Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

ჰერეთი

 

-აღმოსავლეთ საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. წყაროებში პირველად V საუკუნეში მოიხსენიება. უძველეს ხანაში კავკასიის ალბანეთის სამეფოში შედიოდა. (X)-XIV საუკუნეების წყაროების მიხედვით მოიცავდა გვიანდელი ხანის შიგნიკახეთისა და გაღმამხრის ტერიტორიას (მდ. ალაზნის ველი) საინგილოს ჩათვლით. XII საუკუნეში ამ ტერიტორიაზე ჩამოყალიბდა საქართველოს ფეოდალური მონარქიის ერთ-ერთი ადმინისტრაციულ-პოლიტიკური ერთეული — ჰერეთის საერისთავო, რომელიც დაღესტნის მოსაზღვრე მთიანეთსაც მოიცავდა. XI საუკუნის ზოგიერთი წყაროს მიხედვით , ჰერეთი მოიცავდა კამბეჩოვანსაც და სუჯეთსაც (ე. ი. გარდა მდ. ალაზნის ველისა, მდ. ივრის შუა და ქვემო დინების ზეგანს), თუმცა წყაროსეული ცნობა უფრო ძველ რეალობას ასახავს და ეფარდება ვახტანგ I გორგასალის (V ს.) მიერ შექმნილ ადრინდელი პერიოდის ჰერეთის საერისთავიოს ტერიტორიას. ზოგიერთი წყაროს მიხედვით სახელწოდება „ჰერეთი“ აგრეთვე კავკასიის ალბანეთის ტერიტორიასაც აღნიშნავს. XV საუკუნიდან ტერმინი „ჰერეთი“ აღარ იხმარება და მას ენაცვლება ტერმინი „კახეთი“.

Link to post
Share on other sites
  • 2 months later...

ეხლა ვუყურებდი იმედზე

კახი აჩვენეს, იქაურ მაცხოვრებლებზე, მათ ცხოვრებაზე და აღსარებაზე იყო საუბარი.

ერთ-ერთ ტაძარში გალობდნენ, მესიამოვნა.

პ.ს მემგონი მგალობლებიდან ერთი კუნთა იყო. სასიამოვნოდ გამეხარდა...

Link to post
Share on other sites

ხო გუშინ იყო ლაგოდეხის დელეგაცია წასული. კუნთაც მანდ იყო და სხვა მგალობლებიც. მანდ რაც არ აჩვენეს ბევრი რამე იყო იქ კიდევ მაგარი ნასიამოვნები დარჩნენ იქაური ხალხი, ეროვნულ ფორმაში (ჩოხებით) წარსდგნენ ჩვენი ბიჭები მაგ ვიზიტის ბევრი ფოტო-ვიდეო მასალა მაქვს.....

Link to post
Share on other sites
  • 1 year later...
  • 1 year later...
  • 4 months later...

ცხოვრების გზაზე (კუთხურ კილოზე)

გზაზე გეველ, მოდიოდა ლამაზ გოგოჲ ვარდი კონაჲთ,

შამამხედა თოლებში და... დამაბნია, ცოცხლა დამწო!

მეც შავხედე, შემიყვარდა, გულშ ჩავარდა, მემეწონა,

ის კი სწრაფა გაიქცა და მივაძახე: -გაჩერდ, კაცო,

დეგეწიო, დაგიჭირო, მეგეფერო ე მაგ ხელზე,

დაგიკრიფო ვარსკვლავები, ჩაგილაგო კაბი კალთაშ,

ჩამოვხსნა და ცისარტყელაჲც ჩამოგკიდო ხოხბი ყელზე...

ჰა იქნება, მაკოცნინე ღრმა დამალულ მკერდი ხალთან.

არ გაჩერდა... უკნი ვეტარ, დამატარა შარა-შარა,

კურდღელივი გაიპარა, გაიარა სოფლი კალოჲ,

გადავსჭერი მოკლე გზები, წინ დავდექი, ვუთხარ: -ჩარაჲ

აღარ გაქ და თუ მიჟერებ, ემ დღეიდან ჩემ ხარ ქალო!

და წეველით ხევისაკენ, წყალი პირზე წავშალ კოლებ.

ერთ ხან, შიშ რუმ აუთრთოლდა ფერწასულ და ფერცივ კანზე,

მე ნელ-ნელა წყალში შეველ, ზურგი დავდექ, დავხუჭ თოლებ,

იმან - შემოდგომასავი გაჲხდა ყჳითელ კაბაჲ ტანზე.

ნაწნავები ჩანჩქერივი დაეღვარა შიშველ მკერდზე,

შემოსცურა, ახლოს მოვდა, გამისწორა თოლში თოლი...

- - -

დროჲ რუმ გავდა, გაეწია მუცელ წინ და ცოტა გჳერდზე

გასუქდა და ასე გახდა თებრო პატაჲ, ჩემი ცოლი.

