყიდდა ყოველდღე. თვალი მომჭრა სათლში ჩაწყობილმა მიხაკებმა. საოცარი ფერები ჰქონდათ, წითელი, ვარდისფერი, თეთრი, ყვითელი, ხორცისფერი, მუქი იისფერი – ნაზ ფურცლებზე წყლის წვეთები ბრწყინავდა. გაშეშებული ვიდექი და შევყურებდი, მაშინ ვიგრძენი რატომ ამბობდნენ მაგის მცენარეები ხალხზე მაგიურად მოქმედებსო.რომ დამინახა, გახარებული მომვარდა, ველოსიპედი გამიფუჭდა და შემიკეთეო. საერთოდ მოუხერხებელი იყო ყოფით საქმეებში, ელექტრონათურების გამოცვლაც კი უჭირდა და ხშირად სანთლებს ანთებდა მათ მაგივრად. იმ დღეს ვერ მოვახერხე და მეორე დღეს სახლში მივაკითხე. ველოსიპედი ეზოში იდგა და საჭირო ხელსაწყოებიც იქვე ეწყო. ლეა საშინლად განრისხებული დამხვდა. ვიღაც გოგოების ლაპარაკი გაუგონია, ყვავილები გვეზიზღებაო თურმე ამბობდნენ.

 

–რა ჯობია მცენარეებს, სიცოცხლეს და სიმწვანეს რომ აფრქვევენ გარშემო? ყვავილნარს რომ ხედავენ ეზიზღებათ? ეგეთები სანაგვეში უნდა აცხოვრო. ასეთი უტვინოების ბრალია ბუნება რომ მოუვლელია. არც ესთეტიკის აღქმის უნარი აქვთ და არც ბუნების შეგრძნების. – კიდევ დიდხანს ყრიდა ცოფებს, ის კი არა ფაიფურის ჩაიდანიც აიღო მაგიდიდან და კედელს მიამსხვრია.

 

წარმოვიდგინე, ის გოგონები მის ბაღში რომ შემოპარულიყვნენ და ჰორტენზიას ბუჩქები გაეკრიჭათ ან ლამაზად ჩარიგებული ტიტები ამოეთხარათ, ან საერთოდაც დაცული მცენარეების კუთხეში გადაშენების პირას მყოფ ყვავილებს შეჰხებოდნენ… ჰმმ.. რას უზამდა ხვდებით?

 

ველოსიპედი რომ შევუკეთე, მაშინღა მოვიდა ხასიათზე. ტკბილი ტიკტიკით გამომაცილა, თან მთხოვა ხვალ მეწვიე, ხილფაფას ვაკეთებო. თავისი გაზრდილი ხილით ძალიან ამაყობდა, ჩემი დამყნობილია და გასინჯე როგორი გამოვიდაო, თან რა საოცრად ამბობდა სახელებს ლათინურად! ჟრუანტელი დაგივლიდა ტანში.

 

ხილფაფა მართლაც ძალიან გემრიელი იყო – თან უცნაურად შეზავებული სუნელებით. ასეთი რამ არასდროს გამისინჯავს მეთქი. მაგიდაზე ზუსტად ისეთივენაირი ჩაიდანი იდგა წინა დღეს რომ დაამსხვრია, თვალი ჩამიკრა – ჯადოქრებს ნივთების გამთელებაც შეგვიძლიაო.

 

–და თაიგულების საკუთარი ჯადოსნური ოქროსფერი თმის ღერებით შეკვრაც ხომ?

 

სიცილით მოკვდა:

 

-„ მართლაც ჩემი თმის ღერებით ვამაგრებ, ასე უფრო ლამაზია და თან ხალხში რომ ჭორები ვრცელდება, ყვავილები უკეთ მეყიდება.“

 

–„შენ ჯადოქარი კი არა პატარა აფერისტი ყოფილხარ“, -ვეხუმრე, და შევნიშნე როგორ აიბზუა ცხვირი. არ შეიმჩნია, მაგრამ დაიძაბა.

 

როცა ასეთ თემებზე ვხუმრობდი, თავადაც ხუმრობით მპასუხობდა, მაგრამ სულ იძაბებოდა.

 

ალბათ ფიქრობდა, მართლა კუდიანად ხომ არ მთვლისო. მე კი საერთოდ არ მივიჩნევდი სერიოზულად ამ ჭორებს.

 

***

 

ზაფხული იყო დაწყებული, ჭრიჭინები ყურისწამღებად ჭრიჭინებდნენ და სიჩუმე იდგა ქალაქში. ვსეირნობდი, როცა ცა ისე სწრაფად მოიღრუბლა არც შემიმჩნევია და კოკისპირულმა ზაფხულის წვიმამ დასცხო. იქვე თაღს შევაფარე თავი და წვიმის ფარდებს ვუყურებდი. სპილენძის საწვიმარებიდან წითელი წყალი მოჩქეფდა. საგნებს და ჰაერსაც კი წითელი ფერი დაეფინა, სპილენძისფერი წითელი. უეცრად საიდანღაც კატა გაჩნდა. მისი კნავილი თაღის ქვეშ ექოდ გახმიანდა. ბოროტი თვალები მომანათა და დავიძაბე. არც კი ვიცი რატომ შემეშინდა. ჭექა-ქუხილის ხმაური. კატის კნავილი მიყრუებული თაღის ქვეშ. ზაფხულის წვიმამ ისევე სწრაფად გადაიღო, როგორც დაიწყო. რატომღაც ისევ ლეასთან დაბრუნება გადავწყვიტე. თითქოს წინათგრძნობამ მიბიძგა. საკმაოდ მოსაღამოვებული იყო. სახლიდან ვიოლინოს ხმა ისმოდა და დაუკაკუნებლად შევედი.

 

სასტუმრო ოთახის შუაგულში, გაჭვარტლული ბუხრის წინ იდგა და უკრავდა. ვერც შეამჩნია ჩემი შესვლა. სავარძელში მოვთავსდი და ვუსმენდი. რომ დაასრულა ტაში დავუკარი და შეშინებული მოტრიალდა.

 

–„მშვენივრად უკრავ თურმე. და სახლში უტანსაცმლოდ სიარული ეგეც ჯადოქრების ჩვევაა?“

 

იატაკზე მიგდებული მოსასხამი მოიხვია და „უნებართვოდ რატომ შემოხვედიო“ ჩურჩულით მკითხა. თვალები უცნაურად ჰქონდა გადიდებული, ფისოსავით ამთქნარებდა და კალთაში ჩამიჯდა. ოთახი მოვათვალიერე, რამე საეჭვო მცენარე ხომ არ მოწია მეთქი. მართლაც იდგა ტკბილი კვამლი. და ვგრძნობდი რომ მე თვითონაც აღარ ვიყავი ფხიზელი.

 

არ მახსოვს როგორ ავიარე კიბე, და მოვხვდი მეორე სართულზე. ლეა ხელში აყვანილი მიმყავდა. სანთლების შუქი ლიცლიცებდა კედლებზე. ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ვიღაცის ასი თვალი მომშტერებოდა. სანამ საწოლთან მივიდოდი, რატომღაც მომეჩვენა რომ სავარძელში მოხუცი ქალი იჯდა.

 

***

 

ლეას საძინებელში გავატარე სასიამოვნო და კოშმარული ღამე.

