Jump to content
Club-Monadire.Ge

საქართველოს ეკლესია


Recommended Posts

  • Replies 378
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

მეუფე ისაია, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი. ღმერტმა გვიმრავლოს ასეთი მღვდელმთავრები.    

Posted Images

http://www.kvirispalitra.ge/martlmadidebluri/16895-qdamigdeth-yuri-babua-uyureth-ghmerthsa-ra-uyos-mtersaq.html

 

 

 

 

დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!..♥

Link to post
Share on other sites

როცა იოსებმა და ნიკოდიმოსმა ჯვარცმული მაცხოვარი ძელიდან გარდამოხსნეს, იუდეველებმა, პასექის დიდი დღესასწაულის წინ გუნება რომ არ გაფუჭებოდათ იმ `სამარცხვინო~ ძელების ხილვით, რომლებზეც იესო და ორი ავაზაკი აცვეს ჯვარს, სამივე იქვე, გოლგოთაზე ჩაფლეს.

ქრისტეს შობიდან 70 წელს აჯანყებული იერუსალიმი რომაელმა მხედართმთავრებმა აიღეს და სახელგანთქმული ტაძარი საძირკვლამდე დაანგრიეს. იუდეველთა დედაქალაქი ნელ-ნელა წარმართებით აივსო. მალე მათ გოლგოთაზე, სწორედ იმ ადგილას, სადაც სამი ჯვარი იყო ჩამარხული, ვენერას სახელობის ტაძარი ააგეს. დაიწყო ქრისტიანთა უმოწყალო დევნა, რომელიც სამი საუკუნე გაგრძელდა. უფლის ჯვრის პოვნის სურვილი რომც ჰქონოდათ მორწმუნეებს, იმხანად ეს შეუძლებელი იყო - ვენერას ტაძარს მათ არავინ დაანგრევინებდა. ასე რომ, ჯვარი, რომელზეც მაცხოვარი აღესრულა, სამი საუკუნის განმავლობაში მიწაში იყო დაფლული და მისი სამყოფელი დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა.

 

კონსტანტინე დიდის გამეფების შემდეგ ქრისტიანებმა შვება იგრძნეს, 313 წელს კი იმპერატორის ბრძანებით ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდა. კონსტანტინეს ეს მას შემდეგ გადაუწყვეტია, რაც ზეცაში სამგზის უხილავს ჯვარი პატიოსანი წარწერით: `ამით სძლევო”. იმპერატორის ბრძანებით, ჩამოუსხამთ ოქროს ჯვარი და თვალ-მარგალიტით შეუმკიათ. კონსტანტინეს ჯარისთვის ეს ჯვარი წაუმძღვარებია წინ და სამგზის უძლევია მოწინააღმდეგე.

 

როცა ჭეშმარიტად იგრძნო ჯვრის ძალა, წმინდა კონსტანტინემ ძელიცხოვლის (მაცხოვრის ჯვრის) მოსაძებნად იერუსალიმში დედა გაგზავნა. წმინდა ელენე უკვე ოთხმოცი წლის ყოფილა, მაგრამ ახალგაზრდული მონდომებით აუტაცია შვილის სურვილი.

დედოფალი პირველ რიგში იერუსალიმის პატრიარქ მაკარიოსს სწვევია, მაგრამ არც მას სცოდნია ჯვრის ადგილსამყოფელი.

ბოლოს გამოჩნდა ერთი იუდეველი, რომელმაც ის ადგილი მიუთითა, სადაც ჯვრები უნდა ყოფილიყო ჩამარხული. ელენე დედოფლის ბრძანებით ვენერას ტაძარი დაანგრიეს და მიწა გათხარეს. იპოვეს სამი ჯვარი, ეკლის გვირგვინი, ლურსმნები და ფიცარი წარწერით ”ინმჰ” - ”იესო ნაზარეველი, მეუფე ჰურიათა”. წარწერიანი ფიცარი ცალკე იდო, ამიტომ ვერაფრით მიხვდნენ, რომელი ჯვარი იყო ქრისტესი. მაშინ პატრიარქის რჩევით სამივე წააბრძანეს ერთი ქალის სახლში, რომელიც სასიკვდილო სენით იყო შეპყრობილი, ილოცეს და ჯვრები სათითაოდ შეახეს სნეულს. უფლის ჯვრის შეხებისთანავე ქალი საღ-სალამათი წამოდგა ფეხზე. ძელიცხოვლის რწმენა კიდევ უფრო განუმტკიცდათ, როცა მისი შეხებით მკვდარი გაცოცხლდა.

 

მთელი იერუსალიმიდან დაიძრნენ ძელიცხოვლის სანახავად. მორწმუნენი კრძალვით და სიყვარულით მიეახლებოდნენ უფლის ჯვარს. ყველას რომ დაენახა, პატრიარქი მაკარიოსი შემაღლებულ ადგილას დადგა და ჯვარი აღამაღლა (სწორედ აქედან იღებს სათავეს ჯვართამაღლების დღესასწაული). ელენე დედოფლის ბრძანებით გააკეთეს ვერცხლის ლუსკუმა, რომელშიც ძელიცხოველი ჩაასვენეს და პატრიარქს მიაბარეს შესანახად. წმინდა ელენემ მრავალი ტაძარი ააგო იერუსალიმში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა. თან წაიღო ეკლის გვირგვინი, ძელიცხოვლის ნაწილი და ლურსმნები.

 

რა ბედი ეწია ამ სიწმინდეებს?

სასწაულმოქმედი ჯვრის ნაწილი მეფე კონსტანტინემ ოქროს კიდობანში ჩააბრძანა. ერთი ლურსმანი ელენე დედოფალმა კონსტანტინოპოლში დაბრუნებისას აბობოქრებული ზღვის დასამშვიდებლად ჩააგდო წყალში. მეორე ლურსმანი იმპერატორმა მუზარადში ჩაამაგრა, მესამე - ცხენის აღვირში, მეოთხე სამსჭვალი კი დედოფალმა ერთ წარჩინებულს მიაბარა შესანახად.

614 წელს სპარსეთის შაჰმა ხოსრომ დაიპყრო ეგვიპტე და პალესტინა, რომელიც იმ დროს ბიზანტიის იმპერიის პროვინცია იყო. სპარსელებმა გაძარცვეს იერუსალიმი, დაატყვევეს პატრიარქი ზაქარია და ძელიცხოველთან ერთად სპარსეთში წაიყვანეს. მეფემ ვერ გაბედა სასწაულთმოქმედი ჯვრის განადგურება და ხელი არ ახლო.

 

თოთხმეტი წლის შემდეგ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ სპარსელები დაამარცხა და ძელიცხოველი ისევ იერუსალიმში დააბრუნა. ამ დროს ერთი სასწაული მოხდა: მეფურად შემოსილმა ჰერაკლემ იერუსალიმს რომ მიაღწია, მოიკიდა ჯვარი და გზას გაუდგა, მაგრამ გოლგოთასთან მისული ალაყაფის წინ შედგა და დიდი მცდელობის მიუხედავად, ნაბიჯიც ვეღარ გადადგა. მაშინ პატრიარქმა ზაქარიამ უთხრა: მეფეო, ჩვენს უფალს ჯვარი ამგვარად არ უტვირთიაო. ჰერაკლემ განიძარცვა სამეფო შესამოსელი და ჯვარი დაუბრკოლებლად ააბრძანა გოლგოთაზე

 

მას მერე გავიდა საუკუნეები. მიუხედავად მრავალი განსაცდელისა, ძელიცხოველმა ჩვენს დრომდე მოაღწია. ამჟამად ის იერუსალიმში, უფლის აღდგომის ეკლესიაშია დავანებული, ოღონდ იმხელა აღარ არის - საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანებმა სასწაულთმოქმედი ჯვრიდან მრავალგზის ამოიღეს ნაწილები, რომელთაც დღესაც ნახავთ მთელ ევრაზიაში.

ქართველებს IV საუკუნეშივე გვარგუნა უფალმა ეს დიდი წყალობა. მას შემდეგ, რაც წმინდა მირიანთან ერთად მთელი ქართლი მოინათლა, ახალგაქრისტიანებულმა მეფემ ბიზანტიაში წარავლინა ეპისკოპოსი იოანე და იმპერატორს სთხოვა, ებოძებინა ქართველთათვის ნაწილი ძელიცხოვლისა. დიდად გაუხარდა კონსტანტინე კეისარს ქართველთა გაქრისტიანება და მირიანს წმინდა ჯვრის ნაწილები გამოუგზავნა: ფიცარი, რომელზეც უფლის ფერხნი იყო დამსჭვალული და ორი ლურსმანი. გამოატანა ურიცხვი განძიც მისი სახელით ტაძართა ასაშენებლად.

 

ქართლისკენ მომავალ წმინდა იოანეს გზადაგზა დაუტოვებია ეს სიწმინდენი: ერუშეთს - განძის ნაწილი და უფლის სამსჭვალი, ხოლო მანგლისში - ფერხთა ფიცარი.

