Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

დათვისებრნი (Ursidae)

 

1a761e57f4dd.jpg

 

ძუძუმწოვრების ოჯახი მტაცებელი რიგისა. აერთიანებს თანამედროვე მტაცებლების ყველაზე დიდი ზომის სახეობებს. ზოგი ეგზემპლარის სხეულის სიგრძეა 3 მ, წონა 750-1000 კგ. აქვთ ხშირი ბალნით შემოსილი მასიური სხეული, მძლავრი კიდურები, დიდი თავი, პატარა ყურები და მოკლე კუდი, თათებზე ხუთ-ხუთი თითი, მაგარი და ბლაგვი ბრჭყალები. მეტწილად ერთი ფერისანი არიან - თეთრი, მურა, შავი, რუხი. ზოგს ყელზე და მკერდზე თეთრი ხალი აქვს. ბინადრობენ ევროპაში, აზიაში, ჩრდილოეთ-დასავლეთ აფრიკაში, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაში; უმრავლესობა - უღრან ტყეში, ზოგი ღია ადგილებში, ერთი სახეობა- არქტიკაში, სადაც აღწევს ყინულოვან ველებს. თეთრი დათვი ცოცხლობს 30 წლამდე, მურა დათვი - 45 წელზე მეტს. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი. ზოგან ისინი ზიანს აყენებნ ნათესებს, მეფუტკრეობას, მეცხოველეობას. ოჯახში შვიდი სახეობაა, რომლებსაც აერთიანებენ 5 გვარში. საქართველოში გვხვდება მურა დათვი. აღსანიშნავია აგრეთვე მალაიური, ტუჩა და სათვალიანი დათვი, ბარიბალი და გრიზლი.

ერთ დროს დათვები ფართოდ იყვნენ გავრცელებულნი მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროში. მართადლია დათვები ხმელეთის ყველაზე დიდი მტაცებლები, ანუ ხორცისმჭამელი ცხოველები არიან, მაგრამ ხორცი იშვიათობაა მათ რაციონში.

დათვისებრთა ოჯახში გაერთიანებულია შვიდი სახეობა, რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ კუთხეებში ბინადრობენ და ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშნებით გამოირჩევიან. მართალია დათვები საკმაოდ განსხვავდებიან სიდიდით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მასიური ტანი, მოკლე მძლავრი კიდურები და მოკლე კუდი. დათვის კიდურები დიდი და ბრტყელია, თითოეული აღჭურვილია ხუთი გრძელი და ბასრი ბრჭყალით, რომელიც კატებისგან განსხვავებით, ჩამალული არ არის. დათვის მთელი სხეული დაფარულია ხშირი ბეწვით, რომელიც სახეობების მიხედვით განსხვავდება ფერითა და სიგრძით. მათ ფართო თავზე პატარა თვალები და მომრგვალო ყურები აქვთ. ცხვირი პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძაღლების მსგავსად.

დათვი ჩვეულებრივ, მძიმედ მოძრაობს. იგი გადაადგილდება ოთხივე კიდურით. თუმცა საფრთხის შემთხვევაში ჩქარი სირბილიც შეუძლია. ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს აღწევს. დათვების შედარებით პატარა სახეობები კარგი მცოცავები არიან მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს. ყველა დათვი კარგი მცურავია, თუმცა თეთრი დათვს არცერთი შეედრება.

 

მართალია დათვი მტაცებლების რიცხვს ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისაგან განსხვავებით, ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით იკვებება. ამგვარად ის ყველაფერს მიირთმევს, მცენარეებსაც და ხორცსაც, რასაც უფრო ადვილად მოიპოვებს. შერეული საკვების მიღებამ შეცვალა დათვის კბილების აგებულება. მჭრელები მას უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რის საშუალებითაც ის კბეჩს მცენარეულ საკვებს.