 

იმ ღამეს რომ ვიხსენებ, ახლაც ჟრუანტელი მივლის. თავი საშინლად დამძიმებული მქონდა, ძლივს ვარჩევდი სილუეტებს და საიდან ჩნდებოდა ამდენი სილუეტი მაგასაც ვერ ვხვდებოდი. თითქოს ოთახში ორი კი არა, ათასი ადამიანი ვიყავით. ყველა კოცნა დენის დარტყმას ჰყავდა, ყველა ჩახუტება და ხელის მოხვევა სულს მიხუთავდა.

 

სამაგიეროდ არ მახსოვს არც ამაზე უფრო ტკბილი და მშვენიერი ღამე.

 

სიბნელეში და სიჩუმეში ისმოდა ჩვენი სუნთქვა, როცა სარკმელთან ჭრიალი ატყდა. სარკმელი საწოლიდან მარცხენა მხარეს იყო, წამოვიწიე რომ დამენახა რა ხდებოდა. ცაცხვის ხის კენწეროზე მთვარე იჯდა, შორიდან კი სამი რკინის ფრთებიანი ჩვილი მოფრინავდა. თვალებს არ დავუჯერე როცა ხესთან ლივლივი დაიწყეს, რამდენჯერმე დაარტყეს წრე და გაფრინდნენ ისევ უკან.

 

–ეს რა იყო ლეა? –ძლივს ამოვთქვი.

 

–ცოცხლად დამარხული ჩვილების წყევლა. -მშვიდად მიპასუხა.

 

თავი სიზმარში მეგონა, ბალიშზე მივეგდე და თვალებდაჭყეტილი ვცდილობდი გამოვფხიზლებულიყავი. ცოტა ხნის შემდეგ სახლმა ჭრაჭუნა და რყევა დაიწყო.

 

–ეს რაღაა ლეა?

 

–ალრაუნები. სახლის საძირკველს არყევენ.

 

საწოლთან სავარძელში მოხუცმა ქალმა გადაიხარხარა და შეშინებული წამოვხტი.

 

–ლეა! ეს ვინაა?

 

–ჩემი სიბერე.

 

თვალები დავხუჭე და თავს ვარწმუნებდი: გესიმზრება, გელანდება, მოწამლული ხარ რაღაც ნარკოტიკით. მალე გავითიშე.

 

დილით მარტო ვიყავი საწოლში. მზე ანათებდა ოთახს და სულ აღარ მომეჩვენა ისეთი საშიში. გაქრა კოშმარული მოჩვენებები.

 

სავარძელში მოსასხამი იყო მიგდებული, ალბათ ის მომეჩვენა ქალად. ფანჯრებზე ყვავილების ფარდა აცოცებულიყო. მახსოვს ამბობდა საძინებელში მცენარეების დადგმა არაა მიღებული, ღამე ჟანგბადს გვართმევენო. ქოთნებს მივუახლოვდი – მწერიჭამია მცენარეები ყოფილა, ძილის დროს რომ ბუზებს და კოღოებს არ შეეწუხებინა. ჩავიცვი და ქვემოთ ჩავედი.

 

მარტო ვიყავი. სადღაც აორთქლებულიყო ჩემი უცნაური მეყვავილე გოგონა. დრო ვიხელთე კარგად დამეთვალიერებინა ეს საიდუმლოებებით აღსავსე სახლი.

 

კარადა გამოვაღე. ზუსტად ერთნაირი ფაიფურის ჭურჭლით იყო გამოტენილი. (აჰ, გამთელებული ჩაიდანი). მეორე კარადა წიგნებს ეკავა: არომაგია ლათინურად, მილანი, 1634 წლის გამოცემა; შხამიანი მცენარეები მთელს მსოფლიოში; მცენარეები სეზონების მიხედვით; სამკურნალო მცენარეები, 1598 წლის გამოცემა; როგორ დავამზადოთ არომატები ყვავილებისაგან – დიდ, ლამაზ ყდებში ჩასმული უძველესი გამოცემები. სხვა თაროებზე – თავის ქალებში ჩაყრილი თესლები, გამხმარი მცენარეების კოლექციები და მოსაწევი ბალახები. გასაოცარი იყო ეს ყველაფერი, ეს შეუფასებელი წიგნები – თითქმის ყველა ლათინურ ენაზე, იმ დროინდელი როცა ქიმიას ჯერ კიდევ ალქიმია ერქვა და სწავლულებს კოცონზე წვავდნენ. რამდენი წლის ხარ, ჩემო ლეა?

 

ორი აზრი მიტრიალებდა თავში. პირველ რიგში ის რომ ამ ქალის მთელი უცნაურობები მოსაწევ ბალახებს უკავშირდებოდა და ერთი ჩვეულებრივი ნარკო-მისტიკოსი იყო. მეორე ის რომ შემეშინდა მთელი ამ ზებუნებრივი ამბების.

 

სანამ ამ ყველაფერზე ვფიქრობდი ისიც გამოჩნდა. შეეცადა გაეღიმა, სააბაზანოში წამიყვანა რომ მოვწესრიგებულიყავი. სააბაზანო დიდი ოთახს წარმოადგენდა, რომელიც მზით იყო განათებული და წყლის მცენარეებით სავსე. აბაზანაში ფერადი ლოტოსები დაცურავდა. პირსაბანთან ჭაობის ყვავილები ხარობდა.

 

ხელები დავიბანე და საუზმეზე მიმიწვია. შემდეგ ნესვის ნაყინი დავაყოლეთ, უხერხულობით შეზავებული. ის ლაპარაკობდა თავისთვის უჩვეულოდ ცივად და მშრალად. მე ოფლში ვიწურებოდი და ერთი სული მქონდა აქედან გამეღწია. წასვლის წინ სახლს შევავლე თვალი. უწინდებურად ლამაზი და მყუდრო ჩანდა. ტეკომას ყვავილობის დრო იყო და სახლის მარცხენა მხარე წითელ-მწვანედ ბრიალებდა. სახლის გარშემო მიწაში კი მანდრაგორები იყო დარგული. ახლა შევამჩნიე. ოთხივე მხრიდან მწყობრად შემორტყმოდნენ. მანდრაგორას წვრილი და ფერადი ყვავილები აქვს. გერმანულად ალრაუნი ჰქვია. აი ამათზე მითხრა წუხელ სახლს არყევენო? სწრაფად გამოვემშვიდობე და სახლისკენ გავეშურე.

 

***

 

მანდრაგორა ნარკოტიკული მცენარეა, ჰალუცინაციებს იწვევს. მისი ფესვი ადამიანის, უფრო სწორად ჩვილის ფორმას წააგავს და ძველმა ხალხმა მაგიური ძალა დააბრალა. სჯეროდათ უშვილო ქალი თუ შეჭამდა, დაფეხმძიმდებოდა. ლეგენდები შეთხზეს -მიწიდან ამოღების დროს ფესვი წივის და ვინც ამ ხმას მოისმენს მოკვდებაო. სხვადასვა ხერხები მოიგონეს რომ მიწიდან უსაფრთხოდ ამოეთხარათ. ცრუმორწმუნე ხალხმა იმდენი მითი მოუგონა, ჩვენს დროში ვეღარც დაიჯერებ რომ ეს მცენარე ნამდვილად არსებობს. არადა, მშვენიერი იისფერი ან ცისფერი ყვავილები აქვს და საკმაოდ გავრცელებულია.