XIII საუკუნის დასაწყისში დავით ნარინს, რუსუდანის ძეს, უფლის სამსჭვალისთვის გაუმზადებია ჩასაბრძანებელი - ძვირფასი ქვებით შემკული ოქროს მიტრა, რომელიც, როგორც პლატონ იოსელიანი გვამცნობს, მანგლელი ეპისკოპოსისთვის შეუწირავს. მოგვიანებით სამსჭვალი და მიტრა თბილისის სიონის ტაძარში გადაიტანეს.

 

მეფე არჩილს ქრისტეს სამსჭვალთა დიდი სასოება ჰქონდა. თურმე მის წინ აფიცებდა ორგულებს და, როგორც მატიანე მოგვითხრობს, ”ტყუილად ფუც” უეცრად დახოცილან კიდეც ედიშერ და ოთარი, არაგვის ერისთავი. როცა ყაენმა არჩილის საქართველოდან გაძევება მოითხოვა, მას მეფე გიორგისთვის უთქვამს, წავალ რუსეთში, თუ ქრისტეს სამსჭვალს, სუდარას და საბელს გამატანთო. გაუძნელდა მეფეს, მაგრამ მაინც შეუსრულა სათხოვარი. წაიღო არჩილმა სიწმინდეები რუსეთში ”და მოაკლდა მიერით ნიჭნი ესე ღვთისანი ქართლს”. ეს იყო 1681 წელს. არჩილმა სიწმინდენი კრემლის მიძინების ეკლესიას მიაბარა შესანახად.

 

1917 წლის რევოლუციის შემდეგ ეკლესიის საგანძური კრემლში მდებარე მუზეუმს, იარაღის პალატას გადაეცა, მათ შორის ეს მიტრაც.

რაც შეეხება მეორე სამსჭვალს, ღვთის წყალობით, ის დღესაც საქართველოს ეკლესიის კუთვნილებაა.

ძელიცხოვლის ნაწილი ჩატანებული იყო წმინდა თამარ მეფის გულსაკიდ ჯვარში, რომელსაც ზურგზე ასეთი წარწერა აქვს: ”ძელო ჭეშმარიტო, ძალო ჯვარისაო, შენითა წინაძღომითა ყოვლადვე შემწე და მფარველ ექმენ მეფესა და დედოფალსა თამარს”.

 

ნიქოზის ტაძარში 1798 წლამდე ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილების ჯვარი, დაახლოებით 17,6 სმ სიმაღლისა, ”ალავერდისა ძელისა ჭეშმარიტის მიხედვითა ორგზის დიდი”. ოქროს მოჭედილობის წარწერის მიხედვით, იგი წმინდა ვახტანგ გორგასალს ჩამოუტანია, ხოლო შემდგომში რუსუდან დედოფალს განუახლებია. 1798 წლის ივლისში ნიქოზის ეპისკოპოსის ათანასეს ბრძანებით ჯვარი ეკლესიის გარეთ საწიგნეზე დაუსვენებიათ და მის წინ დაუფიცებიათ თავადნი ამირეჯიბნი და მათი მოდავენი, იმერეთის მესაზღვრენი. ფიცის შემდეგ ეკლესიის მცველთ ძელი ჭეშმარიტის საწიგნიდან აღება და შენახვა დავიწყებიათ, მხოლოდ მწუხრის შემდეგ მოუკითხავთ, მაგრამ ვეღარ უპოვიათ. ერთხანს მის მოპარვას წერეთლისა და აბაშიძის გლეხებს აბრალებდნენ. დიდხანს ეძებეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მის კვალსაც ვერ მიაგნეს. ასე დაგვეკარგა საუკუნოდ ეს სიწმინდე... ამის გამო გიორგი XII-მ ათანასე ნიქოზელს კათედრა ჩამოართვა და გარეჯის მონასტერში გაგზავნა. მხოლოდ მეფე გიორგის გარდაცვალების შემდეგ დაუბრუნდა მღვდელმთავარი თავის სამწყსოს.

 

ძელიცხოვლის ნაწილები ჩატანებული ყოფილა IX-X საუკუნეების მარტვილის ენკოლპიონისა (რომელიც ხოსროვანუშ დედოფალს ეკუთვნოდა) და ე.წ. კვირიკეს ჯვარში, რომელიც მეფე კვირიკესთვის შეიქმნა, ასევე - ერმიტაჟში დაცულ ჭედურ სტავროთეკაში, ე.წ. შალიანის ხატში, რომელიც მთელ სვანეთში (და არა მარტო იქ) იყო განთქმული თავისი ძლიერებით, სილიხანის ოთხსცენიან ხატსა და წალენჯიხის მაცხოვრის ხატში, რომელიც ახლა ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში ინახება. ძელიცხოველი იყო ჩაბრძანებული ქუთაისის ისტორიულ მუზეუმში დაცულ ე.წ. საჰაკდუხტის სანაწილეშიც.

 

1109 წელს იერუსალიმში წმინდა საფლავის კანტორმა ანსელუსმა შეიძინა ძელიცხოვლისგან ამოღებული ჯვარი და პარიზის ღვთისმშობლის ტაძარს უძღვნა. მისი თქმით, ეს ჯვარი მან ქართველთა მეფის დავითის ქვრივისგან შეიძინა. რამდენად სარწმუნოა ეს ცნობა, თავად გასნაჯეთ - წმინდა მეფე დავითი ხომ ამ დროს ჯანმრთელი და საღ-სალამათი იყო. თუმცა კი უნდა ითქვას, რომ ანსელუსის შეწირულ ჯვარს დიდად აფასებდნენ ფრანგები.

 

საინტერესოა, ნამდვილი იყო თუ არა ძელიცხოვლის ყველა ნაწილი. ზურაბ ავალიშვილი წერს: ”მორწმუნე მკვლევარებმა, ტრადიციის დამცველებმა, ვერ მოითმინეს და იმის დამტკიცებას ეცადნენ, რომ ყველა ხის ნაჭერი, რომლებიც ძელი ჭეშმარიტის ნაწილებად ითვლება, რომ გაზომოთ და მათი საერთო კუბი შინაარსი იმას შევადაროთ, რაც უნდა ყოფილიყო იესო ქრისტეს ჯვარი, გამოჩნდება, რომ ცნობილი ნაწილების ჯამი, სამჯერ გადიდებული, ერთ მეათედსაც არ შეადგენს იმ ხის მასისას, რომელიც უნდა ჰქონოდა იესო ქრისტეს ჯვარს მეცნიერული გამოკვლევითა და გამოანგარიშებით.

ერთხელ მამა გაბრიელი (ურგებაძე) მცხეთაში სამთავროს ეკლესიას ალაგებდა. წმინდა მირიანისა და ნანას სვეტის ნიშში ძელიცხოვლის ნაწილი უპოვია: ”როცა პირველად შევეხე, რაღაც ძალამ უკან გადმომაგდოო”, - ჰყვებოდა ბერი. მეუფე დანიელსა და მამა გაბრიელს ეს სიწმინდე საკურთხეველში შეუბრძანებიათ. მას თაყვანსაცემად მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე გამოაბრძანებენ ხოლმე.

Link to post
Share on other sites

http://www.youtube.com/watch?v=t_mQXD4lSKo

 

 

 

მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო,

მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო,

ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო;

მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო;

ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო,

ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო?

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო,

ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო.

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო;

დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო!

ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო;

წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო,

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო;

მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო.

თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო.

 

ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო:

დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო.

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო!

არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო?

მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო;

ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო.

 

უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო,

პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო.

ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო!

მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო!

 

განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო;

რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო!

ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო.

ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო!

 

დავით გურამიშვილი

Link to post
Share on other sites

იესოს ლოცვა:

„უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი“

''ამ ლოცვას 2000 წლის ისტორია აქვს. წმინდა მამების აზრით, იგი მისტიკური ძალისა და მნიშვნელობის მქონეა. მას იმეორებდნენ წმინდა მოციქულები და წმინდა მამები. ჩვენც ამ ლოცვას განუწყვეტლივ უნდა ვიმეორებდეთ, რადგანაც იგი წმენდს, ზღუდავს და იცავს გულსა და გონებას ბოროტი გულის-თქმისა და აზრებისაგან. შემდეგ ეს შინაგანი ლოცვა უკვე წინაპირობა ხდება ღვთაებრივი ნათლის გამობრწყინებისა. იესოს ლოცვას ვლოცულობთ, როგორც ხმამაღლა, ასევე - გულში. იგი შეგვიძლია ვიმეოროთ ნებისმიერ მდგომარეობაში - ვზივართ თუ ვწევართ, ვჭამთ თუ ვმგზავრობთ, გვიჭირს თუ გვილხინს.''

Link to post
Share on other sites

დიაგნოზს გვისვამს უწმინდესი და მკურნალობის გზასაც გვაჩვენებს, მაგრამ რომ არ გვინდა მკურნალობა?!

