Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დიდი მეიარაღენი

 

 

 

ჯოზეფ მენტონი

 

 

7a4afe7568fa.jpg 45390dab9953.jpg

 

ლონდონის კენსალ გრინის ძველ სასაფლაოზე ერთ-ერთ საფლავის ქვაზე ასეთი წარწერაა: ,, მისტერ ჯოზეფ მენტონის ხსოვნის უკვდავსაყოფად, რომელიც 1835 წლის 29 ივნისს გარდაიცვალა 69 წლის ასაკში..."

ჯოზეფ მენტონი, სრულიად სამართლიანად, ყველა დროისა და ერის ყველაზე დიდ მეიარაღედ ითვლება.

მენტონი 1766 წელს დაიბადა და თავისი დროის გამოჩენილი მოღვაწე, უნიკალური პიროვნება გახლდათ. სწორედ ჯოზეფი იყო ინგლისური საიარაღო სკოლის ფუძემდებელი.

ამ ადამიანმა დაიწყო ტექნიკური სიახლეების შემოტანა ესთეტიურ ხედვასთან სინქრონში. ყველა სხვა ინგლისელი მეიარაღე პრაქტიკულად ავითარებდა და ხვეწდა მენტონის სწავლებას(რა თქმა უნდა სიახლეების შეტანით). განსაკუთრებით ეს თვალშისაცემია პერდეს, ბოსის და ლანკასტერის იარაღში. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ყველა მათგანი მენტონის მოსწავლეები იყვნენ.

 

ba5dda8c6d06.jpg

 

35985586087a.jpg

 

ჯოზეფ მენტონის უფროსმა ძმამ ჯოიმ(ჯონ ტვიგის მოსწავლე) 1782 წელს კომპანია დააფუძნა. ჯოზეფი თავიდან მასთან მუშაობდა, 1789 წელს კი საკუთარი საქმე წამოიწყო. ორთავე ძმამ სხვადასხვა ტიპის იარაღის დამზადებით დაიწყო მოღვაწეობა, თუმცა ჯოზეფმა მალე მთელი თავისი ძალისხმევა სანადირო თოფების სისტემების გაუმჯობესებასა და განვითარებისაკენ მიმართა. ის ღმერთისაგან დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ, მუდმივ ძიებასა და კვლევაში იყო. ამან არა მარტო მისი ნაწარმისადმი გაზარდა ინტერესი, არამედ საერთოდ, უფრო პოპულარული გახადა ნადირობა და სპორტი.

მენტონს დიდ მხარდაჭერას უწევდა მისი მეგობარი, პოლკოვნიკი პიტერ ჰოკერი, რომელიც ნადირობის დიდი ტრფიალი იყო. პოლკოვნიკი მენტონის იარაღს პრაქტიკულად ცდიდა. ჰოკერისათვის დამზადებულ თოფებს პოლკოვნიკი თავად ანიჭებდა სახელებს. მაგალითად, 1807 წელს გამოშვებული ,,ძველი ჯო", 1814 წელს გამოშვებული ,,დიდი ჯო" და ა.შ.

 

7d7eea1ade47.jpg

 

ჯოზეფ მენტონს ეკუთვნის ბევრი გამოგონება, რომლებმაც დიდწილად გაზარდეს თოფის მანევრირებისა და მართვის შესაძლებლობანი. რამდენიმე მათგანი მიმართული იყო დენთის წვის დაჩქარებისაკენ: ოსტატმა ჩახმახის სვლის მანძილი შეამცირა და გაუძლიერა საბრძოლო ზამბარა, რამაც აფეთქება დააჩქარა; საკეტის სიგანე შეამცირა, რამაც იარაღის ესთეტიური მხარე გააუმჯობესა; სწორედ მენტონმა წამოწია სამიზნე თამასა. ამან დამიზნება გააადვილა, რამეთუ ლულები აღარ ფარავდნენ სამიზნეს. აგრეთვე მენტონმა შემოიღო მცველის განსაკუთრებული ელემენტი, რომელმაც გადატენვის დროს უსაფრთხოება გაზარდა.

 

5820efaf9b97.jpg

 

აღნიშნულმა გამოგონებებმა ბრიტანული იარაღი განსაკუთრებულ მოწინავე პოზიციებზე გაიყვანა.

მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში მეიარაღეებმა სარჭიანი საკეტების გაუმჯობესება და ახალი სისტემების დამზადება დაიწყეს. მენტონიც არ დარჩენილა ამ მოვლენების მიღმა. 1807 წელს შოტლანდიელმა მღვდელმა, ალექსანდრე ჯონ ფორსაიტმა დააპატენტა ფისტონური საკეტი, რომელსაც ,,ფლაკონი" უწოდა. მენტონმა მსგავსი სისტემა 1818 წელს შექმნა და მიიღო მასზე პატენტი, თუმცა მისი საკეტი ,,ფლაკონს" ვერ ჯობნიდა. მოგვიანებით მენტონმა შოტლანდიელი მღვდელის საკეტის გაუმჯობესებაზე დაიწყო მუშაობა და შეძლო კიდეც გაუმჯობესება(გამოგონების მითვისების ბრალდებით, ფორსაიტის საჩივარის საფუძველზე, სასამართლოშიც მოუწია ბლომად სიარული). გაუმჯობესებული ,,ფლაკონი" კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო.

 

211dd5029f40.jpg

 

მენტონის თოფების, სისტემებისა და საკეტების პოპულარობა ძალიან მაღალი იყო. მენტონი აქტიური საქმიანობიდან 1826 წელს გავიდა, თუმცა კიდევ დიდი ხანი აგრძელებფდა კონსულტაციებსა და დახმარებას თავისი მოსწავლეებისათვის, რომლებიც ოსტატობას უფრო და უფრო ხვეწდნენ. ამ ოსტატთა და მათი მასწავლებლის სახელები სამუდამოდ შევიდა მეიარაღეობის ისტორიაში.

 

f9c198b632ae.jpg

Link to post
Share on other sites

ჰუგო მაქს რიხორდ შმაისერი

 

 

ცნობილი გერმანელი იარაღის კონსტრუქტორი,უამრავი პატენტისა და გამოგონების ავტორი,მსოფლიოში პირველი პისტოლეტ ტყვიამფრქვევის მასიური მოდელი შემქმნელი ჰუგო მაქს რიხორდ შმაისერი გერმანიის ქალაქ იენაში 1884 წლის 24 სექტემბერს დაიბადა.

 

be7a3a0819c3.jpg

 

მისი მამა ლუის ტრაუგოტ შმაისერიც ცნობილი მეიარაღე იყო.1894 წელს შმაისერების ოჯახი ქალაქ ზულში გადადის საცხოვრებლად.ჰუგო შმაისერი მამის ხელმძღვანელობით,მუშაობას იწყებს თეოდორ ბერგმანის საიარაღო ფაბრიკაში.1905 წლიდან 21 წლის ჰუგო ფაბრიკის ტექ.ხელმძღვანელი ხდება.1913 წელს შმაისერმა ცოლად შეირთო ნელი კაროლინა ცენერი,ცენერების ოჯახი თავისი მეიარაღეებით იყო ცნობილი,ფრიც და ჰანს ცენერები ზაუერის ქარხანაში კონსტრუქტორები იყვნენ.1915 წელს შმაისერმა გამომცდელ კომისიას შპანდაუში ხელის ტყვიამფრქვევი წარუდგინა-MG 15NA.ტყვიამფრქვევი მიღებულ იქნა შეიარაღებაში და იწარმოებოდა მნიშვნელოვანი რაოდენობებით.1916-18 წლებში შექმნა პისტოლეტ ტყვიამფრქვევი MP18.1921 წელს შმაისერი დაინიშნა ცნობილი საიარაღო ფირმა ,,ჰაენელის,, ტექნიკურ დირექტორად.1925 წელს ძმები ჰუგო და ჰანს შმაისერები ,,ჰაენელის,, ნდობით აღჭურვილი პირები,ფაქტიური გამგებლები გახდნენ.1927 წელს მან შექმნა თავისი პირველი პნევმატური პისტოლეტი.1928 წელს პისტოლეტ ტყვიამფრქვევის გაუმჯობესებული ვარიანტი MP28 შექმნა.1933 წელს შმაისერი ნაცისტური პარტიის წევრი ხდება.1938 წელს დაიწყო მუშაობა ავტომატური იარაღის პროექტზე დამოკლებული 7,92 მმ-იანი ვაზნით,რომლისთვისაც 1941 წელს მოდერნიზებული პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი MP41 შეიქმნა.1943 წელს წარმოებაში ჩაეშვა სერიული MP43,რომელსაც შემდეგ სახელი გადაარქვეს და MP44-ად მონათლეს.