გამონაკლის წარმოადგენს თეთრი დათვი. თოვლიან და ყინულიან გარემოში მცენარეები არ ხარობს, ამიტომ ეს დათვი აქტიური მონადირეა. უფრო ხშირად მის მსხვერპლს სელაპი წარმოადგენს. სხვა დათვები ძირითადად, ხილით, კენკრით, ბოლქვებით, სოკოებით, თხილითა და რკოთი იკვებება, ასევე თევზებით... ამას ამატებენ მწერებსა და თაფლს. დათვები ასევე მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრებსა და რეპტილიებს, თუკი მათ სიახლოვეს შენიშნავენ და დაიჭერენ.

დათვების უმეტესობა აქტიურია დღისით და თითქმის მთელ დღეს საკვების ძებნას უთმობენ. მათ ძალიან კარგი ყნოსვა აქვთ. სიარულისას, დათვი დროდადრო ჩერდება, უკანა თათებზე ჯდება და ცდილობს სუნით ნაკვალევი აღმოაჩინოს.

ცივ რეგიონში მობინადრე დათვები, თეთრი დათვების გარდა, მთელი შემოდგომის განმავლობაში ინტესიურად იკვებებიან, რათა საკმარისი ცხიმის მარაგი დააგროვონ მომავალი ზამთრისათვის, რომელსაც დათვი, ჩვეულებრივ, ძილში ატარებს. როგორც კი პირველი თოვლი გამოჩნდება, დათვი მოძებნის ბუნაგს, გაავსებს მას ბალახებით, ხავსით, ხმელი ტოტებით და ფოთლებით და ხანგძლივი ძილისათვის ამზადებს. ბუნაგი ხშირად გამოქვაბულებში, მღვიმეებში, კლდის ქვეშ ან დიდი ხეების ძირში აქვთ.

ზამთრის განმავლობაში დათვის ტემპერატურა და პულსი არ ეცემა, როგორც ეს სხვა, ზამთარში მძინარე ცხოველებში ხდება, ამიტომ მას თბილ ამინდში თავისუფლად შეუძლია ბუნაგიდან გამოსვლა და საკვების საძებნელად წასვლა. შემდეგ იგი ისევ უბრუნდება ბუნაგს და ძილს აგრძელებს. ასეთი ძილი, დაახლოებით, ექვს თვეს გრძელდება. გაზაფხულზე დათვი გამხდარი და დასუსტებული გამოდის.

 

დაწყვილების პერიოდი ზომიერ და არქტიკულ რეგიონებში მობინადრე დათვებისთვის, ჩვეულებრივ, გაზაფხულია. მაკეობა ხანმოკლეა, თუმცა იმის გამო, რომ დათვი არ მშობიარობს მანამ, სანამ ზამთრის შუა ძილში არ იქნება, განაყოფიერებული კვერცხუჯრედის საშვილოსნოში იმპლანტაცია ხდება მხოლოდ ოქტომბე-ნოემბერში, ამ პროცესს „დაგვიანებული იმპლანტაცია“ ეწოდება.

დათვი შობს წარმოუდგენლად პატარა ბელებს, ხშირ შემთხვევაში — ორს. ახალშობილები მხოლოდ 200-700 გრამს იწონიან და ძალიან ჰგვანან პატარა ვირთხებს. ისინი თვალაუხელელნი, უკბილონი და ბეწვის გარეშე იბადებიან. პატარები რჩებიან რა ბუნაგში დედასთან, მისი ნოყიერი რძით იკვებებიან და სწრაფად იზრდებიან. როდესაც გაზაფხულზე ისინი ბარბაცით გამოდიან ბუნაგიდან და მზეს ეფიცხებიან, უკვე მოზრდილები არიან

დათვები, როგორც წესი, ეულად ბინადრობენ, თუმცა საკვების მოპოვების დროს ხშირად იკრიბებიან. ბელები ორი-სამი წლის განმავლობაში დედასთან რჩებიან. ამ პერიოდში მდედრი დათვი კიდევ მაკეობს, ამგვარად, მამრი დათვებიც ცხოვრების რაღაც ნაწილს ნაშიერებთან ატარებენ.