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე

 

 

http://for.ge/view.php?for_id=23369&cat=3

Link to post
Share on other sites

რიცხვი 666 და ანტიქრისტე.

მამა პორფირემ ჩემი ხელი გულზე მიიკრა და მითხრა:

`მამა ათანასე, ახლა მე ბრმა ვარ, ჩემი ხორციელი თვალნი აღარ მემსახურებიან, ვინაიდან ჰიპოფიზის კიბო მჭირს. მაგრამ მაქვს სულიერი თვალნი, რომლებიც ხედავენ. სანამ წახვალ, მინდა მომიყვე, მამა ემილიანემ (დაიბადა 1935 წელს, ცნობილი ათონელი მამა, 2000 წლამდე სიმონ-პეტრას მონასტრის იღუმენი) რა თქვა 666 რიცხვსა და ანტიქრისტეზე~.

ჩვენი საუბარი შედგა ჩერნობილის კატასტროფიდან რამდენიმე დღის მერე. მთელი სამყარო აღელვებული იყო და ხალხი ჯგუფ-ჯგუფად მიდიოდა მამებთან, განსაკუთრებით მამა პორფირესთან (იგი სიცოცხლის ბოლოს ათენში, პოლიკლინიკის ეკლესიაში მსახურობდა) და აღელვებული ეკითხებოდა: `ახლა რა მოხდება? ანტიქრისტე მოვა და ბეჭედს დაგვასვამს 666 რიცხვით?~

ვუპასუხე: `მამაო, ერთ-ერთი ბოლო საუბრისას მამა ემილიანემ მითხრა,რომ კი არ უნდა ვღელავდეთ, არამედ იმაზე ვზრუნავდეთ, რომ ცოცხალი ურთიერთობა გვქონდეს ქრისტესთან. არ არის საჭირო, რომ ანტიქრისტეს მომეტებული ყურადღება მივაქციოთ, თორემ იგი და არა ქრისტე დაიკავებს ცენტრალურ ადგილს ჩვენს ცხოვრებაშიო~.

მამა პორფირემ ტაში შემოკრა და წამოიძახა: `ამას რას ამბობ, შვილო! დიდება შენდა, ღმერთო, რომ ერთი მოძღვარი მაინც ვნახე თანამოაზრე. იცი, აქ, სოფელში, მღვდლებმა ამ 666 რიცხვით ააღელვეს ხალხი, უამრავი პრობლემა დააგროვეს _ ოჯახებსა და ადამიანთა შეგნებაში. ადამიანებმა ძილი დაკარგეს. დასაძინებლად ისინი ფსიქოტროპულ პრეპარატებს და ძილის წამლებს იღებენ. ქრისტეს არ უნდა, რომ ყველაფერი ასე იყოს. ჩვენთვის, ქრისტიანებისთვის, თუ ქრისტესთან ერთად ვცხოვრობთ, ანტიქრისტე არ არსებობს. აბა, მითხარი, შეძლებდი აქ, ამ საწოლზე დაჯდომას, სადაც მე ვზივარ?~ `ვერა, მამაო~. `რატომ?~ `იმიტომ, რომ მაშინ მე თქვენზე დაჯდომა და გათელვა მომიწევდა~, _ ვუპასუხე. მამა პორფირემ მკითხა: `აბა როდის შეძლებ აქ დაჯდომას?~ `როცა თქვენ ადგებით~. `სულსაც, ჩემო შვილო, ამგვარი რამ ემართება, _ განაგრძო მოძღვარმა, _ როცა სულში ქრისტე გყავს, განა შეძლებს ანტიქრისტე შემოსვლას? განა შეძლებს ჩვენს სულში შემოსვლას საპირისპირო არსება? ახლა სულში ქრისტე არა გვყავს და ამიტომაც ვშფოთავთ ანტიქრისტეზე. როცა ჩვენს შიგნით ქრისტეს დავავანებთ, მაშინ ყველაფერი სამოთხედ იქცევა. ქრისტე ყველაფერია, ყოველთვის ასე უთხარი ხალხს. ჩვენ კი არ გვეშინია მისი მტრის. ახლა რომ ჩემთან მოვიდეს თვითონ ანტიქრისტე და ლაზერის ხელსაწყოთი, ძალადობით, 666-რიცხვიანი ბეჭედი დამასვას, მაინც არ ავღელდები. მკითხავ: `მამაო, ეს ხომ ანტიქრისტეს ნიშანია?~ დიახ, მაგრამ პირველ მოწამეებს მხეცებს მიუგდებდნენ, ისინი ჯვარს გამოსახავდნენ და მხეცნი ცხვრებივით ხდებოდნენ, მათ ზღვაში ისროდნენ, მაგრამ ჯვარს გამოისახავდნენ და ზღვა მყარი ხდებოდა და ისინი მასზე, როგორც ხმელეთზე, ისე დადიოდნენ; მათ ცეცხლში ყრიდნენ, მაგრამ ჯვარს გამოისახავდნენ და ცეცხლი გრილდებოდა. ჩემო კურთხეულო შვილო, აბა ახლა რა გვჭირს? გვწამს თუ არა ქრისტესი? სად არის ჩვენი ჯვრის ნიშანი? რისთვის მოვიდა ქრისტე? არა იმისთვის, რომ განაძლიეროს ჩვენი უძლურება? ასე უთხარი მოძღვარსაც, ადამიანებსაც, რომ არ ეშინოდეთ ანტიქრისტესი. ჩვენ ქრისტეს შვილები ვართ, ჩვენ ეკლესიის შვილები ვართ~.

ამ სიტყვებმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მერე კი მოძღვარმა განაგრძო:

_ იცი, როგორი დოკუმენტებით ჩამოვიდა პატრიარქი დიმიტრიოსი ათენში?

_ პასპორტით, მამაო.

_ თურქულით თუ ბერძნულით?

_ არ ვიცი.

_ თურქული პასპორტით ჩამოვიდა. თურქეთის ეროვნული სიმბოლო კი ნახევარმთვარეა. ნახევარმთვარე ანტიქრისტეს სიმბოლოდ ითვლება და ჩვენი პატრიარქის პასპორტს ანტიქრისტეს სიმბოლო ახატია (იგივე სიმბოლოა შტამპებზე, რამდენ ბეჭედსაც არტყამენ თურქეთში გასვლა-გამოსვლისას!), ამიტომ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენი პატრიარქი ანტიქრისტეა? ასე ძალზე ნუ შევზღუდავთ სახარების სიტყვას! ქრისტე ისე ვიწროდ არ აზროვნებდა, როგორც ჩვენ, ადამიანები, რომელთაც ჩვენი სიმართლის დაცვა გვინდა. ასე უთხარი შენს მოძღვარსაც, ასე უთხარი ადამიანებსაც: ჩვენ არც ანტიქრისტესი გვეშინია და არც 666 რიცხვისა.

ყველაფერმა ამან ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და სრულიად დავმშვიდდი.

"კარიბჭე".

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ზვიად გამსახურდია: სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა

 

 

ბოროტებისადმი დაუმორჩილებლობა ქრისტიანული ეთიკისა და პრაქსისის საფუძველთა საფუძველია. რა იყო პირველქრისტიანთა ცხოვრება, თუ არა უღმერთობისა და უზნეობისადმი დაუმორჩილებლობა? ქრისტიანობამ გაიმარჯვა ამ ბრძოლაში, რამეთუ საღვთო წერილი გვასწავლის: “საჭურველად გარე მოგადგეს შენ ჭეშმარიტებაი მისი”, ხოლო სიმართლისათვის დევნა სახარების პირველი ნეტარებაა. ის, ვინც არ იბრძვის სიმართლისათვის და არ არის დევნილი, არც ქრისტიანია. ამასთან, ყოველი დროის ტირანები ცდილობენ გაყალბებას მოციქულთა სიბრძნისას – ხელისუფლებისადმი დამორჩილების შესახებ. როგორც ცნობილია, მოციქულები მოგვიწოდებენ ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, რამეთუ, მათი თქმით, ყოველი ხელისუფალი ღვთისგანაა. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ მოციქულთათვის სიტყვა “ხელისუფლება” ნიშნავს ლეგიტიმურ ხელისუფლებას, კანონიერ ხელისუფლებას და არა უკანონო, ყაჩაღურ, უზურპატორულ ხელისუფლებას, რომელიც ეშმაკისგან არის და არა – ღვთისგან.