 

c3999aa8f7d0.jpg

 

1944 წელს ჰიტლერის ბრძანებით MP44 შეიარაღებაში მიიღეს.

1945 წლის 3 აპრილს ქ.ზულში ამერიკის ჯარები შევიდნენ.დაიწყო შმაისერის გაუთავებელი დაკითხვები ამერიკისა და ბრიტანეთის სპეცსამსახურების მიერ.

1945 წლის აგვისტოში საბჭოთა არმიის შეკვეთით 100 ავტომატი Sturmgewehr-44დამზადდა ტექნიკური გამოცდისათვის,ამავდროულად ,,ჰაენელიდან,, გატანილ იქნა ტექ.დოკუმენტაციის 10785 ფურცელი,აქედან იწყება საბჭოთა სპეც სამსახურების დაინტერესება ჰუგო შმაისერის პეროვნებით.1946 წლის ოქტომბერში დაიწყო გერმანელი ინჟინერ ტექნიკური კადრების ტრანსფერი საბჭოთა კავშირში.გამთენიისას მათ სახლებთან მიდიოდნენ სატვითო მანქანები ჯარისკაცებით,ოფიცერი თარჯიმანით,ვადა ერთი საათი,დახურული ვაგონები და ჰერიი რუსეთისაკენ.შმაისერი რუსეთში 1946 წლის 24 ოქტომბერს ჩავიდა და მაშინვე იჟევსკში გაამწესეს,სადაც იმ დროისათვის შესანიშნავი საცხოვრებელი პირობები შეუქმნეს,და ხელფასიც მშვენიერი 5000 მანეთი დაუნიშნეს.იჟევსკის გერმანული კონტიგენტის მუშაობა მკაცრად გასაიდუმლოებული იყო,ერთი კი ცნობილია,რამოდენიმე უძლიერესი კონსტრუქტორი გამუდმებით ხაზავდა სხვადასხვა იარაღის ნახაზებს,დაწყებული ამ იარაღის საწარმოებელი საამქროების გეგმებიდან დამთავრებული თვითონ იარაღის ნახაზებით,უმცირეს წვრილმანებამდე,ნახაზები იკეცებოდა და გაურკვეველი მიმართულებით მიჰქონდათ,ამ პერიოდშივე იჟევსკში,ცნობილი რუსი კონსტრუქტორ-მეიარაღეები კალაშნიკოვი,მარგოლინი,დეგტიარევი,სიმონოვი,ბერეზინი, შპიტალნი და სხვები მოღვაწეობდნენ.

გავიდა რამოდენიმე წელი და ინტერესი შმასერის მიმართ შენელდა, ჯერ ხელფასი მოუკლეს, შემდეგ გაუნახევრეს.ამის გამო შმაისერმა დაწერა თხოვნა სადაც გერმანიაში დაბრუნებას ითხოვდა,ამას იმით ასაბუთებდა რომ უკვე მოხუცი იყო,და გერმანიაში მოხუცი მეუღლე და დაბადებიდან ავადმყოფი ვაჟი ელოდებოდნენ,რომელთაც მისი დახმარება სჭირდებოდა.1952 წლის 9 ივნისს შმაისერი ზულში დააბრუნეს.

1953 წლის 12 სექტემბერს შმაისერი ფილტვების დაავადებით ქალაქ ერფურტის საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ბოლოს მინდა იჟევსკის ქარხნის ხელმძღვანელობის ერთი შეფასება წარმოგიდგინოთ,რომელიც 1949 წლის 2 სექტემბრითაა დათარიღებული:

,,შმაისერი ჰუგო მაკს რიხორდი.ტექნიკური განათლება არ გააჩნია,პროექტებზე თავის მუშაობაში თავი გამოავლინა როგორც კონსტრუქტორ-პრაქტიკოსმა,კონსტრუქტორული დავალებების შესრულებისგან თავს იკავებს,ცოდნის არქონას იმიზეზებს.არავითარი სარგებლობა საბჭოთა კავშირში ყოფნის პერიოდში არ მოუტანია,აქვს კაპიტალისტური ფსიქოლოგია,გამხრწნელად მოქმედებს დანარჩენ გერმანელ სპეციალისტებზე, ქარხნის საიდუმლოებებს არ იცნობს,მაგრამ იმისი რწმენა რომ არ იცნობს ქარხანაში წარმოებულ პროდუქციას,არ გვაქვს,,

ხელს აწერს ვინმე მუხამედოვი.

აქვე გთავაზობთ MP44 და AK47 არასრული დაშლის შედარებით სურათს.

d1f26a8df430.jpg

 

 

შთაბეჭდილება მრჩება,რომ საბჭოთა კავშირი რაღაცით დავალებული იყო შმაისერისაგან,კურჩატოვი რომელიც დღე და ღამეს ასწორებდა,რათა დროზე შეექმნა ატომური ბომბი,მიუხედავად ერთგულებისა ყოველ დღე დახვრეტას ელოდებოდა,ხოლო შმაისერი,უდიდესი მეიარაღე(ამით კურჩატოვის გენიალურობას სულაც არ ვაკნინებ),უდიდესი საიარაღო კონცერნის ტექნიკური დირექტორი,მთელი ვემახტის შემაირაღებელი კაცი,ნაცისტური პარტიის წევრი,ამბობს რომ მას ცოდნა არა აქვს და კ.გ.ბ.-ს ჯერა,ამბობს რომ გერმანიაში გაუშვან მოხუც ცოლთან და ავადმყოფ შვილთან და გულაჩუყებული კ.გ.ბ. თვალცრემლიანი აცილებს გერმანიაში,სუნამონაპკურები ცხვირსახოცის ქნევით.თქვენ გჯერათ,მე არა.შმასერი საბჭოეთის სასარგებლოდ ვერ გამოიყენეს და არ დახვრიტეს?დამხვრიტეთ და არ მჯერა,არადა კალაშნიკოვიც რაფერ გავს MP44-ს,მარგოლინის პისტოლეტი რაფერ გავს შმაისერისას რომ ნახოთ,თვალები დაგისველდებათ!!!

 

 

------------------------

 

რუსების ქურდ-ბაცაცობას გავუსვათ ხაზი.

 

პისტოლეტ-ტყვიამფრქვევი ,,სუომი-31,, ფინელმა კონსტრუქტორმა აიმო ლახტიმ შექმნა და ფინეთის არმიის შეიარაღებაში 1931 წლიდან იყო,იგი ერთ-ერთი დამხმარე ფაქტორი იყო ფინელი ხალხის საოცარი თავდადებისა და წარმატებული ბრძოლისა საბჭოთა დამპყრობლების წინააღმდეგ.

 

40c25b59f416.jpg

 

შპაგინის პიტოლეტ-ტყვიამფრქვევი, სახელგანთქმული ,,პპშ,, გამარჯვების იარაღი, როგორც მას რუსები უწოდებდნენ,კონსტრუქტორმა გიორგი შპაგინმა შექმნა,და საბჭოთა არმიის შეიარაღებაში 1941 წლიდან იყო,სანამ 1951 წელს ,,აკ-47,,-მა არ შეცვალა.

 

6962aa6bc18d.jpg

 

ა,ძამა!შეადარეთ ერთმანეთს და პირველი ქვა იმან მესროლოს,ვინც იტყვის,რომ ეს ორი იარაღი ერთმანეთს არ გავს!!

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

უილიამ ველინგტონ გრინერი

 

fdb157f13d2d.jpg

 

(1834-1921წ)

 

24 წლის ასაკში მძიმედ დაავადდა წითელათი და თითქმის მთლიანად დაკარგა მხედველობა(ხედავდა მხოლოდ სილუეტსა და სინათლეს).

გრინერმა ამ მდგომარეობაში თავისი ყველაზე დიდი გამოგონება ე.წ. ,,გრინერის ურდული" შექმნა!!! გარდა ამისა დააპატენტა ქვედა გასახსნელი ბერკეტი, აგრეთვე შიდა სასხლეტები. შექმნა თოფი ლულათა ვერტიკალური წყობით, რომელიც იხსნებოდა მარჯვნივ.

ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ თითქმის ბრმა ადამიანი ამას ახერხებდეს...

მეტიც, უილიამ ველიგტონ გრინერი 1871-1876- 1881წ-1910 წლებში აქვეყნებს ფუნდამენტალურ ნაშრომებს იარაღთან დაკავშირებით.