 

***

 

რამდენიმე დღე აღარ შევხმიანებივარ. მერე გამეცინა, რა ცრუმორწმუნე ვყოფილვარ, რაღაც „მარიხუანას“ სულელური ჰალუცინაციების გამო სახლში გამოვიკეტე და ყვავილების გამყიდველის მეშინია.

 

***

 

წვიმამ ისევ მოულოდნელად და კოკისპირულად დაასხა და ზუსტად იმ თაღის ქვეშ მოვხვდი როგორც იმ დღეს. ისევ მოიპარა ჭრელი კატა და ისევ ისე საზარლად გაისმა მისი კნავილის ექო. ჰაერი დამძიმდა და წითელ-იასამნისფერი ფერი მიიღო. მაშინვე გადავწყვიტე ლეასთან წასვლა. წვიმა მდინარეებად მიედინებოდა, მთლიანად გაწუწული ვიყავი სახლში რომ შევაბიჯე.

 

ფანჯარასთან იჯდა და წვიმას გასცქეროდა. არც მობრუნებულა ისე მითხრა:

 

–„მე დავუძახე წვიმას სახელი. ექვსი დღე და ექვსი ღამე იწვიმებს გადაუღებლად. შემდეგ დადგება ლამასი. წვიმა უკან გაბრუნდება და მზის დღეს ვიზეიმებთ.“

 

***

 

6 დღის შემდეგ, 31 ივლისს, მართლაც შეჩერდა წვიმა და ლეამ მთხოვა ლამასზე წამომყევიო.

 

–„მინდა გაჩვენო ჩვენი რიტუალები. შენ ყოველთვის ხუმრობ ჩემს შეხედულებებზე. ახლა გაჩვენებ ყველაფერი რა ლამაზად გამოიყურება ჩვენს სამყაროში.“

 

ამიხსნა რომ ლაგნასადი,(ლამასი), 1 აგვისტოს აღინიშნება. (სამხრეთ ნახევასფეროში – 2 თებერვალს). ზეიმობენ მოსავლის პირველი ნაწილის აღებას. ძირითადად პურის მოსავალია ამ დროს მოწეული და ზოგიერთი ხილიც. ესაა ბუნებისადმი მადლიერების და მისი საჩუქრით აღტაცების დღესასწაული. ჯადოქრობის დრო, მაგიური დღე, როცა ხედავ რა მშვენიერია ერთი თავთავი ხორბალიც კი. ლაგნასადი მზის დღესასწაულია. იცვამენ წითელ, ყვითელ, ფორთოხლისფერ სამოსს, სიმბოლოებად გრიფონებს და ფენიქსებს იყენებენ ანუ მზესთანაა დაკავშირებულია ფერებიც, ცხოველებიც და სიმბოლოებიც.

 

***

 

მე ვეხუმრებოდი, სულ მოსავლის გამო მადლიერება არ გამიგია, ჭამის დიდი მოყვარულები ხართ ეს პაგანები მეთქი და ლეა ბუზღუნებდა. თან ვეხმარებოდი მოძალებული სარეველების ამოთხრაში.

 

–„მოსავალიო, ნაყოფიერებაო, სიცოცხლეო, ორგიები იქნება?“ — ვეხუმრე და თან ბალახების ამოსაგლეჯად დავიხარე. ზურგში მაშინვე სარეველას ბოლქვი მომხვდა.

 

–„გასაგებია, რომ სერიოზულად არასდროს შეგიძლია, მაგრამ ეგეთ თემებზე ნუ ხუმრობ, მე მორწმუნე ვარ.“ –მომაძახა ლეამ და სახლში შევიდა შესაწამლი ხსნარის წამოსაღებად.

 

როცა დავამთავრეთ სარეველების ამოთხრა, და ხეების გარშემო ხსნარის დასხმა, ხელები დავიბანე და ბაღის შორეულ კუთხეში წავედი სასხლავი მაკრატლის და სხვა იარაღების შესანახად.

 

შორიდანვე დავინახე მოხუცი მებაღე. უხერხულად იშმუშნებოდა და აშკარა იყო მე მელოდა.

 

აღმოჩნდა რომ ჩემზე ძალიან წუხდა და რაღაც საიდუმლოს თქმა უნდოდა.

 

–„წადით აქედან ახალგაზრდა ბატონო და აღარასდროს დაბრუნდეთ. ეს ქალი მართლა კუდიანია, ვერ ამჩნევთ? თქვენ რომ გგონიათ არც ასეთი კეთილი და მხიარულია. თქვენ არ გინახავთ როგორ დაბორიალობს მთვარიან ღამეებში ბაღში და მოსთქვამს რაღაც უცნაურ ენაზე, როგორ ამოთხრის მანდრაგორებს და იმ ფესვებისგან დამზადებულ ქაფურებში ბანაობს ახალგაზრდობის დასაბრუნებლად. თვითონ არასდროს ბერდება და ავად არ ხდება. სამი შვილი მოუკვდა და მეოთხე ძალიან შორს წაიყვანეს მისგან. სხვენზე 3 შავი პატარა კუბო უდევს. მამაკაცები, რომლებიც მას შეიყვარებენ, საბოლოოდ ჭკუიდან შეშლილები მიდიან ამ სახლიდან. თვითონ აქედან არსად მიდის. ყოველთვის მასთან მოდიან. დამიჯერეთ ახალგაზრდა ბატონო, მეშინია თქვენ მაგივრად. კარგი ადამიანი ჩანხართ. მინდა გადაგარჩინოთ.“ –მოხუცი კეთილი თვალებით შემომაცქერდა და მოუთმენლად ელოდა რას ვეტყოდი.

 

–„თქვენ გინახავთ როგორ დაბორიალობს მთვარიან ღამეებში?“

 

–„დიახ. თან უცნაურად ლაპარაკობს, გეფიცებით.“

 

–„და ქაფურებში რომ ბანაობს ეგეც?“

 

–„არა, ეგ არა ბატონო.“

 

„– და ქაჯებთან და დემონებთან რომ ლაპარაკობს?“

 

–„ აარა…“

 

–„ან რამეს რომ კლავს, ატყავებს, აგიჟებს.. საკუთარი თვალით გინახავთ მისგან ჭკუიდან შეშლილი კაცი?“

 

–, არა, მაგრამ ამბობენ…“

 

–„ბევრს რამეს ამბობენ მოხუცო. ყველაფერს ხომ ვერ დავუჯერებთ. საკუთარი თვალით არაფერი გინახავთ და გადმოცემების გჯერათ. ლეა უცნაურია, წარმართია, უყვარს თავისი მცენარეები და უცნაური შეხედულებები აქვს. რაც მთავარია განათლებულია და მცენარეებზე ყველაფერი იცის, ისეთი წამლების და შესაწამლი ხსნარების დამზადება შეუძლია, რომლებიც სხვებს არც გაუგონიათ. ამიტომ აითვალისწუნა ხალხმა და ათასი ლეგენდა შეუქმნა. ღამე ბოდიალი ალბათ იმის ბრალია რომ მთვარეულია, ან უბრალოდ რომანტიკოსი. ბევრი ენა იცის, ზოგს რომ არც გაუგია ისეთი – ეგ დანაშაულია? სულ ესაა მთელი თავსატეხი. და მაგ ლეგენდების თავად თუ გჯერათ? მაშინ ამ ქალთან რატომ მუშაობთ და ახლავე რატომ არ წახვალთ?“