 

საუკუნეების განმავლობაში დათვების ყველა სახეობაზე ნადირობდნენ. გამოსადეგია დათვის ხორცი, ტყავი, ცხიმი, მათ აბარებე ზოოპარკებში ან უბრალოდ სპორტული ინტერესის გამო ნადირობდნენ მათზე.

ყველაზე დიდი ზიანი მიიღო გრიზლიმ. თუმცა გადაშენების გზაზეა ჰიმალაიური , მალაიური და სათვალიანი დათვებიც.

შედარებით ნაკლები საფრთხის ქვეშ იმყოფება ბარიბალი, თუმცა წარსულში მასზე იყო გაჩაღებული უმოწყალო ნადირობა. ერთ დროს დიდი საფრთხე ემუქრებოდა თეთრ დათვსაც, თუმცა 1970 წლიდან მათ განსაკუთრებით იცავენ, რამაც ამ მტაცებლების რიცხვის საგრძნობი ზრდა გამოიწვია. უსაფრთხოდ გრძნობს თავს, ასევე, ტუჩა დათვიც, თუმცა მისი საბინადრო ტერიტორიები განადგურების პირას არის.

Link to post
Share on other sites
  • 2 years later...

ერტი კვირის უკან ქუთაისში პატარა დათვის ბელი ვნახე, მიტხრეს რომ ამის გარდა გარემოს დაცვის მესვეურებს მონადირეებზე შამორტმეული დათვის ბელები კიდევ კოლიათ/ მინდა გიტხრათ რომ ერტი 10 ცლის უკან სამხედრო ნაცილში გვკავდა პატარა ბელი, როცა ცამოიზარდა მერე საშიშიც კი გახდა.მაინტერესებს თუ არის საქართველოში რაიმე დაცესებულება სადაც ეს ბელები დაიზრდებიან და ბოლო ბოლო ტკე არის მისი საცხოვრებელი. ზალიან მეეშვება სახლში ან ადმიანის გაზრდილმა დათვმა ტკეში ნახოს მისი ადგილი.ან რატო კლავენ დათვებს ასეთ პერიოდში როცა პატარ ბელები კავთ.

Link to post
Share on other sites

ჟორა

 

აქ 10 წელი ციხეა, თუ ბელებიან დათვს მოვიპოვებ.

 

თუ ბელები ავიყვანე, თითოზე 10-10 ემატება.

 

 

მარტივია ხომ?

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ერთი კვირის წინ საქმეზე წავედი ვოლოგდაში. სახლიდან 100 კილომეტრში დათვმა გადამირბინა გზაზე. გადამირბინა კი არა, მშვიდად გადავიდა. სანამ ფოტოაპარატი ამოვათრიე, მანამდე დიდმა სატვირთო ავტომობილმა ჩაიქროლა და დათვის დასაშინებლად საყვირები ჩართო . მე მხოლოდ ზურგის გადაღება მოვასწარი. ამ დღეებში ვნახავ ჩანს რამე, თუ არა, და თუ ჩანს დავდებ აქ სურათებს.

 

ეს პირველი შემთხვევაა ჩემს ცხოვრებაში, როცა დათვი გზაზე ვნახე. ირმები, შველი, ტახი, ლოსი, ფოცხვერი, მგლები, კურდღელი და მელა კი, მაგრამ დათვი არასოდეს. არადა შუაგული დღე იყო.

Link to post
Share on other sites
  • 8 months later...

ვაჟა-ფშაველა

დათვი

(ამბავი)

 

I

 

ყველამ იცის, რა ცხოველიცა ბძანდება დათვი: თავდიდი, კბილდიდი, კუდმოკლე, ბანჯღვლიანი, სვლეპია-ტვლეპია, მსუნაგი, გაუმაძღარი და ქურდი. მხოლოდ ერთი აზრი აწუხებს დათვსა – რა შესვას, რა შეჭამოს. საჭმლისთვის შორით დაიყრის სუნსა და გასწევს კიდეც. არაფერი არ გამოუდის ხელიდამ მზამზარეულად ჭამის მეტი.