ნაშრომის შექმნისას ოსტატს სხვა წყაროებიდან კითხვის საშუალება არ ექნებოდა...

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ვახოს(ბრაუნინგი) პოსტია

 

 

ჯონ ბრაუნინგი

John Moses Browning (1855-1926)

 

 

e58a1586e4aa.jpga81e3d7dc13c.jpg

 

 

 

დაიბადა იარაღის მოვაჭრის ოჯახში(Ogden, Utah, აშშ.). პირველი თანამშრომლობა უკავშირდება ''ვინჩესტერის'' კომპანიას. მისი სტიქია იარაღის შექმნა იყო და არა წარმოება, ამიტომ უამრავი მისი მოდელის პატენტი მიჰყიდა ''ვინჩესტერს''(1885-1901 წლის მოდელები მისი შექმნილია). მან შექმნა ნახევრადავტომატური, პომპიანი და .22 კარაბინის მოდელები. ასევე ცნობილი BAR (Browning Automatic Rifle) და კოლტის 1911 წლის .45 კალიბრის სტილის ავტომატური პისტოლეტი. განსაკუთრებით წარმატებული იყო ავტომატური იარაღის შექმნის თვალსაზრისით(ცნობილი აუტო-5). მისი დიზაინითაა შექმნილი მრავალი საბრძოლო იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნა. მისი სახელობის კომპანია შეიქმნა 1927 წელს. მუდმივად თანამშრომლობდა Fabrique Nationale -თან (ბელგია), სადაც ლიეჟში, ავტომატურ პისტოლეტის მოდელზე მუშაობისას, მისი შვილის ოფისში გარდაიცვალა გულის შეტევით.

 

 

 

 

 

ჯონ ბრაუნინგის გარდაცვალების შემდეგ ბელგიაში გამოსული სამახსოვრო მედალი

 

beedf000cfdc.jpg

 

 

 

კომპანიის ემბლემა(ხარირემის თავი)

 

 

2c08d80f1886.jpg

 

 

 

 

 

 

ძმები მაუზერები

 

Mauser

 

Wilhelm (*1834-1882) და Paul (*1838-1914) მაუზერები დაიბადნენ მეიარაღის ოჯახში, მამა მუშაობდა იარაღის სამეფო ქარხანაში Oberndorf/Neckar-ში(გერმანია). ძმებმა 1871 წელს შექმნეს შაშხანის "Model 1871 (M/71)" მოდელი(800დან 1800 მეტრამდე გაზარდეს მიტანა). ამ იარაღით შეიარაღდა მაშინდელი გერმანიის არმია(ბავარიის გარდა). 1898-ში პაულმა გამოუშვა ახალი მოდელი Model 98, 8X57 ვაზნით, რომელიც ას მილიონამდე ცალი გაიყიდა და 1912 წლამდე იყო ექსპლოატაციაში.

1995 წელს "Mauser-Werke Oberndorf Waffensysteme GmbH"-მა გამოუშვა ე.წ. ბოლტ-აქციის სანადირო კარაბინი: მოდელი 96.

2003-ში გამოვიდა "M 03" მოდელი.

2004-ში ეს კომპანია შევიდა Rheinmetall Waffe Munition GmbH-ში J.P. Sauer & Sohn თან, Blaser and Swiss Arms თან ერთად და კონსორციუმს ეწოდა SIGARMS, 2007 წლიდან კი SIG SAUER.

 

 

კომპანიის ემბლემა

 

 

e09874d3438c.jpg

 

 

 

ვილჰელმ და პაულ მაუზერები

 

 

3ec5bb8dfe88.jpg

 

 

 

მაუზერის ქარხანა Ooberndorfში, 1910წ.

 

 

7e58f7688c7e.jpg

 

 

 

 

 

 

ოლივერ ვინჩესტერი

 

Winchester

 

 

 

ვინჩესტერის წინაპარი იყო Volcanic Repeating Arms Company, რომელიც Horace Smith და Daniel Wesson-ის კარაბინებს უშვებდა. რეორგანიზაციის შემდეგ შეიქმნა New Haven Arms Company, და მისი ყველაზე დიდი საბითუმო მოვაჭრე იყო Oliver Winchester. , New Haven Arms Company-მ 1860 წლიდან დაიწყო Henry rifle -ის კარაბინების წარმოება(ეს კარაბინი ამერიკული სამოქალაქო ომის ერთერთი მთავარი იარაღი იყო).

ომის მერე Oliver Winchester-მა კომპანიას დაარქვა Winchester Repeating Arms Company და დაიწყოHenry rifle -ის სრულიად მოდიფიცირებული კარაბინის წარმოება, რომელიც ფაქტიურად ვინჩესტერის პირველი კარაბინი იყო (მოდელი 1866) .44 კალიბრით. მერე იყო მოდელი 1873(ე.წ. ''თოფი რომელმაც დაიპყრო დასავლეთი''). 1880 წელს გარდაიცვალა ოლივერ ვინჩესტერი და მალე მისი ვაჟიც.

1883 წლიდან ჯონ ბრაუნინგი იწყებს თანამშრომლობას Winchester Repeating Arms Company-სთან და ქმნის მოდელ 1885-ს, შემდგომში მოდელ 1887-ს, მოდელ 1897-ს(პომპიანი გლუვლულიანი თოფი), მოდელებებს 1886, 1892, 1894 და 1895(მჭიდით). ბრაუნინგისვე მონაწილეობით 1903 წლიდან გამოდის .22 კალიბრის მოდელები. ბრაუნინგმა ''ვინჩესტერთან'' მუშაობისას დაამთავრა მუშაობა მის ცნობილ Browning Automatic Rifle (BAR)-ზე.

 

 

კომპანიის ემბლემა

db6af6d771c1.jpg

 

 

 

 

 

 

 

ბენჯამინ ჰენრი

 

 

კარაბინები რომელთაც ჩვენ ხშირად ვინჩესტერის სახელს ვუკავშირებთ, ფაქტიურად ბატონ Benjamin Tyler Henry-ის შექმნილია, Henry Repeating Arms Company -ში. 1860 წელს დააპატენდა პირველი კარაბინი და 1862 წელს უკვე იუნიონისტების ხელში იყო ეს .44 კალიბრიანი იარაღი. პრეზიდენტ ლინკოლნის ''ჰენრი'' დღეს ამერიკის ერთერთ საგანძურად ითვლება.

 

ოცამდე სხვადასხვა კალიბრის მოდელს უშვებენ დღესდღეობით.

 

კომპანიის ემბლემა

 

 

d474f3df45ee.jpg

 

 

 

 

 

 

ბენელი

 

BENELLI

 

 

 

1967-ში ძმებმა Benelli (ურბინო, იტალია), რომლებიც მოტოციკლეტებს აწარმოებდნენ მეოცე საუკუნის დასაწყისიდან, დააფუძნეს Benelli Armi , და 12 კალიბრის ნახევრადავტომატური გლუვლულიანი იარაღის წარმოება დაიწყეს(ნადირობის მოტრფიალეები ყოფილან). პროექტის ავტორი იყო ბრუნო ჩილოვანი, რომელმაც შექმნა ბენელის ცნობილი ინერციული მექანიზმი(ნახევრადავტომატურ იარაღისთვის), რაც მსოფლიოში ყველაზე მსწრაფლმსროლელ იარაღს დაედო საფუძვლად(ხუთი გასროლა წამზე ნაკლებში) .

დღესდღეობით ბენელი ბერეტას შემადგენლობაშია.

 

 

კომპანიის ემბლემა

 

 

 

db38873de844.jpg

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

John Deeley

( ჯონ დილი 1825-1913წწ)

 

bb024df56bed.jpg

 

ჯონ დილი დაიბადა 1825 წელს. სკოლაში ძალიან კარგად სწავლობდა, მთელ თავისუფალ დროს წიგნებთან ატარებდა და სხვადასხვა სფეროში საკმაოდ კარგი ცოდნა მიირო. 35 წლის ასაკში ჯონი კომპანია ,,ვესტლი რიჩარდსში" მოვიდა საფინანსო-კომერციულ განყოფილებაში. ამ ფირმაში საფინანსო საკითხების დალაგების შემდეგ იარაღის დამზადებით დაინტერესდა. მალე ის ბირმინჰემის ერთ-ერთ ყველაზე ცნობად მეიარაღედ ჩამოყალიბდა.