რა შეიძლება მოიფიქროს და მოიმოქმედოს დღეს ჭეშმარიტად მართლმადიდებელმა და საკუთარი ერის მოყვარე ქრისტიანმა? მთავარზე უმთავრესია, ბრძოლა ჭეშმარიტი ქრისტიანობის აღორძინებისათვის, რასაც მრავალ დაბრკოლებას უქმნის ჩვენს ქვეყანაში გაბატონებული ანტიქრისტე. ქრისტიანობა არა მხოლოდ ქადაგებით, არამედ საქმით, ბრძოლა სატანასთან როგორც სულიერ, ასევე ფიზიკურ პლანში. უაღრესად საჭიროა ნამდვილი მოძღვარნი, რომელთაც ძალუძთ არა მხოლოდ ლოცვა და ქადაგება, არამედ ეშმაკეულ ადამიანთა განკურნება, მათი სულიერად განწმენდა და გადარჩენა. უნდა გვახსოვდეს, რომ ეგზორციზმი ახასიათებდა არა მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიას, არამედ – მართლმადიდებლურსაც. ამ თვალსაზრისით უნდა ამოქმედდეს ბასილი დიდის კურთხევანი, თუ, რასაკვირველია, ეკლესიაში შეხიზნულმა ანტიქრისტეს მსახურებმა ეს ტექსტები არ გაანადგურეს. გვახსოვდეს, რომ ასურელი მამები, გრიგოლ ხანძთელი, გიორგი, ექვთიმე და იოანე მთაწმინდელები უდიდესი ეგზორცისტები იყვნენ, რაც ჩანს მათი ცხოვრებიდან; ასეთები იყვნენ, აგრეთვე, ჩვენს დიდ მღვდელმთავართა შორის უმეტესნი. მღვდელმთავრის ჩაცმულობაში ერთ-ერთი უმთავრესი ატრიბუტია “ენქერი“, რომლის დანიშნულება დღეს მრავალმა სამღდველო პირმაც აღარ იცის. ენქერი არის სულიერი მახვილი, რომლითაც მღვდელმთავარმა სულიერ პლანში უნდა განგმიროს ბოროტი არსებანი და დათრგუნოს ისინი ამ დედამიწაზე. დღეს კი, სამწუხაროდ, ჩვენ მღვდელმთავართა უმრავლესობა ამ ბოროტ არსებათა მონებად ქცეულან თავად! აი, რაზე უნდა დავცეთ განგაში უწინარეს ყოვლისა, აი, რას უნდა ვუშველოთ! სანამ ჭეშმარიტი რელიგია არ აღდგება ჩვენში, ჩვენს ერს გადარჩენა არ უწერია.

მინდა შეგახსენოთ ქრისტიანული ღმრთისმეტყველებისა და ჰაგიოგრაფიის უმნიშვნელოვანესი ტერმინი “მართლმხილება“, რაც აგრეთვე ქრისტიანული პრაქსისის საფუძველია. ჭეშმარიტების სამსახური მარტო მის აღიარებაში როდი გამოიხატება. ეს სამსახური, უწინარეს ყოვლისა, გულისხმობს სიცრუისა და ბოროტების მხილებას. მაცხოვარი ჩვენი მართლმხილების გამო აცვეს ჯვარს, მართლმხილების ძალამ, ღვთის ძალამ აღადგინა იგი მკვდრეთით და ცად აღამაღლა. მწიგნობართა, ფარისეველთა და ცრუ მღვდელმთავართა მხილება იყო მისი ქადაგების ძირითადი მიზანი. ხალხს უნდა განვუმარტოთ განსხვავება ეკლესიასა და ფიზიკურ ტაძარს შორის. ეკლესია სულიერი გაგებაა, ეკლესია სულიერად არსებობს და ბჭენი ჯოჯოხეთისანი მას ვერასოდეს მოერევიან; ეკლესია მოძღვრებაა, ღვთის, ზეციურ არსებათა და წმინდანთა ერთობლიობაა. ეკლესია იდეაში არსებობს, ხოლო ტაძარი მატერიალურია და ამქვეყნად არსებობს. ყველა ტაძარიც რომ შემუსროს ბოროტმა ძალამ თავისი მსახურებითურთ, ეკლესიას მაინც ვერ გაანადგურებს. ანტიქრისტეს ძალუძს თავისი გადაცმული მსტოვრები შეაგზავნოს ტაძარში. ეკლესიაში ვერ შეაგზავნის. ეკლესიის ისტორიას შეიძლება ეწოდოს “ჭეშმარიტების ისტორია”, ამბობდა პასკალი. “ის დევნულებანი, რომელნიც დაატყდა თავს ეკლესიას, ჰგვანან იმ ქარიშხლის მოქმედებას, რომელიც ებრძვის ჩაუძირავ გემს”.

აი, ეს ეკლესიაა დაფუძნებული “კლდესა ზედა”, ხოლო კლდე – საღვთო ჭეშმარიტებაა. რაც უფრო მიემსგავსება ფიზიკური ტაძარი ეკლესიას, რაც უფრო მიუახლოვდება ამ იდეალს, მით უფრო სრულყოფილია იგი. ღვთის ტაძარში მოკალათებულ ანტიქრისტეს მსახურთა მხილება კი ყველა ჭეშმარიტი ქრისტიანის უპირველესი მოვალეობაა. ამის გამო საუბრობენ ანტიქრისტეს მსახურნი მხოლოდ ტაძარზე (Templum), ეკლესიაზე კი არას ამბობენ, რამეთუ მათთვის მთავარია ნივთიერი და არა სულიერი. სულიერ ეკლესიას კი ებრძვიან აშკარად თუ ფარულად, ამიტომ არის მათი ღმერთი თხის რქებიანი და ჩლიქებიანი ბაფომეტი, ანდროგენული ურჩხული, რომელსაც თავზე ჩირაღდანი ადგას და რომელსაც ისინი უწოდებენ “Templum Omnium Hominum Pacis Abbat” (“ყოველთა კაცთა მშვიდობის ტაძრის მამა”). “თქვენ მამისა ეშმაკისანი “ხართ” – ეუბნებოდა იესო ქრისტე ასეთ ადამიანებს. ჩვენთვის კი მამაა ღმერთი, ეკლესიის თავი და არა ცრუ ტაძრის კერპი. ამისთვისაა საჭირო ქრისტიანული განმანათებლობა, რომელიც განუმარტავს ყოველივე ამას გაუთვითცნობიერებელ ხალხს.

მიწიერი ეკლესია, ამქვეყნიური ადამიანებისგან შემდგარი, უნდა ბაძავდეს ზეციურ ეკლესიას, მაგრამ, სამწუხაროდ, დღევანდელ საქართველოში ასეთი რამ თითქმის აღარ არსებობს. მიწიერი ეკლესია დაპყრობილია უღმერთო ძალების მიერ. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს – საქართველოში აღდგეს ასეთი ეკლესია.

“ცრუ მოციქულნი, მზაკვარნი, ღებულობენ სახეს ქრისტეს მოციქულისას. ეს არც არის გასაკვირი, რამეთუ სატანაც ღებულობს ნათლის ანგელოსის სახეს… მაგრამ მათი აღსასრული საქმეთა მათთაებრ იქნება” – გვასწავლის პავლე მოციქული. მაცხოვარიც ტაძარში ამხელდა ქვაბავაზაკებს. ალბათ გახსოვთ, თუ ვით აღლესა გრიგოლ ხანძთელმა “მახვილი მხილებისა”, ხოლო, უფრო მოგვიანებით, დავით აღმაშენებელმა მთელი საეკლესიო კრება მიუძღვნა ასეთ მართლმხილებას. ამის გარეშე დღეს წარმოუდგენელია ჩვენი ერის განწმენდა და აღორძინება.

მართლმადიდებლობას მუდამ ახასიათებდა შემწყნარებლობა სხვა რწმენათა მიმართ. მართლმადიდებლობამ არ იცოდა ინკვიზიციის კოცონები, მართლმადიდებელი მღვდელმთავრები, იმპერატორები და მეფეები უფრო დარწმუნების გზას მიმართავდნენ. ანტიქრისტეს დღევანდელმა მძლავრობამ და საყოველთაო აპოსტასიამ (რაც ნაწინასწარმეტყველებია საღვთო წერილში) მრავალი დააბნია და მოსწყვიტა ჭეშმარიტ რწმენას. სამწუხაროდ, მრავალი დადებითი პიროვნება, კარგი მამულიშვილი ან უღმერთოა, ან მცირედ მორწმუნე. ასეთებს უნდა შევაშველოთ ხელი დახმარებისა, ისინი არ უნდა შევიძულოთ, მოთმინებით ვიზრუნოთ მათი გადარჩენისათვის, ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოქცევისათვის. გვახსოვდეს, რომ მაცხოვარიც და მოციქულებიც დიდი ტოლერანტობით გამოირჩეოდნენ. ისინი საბოლოოდ არ წირავდნენ არავის, ღვთისა და სიკეთის აქტიური მტრების გარდა.

გავიხსენოთ ქართველი ერის სიბრძნე: “სიბრძნე ებრძვის სიბრიყვეს უთოფოდ და უზარბაზნოდ”. ეს უაღრესად ქრისტიანული მიდგომაა. არამართლმორწმუნეებს იდეურად უნდა ვეკამათოთ, მათი ადამიანური უფლებების პატივისცემა ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს. რაჟდენ მოწამეს, ევსტათე მცხეთელს და აბო ტფილელს არავინ ახვევდა თავს ქრისტიანულ სარწმუნოებას, მაგრამ ისინი ქრისტეს მოწამეები გახდნენ. ამაში იყო ძალა ჩვენი სარწმუნოებისა. სხვანი კი ცეცხლით და მახვილით ავრცელებდნენ თავის სარწმუნოებას. თორმეტმა ჭეშმარიტმა მორწმუნემ თითქმის მთელი მსოფლიო მოაქცია თავის რწმენაზე. მაცხოვრის სიტყვებით რომ ვთქვათ, “უკეთუ გვექნება სარწმუნოება თუნდაც ქრთილის ოდენი, მთას რომ ვუბრძანოთ, აღიძრება და ზღვად შთაიფხვრება”! რწმენას სასწაულები ძალუძს.