წინაპირველად, რა წამსაც კი გამშრალს ნაზოვარზე ამოვა ჩადუნა, შუპყა, კენკეშა, ან ჭინჭარი, დათვმა უნდა იგემოს. სიამოვნებისაგან გაიღიმება, ტუჩებს ენით გაილოკს, თავისებურად, დათვურად ღმერთს ვითომ მადლობასაც ეუბნება, რომ იმან ზაფხული მოჰგვარა და სანოვაგე გაუჩინა. ხანდახან, ნამეტნავად მაშინ, როცა გამაძღარია, სიმღერასაც კი შემოსძახებს.

ჰფიქრობს დათვი და რას ჰფიქრობს? ამა და ამ ადგილს სიმინდი სთესიაო, ამა და ამ ადგილს კაი პანტა სდგასო და სხვა. ჰფიქრობს დათუნა და ამ ფიქრის დროს გოგრის ტოლა ნერწყვსა ჰყლაპავს…

რა ამაგი გაქვს ან სიმინდზე, ან პანტაზე, ან რკოზეო, რომ ჰკითხოთ, ღმერთმა მომცაო, გიპასუხებსთ. სჭამს და სვლეპს დათვი, სვლეპს და სდღვლეფს და გასუქდება ისე, რომ ზაფხულში მოკრული ქონი ზამთარშიაც კი ჰკვებავს დათუნას, როცა იგი გულაღმა გდია თავის სოროში: სიარულიც კი აღარა სჭირდება საჭმლის საძებრად. ხანდახან ტოტს თუ გაილოკს ხვნეშა-კვნესით, მაგრამ არა საჭიროების გულისთვის, არამედ სიამოვნებისთვის.

ყველაზედ მეტად კაცს გულს ის უკლავს, რომ დათვს თავისთანა დედამიწაზე აღარავინა ჰგონია: ყველაფრით შემკობილი, ყველაფრით სრული და ბედნიერი ჰგონია დათუნას თავი. დადის ამაყად, დარბაისლურად, თავმოწონებით. ყოფაქცევა აუჩქარებელი აქვს, სიჭკვიანის ნიშანიაო. ტანის მოუქნელობა და მოუხრელობა დარბაისლობის გვირგვინიაო. ცარცვა, ტაცება და ქურდობა მადლი ჰგონია. ამიტომ არ დასდევს და ჩასდებს, თუ ხელში მოიგდო ცხვარი ან ძროხა, – ჩასდებს და ზედ ხერგს მიაყრის. შეაბოტებს, გადაიმტვრევა სიმინდში, დაუწყებს ლეწვა-მტვრევას ტაროებს. რასაც სჭამს, ხომ სჭამს, რასაც არა და ფეხითა სთელავს, ჰგორავს, თამაშობს სიმინდში.

„დათვია სიმინდშიო“, ისმის ხმა სოფელში: „გააფუჭა, გაატიალა მაგ ვერანამ სიმინდებიო“, მაგრამ ხმას კი ვერავინ გასცემს დათვს.

ეს იცის დათვმა, თამამად კიდეც იმიტომ იქცევა. ხშირად კი დათვსაც ამოშხამდება ხოლმე ბუმბერაზობა: ღვთის მადლით და წყალობით სოფელში თითო-ოროლა კისერჟანგიანი, სვილისფერა ბიჭი არ გამოწყდება. ეს ბიჭი თუ გაივლებს ხოლმე გულში დათვის ჯავრის ამოყრას, თორემ სხვა არავინ. ჩამოიღებს კაჩხიდამ შავი ბიჭი მამა-პაპურს ჯაზეირს და ჩაუჯდება სიმინდის პირში, საყუჩში, და აჰკიდებს სიმინდის მტერს ცხელ ტყვიას. უყურეთ მაშინ დათვის ღრიალს, იმის ბობოქრობას, ბუზღუნს, ლანძღვა-გინებას. იჯავრებს ოხერი და თითონაც თან გადაჰყვება ჯავრსა და ბოროტს. მხოლოდ ეხლა შეინანებს დათვი ცოდვას.