1873 წელს დილიმ ჯეიმს ეჯისთან ერთად გამოიგონა ტიბჟირის საკეტის ორიგინალური სისტემა, რომელიც დღესაც წარმატებით გამოიყენება.

1875 წლის 11 მაისს ჯონ დილიმ და უილიამ ენსონმა მიიღეს პატენტი N 1756 ორლულიანზე ბოქსლოკის საკეტებით, რომელიც ,,ენსონ-დილის" სახელითაა ცნობილი. ასე დაიწყო მარტივი და საიმედო საკეტების ახალი ერა.

1886 წელს დაპატენტდა კიდევ ერთი გამოგონება_ ეჟექტორი. მართალია გამოგონება შვილ-დილის ეკუთვნოდა, თუმცა წარმოებაში ეს გამოგონება მამა-დილიმ ჩაუშვა. ეჟექტორის მუშაობის პრინციპი დღემდე შეუცვლელია ჰორიზონტალურებში, მიუხედავად იმისა, სადაურია იარაღი_ ბრიტანული, ბელგიური, გერმანული ან ნებისმიერი სხვა ქვეყნის.

1897 წელს დილიმ და ლესლი ტეილორმა აიღეს პატენტი N 17731, ბოქსლოკზე, რომელიც ხელით შეიძლებოდა დაშლილიყო(detachable lock). ამ გამოგონებამაც დღემდე შეუცვლელად მოაღწია.

ჯონ დილი არა მარტო დიდი მეიარაღე, არამედ კარგი ორგანიზატორიც გახლდათ. მისი ხელმძღვანელობით Westley Richards & Со გავიდა(ბრიტანული ტაბელის მიხედვით) მესამე პოზიციაზე პერდესა დაჰოლანდის შემდეგ. ამ კომპანიაში მუშაობის პერიოდში დილიმ მიიღო 30 პატენტზე მეტი(აქედან 4-მა მისი სახელი სიცოცხლეშივე უკვდავყო).

ჯონ დილი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეიარაღეა ბრიტანეთის ისტორიაში.

 

ჯონ დილი გარდაიცვალა 1913 წელს.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

John ROBERTSON

(ჯონ რობერტსონი 1839-1917წწ)

 

 

c2ca63042178.jpg

 

 

ოსტატი დაიბადა შოტლანდიელი მეიარაღის ოჯახში ჰადინგტონში(ედინბურგთან ახლოს). აქვე დაიწყო მეიარაღის კარიერა. ბოსის კომპანიაში გადასვლამდე(1891 წ) ჯონი მუშაობდა ისეთ გრანდებთან, როგორიცაა: ჯოზეფ ვიტვორტი, ვესტლი რიჩარდსი, ჯეიმს პერდე უმცროსი, ჰენრი ჰოლანდი, შტეფენ გრანტი, ჯოზეფ ლანგი, უილიამ ევანსი, ჯონ რიგბი.

1880-იან წლებში რობერტსონი თავის საამქროში ჰენრი ეტკინისათვის აწყობდა იარაღებს. 1891 წლიდან კი ახალი სისხლი შემატა ბოსის ლონდონურ კომპანიას.

1909 წლამდე ოსტატმა მიიღო 22 პატენტი. მოგვიანებით კი ყველაზე ცნობილი ინგლისური ვერტიკალური დააპატენტა.

1917 წელს ამ დიდი ოსტატის გარდაცვალების შემდეგ, მამის საქმე გააგრძელეს მისმა ვაჟებმა ჯონმა(1862-1929წ), სამუელმა(1863-1934წ) და რობერტმა(1874-1951წ), ხოლო მოგვიანებით კი შვილიშვილებმა მეიმ(1889-1965წ) და ალეკმა(1894-1954წ).

Link to post
Share on other sites

კასპარ კალტჰოფი

 

 

 

წარმოშობით ჰოლანდიელი, კასპარ კალტჰოფი მუშაობდა ინგლისში 1628 წლიდან მარკიზ ვორსესტერის კარზე. 1634 წელს ლონდონში ოსტატს უბოძეს სამჭედლო და ბინა. სპეციალურად მისთვის ააშენეს იარაღის გამოსაცდელი შენობა ვოკსჰოლში.

თუმცაღა ინგლისში სამოქალაქო ომი დაიწყო, სტიუარტების სამეფო დინასტია ჩამოაგდეს და მმართველობაში ოლივერ კრომველი მოვიდა. კალტჰოფის სამჭედლოს და ბინას კომფისკაცია გაუკეთეს და ოსტატი იძულებული გახდა სამშობლოში წასულიყო.

მალე ცნობილი ოსტატი დანიის მეფის, ფრიდრიხ მესამის კარზე მიიწვიეს, სადაც იარაღთან ერთად წყლის ტუმბოებსაც კი აკეთებდა.

მშობლიურ ნიდერლანდებში კასპარი ქალაქ ქორტრეხტის გუბერნატორად აირჩიეს. მშობლიური სახლის ეზოში ჰოლანდიაში ოსტატმა ლოდების სატყორცნი კატაპულტი ააშენა, მისით კრომველზე შეტევის მიტანა ჰქონდა ოცნებაში, თუმცაღა ამ ოცნებას ახდენა არ ეწერა, რამეთუ სტიუარტებმა დაიბრუნეს ტახტი და კალტჰოფი უპრობლემოდ დაბრუნდა ლონდონში. მან კვლავ გააგრძელა მარკიზ ვორსესტერზე მუშაობა და უფრო მეტიც- მეფე კარლ მეორისაგანაც კი იღებდა შეკვეთებს.

Link to post
Share on other sites

Gustav BITTNER

 

 

6667dab11f0d.jpg

 

ჰუსტავ ბიტნერი-უფროსი (1843-1908) იყო მეიარაღეთა შთამომავალი, რომლებიც XVII საუკუნიდან იყვნენ ცნობილი. არსებობს ცნობები, რომ ჰანს ბიტნერმა(ჰუსტავის დიდი ბაბუა) ოცდაათწლიანი ომის დროს (1618-1648წწ) ვეიპერტში ააგო სპეციალური სამჭედლო გრდემლ-ურო, რომლითაც ლულებს ჭედავდა.

საკუთარი საწარმო ჰუსტავმა(სახელწოდებით Gebrüder Bittner) თავის ძმასთან, რაიმონდთან და კიდევ ერთ მეიარაღესთან_ ვენცელ ფიუკერტთან ერთად დააფუძნა 1860 წელს. დამფუძნებლის სიკვდილის შემდეგ 1908 წელს საგვარეულო საწარმოს მართვა ჰუსტავ(უმცროსი), რიჰარდ და ვენცელ ბიტნერებს ხვდათ წილად, თუმცა ეს უკანასკნელნი დამფუძნებლის შვილები იყვნენ თუ ძმიშვილები ცნობილი არაა.

ამ საწარმოს მომსახურებით სარგებლობდნენ ისეთი ცნობილი მეიარაღეები, როგორებიცაა იოჰან შპრინგერი, იოჰან კალეცკი, იან ნოვოტნი და ფერლახელი ცალობრივი მწარმოებლები.

Link to post
Share on other sites
  • 7 months later...

იოჰან გეორგ ლიუგერი

 

eb686ffe703b.jpg

 

იოჰან გეორგ ლიუგერი დაიბადა ავსტრიის ქალაქ შტეინახში 1849 წლის 6 მარტს. მამამისი ცნობილი ქირურგი გახლდათ, რომელსაც შესთავაზეს სარფიანი სამსახური იტალიის ქალაქ პადუიაში და ლიუგერების ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად აპენინებზე(აქვე დაამთავრა სკოლა იოჰანმა). მომავალი მეიარაღისათვის მეორე მშობლიური იტალიური ენა გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ იოჰანი ავსტრიაში გააგზავნეს ვენის კომერციის სკოლაში სასწავლებლად.

17 წლის ასაკში იოჰანი კურსებზე ჩაეწერა, სადაც თადარიგის ოფიცრებს ამზადებდნენ. ამას მოყვა ერთწლიანი სტაჟირება ქვეითთა პოლკში. ლიუგერმა სამხედრო დისციპლინებში თავი საუკეთესო მხრიდან წარმოაჩინა, რისთვისაც სერჟანტის წოდება უბოძეს. ხელმძღვანელობას ახალგაზრდის ნიჭი მხედველობიდან არ გამოჰპარვია და გაამწესეს სპეციალურ მსროლელთა სკოლაში. დიდწილად ამან განაპირობა იოჰან გეორგ ლიუგერის ჩამოყალიბება მეიარაღედ. გარკვეული დროის შემდგომ ის გადადის თადარიგში ლეიტენანტის ჩინით.