ანტიქრისტე თავად უდიდესი ცრუწინასწარმეტყველია. ასე რომ, არ არის გასაკვირი, მისი წინამორბედნი და მსახურნი ბიბლიური სიბრძნისა და წინასწარმეტყველთა ნააზრევის პროფანაციას რომ ისახავდნენ ერთ-ერთ მთავარ მიზნად. რელიგიასა და საღვთო წერილის პროფანაცია ანტიქრისტეს უმთავრესი მიზანია. ამიტომ უწყობენ აგრეთვე ხელს ყოველგვარი ბნელი სექტების გავრცელებას. მაგალითად, სამეგრელოში იეღოველებმა ხალხის დიდი უბედურებით ისარგებლეს და გაავრცელეს ხმა: “1993 წელი არმაგედონის წელია, წელს აღდგება მკვდრეთით და გაცოცხლდება ყველა ის, ვინც იეღოვას იწამებსო”. წარმოიდგინეთ, ზოგიერთმა გაუბედურებულმა და სასოწარკვეთილმა შვილდაკარგულმა მშობელმა ირწმუნა ეს და იწყო ყოყმანი მართლმადიდებლურ რწმენაში. აი, რა მეთოდებით მოქმედებენ ბოროტების მსახურნი. დღეს, დარწმუნებული ვარ, პუტჩისტური სუკ-ი დიდ იმედებს ამყარებს მათზე და საქმითაც იყენებს.

ერთმა გამოჩენილმა მოაზროვნემ ასეთი ფორმულა მოგვცა: “ღვთის უარყოფა სულის დაავადებაა, ქრისტეს უარყოფა – სულის უბედურება, ხოლო სულის უარყოფა – თვითმოტყუება”. რა უნდა იყოს უფრო სავალალო, ვიდრე ასეთი ადამიანი? ღმერთი და სულიერი სამყარო ჭეშმარიტი სამშობლოა ადამიანის, მიწიერი სამშობლო კი – მისი ხატი.

თუ მეცნიერება თავია საზოგადოებისა, რელიგია გულია მისი. როდესაც მტერი ჩვენს მოსპობას ცდილობს, თავში ან გულში გვიმიზნებს ტყვიას. სამოცდაათი წლის მანძილზე ანტიქრისტეს ხელისუფლება სწორედ ჩვენი თავისა და გულის განადგურებას ცდილობდა და არცთუ უშედეგოდ. ინტელიგენციის ნაწილი გადააგვარეს, სამღვდელოება კი თითქმის მთლიანად მოსპეს და შექმნეს ცრუ წითელი სამღვდელოება, რამაც თავი იჩინა ყველაზე მეტად პუტჩის ავბედით დღეებში. ნაცვლად იმისა, რომ იერარქები ჯვრით ხელში ჩამდგარიყვნენ სამკვდრო-სასიცოცხლოდ ურთიერთდაპირისპირებულ მოძმეთა შორის, ისინი ანტიქრისტეს მხედრობას ამოუდგნენ მხარში – ეკლესიები იარაღის საწყობებად მისცეს, ქაშუეთის ტაძარი ბლინდაჟად აქციეს, საიდანაც ჭურვებსა და ტყვიას უშენდნენ კანონიერ ხელისუფლებას; წმინდა პანტელეიმონის ტაძარში სნაიპერები ჩასვეს და ნაღმტყორცნები ჩადგეს, რომელნიც “კოლხურ კოშკს” უშენდნენ. ზოგიერთი სამღვდელო პირი ავტომატით ხელში იბრძოდა პუტჩისტებთან ერთად. რამდენიმე პატიოსანი სამღვდელო პირი კი, რომელმაც არ უღალატა კანონიერ ხელისუფლებას და ლოცვითა და ქადაგებით ამხნევებდა უზენაესი საბჭოს შენობაში გამომწყვდეულ მის წარმომადგენლებს, პუტჩისტმა პატრიარქმა განკვეთა და გააძევა საქართველოდანაც კი. ასე რომ, სუკ-ი წინ იხედებოდა, როდესაც ცრუ სამღვდელოებას ქმნიდა. წითელი სამღვდელოება სუკ-ის ყველაზე საშინელი დამკვრელი ძალაა.

როგორც მოგახსენეთ, მოციქულთა დევიზია კანონიერი, ლეგიტიმური ხელისუფლების ერთგულება, რამეთუ ასეთი ხელისუფლება ღვთისგანაა ახალი აღთქმის მიხედვით.

ერის ღალატი იგივე მოყვასის ღალატია. ეს თანაბრად მიუტევებელი ცოდვაა, როგორც სასულიერო, ასევე საერო პირისათვის. მაგრამ სასულიერო პირს სჯულისკანონის მიხედვით ყველაფერში უფრო მკაცრად მოეთხოვება, ვიდრე ერისკაცს, ისევე, როგორც მოზრდილს უფრო მოეთხოვება დანაშაულისათვის, ვიდრე მოზარდს.

მომნანიე ადამიანის შეწყნარება დამოკიდებულია იმაზე, საქმით ინანიებს იგი ჩადენილს, თუ მარტოოდენ ლიტონი სიტყვით.

ეროვნული თუ სამოქალაქო მოძრაობის ძალა მშვიდობიანი ხერხებით ბრძოლაშია. ამით დგას განდიზმი მარქსიზმზე მაღლა.

ღვთის სიყვარული, მოყვასის სიყვარული, სამართლიანობის სიყვარული თანაბრად სჭირდება ყველა რიგით თუ არარიგით ქრისტიანს.

ქვეყნის მმართველი, უწინარეს ყოვლისა, ქრისტეს მბაძავი უნდა იყოს მოყვასის სიყვარულით, სამართლიანობით, შემწყნარებლობით, სიმტკიცითა და ბოროტი ძალებისადმი შეურიგებლობით.

სიყვარული და მკაცრი სამართლიანობა თანაბრად საჭიროა. ერთ-ერთის დომინირება იწვევს ან სენტიმენტალობას და გულჩვილობას, ან უხეშობას და სისასტიკეს.

ვინც მტერს შეისწავლის, ის მას დაამარცხებს. უნდა შევისწავლოთ უღმერთოთა შავბნელი ძალების ტაქტიკა, მათი ფანდების არსენალი და გამუდმებით ვამხილოთ ეს ყოველივე. წარსულში არ გვქონია ამდენი გამოცდილება. დღეს კი, როგორც იტყვიან, “ზოგი ჭირი მარგებელია”, ბევრი რამ გაცხადდა, მრავალი დაფარული გამოვლინდა და ჩვენც უფრო მეტად გავძლიერდით.

ერისა და ეკლესიის ერთგულ შვილებს ვუსურვებ დიდ სიმტკიცეს რწმენაში, ბრძოლაში შეუპოვრობას, დიდ მოთმინებას, რამეთუ “აურაცხელ არიან ჭირნი მართალთანი და ყოველთა მათთაგან იხსნას იგინი უფალმან”. დღეს ჩვენ ყველანი განგებამ უდიდესი გამოცდის წინაშე დაგვაყენა და ეს, უწინარეს ყოვლისა, ჩვენი სარწმუნოების გამოცდაა. ადამიანთა დაცემული ბუნება უწყოდა უფალმა, როდესაც ბრძანა: “მე მოვედ სახელითა მამისა ჩემისაითა და არა შემიწყნარებთ. უკუეთუ სხვაი მოვიდეს სახელითა..”

Link to post
Share on other sites

"იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკე-თილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“"დაყავი და იბატონე", - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში, და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ანხორციელებდა თავის შავ-ბნელ გეგმებს"

ილია II

Link to post
Share on other sites

"იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკე-თილისმსურველთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისგან ხალხის ჩამოშორებას.“"დაყავი და იბატონე", - ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში, და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთი გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ანხორციელებდა თავის შავ-ბნელ გეგმებს"

ილია II

 

აბსოლიტურად გეთანხმები. სიფხიზლე, სიფრთხილე, სიყვარული, შრომა, თავგანწირვა! ამით უნდა ვუპასუხოთ ჩვენ მტრებს!

Edited by ი ლ უ შ ა
Link to post
Share on other sites

მე თუ ლგბტ საზოგადოებას გავლახავ, ამას სულაც არ გავაკეთებ ეკლესიის სახელიტ ან საქართველოს სახელით, ეს იქნება ჩემი ადამიანური პოზიცია, მთელ მსოფლიოში ასეა. ბოლო დღეებში იყო მსგავსი შემთხვევები საფრანგეთში და რუსეთში, მართო საქართველოში არაა ეს პოზიცია, უბრალოდ საქართველოში ფიქრი და ანალიზი არ ხდება თემაზე.