ჰერელი (ზაზა სუყაშვილი)

Link to post
Share on other sites

ჰერეთში

სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია,

ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ...

თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და

ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.

 

ბავშვობა იმზირება ნაცნობი ქოხებიდან,

დავდივარ, ვხეტიალობ, ვიხსენებ თანატოლებს.

ამ ტყესთან ვთამაშობდით, გაფრინდნენ ხოხბები და

ის ტკბილი სიყმაწვილეც ხოხბის ფრთებს გავაყოლეთ!

 

მივდივარ წყაროსთან და გამხმარი მურყნებია

(აქ ხშირად ვქანაობდით დაწნული ბურზღუნებით*),

დამსხდარან ბეღურები, ხეები უყვებიან

ერთ დროს რომ ფუტკრებივით მინდვრებში ვზუზუნებდით.

 

მთვარეზე დაკიდული ჩამწყდარა საქანელა,

ეკლებით დაფარულა კუნძულის ეზოები!..

ვბრუნდები ნაღვლიანი სოფელში, სადაც ნელა

დადიან ქალწულები - მოშიშვლო თეძოებით.

 

რამდენი გოგო-ბიჭი წასულა სოფლებიდან!

ბავშვობის მოგონება თვალებში გამეყინა...

აღარ ჩანს ის გოგონა, რომელიც კოპლებიან

კაბაში დავინახე, შეცბა და გამიღიმა.

 

სახლები ხეობაში ქალწულის ჭორფლებია,

ხევები ცრემლებივით ჩადიან ნიკაპისკენ...

თენდება... პირმშოსავით მზეს წოვენ სოფლები და

ღრუბელი სახელოებს მთის წვერზე იკაპიწებს.

 

 

------

*ბურზღუნი - ველური ვაზი (ტურას ვაზი), რომელზეც კიდებენ საქანელას

Link to post
Share on other sites

ციკლიდან - შემოდგომა ჰერეთში

 

 

 

ლექსი პირველი

ყვავმა დაამსხვრია კაკლის ნაჭუჭები

და მზე ამოვიდა მსხვილი ლებნებიდან.

იქვე ტანშიშველი დგანან ალუჩები,

გრძელი ტოტები კი ზეცას ებმებიან.

 

ეზოს შუაგულში სკდება ბროწეული,

ბუდე აივანზე დარჩა უმერცხლებოდ...

მზე კი გაგანია რთველში მოწვეული,

იქვე ჩამომჯდარა... მისდევს ურემს თედო.

 

ძველი მარნის გულში სქელი ქვევრებია,

ღვინო დოქებიდან ძლივსღა იყურება.

ვენახს პატარები ცეკვით ევლებიან,

სავსე მტევნები კი ეშხით იწურება!

 

ვაზი დაჩოქილა მუხლზე მოლასავით,

მთვრალი დიონისე მოდის სოფლისაკენ,

შინდი შეკონილა ფიჩხის კონასავით,

მოვა, გაიტაცებს ქარი თონისაკენ.

 

ბინდმა გამოაცხო წვრილი ლავაშები,

მთიდან მეზობელმა შოთიც მოაწოდა.

სტუმრებს გაატანეს თხილი და ვაშლები,

თავი შემოდგომამ ყველას მოაწონა.

 

ხვალ მზე გაიღვიძებს დილით, ნაბახუსევს,

ვენახს ნისლიანი თვალით გადახედავს

და რომ ვერ იხილავს გულით ნანატრ ყურძენს,

წავა სხვა სოფლისკენ, ვაზებს გადათელავს.

 

 

ლექსი მეორე

ფოთლის ქარიშხალთან შემოკვდომა,

მტევნის გამოწურვა საწნახელში...

დარდით მიაცილებს შემოდგომას

ქარი მოოქროვილ სასახლეში.

 

ბუდე, ამოწნული აივანთან

ობლად, უმერცხლებოდ შერჩენილა.

სადღაც ტაროები გაიფანტა...

ბეღელს ბეღურები შეჩვევიან.

 

ბიჭი შემთვრალია მაჭრისაგან...

გოგო - მაჭარივით ფერწითელა,

ამბავს ელოდება მაყრისაგან,

როგორც დაღვინებას რქაწითელა.

 

ბებომ გამოაცხო მახარები,

მერე დაგვირიგა შვილიშვილებს.

ბებო... გახსოვს, როგორ მახარებდი,

როცა მე ვითვლიდი იმ წიწილებს?!

 

თითქოს ყელაფერი მეორდება,

როცა ფოთოლს უწევს შემოხმობა...

დილით, განთიადზე ბებო დგება,

ლოცვით დააპურებს შემოდგომას!

 

 

ლექსი მესამე

ქურმუხის წყალს ჩამოჰყვება

სიმღერები ჰერული -

მატიანეს გვერდებიდან

ჩუმად ამოხეული.