მალე მან გაიცნო ცნობილი მეიარაღე და კონსტრუქტორი ფერდინანდ მანლიჰერი, ვინაც იოჰანი ჯერ თავისი ფირმის სავაჭრო წარმომადგენლად დანიშნა(აღნიშნული ფირმა სხვადასხვა სახის შეიარაღებით ვაჭრობდა), ხოლო შემდეგ ამ ფირმის იტალიურ ფილიალში მიუჩინა სამსახური.

ახალგაზრდა იოჰანი არა მარტო არეკლამებდა პროდუქციას ევროპასა და აშშ-ში, არამედ ფირმის ხელმძღვანელობის წინაშე ნოვატორული და რაციონალიზატორული წინადადებებით წარსდგა.

1894 წლის ნოემბერში ლიუგერი არეკლამებდა არც თუ ისე წარმატებულ პისტოლეტს სახელწოდებით С93. ამ პროდუქტმა როგორც მოსალოდნელი იყო, ვერ ჰპოვა დიდი მოწონება...

იოჰანი ჩაუღრმავდა პისტოლეტის კონსტრუქციას და მწარმოებლების წინაშე დასვა რამდენიმე კვანძისა და დეტალის მისეული ხედვა. ასე წარმოიშვა ლეგენდარული პარაბელუმი, რომლის სახელიც ლათინური ანდაზიდან ,,Si vis pacem, para bellum"(გინდა მშვიდობა, ემზადე ომისათვის) წარმოდგება. ლიუგერმა შეუცვალა მდებარეობა დეტალებს, რითაც შეუნარჩუნა საუკეთესო ბალისტიკა და გაუუმჯობესა სხვა მაჩვენებლები. უკვე 1900 წლისათვის შვეიცარიის შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს ახალი პისტოლეტი, რომელსაც ლიუგერ-ბორჰარდის სახელი უწოდეს. ამ იარაღმა არნახული პოპულარობა მოიპოვა, რის გამოც გამოვიდა მისი რამდენიმე მოდიფიკაცია. მაგალითად, ზღვაოსნების მოდელი, რომელიც შეიარაღებაში აიღო გერმანიამ. თუმცა ყველაზე ცნობილი მოდიფიკაცია გახლდათ "Pistole 1908"(აღნიშნული იარაღი გერმანელებს შეიარაღებაში ჰქონდათ მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე).

cdfcc55c1211.jpg

გარდა იარაღისა ლიუგერი ახდენდა საბრძოლო მასალების მოდერნიზაციას. მაგალითად, მან დაამუშავა ახალი ვაზნა 9х19მმ. ეს ვაზნა იმდენად მოწონებადი გახლდათ, რომ ნატოს(ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი) ქვეყნებში სტანდარტად იქნა აღიარებული 1953 წელს(დღესაც ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვაზნაა მსოფლიოში).

მიუხედავად იმისა, რომ ლიუგერის ყველა გამოგონება დიდად წარმატებული გახლდათ, მან თავისი ცხოვრების ბოლო წლები სრულ სიღარიბეში გაატარა.

ფირმასთან კონტრაქტის დასრულების შემდეგ, იოჰანი იძულებული გახდა სასამართლოებში ემტკიცებინა გამოგონებებში საკუთარი წვლილი(სწორედ სასამართლოებმა შთანთქეს მისი უკანასკნელი ფულადი დანაზოგები)

1922 წლის 22 დეკემბერს იოჰან გეორგ ლიუგერი გარდაიცვალა.

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...

:clapping1: :clapping1: :clapping1: გელა აწყვე ეს შენი თემები,და დააბეჭდიე პატარა კატალოგი რამე,მაგრად გამოგდის.მალადეც :friends:

ვაპირებთ მაგას,და ამით არ ვამთავრებთ.ბევრი სურპრიზია კიდე. :e025:

Link to post
Share on other sites

:clapping1: :clapping1: :clapping1: გელა აწყვე ეს შენი თემები,და დააბეჭდიე პატარა კატალოგი რამე,მაგრად გამოგდის.მალადეც :friends:

ძალიან მახარებს, რომ ჩემი ნაჯღაბნის მიმართ გარკვეული ინტერესი არის B)

 

გუშინ პატარა პოსტი მოვამზადე და ვერაფრით შევძელი ფორუმში გამომექვეყნებინა... :karochera: მგონი გარკვეული დროით გათიშული იყო... :scratchchin:

 

ნაწერის გარკვეული ნაწილი დავკარგე, თუმცა დღეს აღვადგენ და წარმოგიდგენთ :hi:

Link to post
Share on other sites

გელა ერთი ფლეშკა გინდა,რასაც აქ ატვირთავ შეინახავ ფლეშკაზე და რამხელა ინფორმაცია გექნება გამზადებული.კინდა ამობეჭდავ.გინდა კორექტირებას გაუკეთებ და გინდაც დაბეჭდვა რომ გადაწყვიტო(ფულია,დარწმუნებული ვარ გაიყიდება)გამზადებული გექნება შავ მასალასავით :scratchchin:

Link to post
Share on other sites

ბრუნო ჩივოლანი

 

401991503df2.jpg

 

საკეტის ინერციაზე დაფუძნებული ავტომატიკა ჯერ კიდევ ,,ოქროს ხანაში” იყო გამოგონებული. ასეთი მექანიზმით აღჭურვილი პირველი თოფი 1904 წელს იქნა გამოშვებული შვედი ინჟინერის აქსელ შიოგრენის მიერ(Axel Sjogren).

ამ თოფების გამოშვება შეწყდა 1914 წელს და შემდგომ აღარასოდეს აღდგენილა... ასე წავიდა ისტორიიდან ამ ტიპის პირველი იარაღი.

 

 

 

ასე გამოიყურებოდა აქსელ შიოგრენის თოფი

7cccd229ab36.jpg

 

 

თუმცა საიარაღო ისტორია იცნობს ფაქტებს, როცა ამა თუ იმ მიზეზთა გამო, განვითარების გარკვეულ ფაზაში კვლავ უბრუნდებიან ძველ გამოგონებას და განავითარებენ მას...

ასე მოხდა ამჯერადაც. შიოგრენის გამოგონებიდან ნახევარი საუკუნის შემდეგ, კერძოდ 1965 წელს, საკეტის ინერციაზე დაფუძნებული ახალი მექანიზმი შექმნა ბრუნო ჩივოლანიმ, რითაც ინერციული მექანიზმის ახალი ერა დაიწყო.

ევროპასა და ამერიკაში გამოჩნდა ნახევარავტომატები, რომლებიც გამოირჩეოდნენ დახვეწილი ფორმებით, მექანიზმის სიმარტივითა და მაღალი ფუნქციონალურობით. ლოგიკურია, რომ ასეთი იარაღი მხოლოდ ნიჭიერი მეიარაღეების ოჯახში შეიძლებოდა დაბადებულიყო, ასეთი გახლდათ Benelli Armi. მაგრამ ამ თოფების დაბადებაში განსაკუთრებული როლი კონსტრუქტორ-გამომგონებელს ეკუთვნის.

 

 

ბრუნო ჩივოლანი დაიბადა 1922 წელს გლეხის ოჯახში სან ჯორჯო დი პიანოში. აქ გაატარა გამომგონებელმა ბავშვობა. აქვე წყალგაყვანილობის მილის ნაჭერიდან მან გააკეთა თავისი პირველი თოფი, რითაც ნადირობდა კიდეც. ერთ-ერთი ნადირობიდან დაბრუნებისას, ნანადირევით დახუნძლული ყმაწვილი გააჩერა პოლიციის ინსპექტორმა და თვითნაკეთი თოფი ჩამოართვა.

1935 წელს ჩივოლანი საცხოვრებლად გადავიდა ბოლონიაში და მალევე 13 წლის ყმაწვილი იარაღის ოსტატის, ორლანდო გრანდის შეგირდი გახდა. აქვე მოხდა მისი გაცნობა შიოგრენის ნაკეთობასთან, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება შეუქმნა. აქედან დაიწყო ყმაწვილმა ჩივოლანიმ ოცნება: შეექმნა უფრო თანამედროვე და გამართული კონსტრუქცია.