 

მოხუცი დაიბნა:

 

–„კარგად მიხდის. ძალიან კეთილად მექცევა და ბავშვებისთვისაც სულ რაღაცას მატანს. თითქმის არავინ იცის ქალაქში, რომ ქალბატონი ძალიან მდიდარია, თვალუწვდენელი მინდვრები ეკუთვნის, მაგრამ მთელი მიწა გლეხებისთვის აქვს დარიგებული, ისინი ამუშავებენ. ქალბატონი კი არაფერს იღებს, სულ უსასყიდლოდ აჩუქა. თავისი სურვილით მოაქვთ ხოლმე მოსავლის ნაწილი, თაფლი და ამისთანა რამეები და ქალბატონს აღარაფრის ყიდვა აღარ უწევს. მგონი იმ სოფლებში მასავით წარმართი გლეხები ცხოვრობენ ბატონო, ხშირად გამიგია როგორ ამბობს, იციან მიწის მოვლაო.“

 

მოხუცს გამოვემშვიდობე და მივხვდი როგორ ვბრაზდებოდი ნელ-ნელა. მე სახუმაროდაც არ მყოფნის კუდიანები, და არის ხალხი ვისაც გულწრფელად ანაღვლებს ჩემი ამბავი ასეთ კუდიანთან ურთიერთობის გამო. პატარა ჭორი რომ აგორდეს, რამე ბრალდება ლეას მიმართ, მაშინვე თმებით გამოათრევენ და დაწვავენ. მერე გამახსენდა, რომ ჩემი ქალაქი ჯერ კიდევ ძველი იყო: ლომის ხახიანი შადრევნებით და ცხენშებმული ეტლებით.

 

***

 

ლოგიკურ მსჯელობას რომ მივყევი, რამდენიმე „რთული“ კითხვა რომ დავუსვი, მოხუცი მაშინვე აირია თავის ცრურწმენებში…. მთავარია თვალები გაახილოს ამ ხალხმა…. კრიტიკულად შეხედოს ყველაფერს. როდემდე უნდა სჯეროდეთ ამ ლეგენდების?? თანაც ცოცხალ ადამიანზე შეთხზულის, მათ გვერდით რომ ცხოვრობს.

 

ტროტუარზე ჩამოვჯექი. ეჰ, მეც რომ აღარ ვიცი სიმართლე. იმდენი უცნაურობა ხდება ამ ქალის თავს. მართლაც სულ ახალგაზრდაა.. ნამდვილი თავსატეხია როგორ ინარჩუნებს სულ 18 წლის გარეგნობას. აღარ მინდა ამაზე ფიქრი. წავყვები იმ რაღაც ლამასზე. მსხვერპლად არ შემწირავს… იმედია.

 

***

 

მეორე დღეს, გამთენიისას მივედი ლეანდრას სახლთან. კიბეზე ჩამოვჯექი და ვუსმენდი ღამიდან წამოყოლილ სიჩუმეს. ვიგრძენი რომ ოდნავ დაძაბული ვიყავი და ფიქრი დავიწყე რამე სახალისოზე. მალე კარის ჭრიალის ხმა გაისმა და კიბეზე ჩამოვიდა. არ დაგვილაპარაკია. მაშინვე გზას გავუყევით მინდვრებისკენ. ნელ-ნელა თენდებოდა და ვხედავდი ლეას უჩვეულო ჩაცმულობას: გრძელი მოსასხამი მოესხა აბრეშუმის მოთეთრო-ნარინჯისფერ კაბაზე. მგონი აქამდე გრძელ კაბაში გამოწყობილი არასდროს მინახავს. თმა კარგად დაევარცხნა და გაშლილი ოქროსფრად ბრწყინავდა, თითქოს მზის სხივებს ატარებდა. გულზე მარწყვი ჰქონდა ჩამოკიდებული, ნამდვილი ცოცხალი მარწყვი, მალე კანზე მიეჭყლიტა და წითელი ლაქა მოჩანდა.

 

ხმის ამოუღებლად მივდიოდით და მისტიკური გრძნობა თანდათან უფრო მიპყრობდა. მეგონა არასდროს დასრულდებოდა ეს ჩუმად სიარული. მალე გზიდან გადავედით და მინდვრები დაიწყო. დღე დადგა.

 

ერთი ღრუბელიც არ იყო. ცისფრად შელესილი და გამჭვირვალე ზეცა ისრუტავდა მწვანე ველების სინოტივეს. ისეთი სიცხე იდგა დილიდან, სუნთქვა ჭირდა. თითქოს ჭრიჭინებიც აღარ ჭრიჭინებდნენ, სრული სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ ბალახი შარიშურობდა ფეხქვეშ, ისიც უხმოდ, მხოლოდ შეგრძნებით.

 

მალე ბილიკზე გადავედით, რომელიც გორაკს მიუყვებოდა და იქიდან მოჩანდა გადაჭიმული სერები და მინდვრები. აგრეთვე პროცესია, რომელიც ამ ბილიკს ქვემოდან მოუყვებოდა. ლეამ ამიხსნა რომ ესენი ამ მხარეში მცხოვრები გლეხები არიან, რომლებიც ჯერ კიდევ აღნიშნავენ მოსავლის დღესასწაულს. ყველას ერია სამოსში ყვითელი ან ნარინჯისფერი ფერი და სანთლები ეჭირათ. შრომისგან დახეთქილი ხელები და დაღლილი სახეები ჰქონდათ. როცა ჩაგვიარეს, შევამჩნიე მოწიწებით თუ შიშით რომ შეხედეს ლეას.

 

–შენიანებსაც ეშინიათ კუდიანების? — ვკითხე და ისეთი სახით შემომხედა ენაზე ვიკბინე.

 

მაჯაზე მაგრად მომიჭირა და ხალხის სვლის მიმართულებით წამათრია.

 

ყველანი ერთ ხელოვნურად შემომრგვალებულ ადგილთან შეიკრიბა და ჩვენც იქ მივედით. ლეამ განაპირა მხარეს დამტოვა ფეხი არ მოიცვალოო და თვითონ უხუცესთან მისასალმებლად წავიდა.

 

ლეა იღიმებოდა სევდიანად და ცოტას ლაპარაკობდა.

 

პური გადასცეს, შორიდან ვერ ვხედავდი როგორი იყო, ალბათ რამე ფიგურები ჰქონდა ამოკვეთილი. საგანგებოდ მოწყობილ საკურთხეველთან ლეამ პური დატეხა და ნატეხებმა მოგზაურობა დაიწყეს მთელ ამ შეკრებილ ხალხში. ხელიდან ხელში გადადიოდა და ყველა რაღაცას ჩურჩულებდა.