დათვს მაინც ისეთი ხასიათი აქვს: მინამ მას ცხვირში არ მოჰხვდება, მანამ არ მოვა გონსა, არ იფიქრებს, ცუდი საქმე ჩამიდენიაო… დათვს არა ჰგონია, მოვკვდები, მეც მომრევი მყავსო, მანამ კვდომას არ დაიწყებს და მანამ მომრევი არ გამოუჩნდება; არა ჰგონია მეტკივნებაო, მანამ არ ატკივნებ და როცა ატკივნებ, მაშინ კი ღრიალებს…

 

II

 

ერთხელ, ერთს დროს, სოფელში გაჩნდა დათვი, გაატიალა სიმინდები, გაზიდა ხარები, ცხვარი, ძროხა. კამეჩებს იკიდებს და მიაქვსო, ამბობდენ სოფელში. რამდენიმე კაციც დაბეგვა. ამნაირს დათვს ბაბრი ჰქვიან: ჩვეულებრივს დათვზე მეტია, ბარე სამჯერ და ოთხჯერ. ერთი რაღაც მოთუთხნილი, საძაგელი არსებაა. მყრალი, გაუმაძღარზე გაუმაძღარი, აბა კიდეც ეს ბაბრი შეეჩვია სოფელს და აადინა მტვერი… სოფელი შუძრწუნებული იყო. გაიმართა დიდი სჯა, დიდი საუბარი, თუ როგორ ეშველა და მოევლო სოფელს თავისათვის. მიჰმართა სოფელმა მონადირეებს… ხალხი შეეხვეწა გიგოლას, გამოჩენილს მონადირეს… გიგოლა სამოცის წლის კაცი იყო, მაგრამ ნადირობას მაინც კიდევ არ იშლიდა. დათვის ოინები გაგონილი ჰქონდა და ემზადებოდა მარტო შეჰბრძოლებოდა. ხალხი მიქუჩდა გიგოლას სახლის კარებთან.

– ოჯახის პატრონო! – შესძახა ხალხმა გარედგან.

– მობძანდით, ვინა ხართ? – შემოსძახა გიგოლამ.

– ჩვენა ვართ – შენი ძმები და მეზობლები.

ხალხი შექუჩდა გიგოლას ქოხში. გიგოლა კერაზე იჯდა, კალთაში ედო თავისი სიათა და სწმენდდა.

– ჰაი, შენი ჭირიმე, გიგოლი, შენი! – დასძახა ხალხმა თავზე: – ისევ შენ თუ გვიშველი რასმე, თორემ საქმე გაჭირდა; ერთი შენებური ჯეილობა კიდევ მოიგონე და რაც იქნება, იქნეს.

– რა ამბავია, სად ემზადებით, კაცნო? – შეეკითხა გიგოლა.

– როგორ თუ სად? ი დათვ-ტიალამ რომ გაგვაჩანაგა, მაშ ხმა არ ამოვიღოთ, ხელი არ გავანძრიოთ?! – იძახოდა ხალხი თამამად.

– ოღონდაც, ოღონდაც! – სთქვა გიგოლამ, – აქამდისაც უნდა გვეფიქრა რამე. სირცხვილია, სხვა რომ არაფერი იყოს. კაცო, რა გაგვიხდება მთელს სოფელს თუნდაც ოცი დათვი, განაღამც ერთი. მართალია დავბერდი, მაგრამ კიდევ, როგორც იქნება, მოვაწევ, მოვათრევ მუხლებს დათვის სორომდე… იცით კი საით მხარეზე ეგდება, სად ექნება თეგრი?

– ოჩოჩას ველის პირში რომ წყარო არის და წყაროს იქით ივლიანი გორალაა, სწორედ იქა გდია ის დათვი, – სთქვა ერთმა.

– რას ამბობ, ბიჭო, იქ რა უნდა? – შეუტია პირველს მეორემ, – იქ რა უნდა, აზირ მე მკითხო, შვილოსან, ის დათვი საცა არი? ის დათვი სწორედ, სწორედ, გიგოლი, დიდი მზვარის ბოლოს რომ ტაფობია, იქა გდია, – განაგრძო მეორემ.