მეორე მსოფლიო ომის დასაწყისს 17 წლის ჩივოლანი შეხვდა მექანიკურ ქარხნის მუშის სტატუსით, სადაც იწარმოებოდა სამხედრო დანიშნულების პროდუქცია. ომის დასრულების შემდეგ მომავალი გამომგონებელი რკინის ნაკეთობათა პატარა საამქროს ხსნის, სადაც იწყებს შიოგრენის მექანიზმის სრულყოფას. პროტოტიპისაგან განსხვავებით კალაპოტი და მექანიზმი სრულად დახურული დაამზადა. ეს განაპირობებდა ფორმებისა და კინემატიკური სტრუქტურის სრულყოფას, აქვე საჭირო იყო ფოლადის მარკების შესაბამისი შერჩევა და ა.შ.

ხუთწლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგად მიღებულ იქნა მექანიზმის პირველი პროტოტიპი AUTOMATICO. B. CIVOLANI, რომელიც ჩაიდვა მოდელში Montefeltro. კიდევ 5 წლის შემდეგ შეიქმნა მოდელი Raffaello– Automatico. B. Civolani(მექანიზმი დაპატენტდა 1966 წელს).

 

 

ეს გრავირება და წარწერა უშუალოდ დიდი ოსტატის ხელითაა შესრულებული

c7ebb1f43182.jpg

 

 

ბრუნო ჩივოლანის წინადადება, მისი გამოგონება წარმოებაში აეღოთ, უარყოფილი იქნა რამდენიმე საწარმოს მიერ; არავის უნდოდა გაეწია რისკი და სასწორზე შეეგდოთ იმიჯი, რადგან ბრაუნინგის სისტემა(ლულის ინერციაზე) აპრობირებულ-რეკლამირებული გახლდათ. გარდა ამისა არსებობდა მექანიზმები უკუქცეულ გაზებზეც...

სწორედ აქ გამოიჩინეს შესაშური ალღო ძმებმა ბენელებმა და გარისკეს... როგორც შემდგომმა ისტორიამ აჩვენა_ ძალიან წარმატებით!!! 1969 წელს ბენელების ახალმა საწარმომ გამოუშვა მოდელი 121.

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

გაგრძელება :hi3:

 

 

Benelli 121-ის მექანიზმი

8ac7ec7ad995.jpg

 

ბრუნო ჩივოლანის შემდგომი მუშაობა და დახვეწა არ შეუწყვეტია. 1978 წელს გამოვიდა ახალ მოდელთა სერია SL 80. მოდელები 122, 123, Special 80, Extra Lusso და სხვები.

ბენელის თოფების ცნობადობა სწრაფად სცილდება ევროპის ფარგლებს და მალე ხდება მსოფლიო ბრენდი, მოდელს მოდელი მოყვება...

 

1997 წელს ბრუნო ჩივოლანის ვაჟიშვილი დაიღუპა უბედური შემთხვევის შედეგად(იარაღი გაუვარდა). ეს უდიდესი ტრაგედია იყო გამომგონებლის ცხოვრებაში, თუმცა ცხოვრება გძელდება და ბრუნო გარკვეული დროის შემდეგ მაინც დაუბრუნდა შემოქმედებით ხცოვრებას.

შეიქმნა მოდელები Benelli М 4 S 90, Breda Xanthos და სხვები.

ბრუნოს ,,გედის სიმღერა" გახდა მოდელი Xanthos, რომელიც ჩაეშვა კომპანია ბრედას წარმოებაში... დიდი მეიარაღე გარდაიცვალა 2 წლის შემდეგ, რაც Xanthos-მა დღის სინათლე იხილა(2008 წელს).

 

 

 

მოდელი Xanthos_ დიდი მეიარაღის ,,გედის სიმღერა"

f8a874a5c6f1.jpg

 

თოფების გარდა ბრუნოს წვლილი დევს ბენელისა და ფიოჩის პისტოლეტების მექანიზმებშიც...

მუშაობისას უბედური შემთხვევის შედეგად გამომგონებელმა დაკარგა მარცხენა ხელის სამი თითი და შეგვიძლია წარმოვიდგინოთ თუ რა ძალისხმევა დასჭირდებოდა გამომგონებელს ხარატის, ამწყობის და სხვა სამუშაოთა შესრულებისას(ყველა ამ სამუშაოს თავად ასრულებდა).

 

 

 

დიდი მეიარაღის ეს ქმნილება 150 000 გასროლაზეა გათვლილი

 

c12424553769.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

წავედი ლატარიის ბილეთი უნდა შევამოწმო, 186 მილიონია ჯეკპოტი.

თუ მოვცხე და გავარტყი, იარაღის ქარხანა აშენდება ოზურგეთში, რომლის თავიკაცი გურულო იქნება.

 

პ.ს. მართლა რომ ვთხლიშო ნომრები, ე მერე ნახეთ თქვენ გურულების გადარევა. :friends: :friends: :friends:

Link to post
Share on other sites

წავედი ლატარიის ბილეთი უნდა შევამოწმო, 186 მილიონია ჯეკპოტი.

თუ მოვცხე და გავარტყი, იარაღის ქარხანა აშენდება ოზურგეთში, რომლის თავიკაცი გურულო იქნება.

 

პ.ს. მართლა რომ ვთხლიშო ნომრები, ე მერე ნახეთ თქვენ გურულების გადარევა. :friends: :friends: :friends:

 

 

შენ პირს შაქარი ძამა! :*

 

შენ ჯეკპოტი მოხსენი და ქარხანა ქუთაისში გავაკეთოთ. იქ მძიმე მრეწველობის ბაზაა დიდი, თან ამხელა საძმო გვყავს. ეგეც არ იყოს მიმართულებაა: პარლამენტი ქუთაისში, კონტროლის პალატაც მგონი მაქ იქნება(აბა ჩვენ ხომ არ ჩამოვრჩებით სტრატეგიულ გეგმას?!) :alfons:

 

 

ხუმრობის გარეშე კი უნდა ითქვას, რომ ბენელების ოჯახმა უდიდესი სამსახური გაუწია სრულიად საიარაღო ინდუსტრიას იმით, რომ არ ,,გამაზეს" ბრუნოს წინადადება

 

ეს ძმები ბენელებია

daa57580659f.jpg

 

 

 

ეს კი ბრუნო ჩივოლანი თავსი გამოგონების გამოცდისას(ამ შემთხვევაში პისტოლეტით)

 

22c65f07cc5e.jpg

Link to post
Share on other sites
  • 9 months later...

ლეოპოლდ ბერნარი

 

XVIII—XIX საუკუნეების მიჯნაზე ვერსალის საიარაღო მანუფაქტურის ლულების ოსტატმა ნიკოლა ბერნარმა მიიღო დავალება შეესწავლა ლულების წარმოებაში დამასკური ფოლადის გამოყენების საკითხი. ის გახლდათ პირველი ევროპელი ოსტატი, რომელმაც მიიღო დადებითი შედეგები ამ კუთხით 1804 წელს, თუმცა მისი სახელი განსაკუთრებით ცნობადი არ გამხდარა.

პირველ პარიზულ დამასკის ლულებზე ისმებოდა საწარმოს მფლობელების, ლეკლერისა და რენეტის დამღები. ამ პერიოდში ნიკოლა ბერნარი ვერსალის მანუფაქტურაში მოღვაწეობდა და საკუთარი წარმოება არ გააჩნდა. მხოლოდ ამ მანუფაქტურის ლიკვიდაციის შემდეგ ლეპაჟმა მისცა მას თანხა რათა დაეწყო საკუთარი ლულების წარმოება. 1821 წელს გარკვეულმა გარემოებებმა ლეპაჟისა და ბერნარის ტანდემი განაცალკევა. შემდეგი ორი წელი ბერნარი მუშაობდა რენეტთან, ხოლო 1823 წელს მოახერხა საკუთარი საქმის წამოწყება.

ნიკოლა ბერნარის მთავარი თანამშრომლები გახდნენ მისივე ვაჟიშვილები ლეოპოლდი და ალბერტი. 1835 წელს კი ლეოპოლდი მამის საქმის ერთადერთი გამაგრძელებელი აღმოჩნდა.

ლეოპოლდ ბერნარი დიდი ნიჭითა და შრომისმოყვარეობით დაჯილდოებული ადამიანი გახლდათ. სწორედ მან განავრცო და მასშტაბები შესძინა საგვარეულო საქმეს_ ასე რომ ისტორიაში სწორედ მისი სახელი დარჩა.

ბევრმა სირთულემ ლეოპოლდ ბერნარი ძიებისა და კვლევის მორევში ჩაითრია, ვიდრე საბოლოოდ 1849 წელს მან არ მიიღო შედეგი, რომელიც უკვე გარღვევა იყო სამხედრო კუთხით დამასკური ლულების წარმოებაში. სწორედ ამ პერიოდიდან ამ ლულებს ბერნარის უწოდეს და იდამღებოდა მისი საკუთარი დამღით.