 

მერე ლეამ პაწაწინა კოცონის წინ ლოცვისმაგვარი რაღაც წარმოთქვა:

 

–„ წელიწადის მარადიულად მბრუნავი ბორბალი ისევ დატრიალდა და შემოდგომაზე ახალი მოსავალი გვექნება, ბუნებამ კიდევ ერთხელ მოიღო სიკეთე ჩვენზე, მოგვცა მიწა და წყალი, პური და მარილი, ისევ გვაქვს მიზეზი მადლობა გადავუხადოთ სამყაროს სიცოცხლისათვის, მზეს სინათლისათვის და ცას წვიმისთვის..“

 

მთელ იმ აბდა-უბდას რა დამამახსოვრებინებდა, აღტაცებული ლაპარაკობდა ბუნებაზე, სამყაროზე, მცენარეებზე, სიცოცხლეზე და მოსავალზე. მერე მინდვრები აკურთხა და ყველამ სიმღერა დაიწყო. ხოლო იმ პურის ნაწილები, რომელიც რიტუალის დასაწყისში დატეხეს და დაინაწილეს, ისევ ლეასთან დააბრუნეს. მან შეაერთა და კოცონში ჩააგდო.

 

მე რომ მეგონა გლეხებს სანთლები ეჭირათ ხელში, თურმე ყვითელი ყვავილები ყოფილა და წრეზე დააწყვეს საკურთხევლის გარშემო, (ანუ იმ პატარა კოცონის გარშემო). კალათებით ის ხილი მოეტანათ, რომელიც უკვე მწიფეა ხოლმე აგვისტოს დასაწყისში. ტანსაცმელზე პატარა გრიფონები და ფენიქსები ჰქონდათ ამოქარგული. ხარებიც მოერთოთ – რქებზე ყვავილების თაიგულები ედგათ და განაპირას ძოვდნენ.

 

***

 

რიტუალის შემდეგ მინდორში მიწაზე გაშალეს ნაჭრები, კალათები დაცალეს და „პიკნიკს“ შეუდგნენ. ყველა მხიარულად გამოიყურებოდა. ლაპარაკობდნენ, მღეროდნენ, ცეკვავდნენ, მე კი თვალით ჩემს აქ წამომყვანს ვეძებდი, თორემ ძალიან უხერხულად გამოვიყურებოდი ამდენ უცნობ და ბედნიერ ადამიანში.

 

***

 

როგორც მივხვდი ლეა ქურუმია, თუ რაღაც მსგავსი, რადგან რიტუალი მან ჩაატარა.

 

ეტყობა დიდი პატივისცემითაც სარგებლობს, რადგან ზოგი ცდილობს დაელაპარაკოს, ზოგი ახლოს მისვლასაც ვერ ბედავს და შორიდან რიდით უყურებს. გასაკვირი არაა,– თუ მებაღე მართალია და ეს მინდვრები ლეას ეკუთვნის და საჩუქრად აქვს ამ გლეხებისთვის დარიგებული, ცხადია უნდა უყვარდეთ და პატივს სცემდნენ.

 

***

 

როგორც იქნა თავი დააღწია მათ და ჩემთან მოვიდა.

 

–წავედით აქედან , — მითხრა და ჩასუქებული ატამი მომცა.

 

–თუ გგონია გული მწყდება, ცდები. რაღაც უცნაური დღესასწაულია, დიდად ვერ გავერთე. მე ორგიას ველოდებოდი და იმედი გამიცრუვდა.

 

–რა სულელური ხუმრობაა, –ლეამ ფერდობებისკენ მიბიძგა.

 

თიბვა დამთავრებული იყო და ზვინებად იდგა თივა. რაღაც გომურისმაგვარი შენობა გამოჩნდა. იქ თივა ინახებოდა წვიმისგან დასაცავად. ორივენი მართკუთხედებად დალაგებულ თივებზე მოვთავსდით და ლამასიდან წამოღებულ ხილს შევექეცით. გომურშიც საოცარი სიჩუმე იდგა, დიდი მწვანე ბუზები დაფრინავდნენ და ბზუილი ნაღვლიანად ისმოდა ზაფხულის ხვატიან უხმაურობაში. თივას სასიამოვნო სუნი ასდიოდა. გატკბილიანებული ხელები და პირი გვქონდა და ერთმანეთს ღიმილით შევცქეროდით ამ მყუდრო ადგილას მოხვედრილები.

 

მე და ლეამ იმ დღეს პირნათლად შევასრულეთ ყველა წესი და ლაგნასადის დღესასწაული გამრავლების რიტუალით დავასრულეთ. ამაზეც ვიხუმრებდი რამეს, მაგრამ იყოს, ტკბილად მახსენდება როგორ გვეძინა მერე თივაზე და როგორ ვუყურებდით უცბად წამოსულ წვიმას.

 

***

 

წარმართები უცნაური ხალხია: ბუნების დღესასწაულებს აღნიშნავენ და შეუძლიათ ბუნებაში ღმერთი იპოვონ. მათთვის სექსი და მიწათმოქმედება სიწმინდედაა მიჩნეული, ხმელი ფოთლები – ღვთაებრივ ნეშტად, სიცოცხლე და მისი გამრავლება – უმაღლეს მიზნად. მე ვერასდროს გავუგებ ამ ადამიანებს. ეს სამყარო უცხოა და შორეული, ისტორიისაგან მტვერმიყრილი. სად შემიძლია ტყე-ტყე ხეტიალი და ხეებზე ბაფთების შებმა.

 

***

 

ლაგნასადის შემდეგ ისევ გავატარე ღამე ლეას იდუმალებით მოცულ სახლში. ისევ მოფრინდნენ შუაღამისას რკინის ფრთებიანი ჩვილები, ისევ იცინოდა მოხუცი ქალი სავარძელში და ისე ჭრიალებდა სახლი, თითქოს რაღაც უთხრიდა საძირკველს.

 

დილით ძალიან ცუდ ხასიათზე ავდექი.

 

“რა ხდება ლეა შენს სახლში? ეს რა უცნაური ჰალუცინაციებია? თუ მართლა ჯადოქარი ხარ? ავსულები, კუდიანები, ალქაჯები, დემონები – ვგიჟდები ასეთ ამბებზე!“ – მიდი, მომიყევი! ყველაფერი მიამბე შენს საიდუმლოებებზე.“

 

„-გაეთრიე! – მკაცრად, მაგრამ მშვიდად მითხრა და კარი მომიჯახუნა.

 

არადა მახსოვს მის საძინებელში ვიდექით. შუა ოთახში. გასასვლელ კართან ასე სწრაფად როგორ გავჩნდი წარმოდგენაც არ მაქვს. არ ღირს ამ ქალთან ხუმრობა, თანაც თავის საკუთარ კუდზე.

 

***

 

მას შემდეგ რამდენიმე დღე გაბუტული იყო. ვიცოდი არ შემირიგდებოდა და არ ვნახულობდი. გაბრაზებულიც ვიყავი, რომ ვთხოვე ჰალუცინოგენებს აღარ გაეკარო მეთქი და არ დამიჯერა. საჭმელში ყრის თუ აკვამლებს? რა ჯანდაბაა ასეთი, მეც რომ ვბოლდები.

 

***

 

რამდენიმე დღის შემდეგ მივედი. ალბათ მომენატრა.