– ერთიცა სტყუით და მეორეც, ეს უფრო ყველაზე მართალია, – სთქვა მესამემ: – ის დათვი ფლატეებში უნდა ეგდოს.

– თქვენ როგორღა ლაპარაკობთ, ხალხნო? – სთქვა ქიტესამ, რომელიც მონადირე იყო, თუმცა გიგოლას კი ბევრში ჩამორჩებოდა: – თქვენი ლაპარაკიდამა სჩანს, ის დათვი ყველგან უნდა იყოს. – ხალხმა ამ სიტყვაზე სიცილი ასტეხა. გიგოლა ჩუმად იყო და გულიანად უსომდა დუმას ჩახმახს. ხმის ამოუღებლობა აღარ გამოდგებოდა, ბაასი დიდხანს გაგრძელდებოდა, ამიტომ გიგოლაც ჩაერია საუბარში.

– კაცებო, რა გაჩხუბებთ და გალაპარაკებთ ბევრს?! – სთქვა გიგოლამ. – მე მომყევით, თითონ გასწავლით, დათვი სადაცა გდია… ზოგი ტაფობს ამბობთ, სხვა სოროს… იმ ტაფობში, რომელსაც სოსიკა-ბიჭი ამბობს, თავის დღეში არა წოლილა დათვი: ამ ტყეებში დავბერდი, მე იქ დათვი არ შემხვედრია. ზაქარა იძახის „ფლატეს“, მითომ სოროში იწვეს?! არ მოკვდეს გიგოლა, ჯერ დათვი სოროში არ დაწვეს. რას ამბობთ, ხალხნო, ჯერ კიდევ შემოდგომაა, საჭმო ბევრია, რა შეიყვანს დათვს სოროში!..

ხალხი პირშეუბრუნებლად ისმენდა გიგოლას სიტყვებს, როგორც გამოცდილის მონადირის რჩევას.

– სადაც შენ იტყვი, გიგოლი, იქ წავიდეთ, – სთქვა ხალხმა. – შენ უკეთესად იცი ნადირის სადგომი ადგილები, გასავალ-გამოსავალი გზები. სად უნდა ეგდოს დათვი, როგორა გგონია, გიგოლი?

– ჩემის ფიქრით, – სთქვა გიგოლამ და თან ჩაახველა. – ფიჩხიანში უნდა ეგდოს.

– ეჰე, როგორ გაიგო, კაცო, მკითხავი ხომ არა ხარ?! – სთქვა სიცილით თევდორამ და თან მარჯვენა ხელით ისწორებდა თავზე განახევრებულს ტყავის ქუდს. ეს ქუდი თევდორას მარტო კინკრიხოს უმალავდა და კეფის მხრივ მშიერი მგელივით პირი დაეღო. ამ თევდორას ნატყვევარს ეძახდენ, რადგან ოცი წელი ლეკების ტყვე იყო. თევდორა მოხნიანებული კაცი იყო, მაგრამ ლურჯ თვალებს ცეცხლივით ანათებდა და მთელის საათის განმავლობაში ერთხელ არ დაახამხამებდა. სოფელში სამს ნაბადზე მარტო თევდორა ხტებოდა.

– გიგოლა მართალს ამბობს, – განაგრძო თევდორამ: – ჩვენებიანთ გოგო-ბიჭებს გუშინწინ ფიჩხიანში ენახათ დათვი, ზღმარტლზე ყოფილიყვნენ. ფიჩხიანიდამ წამოვიდაო, სთქვეს, მოაბარტყუნებდა, ტყე და ველი ფეხით მოჰქონდა, მოდიოდა და თანაც მოხვნეშოდა, მოკვნესოდაო. შეშინებულებს კალათები გადაესროლათ და, აბა, ვინ წინა და ვინ უკან, დედიშობილები მოცვივდენ სოფელში თავპირგადამტვრეულები და გადაკაწრულები: ვის ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ვის თვალი გამოთხრილი, ვის ფეხი ნაღრძობი, ვის ხელი მოტეხილი, ვის ყური გახეული. გოგრაჭამიანთ ბებერი ნახევარ კაბის ნაგლეჯს ხელით მოათრევდა და ისე გამარდებულიყო, რომ ყველაზე წინ ის მოვარდა სოფელში.