Link to post
Share on other sites

კათოლიკოს-პატრიარქი - ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებით, ზოგიერთებს თეოკრატია კლერიკალობაში ერევათ. სიონის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით წირვა შესრულდა.

 

ლიტურგიის დასრულების შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე სრულიად საქართველოს მიულოცა. პატრიარქმა აღნიშნა, რომ ჩვენ ძალიან ხშირად გვავიწყდება, რისი მფლობელები ვართ, რა მოგვცა ღმერთმა, რას ვაკეთებთ და სად მივდივართ.

 

უწმიდესის თქმით, საქართველოში ჩამობრძანებული იყო წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხალენი, უფლის კვართი.

 

"ღვთის დიდი სასწაულია, რომ საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრია. წმინდა ნინომ იქადაქა აქ და ამ მიწაზე დადიოდა", - აღნიშნა უწმინდესმა.

 

პატრიარქმა აღნიშნა, რომ გვავიწყდება როგორი დიდი ფასეულობის მფლობელი ვართ, ეს არის ჩვენი კულტურა, ისტორია ჩვენი სარწმუნოება, თუმცა არიან ადამიანები, რომლებიც შეურაცხყოფენ ჩვენ ხალხს, ჩვენ მიწას, ჩვენს კულტურას.

 

პატრიარქის თქმით, ბოლო დღეებში ასეთი რამ ისმის - ” არ გვინდა თეოკრატია”. უწმიდესის განცხადებით, ვინც ამას ამბობს, არ იცის რაზე საუბრობს, რადგან თეოკრატია ღვთის ძალას ნიშნავს. პატრიარქმა აღნიშნა, რომ სხვა არის თეოკრატია და სხვა არის კლერიკალური მმართველობა. მისივე განმარტებით, კლერიკალობა სასულიერო პირების სახელმწიფო მმართველობაში ყოფნას ნიშნავს, ეს კი არავის არ უნდა.

 

"არის თეოკრატია და არის კლერიკალური მმართველობა. იმ ადამიანებს, რომლებსაც ვერ გაურჩევიათ კლერიკალური მმართველობა და თეოკრატიული მმართველობა, საქართველოს მომავალზე როგორ უნდა ისაუბრონ. კლერიკალობა არავის არ უნდა, სასულიერო პირები იყვნენ

 

სახელმწიფო მმართველები. იმის მაგივრად, რომ დავიჩოქოთ და ვემთხვიოთ, რომ წმინდა წინაპრების ოფლითა და სისხლით არის გაჟღენთილი ჩვენი მიწა, ზოგიერთი ამბობს, რომ ჩვენ არ გვინდა თეოკრატია. ჩვენ ღირსი არ ვართ, რომ ვახსენოთ ეს სიტყვა, თეოკრატია - ღმერთის ძალას ნიშნავს", – აღნიშნა უწმიდესმა.

 

პატრიარქმა შესთხოვა უფალს, შეგვინდოს შეცოდებანი, შეუნდოს მათაც რომელთაც დაკარგული აქვთ რწმენა, სიყვარული და ადამიანური გრძნობები.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

post-30-0-80478200-1373953609_thumb.jpg

 

 

წმიდა დინარ დედოფალი (X) ხს. 30 (13.07) ივნისი

 

წმიდა დინარ დედოფალი. რუსულ საეკლესიო მატიანეებს დაცული აქვთ ცნობები „ივერიის დედოფალ დინარას“ შესახებ, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ქრისტიანობის წინაშე. მეცნიერები დიდხანს დაობდნენ, თუ საქართველოს რომელ ისტორიულ პირს გულისხმობდა რუსული საეკლესიო გადმოცემა. ფიქრობდნენ, რომ წყაროები გულისხმობდნენ წმიდა მეფე თამარს, მაგრამ ცნობები თამარამდელ პერიოდს მიუთითებს. აღსანიშნავია, რომ „ქართლის ცხოვრებას“ დაცული აქვს ცნობა ჰერეთის დედოფალ დინარას შესახებ, რომელმაც თავის შვილ იშხანიკთან ერთად ჰერეთის ანუ ალბანეთის მრავალრიცხოვან მოსახლეობას აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება და იხსნა ისინი მწვალებელ-მონოფიზიტთა საეკლესიო უღლისაგან X საუკუნეში.

 

ჰერეთის ანუ ალბანეთის უდიდესი ნაწილი ძველთაგანვე დასახლებული იყო ქართველური ტომებით, ამიტომაც ძველი წყაროები მასაც ივერიას უწოდებდნენ, შავიზღვიდან ვიდრე კასპიის ზღვამდე გადაშლილი ქვეყნის (ივერიის) ნაწილად მიიჩნევდნენ. სლავურ-რუსული მეომარი ტომები, რომლებიც მოსე კალანკატუელის თანახმად ზოგჯერ ლაშქრავდნენ სამხრეთის მხარეებს და ამიერკავკასიაში შემოდიოდნენ კასპიის ანუ დარუბანდის კარით, ხვდებოდნენ ივერიელ (ჰერ) მოსახლეობას, ამიტომაც როგორც ჩანს, ჰერთა ანუ ივერიელთა დედოფალ დინარას შესახებ ცნობებიც მათ გაიტანეს რუსეთში. მართლაც, ქართული ეკლესია დიდ პატივს მიაგებდა წმიდა დედოფალ დინარას. თუ არა მისი თავგამოდებული ღვაწლი, აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მრავალრიცხოვანი მოსახლეობა შეემატებოდა მწვალებელ-მონოფიზიტთა რიგებს, რომელნიც აქ გაბატონებულნი იყვნენ სპარსელთა ხელშეწყობით.

 

მოსკოვის კრემლის სასახლეში ოქროს სადედოფლო დარბაზის ჩრდილოეთის კედელზე გამოხატულია თეთრ ცხენზე ამხედრებული მტერთა მძლეველი წმიდა დედოფალი დინარა.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

სწავლანი იესოს ლოცვის შესახებ

 

 

 

ძილს რომ დააპირებ, „იესოს ლოცვა“ იმეორე, ლოცვით დაიძინე. შეაჩვიე თავი იმას, რომ გაღვიძებისას შენი პირველი აზრი, სიტყვა და საქმე „იესოს ლოცვა“ იყოს... საეკლესიო მსახურების დროს სასარგებლოა „იესოს ლოცვით“ ლოცვა, ის იცავს გონებას გაფანტულობისაგან, შეეწევა მას საეკლესიო გალობისა და კითხვის შესმენაში. შეეცადე ისე შეეჩვიო „იესოს ლოცვას“, რომ იგი შენს განუწყვეტელ ლოცვად იქცეს.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ღირსნი ანტონი დიდი უფალ იესო ქრისტეს სახელის განუწყვეტელ ხსენებას ამცნებს: „ნუ დაივიწყებ, – ამბობს იგი, – ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, განუწყვეტლივ ამყოფე იგი შენს გონებაში, დაიცავი გულში, ადიდე ენით, იმეორე: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე. აგრეთვე: უფალო იესუ ქრისტე, შემეწიე მე. ასევე: გადიდებ შენ, უფალო ჩემო, იესუ ქრისტე“.