მთელმა მსოფლიომ აღიარა ამ ლულების უპირატესობა, რისი საუკეთესო დადასტურებაც გახლდათ სხვადასხვა მწარმოებლების მიერ ბერნარის დამღის გაყალბება(განსაკუთრებით ამ საძრახისი საქმით ლიეჟელი ლულის ოსტატები ცოდავდნენ).

ლეოპოლდ ბერნარი ცალსახად აღწევდა წარმატებებს ყველა გამოფენასა და დათვალიერებაზე. 1855 წელს ის გახდა საფრანგეთის ხელისუფლების საპატიო ლეგიონის ჯვრის კავალერი. ხოლო 1867 წელს კი ამავე წოდების ოფიცრობა უბოძეს. სწორედ ამ ორდენის გამოსახულება ფიგურირებს ბერნარის დამღებში.

1870 წელს დიდი ოსტატი გარდაიცვალა ყვავილით, რომლის ეპიდემიამ მოიცვა მაშინ მთელი პარიზი.

საქმე გააგრძელა ბერნარის ქვრივმა ლეოპოლდის ძმიშვილთან, ნიკოლასთან ერთად.

1884 წელს ფორ-ლეპაჟის თაოსნობით ჩამოყალიბდა სააქციო საზოგადოება, რომელმაც ბერნარის ქვრივისაგან შეისყიდა საწარმო და ფირმა. შეინარჩუნეს ყველა ოსტატი, ხოლო ისინი ვინც ბერნართან იმუშავა 30 წელი და მეტი დაჯილდოვდნენ სახელმწიფო მედლებით.

 

დამღები

 

ზემოთ აღვნიშნეთ, რომ ბერნარის ლულებს აყალბებდნენ...

ჭეშმარიტად აღიარებენ მხოლოდ იმ ლულებს, რომლებსაც აწერიათ ,,ლეოპოლდ ბერნარი, მელულე პარიზში"

Leopold Bernard, Canonier a Рaris და ,,ალბერტ ბერნარი მელულე პარიზში" Albert Bernard, Canonier a Рaris.

 

ლიეჟში დამზადებულ ლულებს ეწერა ,,ე. ბერნარი მელულე პარიზში"

 

1901 წლიდან ბერნარის ლულების საწარმო უშვებდა შედარებით იაფიან ლულებს, თუმცა მათი დამღა იკითხებოდა მხოლოდ ასე L. B.(გვირგვინითურთ) ,,ლულა პარიზიდან"

 

 

5c99dd0b67bd.jpg

 

 

ea7aef182ba8.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 1 year later...

Frederick Beesley

 

 

dd70a9d1946f.png

 

 

 

ინგლისურ საიარაღო ფირმათა შორის არის ერთ-ერთი, რომელიც ყოველთვის ჩრდილში იდგა, თუმცა მისი სახელი თითქმის ყველა იარაღის მოყვარულმა იცის, ესაა ფირმა "ფრედერიკ ბიზლი".

ბიზლი ცნობილია როგორც გამომგონებელი საკეტისა, რომლითაც პერდემ მსოფლიოს მეიარღეთა გვირგვინი მიიღო.

ფრედერიკ ბიზლი უნივერსალი მეიარღე გახლდათ. მას ეკუთვნის საიარღო მექანიზმების არა მარტო ორი ათეული გამოგონება და პატენტი, არამედ მისი ნახელავია თავად თოფები, რომლებიც კოლექციონერთა ოცნება გახლავთ.

ფრედერიკ ბიზლიმ თავისი კარიერა ლონდონში 15 წლის ასაკში დაიწყო ოსტატის თანაშემწედ ფირმაში William Moore & William Grey. აქ მომავალი მეიარაღე ჯოზეფ მენტონის სკოლის სტილს გაეცნო. 1869 წელს ბიზლი პერდეში გადადის და მეკონდახედ იწყებს მუშაობას. 1874 წელს ფრედერიკი გამოდის პერდედან და ხსნის საკუთარ საამქროს მისამართზე 22 Queen Street, Edgeware Road. სწორედ აქ იწყება მუშაობა სასხლეტ-დამცემ მექანიზმზე, რომელმაც შემდგომ მსოფლიო აღიარება მოუპოვა პერდეს. 1879 წელს სწორედ აქედან გაუგზავნა ბიზლიმ წერილი პერდე უმცროსს, რომელშიც საკუთარი გამოგონების შესახებ ატყობინებდა.

პერდე შეხვდა მის ყოფილ თანამშრომელს და უმაღლესი შეფასება მისცა მის საკეტს. უმაღლესი რანგის მეიარაღემ იგრძნო თუ რა მოგების მოტანა შეეძლო ახალ გამოგონებას და იქვე შესთავაზა შეესყიდა მისი გამოგონება.

1880 წლის 3 იანვარს ბიზლიმ დააპატენტა თავისი გამოგონება და იქვე ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმადაც გამოგონება მიეყიდა პერდეს 20 გირვანქა სტერლინგად. ამას ემატებოდა ყოველ წარმოებულ იარღზე 5 შილინგი. შემდგომი მოლაპარაკებების შედეგად გამომგონებელს ყოველ იარღზე 5 შილინგის ნაცვლად ერთიანად გადაეცა 35 გირვანქა სტერლინგი და 1880 წლის 16 ნოემბერს პერდემ მიიღო ბიზლის საკეტის 14 წლიანი წარმოების უფლება.

722093a6111e.jpg

 

 

როგორც აღვნიშნავდით, ბიზლი ნაყოფიერი გამომგონებელი გახლდათ. მას ეკუთვნის 21 გამოგონება, რომელთაგან რამდენიმე საკუთარ თოფებში განხორციელდა. ასეთ თოფებს ბიზლი სპეციალურად შემკვეთებისათვის ამზადებდა. გამოგონებების და იდეების უმრავლესობა სხვადასხვა ფირმებს მიეყიდებოდათ ან საჩუქრად გადაეცემოდათ, მათ შორის "კოგსველ და ჰარისონს", "ვუდვარდს და ვაჟიშვილებს" და სხვებს. 1889 წელს ბიზლიმ გამოიგონა ეჟექტორული სისტემის რამდენიმე საბაზო ვარიანტი, რომელთაგან ერთ-ერთი 1893 წელს დააპატენტა "ჰოლანდ-ჰოლანდმა"(სავადაუდოდ იდეა საჩუქრად გადაეცა ბიზლისაგან).

დამოუკიდებელი საწარმო Frederick Beesley შეკვეთებს თოფებზე იღებდა 1879 წლიდან 1939 წლის მარტამდე. ბოლო მისამართი სადაც რეგისტრირებული გახლდათ ფირმა იყო N2 St. James Street, London. ამ მისამართზე ფირმა არსებობდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე, როდესაც შეუერთდა ფირმა Stephen Grant & Joseph Lang- Ltd-ს. დამოუკიდებლად არსებობის 60 წლის მანძილზე ფირმამ დაამზადა არა უმეტეს 3 ათასი ცალი თოფისა.

დამფუძნებლის სიცოცხლეში ფირმა იყო პატარა საამქრო, რომელშიც მუშავდებოდა იდეები და ტექნოლოგიები. ბიზლის ხელდასმით დამზადებულია არა უმეტეს 2000 ცალი თოფისა.

დიდი მეიარაღე ფრედერიკ ბიზლი გარდაიცვალა 1928 წლის 28 იანვარს.

 

845640ec0be9.png

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites

ასე გამოიყურება ბიზლის ყველაზე ცნობილი პატენტის იურიდიული დადასტურება

 

c3b352d20713.png

 

ბიზლის მიერ დამზადებული თოფების უმრავლესობა რთული კონსტრუქციებით გამოირჩევა, თუმცა მათი ფუნქციონალურობა დღემდე უტყუარია. ისინი თავიდან ბოლომდე ყველა ხელითაა დამზადებული და არასოდეს ყოფილა სერიული. ერთ-ერთი ასეთი ხელნაკეთი სერიათაგანია Shotover. ისინი 1920 წლის დასაწყისში დამზადდა. ბიზლიმ ამ მოდელზე პატენტი მიიღო 1913-1914 წლებში. პატენტი ეხება არა მხოლოდ სასხლეტ-დამცემ, ჩამკეტ, ეჟექტორულ კვანძებს, არამედ დიზაინსაც კი.