– დღეს გვიანღა არისო, – სთქვა გიგოლამ, – ხვალ დილისთვის ყველანი უნდა მოემზადნეთ, ვისაც წამოსვლა გწადიანთ. მანამ გათენდება, სოფელს უნდა გავსცდეთ, არავინ დაგვინახოს. ნადირობის წესი, თუ გინდა გაიმარჯო, ეს არის.

– როგორც შენ იტყვი, გენაცვალე, გიგოლი, ისე მოვიქცევით, – სთქვა ხალხმა.

– სწორედ ეგრეო, – სთქვა გიგოლამ, – ცისკარი რომ ამოვა, ჩემთან მოიყარეთ თავი-თავს, აქედამ მე გაგიძღვებით, ვახსენოთ ღმერთი და წავიდეთ. ამდენის სირცხვილის ჭამას, ბარემ ყველანი დავეჭმივნეთ, აღარ დაგვძრახამენ მაინც.

ხალხმა პირობა შეკრა დილისათვის და დაიშალნენ ყველანი, თავ-თავის სახლებში წავიდ-წამოვიდენ. ყველამ იარაღს დაუწყო მზადება: ერთი ცალ-ცალკე მოფანტულს ლულას, კონდახს, ჩახმახსა ჰკრეფდა და სვამდა კონდახში. მეორეს თოფის ფეხი მოჰშლოდა. ხის ფეხს უკეთებდა. მესამე ლაჩა-ყბებზე კანაფს ახვევდა, ჩახმახს და ტალს ისე ამაგრებდა, რადგან ბულღი დაეკარგნა. მეოთხე კუდს აგდებინებდა სამის წლის გატენილს თოფს და ნაცრად ქცეულს წამალს აყრევინებდა ლულიდამ. მეხუთეს ტალი აკლდა და ტალის სათხოვნელად დარბოდა მეზობლებში. მეექვსეს ყველაფრით გამართული თოფი ჰქონდა და ტყვია-წამალიღა აკლდა. მეშვიდეს სრულ დარამად, ყველაფრით მოშლილი თოფი ჰქონდა, ვეღარაფერი გაეწყო და ცოლსა ჰლანძღავდა და ჰქოლავდა, ცოლს, რომელიც უშლიდა ქმარს სანადიროდ წასვლას და ეუბნებოდა, ჯერ ჩიტი არ მოგიკლავს, შენ ტყეში ნადირს როგორ მოჰკლავო, რატომ შენს კერაში არ ზიხარო. მერვეს თოფი არა ჰქონდა და დამბაჩასა ჰმართავდა. მეცხრეს არც დამბაჩა ჰქონდა, არც თოფი და ამიტომ ნაჯახსა ლესავდა. მეათეს ნაჯახი არა ჰქონდა, ჭერში შეტანებული მამა-პაპის ნაქონი შუბი მოეგდო, იმასა სწვერავდა, ჰფერავდა და აფხავებდა პიროფლიანი. მეთერთმეტე დაჰფუძნებიყო წალდუნას, მაგრა მოეჭიდა მარჯვენა ხელი ტარზე და მარცხენით ფხას უსინჯავდა. მეთორმეტეს, მეცამეტეს, მეთოთხმეტეს, მეხუთმეტეს, და სხვა და სხვას არ მოეპოვებოდათ მახვილი, ფრჩხილის საკვეთი, როგორც ხალხი იტყვის; ამათ ნათხოვარის იარაღით გამოეჭრათ კეტები და ერთმანეთს ამ ლექსით ამხნევებდენ:

 

ვინც რომ ვაჟია,

ჩოხა – ჯაჭვია,

ქუდი ნაბდისა –

ჩაბალახია.