 

ბაღში, მაგიდაზე ქოთანი ედგა და თავზე დაჰფარფატებდა. ეტყობა რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი მცენარე იშოვა, რადგან როგორც კი დამინახა აღტაცებული მომვარდა, როგორ ხარ! სად დაიკარგე! ნახე, რა გაჩვენოო. არც გახსენებია, ნაჩხუბრები რომ ვიყავით. მაგიდაზე იდგა წვრილფოთლება მცენარე, რომელსაც დამჭკნარი ყვავილები ჩამოკონწიალებოდა. ლეამ ამიხსნა ეს შავი ყვავილები სინამდვილეში არც დამჭკნარია და არც გამხმარი, უბრალოდ ასე გამოიყურება სიკვდილის შავი ყვავილიო. ლათინურად ჰქვია Lisianthius nigrescens. სრულად შთანთქავს სინათლეს და ბიოლოგებისათვის საიდუმლოა, როგორ ახერხებს დამტვერვას ეს მწერებისათვის სრულიად უინტერესოდ შეფერადებული მცენარე.

 

 

 

ლეასათვის თურმე მექსიკიდან ჩამოუტანია ერთ ძველ ნაცნობ მეცნიერს. გაუჩერებლად ტიკტიკებდა, ჩემი ეგზოტიკური კოლექცია იზრდება და იზრდებაო. მერე ნესვის ნაყინი მოიტანა. სიკვდილის ყვავილის წყალობით შევრიგდით. რა რომანტიკულია.

 

ცხოვრება ჩვეულებრივად გაგრძელდა. ოღონდ ესაა ლეას საძინებელში აღარასდროს შევსულვარ. როცა იმ სახლში ვრჩებოდი, საწოლს პირდაპირ სასტუმრო ოთახში ვშლიდით.

 

***

 

მე და ლეა კიდევ დიდხანს ვმეგობრობდით, უფრო ზუსტად კი ის აგვისტო, შემოდგომა, ზამთარი და გაზაფხული გავატარეთ ერთად. თუმცა, ჩვენი ურთიერთობა მეგობრობაზე ცოტა მეტი იყო, მაგრამ არასდროს გადაზრდილა სერიოზულობაში. ორივემ ვიცოდით, რომ ერთმანეთი არც გვიყვარდა და არც გვეყვარებოდა. ზოგჯერ უცნაური გრძნობა მეუფლებოდა როცა დავხედავდი ჩემს მკლავზე დაძინებულს და წარმოვიდგენდი რომ შესაძლოა რამდენიმე საუკუნისაა. მე მხოლოდ ვხუმრობდი ამაზე, მაგრამ ზოგჯერ, ძალიან იშვიათად, სადღაც გულის სიღრმეში შიში მეპარებოდა. ეს მშვენიერი, ლამაზი არსება რვაასი წლის? (ბებიაჩემი მარგარიტა ამტკიცებდა რვაასი წლისააო.)

 

საბედნიეროდ ერთ დღეს ამ გაუგებრობასაც მოეღო ბოლო.

 

როცა ხუმრობით ვუთხარი ბებიაჩემს, ქალაბტონ მარგარიტასაც კი ამ გარეგნობით ახსოვდი, რატომ არ ბერდები მეთქი, ადგა და კარადის ზედა უჯრა გახსნა. რაღაც ამოიღო იქიდან და წინ დამიწყო.

 

–„ დედაჩემს ვგავარ გაჭრილი ვაშლივით, ის დედამისს ჰგავდა ასე, ბებიაჩემი დიდ ბებიას და ა.შ. ამ ფოტოებზე დედა და ბებია არიან“. - მაგიდაზე ორი დაგეროტიპი იდო. ჩემთვის რომ გეკითხათ ორივეზე ერთი და იგივე ქალი იყო გამოსახული. ერთზე იდუმალი, სევდიანი ლეა გადაეღოთ, (ეს ბებიაჩემიაო), მეორეზე ხალისიანი და ეშმაკური ღიმილით იყურებოდა. (ეს დედაჩემიაო).

 

ესეც ასე. ამ ძველ სახლში ცხოვრობდნენ ქალები, საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს, მცენარეების მოშენებით იყვნენ დაკავებულები და ტანთან შედარებით არაპროპორციულად გრძელი ფეხები ჰქონდათ. იმდენად საოცარი იყო ეს ამბავი, რომ ხალხმა ჩათვალა ერთი და იგივე ქალიაო.

 

ან მეორე ვარიანტიც არსებობს: ლეა იტყუებოდა და დაგეროტიპებზე თვითონ იყო გამოსახული. ეს ვარიანტი ცხადია თავიდანვე გამორიცხულია. აუხსნელ მოვლენებს ყოველთვის აქვთ პრაგმატული ახსნები. მთავარია კითხვა დასვათ და გიპასუხებენ, როგორც მე მიპასუხა ლეამ. ჯადოქრები კი არ არსებობენ, როგორც არ უნდა ოცნებობდეთ მათთან შეხვედრაზე.

 

***

 

ის კი ნამდვილად უცნაურ გარემოებად რჩებოდა, რომ ამ სახლში არასდროს ეცხოვრა მამაკაცს. იყვნენ ქალები, ზუსტად ერთნაირები, ზრდიდნენ შვილებს, და ზრდიდნენ მცენარეებს. და მიჯაჭვულები იყვნენ ამ სახლზე, როგორც მცენარეები ფესვებზე. ან იყო მხოლოდ ერთი ქალი -ლეა, მართლაც რვაასი წელია ცხოვრობს ამ ალრაუნებისგან საძირკველ-შერყეულ სახლში და უვლის თავისივე გაჩენილ ყვავილებს.

 

ხშირად მიფიქრია თავისი უგრძესი ფეხებით მცენარეს ჰგავს მეთქი. ჭილის შლაპას რომ დაიხურებდა ნამდვილი სოკო იყო. თმებით მზის ენერგიას შთანთქავდა. ალბათ, საშოში რომ მცენარის თესლი შეგეყარათ, თალგამს გააჩენდა.

 

ერთხელ მითხრა, უბედური ვარ, ვერასდროს მოვახერხებ სხვა ადამიანებივით კათარზისს მივაღწიო ბუნებასთან ზიარებით, რადგან დაბადებიდან ბუნებას ვუსმენ და მის მისტერიებში ვცხოვრობო.

 

***

 

მერე მოვიდა იასამნების აყვავების დრო. შემოვზიდეთ სახლში და გორებად დავახვავეთ რომ ავი სულები განგვედევნა. იმ კვირას წავედი დედაქალაქში და წავედი დიდი ხნით. ლეას არ უყვარდა დამშვიდობება. იდგა ბაღში მოკლე კომბინიზონში გამოწყობილი, ჭილის ქუდით თავზე და ხელს მიქნევდა. არ ვიცოდი რომ უკანასკნელად ვხედავდი. არც ის ვიცოდი, რომ სამი წლის შემდეგ ჩამოვიდოდი და საოცარ ამბავს დამახვედრებდნენ:

 

შენ რომ გაემგზავრე, იმ ზაფხულს, სადღაც გადაიკარგაო. რამდენიმე დღით არასდროს მიუტოვებია თავისი სახლიო. როცა დაბრუნდა, გატალახიანებული მოსასხამი ეცვა და ხელში თავისქალა ეჭირაო. იმ დღის შემდეგ ხმა არავისთვის გაუცია, მხოლოდ თავის ქალას ელაპარაკებოდაო. თითქოს გაგიჟდა: უმღეროდა, ეფერებოდა, ყვავილების გვირგვინებს უწნავდა და ადგამდა. როგორც იქნა ჩემთან ხარ, ახლა ვეღარავინ წამართმევს შენს თავსო. მცენარეებს აღარ უვლიდა, აღარ კრეფდა ყვავილებს და მთავარ მოედანზე აღარ ყიდდა. თავის ქალის მეტი აღარაფერი და აღარავინ ახსოვდა. მებაღე თვითონ წავიდა. შეეშინდა გაგიჟებული ქალბატონის. ის კი იჯდა და თავის თავისქალას დასტიროდა. ჭორადაც კი არავის მოუფიქრებია ვისი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს თავისქალა.