მკლავმაგარი პაპის ხელი

დამჩნევია ლელიანს,

დახუნძლული ვაზები კი -

ჭიგოს შემოხვევიან,

ქანაობენ, ირწევიან

ჩაშაქრული მტევნები...

ღვინო ცრემლად იწურება,

ვერ იტევენ ქვევრები!

„არაწითი ღვინეს დავლევ”-

ღიღინებენ ჰერები,

სუფრას პური არ აკლია,

არც მუხრუკას ღერები,

თუმცა ყველას ტანჯავს დარდი,

ფიქრს ვერავინ იშორებს

სამშობლოზე... გულს უმძიმებთ

საქართველოს სიშორე!

და გუგულის ბარტყებივით

სხედან უცხო ბუდეში

და აკლიათ მშობლიური

ალერსი და ნუგეში.

ჰერი ჰერობს და ქართველობს!

არ სჭირდება მტკიცება,

რომ ბედკრული „საქართველო

ჰერეთიდან იწყება!”

Link to post
Share on other sites

ქურმუხული

..და იქ, სადაც ქურმუხი

უერთდება ალაზანს

ორი კუთხის სიყვარულს

ითავისებს ხეობა...

ორი მშვიდი მდინარე

წნავს ბუდეს და კალათას

და შიგ გაზრდილ სამშობლოს

დაუკარგავს მხნეობა!

 

აქვე თამარ დედოფლის

წმინდა ცრემლი მოცურავს,

უტირია მირონი

კახის ძველ ეკლესიას.

ალაზანი მშვიდია...

თითქოს მისთვის დრო სულ არ

გასულა და ჰერეთი

ისევ ერეკლესია.

 

სამშობლოსკენ ხმაურით

მიიჩქარის ქურმუხი...

ეჰააა! საქართველოში

დაბრუნება ეღირსა,

მაგრამ იქვე, შირაქთან,

დგას თათარი ქურუმი

და გაქცეულს უყვირის:

-ძმაო, ჰარა გედირსან*?!

 

და იქ, სადაც ქურმუხი

მშვიდად ხვდება ალაზანს,

ორი კუთხის სიყვარულს

ითავისებს ბუნება...

დრომ ჰერეთი მეზობლის

სკაში მოაკალათა,

ჰოდა დედა ფუტკარი

სახლში ვეღარ ბრუნდება!

 

*ჰარა გედირსან (აზ.) - საით მიდიხარ

Link to post
Share on other sites

ძველი ნაწერებიდან

 

 

 

წლებია გასული და ბავშვობის თითოეულ

დღე-ღამეს დასაკარგად რა მშვიდად ვიმეტებდი!

მერე კი - სოფლის თავში სრულიად მიტოვებულ

საყდარში მეზრდებოდნენ ღვთისადმი იმედები.

თოვდა და ორღობეში პაპაჩემს ვაშენებდი,

კალთაში ვუჯდებოდი და უხმოდ საუბრობდა.

ბოლოს კი მისეული ფიქრებით და შეგნებით

სახლისკენ ვბრუნდებოდი. ბარდნიდა ცა უფრო და

დილით კი პაპაჩემი ისევ იქ დამხვდებოდა...

მეც ასე, სიხარულით, ღრუბლებში დავფრინავდი;

ის წელში იხრებოდა თანდათან და ვხვდებოდი, -

ჩვენ მარტო ერთმანეთი რომ გვყავდა აპრილამდე!

მერე ჩვენც ერთმანეთი შავ მიწას მივაბარეთ,

დრო იწვევს ჩამარხული ტკივილის გაღვივებას...

და ახლა..... ვაზის რქიდან რომ ტირის წინაპარი,

და ახლა..... ვენახიდან რომ მომაქვს წინაპარი,

და ახლა..... მარანში რომ ჩუხჩუხებს წინაპარი,

მჯერა, რომ ჩემს ძარღვებშიც მოასწრებს დაღვინებას!

Link to post
Share on other sites

პა

 

 

 

ხმაშეწყობილად ახმაურდნენ სოფლის მამლები,

მზემ პირმშო დილას მადლიანი სხივი აწოვა.

ვერ ვამჩნევ როგორ, რა სისწრაფით გადის, პა, წლები,

ვერ ვხვდები... ჰოდა ვეღარ გხედავ ნაცნობ საწოლთან!

 

-გახსოვს? -დილით რომ გაგაღვიძეს კატის კნუტებმა,

მერე ცელი რომ ჩამოხსენი ლეღვის ტოტიდან...

ამბობდი: მდელოც სიცხისაგან ჩაიხუთება,

თუკი გლეხ-კაცი თავის დროზე მას არ მოთიბავს.

 

თენდება, მოჩანს უშენობა სარეცელიდან,

ვცდილობ, ძახილი მოგაწვდინო... თუმცა ამაოდ!

პა, სამყურები მოსაცელად ისევ გელიან,

რომ ბასრი ცელი ცვარიანზე ააქანაო.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...