 

6537dc0da522.jpg

 

 

 

1983 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღდგენილიყო ფრედერიკ ბიზლის საამქრო და დღეისათვის მისი მასშტაბები სწორედ იმ ზომისაა, რაც დაფუძნების პერიოდში. ისევე როგორც 1930-იან წლებში ამ მცირე საწარმოში ხელით მზადდება დამფუძნებლის კონსტრუქციის თოფები, მათ შორის Shotover. უნდა აღინიშნოს, რომ შემკვეთთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა თოფების დიდი თვითღირებულების გამო.

 

a490519fecd2.jpg

Edited by Gurulo
Link to post
Share on other sites
  • 5 months later...

Gévelot

 

სიტყვა "ჟეველო" ნებისმიერი მონადირისათვის ასოცირდება ყველაზე გარცელებულ ამფეთქებელთან. დანამდვილებით შეიძლება ითქვას_ რომ არა ჟეველოების ოჯახი, თანამედროვე ვაზნას სულ სხვა სახე ექნებოდა.

ჟოზეფ მარინ ჟეველომ 1816 წელს პარიზში, სენ-დენის ქუჩაზე საკუთარი საიარაღო საამქრო გახსნა (Armurier, Arquebusier,Fourbisseur et Ceinturonnier). 1823 წელს მან დაამზადა და დააპატენტა კაფსულ-დეტონატორი, რომლის საფუძველიც ვერცხლისწყლის ფულმინატი, იგივე მგრგვინავი ვერცხლისწყალი გახლავთ(ეს არის თეთრი ან რუხი ფერის, წვრილკრისტალური ფხვიერი ნივთიერება. შხამიანია და ცუდად იხსნება წყალში. სიმკვრივე 4,42 გ/სმ კუბში. აფეთქების ტემპერატურა 170-180 გრადუსი. დეტონაციის სიჩქარე - 4850 მ/წმ. აღნიშნული ნივთიერება მეტად მაღალმგრძნობიარეა გარე ზემოქმედებაზე, დასველებისას კარგავს ამფეთქ თვისებას. ურთიერთქმედებს ალუმინთან რაც გამოიხატება მისი ამოჭმით, ამის გამო მგრგვინაცი ვერცხლისწყლის კაფსულები არ მზადდება ალუმინისგან). ახალი კაფსული ბევრად უფრო უსაფრთხო იყო ვიდრე სამუელ პაულის დეტონატორი. ასე დაედო საფუძველი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დეტონატორისა და ვაზნების წარმოება სახელწოდებით "ჟეველო".

ამ მოვლენიდან მალე ჟოზეფ მარინ ჟეველოსა და კაზიმირ ლეფორსეს შორის იწყება მჭიდრო თანამშრომლობა, რაც გამოიხატებოდა ლეფორშეს სარჭიანი ვაზნების მოდერნიზებაში. 1843 წელს ჟოზეფ მარინი გარდაიცვალა და საწარმო მემკვიდრეობით გადაეცა მის 18 წლის ვაჟიშვილს ჟიულ ფელიქს ჟეველოს. ჟიულ ფელიქსი ბავშვობიდან მეგობრობდა კაზიმირ ლეფორშეს ვაჟთან ევგენისთან, რომელმაც თავის მხრივ 1852 წელს 20 წლის ასაკში, მამის სიკვდილის შემდეგ, მემკვიდრეობით მიიღო საიარაღო საწარმო. ორმა ახალგაზრდამ შეინარჩუნა არა მარტო ბავშვობის მეგობრობა, არამედ გააგრძელეს მშობლების საქმე და უფრო მეტიც_ ევგენიმ და ჟიულმა გახსნეს ერთობლივი საიარაღო საწარმო, სადაც დაიწყეს უნიტარული ვაზნის წარმოება, რომელიც განთავსებული გახლდათ მკვრივ მასრაში. ეს გახლდათ დღევანდელი საბრძოლო მასალის პროტოტიპი. ამ ვაზნებზე დამყარებული პისტოლეტები და იარაღი მალე გახდა პოპულარული მთელ მსოფლიოში.

1859 წელს ჟიულ ფელიქს ჟეველომ გახსნა დამოუკიდებელი საწარმო ქალაქ ისი-ლე-მულინოში, სადაც ამზადებდნენ ვაზნებს(1884 წლიდან ცნობილი კონცერნი Société Française de Munitions (SFM))

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...

gustav kersten

 

cc49679f3099.jpg

 

პირველი კერსტენი, რომელიც გერმანიაში გამოჩნდა ეროვნებით შვედი გახლდათ. ის შვედეთის მეფის ჰუსტავ მეორის საჯინობოს მჭედელი და შეთავსებით ვეტერინარი გახლდათ. 1632 წელს შვედი მეფე ლიუტცენისათვის ბრძოლაში დაეცა, ხოლო კერსტენი მძიმედ დაიჭრა და აქვე გერმანიაში დარჩა... გამოჯანმრთელების შემდეგ გერმანელი ქალი შეირთო და აქედან დაუდო სათავე კერსტენების მეიარაღეების დინასტიას.

მისი შთამომავალი გახლდათ ჰუსტავ კერსტენი, რომელიც XIX-XX საუკუნეებში მოღვაწეობდა პრუსიის არმიის სამხედრო მეიარაღედ.

ჰუსტავის დისშვილი გახლდათ ფრანც ეგერი, რომელიც თავის მხრივ ნიჭიერი გამომგონებელი და მეიარაღე იყო(იხილეთ შესაბამისი თემა F. Jäger & Со Gewehrfabrik Suhl).

საიარაღო ისტორია იცნობს კერსტენის რამდენიმე საკეტ სისტემას.

პირველი გახლავთ ე.წ. ორმაგი გრინერი ან მეორენაირად "სტრასბურგული ურდული", რომელიც წარმოიშვა 1899 წელს, ხოლო მასზე პატენტი (D.R.G.M.) № 252511 მიღებული იქნა 1905 წლის 6 მაისს.

ed69eb4e8c74.jpg

 

 

 

კერსტენის საკეტის მეორე სისტემა დაპატენტდა 1902 წლის 5 მარტს D.R.P. № 141334

7422611a16c8.jpg

 

 

თავისი ბოლო საკეტი სისტემა კერსტენმა დააპატენტა 1907 წლის 8 დეკემბერს D.R.P. № 201507. ამ პატენტში სახეცვლილია, თუმცა გარკვეულწილად მეორდება 1902 წლის იდეა.

 

 

საკეტების გარდა ჰუსტავ კერსტენს ეკუთვნის პატენტები პისტოლეტებში, ეჟექტორებზე, ვაზნებზე და ა.შ.

შემდგომში მისი გამოგონებები დახვეწილ იქნა ისეთი მეიარაღეების მიერ, რომლებიც სანადირო იარაღის ესთეტიურ მხარეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. ჰუსტავ კერსტენის მხრიდან კი დახვეწილ ფორმებსა და სილამაზეზე ნაკლებად იყო გამახვილებული ყურადღება, რამეთუ ის ტიპიური სამხედრო მეიარღე გახლდათ. მიუხედავად ამისა კერსტენის გვარი მეიარაღეობის ისტორიაში დიდი ასოებითაა ჩაწერილი(ამაში განსაკუთრებით წვლილი ფირმა მერკელს ეკუთვნის).

post-28-0-52374600-1459843705_thumb.jpg

post-28-0-37309400-1459843718_thumb.jpg

Link to post
Share on other sites
  • 11 months later...

აქ ოტო რაიფზეა საინტერესო სტატია,იქნებ ვინმეს დააინტერესოს!!!

https://shotguncollector.com/2017/01/18/%D0%BE%D1%82%D1%82%D0%BE-%D1%80%D0%B0%D0%B9%D1%84-%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B5%D1%86-%D0%BB%D0%B5%D0%B3%D0%B5%D0%BD%D0%B4%D1%8B/

Link to post
Share on other sites

ძალიან საინტერესოა. მამუკა, თუ რამე მსგავსს ნახავ, არ დაგვტოვო ინფოს გარეშე :hi:

 

 

 

აქ ოტო რაიფზეა საინტერესო სტატია,იქნებ ვინმეს დააინტერესოს!!!

https://shotguncollector.com/2017/01/18/%D0%BE%D1%82%D1%82%D0%BE-%D1%80%D0%B0%D0%B9%D1%84-%D0%BA%D0%BE%D0%BD%D0%B5%D1%86-%D0%BB%D0%B5%D0%B3%D0%B5%D0%BD%D0%B4%D1%8B/

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...