 

ერთ დღეს კი სახლიდან ჩემოდნით გამოვიდა და მხოლოდ თვალებით იცნეს რომ ლეა იყო — ერთ ღამეში დაბერებულიყო ათასი წლით, ოქროსფერი თმა ობობის აბლაბუდებივით თეთრი და თხელი გახდომოდა, კანი ხმელი ფოთლებივით დანაოჭებოდა, ხელები უკანკალებდა, გრძელი მოსასხამის ქვემოთ გამხდარი კანიდან ამოჩრილი ძვლები იგრძნობოდა. მეორე ხელში თავის ქალა ეჭირა და მიდიოდა. გზაზე ხვდებოდნენ ნაცნობები და ხმას ვერ იღებდნენ. მხოლოდ თვალები დარჩა ისეთივე – წყალში ჩაყრილი ზურმუხტები.

 

***

 

როცა სამი წლის შემდეგ დავბრუნდი, და ლეას გაქრობის ეს ამბავი მიამბეს, მაშინვე გავემართე მისი სახლის სანახავად, თითქოს მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ მართლა წავიდა. კარი ღია დამხვდა, არც არავის დაუხურავს და არც არავის უფიქრია ამ იდუმალებით მოცულ სახლში შეპარვა. ახლა მეტი ძალით ვრცელდებოდა ჭორები ლეას კუდზე და სახლში დატოვებულ მოჩვენებებსა თუ წყევლაზე. ბაღი გაველურებული მცენარეებით სავსე დამხვდა, მაგრამ მაინც ეტყობოდა რომ ადრე კარგად უვლიდნენ. ლამაზი იყო ერთმანეთში გადახლართული ხვიარები და კვლების გარეშე ამოსული ლობელიები. სახლი ოდნავ გვერდზე გადაწოლილიყო, ალბათ ალრაუნებმა საკმაოდ გამოთხარეს საძირკველი, თვითონ კი გამხმარიყვნენ, ყველა მათგანი.

 

ის საბედისწერო ჭრელი კატა დახტოდა დაფნა ოდორატას ბუჩქების ქვეშ და შორიდან მითვალთვალებდა.

 

ჩამოვჯექი სკამზე, მაგიდასთან, სადაც ერთად ვსაუზმობდით მე და ლეა ოდესღაც. და ვფიქრობდი, როგორი უცნაურები ვართ ადამიანები. ბავშვობიდან მთელი ცხოვრება ვოცნებობთ ჯადოსნურ სამყაროზე, და როცა შეგვხვდება ადამიანი ამ სამყაროდან, მაშინვე ვუწყებთ საკუთარ თავს მტკიცებას, რომ ყველაფერს აქვს თავისი პრაგმატული ახსნა და ჯადოქრები არ არსებობენ…

როგორი უცნაურები ვართ ადამიანები. ბავშვობიდან მთელი ცხოვრება ვოცნებობთ ჯადოსნურ სამყაროზე, და როცა შეგვხვდება ადამიანი ამ სამყაროდან, მაშინვე ვუწყებთ საკუთარ თავს მტკიცებას, რომ ყველაფერს აქვს თავისი პრაგმატული ახსნა და ჯადოქრები არ არსებობენ…

Link to post
Share on other sites

ბუხარი სიმშვიდე და სითბოა. იქ ბევრი ყვითელი ფერი და ცხელი აგურის სუნია, ოჯახის შეკრების ადგილია. თითქოს რაღაც უნდა მოვუყვეთ ბუხარს, მთელი დღის ანგარიში ჩავაბაროთ, სად ვიყავით, რატომ, რისთვის. ისიც გვისმენს ხან მშვიდი წითელი ნაკვერჩხლით, ხან მძვინვარედ და ვეფხვისფერი. მას უნდა სითბო და ეს, ის ადგილია, სადაც მუდამ თბილა, ან თბილოდა, ან დათბება. მიყვარს ეს საოცარი გრძნობა .

თორნიკე გურჯინთახი

Link to post
Share on other sites

არაფჩიკა იძახდა, ჩვენი სომეხი მეღვინე, უძლეველი თუ შექმნის რასმეს, ქმნილებაც უძლეველი გახდებაო.

 

ვახტანგ გორგასლის ცხენის ფლოქვების თქარუნი მესმის, სიზმარში ბევრჯერ მინახავს მისი გოლიათი ტანი. რა მნიშვნელობა აქვს მართლა ორი მეტრი იყო თუ სამი. ის ისედაც დიდი იყო, რადგან თხუთმეტ საუკუნეზე მეტი გავიდა და მისი აშენებული ქალაქი დღემდე ცოცხალია.

Link to post
Share on other sites

ფერების ქართული სახელები:

 

 

ამლაყი - ჭრელი (იტყვიან ცხენზე);

ვეჟანი - წითელშავა (შესაძლოა ვეფხვივით ჭრელიც);

კაპრაში - წითელ-მოყვითალო (საქონელზე);

მარჩხი - ჭროღა, ჭრელი (თვალებზე);

მარღი - ულამაზო თეთრი (თვალებზე);

ლუში - მოლურჯო ფერი:

მრეში - წაბლისფერი;

მურა - შავ-წითელი, უფრო შავისკენ;

ჟღალი - შავ-წითელი, უფრო წითლისკენ;

ჟრუნი - მონაცრისფრო ჭრელი;

სისვი - ლეგა, რუხი;

ქანდა - ოქროს ვარაყი (მთლად ფერი არ არის, მაგრამ ბარემ აქ ეწეროს);

ყურჭი - ძლიერ შავი;

შავლეგი - ძალიან მუქი ლეგა;

ჩიჩხი - ღია ჭრელი (თვალებზე);

ჩხია - ჭროღა (თვალებზე);

ჭერემა - იგივეა, რაც ვეჟანი;

ჯაჭო - ლამაზი ჭროღა (თვალებზე);

ჭემარო - ჭრელი, ფერადი (საქონელზე);

ლატარო - ჭრელი ფერი ფრინველისა, პირუტყვისა ან ქსოვილისა);

ლეგონი - ოდნავ ნაცრისფერი;

ზერდაგი - ყვითელ-შავი;

ყვიჟილი - ლურჯ-იისფერის საშუალო.

 

ეკატერინე, ეს საიდან ამოიწერე?

ძალიან დავინტერესდი, რამდენად სანდო წყაროა?

მაგარი სიტყვებია და მათ ხმარებას ვაპირებ ჩემს ლექსიკაში, ამიტომ გეკითხები.

 

პ.ს. შეპირებული ტიტების სურათები გადაღებულია, ავტვირთავ ამაღამ და მოგართმევ. :*

Link to post
Share on other sites

ეკატერინე, ეს საიდან ამოიწერე?

ძალიან დავინტერესდი, რამდენად სანდო წყაროა?

მაგარი სიტყვებია და მათ ხმარებას ვაპირებ ჩემს ლექსიკაში, ამიტომ გეკითხები.