... წმინდა იოანე კიბისაღმწერელი მის მიერ მონახულებული ალექსანდრიის საერთო საცხოვრებელი მონასტრის ბერებზე ამბობს, რომ ისინი „თვით ტრაპეზის დროსაც არ ანებებენ თავს სულიერ ღვაწლს, სულში აღსასრულებელი ლოცვის შესახებ ნეტარნი ერთმანეთს დაწესებული ნიშნით შეახსენებენ და ამას არა მარტო ტრაპეზის დროს აკეთებენ, არამედ ყოველი შეხვედრისას, ყოველი შეკრებისას“. ღირსმა ისააკმა, ეგვიპტის სკიტეს დაყუდებულმა ბერმა აუწყა ღირს კასიანე რომაელს, რომ იგი განუწყვეტლივ ლოცულობდა 69-ე ფსალმუნის მეორე მუხლით: „ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“. ღირსმა დოროთემ, აბბა სერიდეს საერთო საცხოვრებელი მონასტრის (პალესტინაში) ბერმა, „ღმრთის ხსენებაში“ განუწყვეტელი წვრთნა ასწავლა თავის მოწაფეს, ღირს დოსითეს, როგორც დოსითეს ცხოვრებაშია თქმული; ამცნო მას გამუდმებით წარმოეთქვა: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე; და – ძეო ღმრთისაო, შემეწიე მე. ღირსი დოსითე მონაცვლეობით ლოცულობდა მისადმი უწყებული ლოცვის ხან პირველი და ხანაც მეორე სიტყვებით. ამგვარად ლოცვა ეუწყა მას გონების სიჩვილის გამო, რომ გონება არ დახსნილიყო ლოცვის ერთფეროვნებით... ღირსი იოანიკე დიდი გონებაში განუწყვეტლივ იმეორებდა ლოცვას: სასოებაჲ ჩემდა მამაჲ, შესავედრებელ ჩემდა ძე, მფარველ ჩემდა სული წმიდაჲ, სამებაო წმიდაო, დიდებაჲ შენდა. იოანიკე დიდის მოწაფემ, ღირსმა ევსტრატიმ, რომელსაც მისი ცხოვრების წმინდა აღმწერელმა ღმრთაებრივი უწოდა, განუწყვეტელი ლოცვა მოიხვეჭა. „იგი შინაგანად გამუდმებით ამბობდა: უფალო შემიწყალე“ – ამბობს მისი ცხოვრების აღმწერელი... წმინდა ისააკ ასური იხსენიებს ერთ ბერს, რომელიც ორმოცი წლის განმავლობაში ერთი ლოცვით ლოცულობდა: მე, ვითარცა კაცმან, შეგცოდე; შენ, ვითარცა ღმერთმან, შემინდე. სხვა მამებს ესმოდათ, რომ იგი მწუხარებით ლოცულობდა ამ ლოცვით, დაუდუმებლად ტიროდა და მისთვის დღისით და ღამით ყველა ლოცვას ეს ერთი ლოცვა ცვლიდა. მონაზონთა უმეტესობა ყოველთვის „იესოს ლოცვით“ განისწავლებოდა: უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. ზოგჯერ, საჭიროების მიხედვით, დამწყებთათვის ამ ლოცვას ორ ნაწილად ყოფდნენ და რამდენიმე საათის განმავლობაში ამბობდნენ: უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი; ხოლო შემდეგ, დროის სხვა მონაკვეთში: ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი. მაგრამ არ არის საჭირო ლოცვის სიტყვების ხშირი მონაცვლეობა, რადგან როგორც წმინდა გრიგოლ სინელი აღნიშნავს, ხე, რომელსაც ხშირად გადარგავენ, ფესვს ვერ იდგამს.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

ჩვენც გვაქვს სულიერი შეფუცებები: ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელი და ჯვრის ძალა. ეს შეფუცება არა მარტო დემონს განდევნის თავისი სოროდან და ცეცხლში ჩააგდებს, არამედ მისგან მიყენებულ ჭრილობებსაც განკურნავს. თუკი მრავალნი წარმოთქვამდნენ ამ შეფუცებას და არ განიკურნენ, ეს მათი მცირედმორწმუნეობის გამო მოხდა და არა წარმოთქმულის უმოქმედობის გამო. მრავალნი განუშორებლად მისდევდნენ ქრისტეს და ავიწროებდნენ მას, მაგრამ სარგებელი ვერ მიიღეს, ხოლო სისხლმდინარე ქალს, რომელიც უფლის კიდეს შეეხო, დიდი ხნის სისხლდენა შეუწყდა. უფალ იესო ქრისტეს სახელი საშინელია დემონებისთვის, სულის ვნებებისა და სნეულებებისთვის. მისით გავიმშვენოთ, მისით შემოვიზღუდოთ თავი.

წმ. იოანე ოქროპირი

 

 

ხომ განუწყვეტლივ შევისუნთქავთ ჰაერს; აი, ასევე განუწყვეტლივ უნდა ვაქებდეთ და ვუგალობდეთ უფალს მაშინაც კი, როდესაც ვსაქმიანობთ. სიბრძნით აღსავსე და ღმრთისმოყვარე გონებას ძალუძს განუწყვეტლივ იხსენებდეს ღმერთს. „მოვიხსენე ღმრთისაჲ და ვიხარე“ (ფსალმ. 76,4) – ამბობს დავით მეფსალმუნე. ამიტომაც, თუკი უფლის ხსენება სიხარულს აღმოაცენებს ჩვენს სულებში, ნუ დავიზარებთ ვისარგებლოთ ღმერთის ხსენებით.

წმ. ნილოს სინელი

 

 

საუბრის დროსაც, საუბრის დაწყებამდე, საუბრის შემდეგაც და ყოველ ჟამსა და ყოველ ადგილას უნდა ვუხმობდეთ ღმრთის სახელს. წმიდა წერილი ამბობს: „მოუკლებელად ილოცევდით“ (1 თესალ. 5,18), რამეთუ ამით განქარდება ყოველი განსაცდელი.

წმ. ბარსანუფი დიდი

 

 

ამ პატარა მუხლით („ღმერთო, შეწევნასა ჩემსა მოხედენ; უფალო, შეწევნად ჩემდა ისწრაფე“ (ფსალმ. 69,2) განუწყვეტლივ უნდა ვილოცოთ, რათა არ დაგვცენ განსაცდელებმა და მშვიდობიანად გადავურჩეთ აღზვავებასაც. ამ მცირე მუხლით წვართნა განუწყვეტლივ იყოს შენს გულში. ნუ შეწყვეტ მის გამეორებას, რა საქმითაც არ უნდა იყო დაკავებული, მორჩილება იქნება ეს თუ მოგზაურობა. განისწავლებოდე მასში ძილად მისვლისას, საკვების მიღებისას და სხეულის უმდაბლესი მოთხოვნილების დაკმაყოფილებისას. გულის ამგვარი მოქმედება მაცხოვნებელ წესად გადაიქცევა შენთვის, რომელიც არა მხოლოდ დემონების ნებისმიერი თავდასხმისას დაგიცავს დაუზიანებლად, არამედ ყველა ხორციელი ვნებისგანაც განგწმედს... გაღვიძებისთანავე ეს ლოცვა პირველი მოვა შენს გონებაში, ის ყველა სხვა გულისსიტყვას დაასწრებს... ის ყოველთვის შენი თანამგზავრი იქნება.

წმ. კასიანე რომაელი

 

 

დაე, ნურავინ იფიქრებს, ჩემო ძმებო, ქრისტიანებო, თითქოს მხოლოდ სამღვდელო პირებსა და მონაზვნებს ევალებათ განუწყვეტლივ და მარადის ლოცვა, და არა ერისკაცებს. არა, არა! ჩვენ ყველას, ქრისტიანებს გვევალება ყოველთვის ლოცვაში ვიმყოფებოდეთ... როდესაც ვსხედვართ ხელსაქმისთვის, როდესაც დავდივარ, როდესაც საზრდელს ვიღებთ, როდესაც ვსვამთ, ყოველთვის შეგვიძლია ვილოცოთ გონებით და აღვასრულებდეთ გონებით ლოცვას, ღმრთისათვის სათნოს, ჭეშმარიტ ლოცვას. სხეულით ვიმსახუროთ, ხოლო სულით ვილოცოთ.

წმ. გრიგოლი პალამა

 

 

განუწყვეტელი ლოცვისგან ჩვენში მყოფი გონიერი ჰაერი სუფთავდება ბოროტ სულთა ბნელი ღრუბლებისა და ქარებისაგან. როცა გულის ჰაერი სუფთაა, მაშინ აღარაფერი ეწინააღმდეგება მასში იესოს ღმრთაებრივი ნათლის გამობრწყინებას, – თუკი არ აღვზვავდებით ზესთამჩენობითა და თავის გამოჩენის სურვილით... და ამის გამო არ მოვაკლდებით იესოს შეწევნას; რამეთუ ქრისტეს, სიმდაბლის ხატს, სძაგს ყველაფერი ამგვარი.

წმ. ისიხი იერუსალიმელი

 

 

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ უფლის სახელის განუწყვეტელი მოხმობა მკურნალობაა, რომელიც კლავს ვნებებსაც და მათ მოქმედებასაც. როგორც ექიმი შეურჩევს მკურნალობას ან სალბუნს ავადმყოფის ჭრილობას და ისინი მოქმედებენ ისე, რომ ავადმყოფმა არც კი იცის როგორ ხდება ეს, ზუსტად ამგვარადვე – როდესაც უფლის სახელს მოვუხმობთ, იგი კლავს ყველა ვნებას, თუმცა ჩვენ არ ვიცით როგორ აღესრულება ეს ყოველივე.

წმ. ბარსანუფი დიდი

 

 

დამწყებებმა (იესოს) ლოცვის დროს მხოლოდ კეთილმოშიში ყურადღება უნდა დაიმარხონ, გონების მიპყრობა ლოცვის სიტყვებზე; სიტყვები აუჩქარებლად უნდა წარმოთქვან, რომ გონებამ მათში შეღწევა მოასწროს.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

გონებითი ლოცვის თვისებაა ვნებების გამოაშკარავება, რომელნიც კაცის გულში ცხოვრობენ და იმალებიან. იგი ააშკარავებს კიდეც და იმორჩილებს კიდეც მათ.

გონებითი ლოცვის თვისებაა იმ ტყვეობის გამოაშკარავება, რომელშიაც ვიმყოფებით დაცემულ სულებთან. იგი ააშკარავებს ამ ტყვეობას და გვათავისუფლებს მისგან.

აქედან გამომდინარე არ უნდა შევშფოთდეთ და გავოცდეთ, როდესაც აღდგებიან ვნებები დაცემული ბუნებისაგან ან როცა დემონები აღაგზნებენ მათ.