 

პ.ს. შეპირებული ტიტების სურათები გადაღებულია, ავტვირთავ ამაღამ და მოგართმევ. :*

საერთოდ გამიგია ზოგიერთი სიტყვა, გიო, უფრო სოფლად, მანდ უფრო შემორჩენილია ქართული.

ინტერნეტში ვნახე, არადა მართლა საინტერესოა. რამდენი კარგი სიტყვა გვაქცს და დავიწყებას მიეცა. გაიხსენე გიორგი ლეონიძის "დეიდა მაიკო".

შენ როგორ ხარ გიო? :* :* :*

აი, მე კი ვზივარ ჩემს ქუხნაში და როგორც შემიძლია ვუვლი. ხანდახან თქვენ, კაცების, საქმეშიც ჩავიჭყიტები ხოლმე.

Link to post
Share on other sites

post-30-0-24615600-1366870621_thumb.gif

 

 

 

ო,სინათლისა და ენერგიის წყაროვ დედამიწაზე!

თქვენი აურაცხელი სხივებისაგან

მაჩუქე მე ერთი, რომ სიცოცხლეში

ერთი წამით მაინც ვბრწყინავდე

ისე მკაფიოდ, როგორც შენ!

Link to post
Share on other sites

ქალაქში ნაცხოვრებს ამიტომ მიყვარს სოფელი, დიდი განძი დევს სოფლად.

 

დავიწყებ სურათების დადებას, სამზე მეტს ვერ ჩავატევ ერთ პოსტში, ასე რომ გამიგრძელდება ფოტო-სესია.

 

7aabf1de7798.jpg

 

1f231708c3eb.jpg

 

3f7779ad8dd2.jpg

Link to post
Share on other sites

42779b809ac0.jpg

 

ტყეში ბოდიალი მიყვარს ნამეტნავად.

წავაწყდები ხოლმე ყვავილებს, მომაქვს ჩემს მეუღლესთან, მერე ალამაზებენ ჩვენს ცხოვრებას.

 

99b1a1ec8246.jpg

Link to post
Share on other sites

ულამაზესია!!! :* დიდი მადლობა

 

ყვავილების და გაზაფხულის სურნელება დატრიალდა ქუხნაში!!!

სიცოცხლე და ხალისი შემოიტანა. :*

Link to post
Share on other sites

არის ასეთი რომანი აკაკი გეწაძის "არ მოკვდე სიკვდილამდე", რაჭველებზე :haha: ძალიან კარგი საკითხავია, დიდი იუმორით :yes:

Link to post
Share on other sites

არის ასეთი რომანი აკაკი გეწაძის "არ მოკვდე სიკვდილამდე", რაჭველებზე :haha: ძალიან კარგი საკითხავია, დიდი იუმორით :yes:

წავიკითხავ :*

 

ვინმეს ექნებაააა

Link to post
Share on other sites

 

 

 

ეს არის ამბავი ორი ხელოვანის წარმოუდგენელი სიყვარულის შესახებ. გირჩევთ, ჯერ წაიკითხოთ და მხოლოდ ამის შემდეგ ნახოთ ვიდეო.

 

სერბი მარინა აბრამოვიჩი და გერმანელი უვე ლაისიპენი (ულაი) 1976 წელს ამსტერდამში შეხვდნენ ერთმანეთს. დღიდან შეხვედრისა, მათ ერთი სხეულივით დაიწყეს ცხოვრება: იცვამდნენ ერთნაირად, უმცირესი საიდუმლოც არ ჰქონდათ ერთმანეთისგან, ერთად ახორციელებდნენ ფანტასტიკურ და ხშირად გიჟურ პროექტებს და ერთმანეთს "ერთი სხეულის ორ თავს" უწოდებდნენ. 1977 წელს დადგმული პერფორმანსისთვის "სუნთქვა ერთად", ხელოვანები სპეციალური დანადგარით პირებით "გადაებნენ" ერთმანეთს და ერთმანეთის ჰაერს სუნთქავდნენ იქამდე, სანამ ჟანგბადი არ დამთავრდა. სახიფათო ექსპერიმენტის დაწყებიდან 17 წუთის შემდეგ ორივე უგონოდ დაეცა და საავადმყოფოში ფილტვების უკმარისობით მოხვდა.

 

80-იან წლების ბოლოს წყვილის იდეალურ ურთიერთობაში პრობლემები გაჩნდა. ურთიერთობის მშვიდად დასრულებისთვის მათ უჩვეულო მეთოდს მიმართეს: 1988 წელს ჩინეთის დიდი კედლის ორი საწინააღმდეგო მიმართულებიდან წამოვიდნენ და კედლის ცენტრში შეხვდნენ ერთმანეთს. "ჩვენი ურთიერთობის დასრულებას მხოლოდ ასე წარმოვიდგენდით. ეს ძალიან ადამიანური იყო, უფრო დრამატული, თუმცა სწორი. ულაიმ სვლა გობის უდაბნოდან დაიწყო, მე ყვითელი ზღვიდან. მას შემდეგ რაც ორივემ 2500 კილომეტრი გავიარეთ და ერთმანეთს შევხვდით, სამუდამოდ დავემშვიდობეთ ერთმანეთს" - წერს მარინა მოგონებებში.

 

თუმცა მათი სამუდამო დამშვიდობება არ შედგა. მარინა ნიუ იორკში გადასახლდა და დღემდე იქ ცხოვრობს. 2010 წელს თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში (MOMA) მარინამ მოაწყო პერფორმანსი "ხელოვანი აწმყოა", რომლის იდეაც იმაში მდგომარეობდა, რომ ხელოვანი მუზეუმში შესულ ყველა დამთვალიერებელს რამდენიმე წამს უთმობდა და ყველა მათგანს თვალებში უყურებდა. პერფორმანსი 716 საათს გაგრძელდა, მარინამ თვალებში 1500-ზე მეტ დამთვალიერებელს ჩახედა. თუმცა ერთ-ერთი მზერა ყველასგან განსხვავებული და ემოციური იყო: მარინამ და ულაიამ ერთმანეთი 22-წლიანი განშორების შემდეგ იხილეს, თუმცა ეს სჯობს, თავად ნახოთ...

 

ტექსტი ეკუთვნის Palitratv.ge-ს

Link to post
Share on other sites

post-30-0-57655600-1366986217_thumb.jpg

 

 

 

ლომი და ხარი ქეიფობენ. ამ დროს, ლომს ცოლმა დაურეკა მობილურზე. ლომმა მშვიდად ესაუბრა მეუღლეს: - ხო, მალე მოვალ. არ ინერვიულო. ლომმა საუბარი რომ დაამთავრა ხარმა უთხრა: - შენ ხარ ცხოველთა მეფე? ასე უნდა ელაპარაკო ცოლს? ლომმა გაიკვირვა: - აბა, როგორ უნდა ველაპარაკო? ხარმა დაურეკა თავის ცოლს გინებ - გინებით: - ალო, ქალო, შენი ასე, შენი ისე ............ ხარი რომ მორჩა ლანღვა - გინებას ლომს უთხრა: - აი, ასე უნდა ელაპარაკო ცოლს. ლომმა უპასუხა: - იცი, ძმაო რას გეტყვი?! შენი ცოლი ძროხა არის, ჩემი ცოლი კი ლომიაო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...