ვინაიდან ვნებებს ლოცვა დააცხრობს, ამიტომაც, როდესაც ისინი აღდგებიან, ვილოცოთ გონებით აუჩქარებლად და ძალიან ჩუმად „იესოს ლოცვა“, რომელიც თანდათანობით დაიმორჩილებს ამბოხებულ ვნებებს. ზოგჯერ ვნებათა აღდგომა და ბოროტისეულ გულისსიტყვათა შემოტევა ისე ძლიერია, რომ დიდ სულიერ მოღვაწეობაში ავყავართ, ეს უხილავი მოწამეობის ჟამია. უნდა ვაღიაროთ უფალი ვნებებისა და ეშმაკების წინაშე ხანგრძლივი ლოცვით, რომელიც აუცილებლად მოგვიტანს გამარჯვებას.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

სატანის ძალა, რომელიც შეუმჩნევლად მკვიდრობს ადამიანში მისი გაფანტული ცხოვრებისას, როდესაც მლოცველის მიერ მოხმობილ უფლის სახელს გაიგონებს, აწრიალდება. ის ადამიანში ყველა ვნებას აღადგენს, მათი საშუალებით ადამიანს საშინლად შეარყევს, სხეულში სხვადასხვაგვარ, უცნაურ სნეულებებს აღმოაცენებს. ამ აზრით თქვა ღირსმა იოანე წინასწარმეტყველმა: „ჩვენ უძლურებს მხოლოდ ის შეგვიძლია, რომ იესოს სახელს მივმართოთ, რადგან ვნებები, როგორც ნათქვამია, დემონები არიან და ამ სახელის მოხმობით განიდევნებიან“. ეს ნიშნავს: ვნებები და დემონები ერთობლივად მოქმედებენ, დემონები ვნებების საშუალებით მოქმედებენ... წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: „უფალ იესო ქრისტეს სახელის ხსენება მტერს საბრძოლველად აღაგზნებს. რამეთუ „იესოს ლოცვისთვის“ მაიძულებელ სულს ამ ლოცვით ყველაფრის მოპოვება შეუძლია... პირველ რიგში, მას შეუძლია გველის ამოძრავება და ამ ლოცვას მისი დამორჩილებაც შეუძლია. ამ ლოცვას ჩვენში მცხოვრები ცოდვის მხილება შეუძლია და ამ ლოცვას მისი მოსპობაც შეუძლია... უფალ იესო ქრისტეს სახელი ჩავა გულის სიღრმეში, დაიმორჩილებს გულის საძოვრების მფლობელ გველს, ხოლო სულს გადაარჩენს და განაცხოველებს. განუწყვეტლივ იმყოფებოდე უფალ იესოს სახელში, დაე, შთანთქას გულმა უფალი და უფალმა გული, დაე, ეს ორნი ერთად იყვნენ. თუმცაღა ეს საქმე ერთსა და ორ დღეში არ აღესრულება, არამედ მრავალ წელსა და დიდ დროს საჭიროებს, დიდი დრო და ღვაწლია საჭირო იმისთვის, რომ მტერი განიდევნოს და ქრისტე დაემკვიდროს“.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

„იესოს ლოცვა“ თანდათანობით მოქმედებს: პირველად იგი მხოლოდ გონებაზე მოქმედებს, სიმშვიდესა და ყურადღებას ანიჭებს მას, შემდეგ გულში შეაღწევს, გამოიყვანს სასიკვდილო ძილისაგან და მის გაცოცხლებას ლმობიერების გრძნობითა და ცრემლებით გამოაჩენს. ეს ლოცვა უფრო ჩაღრმავდება და ნელ-ნელა სულისა და სხეულის ყველა ნაწილში ამოქმედდება, ყოველი ადგილიდან დაიწყებს ცოდვის გამოდევნას, ეშმაკის მბრძანებლობის, ზემოქმედებისა და გესლის განადგურებას.

წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

 

 

განუწყვეტელ ლოცვაში გაწაფვისთვის იღვწით. კეთილი! მაგრამ დაუკვირდით, მოკლე ლოცვის მხოლოდ ენით გამეორებით არ შემოიფარგლოთ. ეს იქნება ლოცვის მექანიკური გამეორება ლოცვის გარეშე. უნდა მიეჩვიოთ, რომ (ღმრთის) შიშსა და მოწიწებაში, შემუსვრილებასა და სიმდაბლეში იპყრათ თავი. ისე იყავით, თითქოს უფლის წინაშე სამსჯავროზე იმყოფებოდეთ და თქვენს შესახებ უკანასკნელ განჩინებას ელოდეთ.

წმ. თეოფანე დაყუდებული

 

 

ვნებებთან ცნობილი ბრძოლა გონებითი ბრძოლაა. იგი ქმედითია, რადგან ვნებებს არ აძლევს საკვების მიღების საშუალებას და ამით აუძლურებს მათ. მაგრამ არსებობს მათთან საქმით ბრძოლაც – განზრახ კეთება ვნებათა საპირისპირო საქმეებისა. მაგალითად, – სიძუნწის დასაძლევად საჭიროა დავიწყოთ ხელგაშლილი გაცემა; ამპარტავნების საპირისპიროდ უნდა ავირჩიოთ დამამდაბლებელი, დამამცირებელი საქმიანობა; გართობა-მხიარულების ვნების წინააღმდეგ – შინიდან გაუსვლელობა და ა. შ. ისიც მართალია, რომ მოქმედების მხოლოდ ამგვარი სახე პირდაპირ ვერ მიგვიყვანს მიზანთან, რადგან გარედან შევიწროებული ვნება შეიძლება შიგნით შეიჭრას, ან თვითონ, ან სხვას დაუთმოს ადგილი. მაგრამ, როდესაც ამ საქმით ბრძოლას შინაგანი გონებითი ბრძოლაც უერთდება, მაშინ ისინი სწრაფად დაამარცხებენ ნებისმიერ ვნებას, რომლის წინააღმდეგაც იქნებიან მიმართულნი.

წმ. თეოფანე დაყუდებული

Link to post
Share on other sites

ანგელოზთა იერარქია

 

ანგელოზთა დასნი სამ იერარქიად განიყოფებიან. უმაღლეს იერარქიას შეადგენენ: სერაბიმნი, ქერუბიმნი და საყდარნი. ყოვლადწმიდა სამებასთან ყველაზე ახლოს დგანან სერაბიმნი (ანთებულნი, ცეცხლოვანნი) (ეს. 6, 2). ისინი ადამიანებს ღვთაებრივი სიყვარულის ალით აღაგზნებენ. სერაბიმთა შემდგომ უფალთან დგანან ქერუბიმნი (შეს. 3, 24), რომელთა სახელი ნიშნავს: სიბრძნის გარდამოსვლას, განათლებას. ქერუბიმებს მოსდევენ საყდარნი (კოლ. 1, 16), რომლებიც ღვთის მართლმსაჯულებას ემსახურებიან.

ანგელოზთა საშუალო იერარქიას შეადგენენ: უფლებანი, ძალნი და ხელმწიფებანი. უფლებანი (კოლ. 1, 16) ანგელოზთა მომდევნო დასებზე მეუფებენ, ღვთისგან დადგენილ მიწიერ ხელისუფალთ ბრძნულ მართვა-განმგებლობაში შეეწევიან, გვეხმარებიან ცოდვილ გულისთქმათა დაოკებაში. ძალნი (1 პეტ. 3, 22) ღვთის ნებით უფლის რჩეულებზე მორჩილებას, მოთმინებას, საკვირველთქმედების და განჭვრეტის მადლს გარდამოავლენენ. ხელმწიფებანი (1 პეტ. 3, 22; კოლ. 1, 16) ადამიანებს ეშმაკის საცდურთაგან განარიდებენ და ბოროტ გულისთქმებთან ბრძოლაში ეხმარებიან, განამტკიცებენ და იცავენ მოსაგრეებს. უმდაბლესი იერარქია მოიცავს სამ დასს: საწყისნი, მთავარანგელოზნი და ანგელოზნი.

 

საწყისნი (კოლ. 1, 16) მთავარანგელოზებს აღძრავენ ღვთის ბრძანებათა შესრულებისათვის. საწყისებს დავალებული აქვთ სამყაროს განმგებლობა, ქვეყნების, ხალხებისა და ტომების დაცვა. ისინი ადამიანებს ასწავლიან, რომ ყველას თავისი ღირსების შესაფერი პატივი მიაგონ;

 

მთავარანგელოზნი (1 თეს. 4, 16) უფლის ნებას გვაუწყებენ. გვიხსნიან სარწმუნოების საიდუმლოებებსა და წინასწარმეტყველებებს.

 

ანგელოზნი (1 პეტრ. 3, 22) ყველაზე ახლოს დგანან ადამიანებთან. ისინი ღვთის განგებულებას გვამცნობენ. არასოდეს გვტოვებენ და მუდამ მზად არიან შეგვეწიონ.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...