 

გიგოლა მხნედ, იმედიანად იყო. რა აიმედიანებს გიგოლას? ის, რომ წუხელის კაი სიზმარი ნახა, კაი სიზმარი, ე. ი. დაცდილი სიზმარი. როცა ამ სიზმარსა ჰნახავდა, ცარიელი არადროს არ დარჩენილა. სიზმარი არც არავის უამბო, რადგან დარწმუნებულია, – სიზმრის ბეზღება, სხვისთვის შეტყობინება კარგი არ არისო. რა სიზმარია ის სიზმარი, გიგოლას რომ კარგად დაუცდია და წუხელი ნახა? გიგოლამ ნახა, რომ გაშლილს სუფრაზე იჯდა, ქეიფი იყო: სმეულობა და ჭმეულობა. გიგოლას ქალმა ჯიხვით ღვინო მიაწვადა სიზმარში და ამანაც გადაჰკრა; ხორცი მოუტანეს, ხორცი ლურთი იყო, მქისე სუნი მოსდიოდა და ის კი არა ჭამა. ეს იმის ნიშანია, რომ გიგოლა მოჰკლავს უწმინდურს ნადირს. გიგოლას ისე იმედი ჰქონდა, რომ ვითომ ხელში სჭერია, წინა სდებია მოკლული ნადირი…

 

III

 

დაღამდა ის დღე. სოფელს მიეძინა, ყველაფერი მიყუჩდა. მხოლოდ ძაღლებიღა წკავწკავებენ, ათასში ერთგნით მომჩინარი ქოხებიდამ ცეცხლის სინათლე თანდათან მინელდა და შემდეგ გაჰქრა სრულიად. მიწვა-მოწვა ხალხი. კატებს მიეცათ ეხლა ნება ცეცხლთან, კერასთან მისვლისა… თვალდახუჭულებს მიეპყროთ სითბოსთვის გულები, მაგრამ ყველას არა: მსუნაგი კატები რაც იყვნენ, ისინი თაროებს აქოთებდენ. ამის გამო თუ გაისმოდა ხმა ქოხიდამ: „აცხა“, „აცხაო!“

მამალმა სამჯერ იყივლა, აღმოსავლეთით აღმოხდა ცისკარი და გაუცინა სოფელს. ყველანი, ვინც დათვზე ემზადებოდენ, ფეხზე დადგნენ. უვლიდენ ერთმანერთს კარიკარს და ეძახდენ: „გაიღვიძეთ, ადექით, ბიჭო, დროა დათვზე წავიდეთ!“

გიგოლას იმ ღამეს ტანთ არც კი გაუხდია, მხარ-თეძოზე შემოწოლილს დაეძინა კერის პირას… ხალხმა მოიყარა თავი-თავს და მიქუჩდენ გიგოლას ქოხის კარებთან.

გიგოლამ ხალხის ხმაურობა მალე გაიგონა: ადგა, იარაღები აისხა. სასწრაფო, საპირისწამლე ყველაფერი მზად ჰქონდა გიგოლას, რაც კი ნადირობისათვის იყო საჭირო; ამას არც არავისთვის ტალი უთხოვნია, არც წამალი. ახალგაზდულად გამოვიდა ქოხიდამ გიგოლა და მოხდენილად გადიგდო თოფი მხარზედ, ნამეტნავად უხდებოდა წელზე ძველებური, წვერშემოკაუჭებული ხანჯალი.

– აბა, ბიჭებო, წავიდეთ. მე მზასა ვარ! – სთქვა გიგოლამ დაბალის ხმით, მაგრამ მხნედ და გაბედულად.

ყველანი მიჰყვნენ უკან. ოცდაათამდე კაცი წავიდა დათვზე, ნახევარი გზა თითქმის ჩუმად და ხმაამოუღებლივ გაიარეს… ყველაზე მეტად ეს დუმილი თევდორას აწუხებდა, იმ თევდორას, რომელიც მთელის საათის განმავლობაში ერთხელ არ დაახამხამებდა თვალებს და განახევრებული ქუდი ეხურა კინკრიხოზე.

– რა მუცელში ენა ჩაგივარდათ, ხალხნო, რატომ არაფერს იტყვით! – სთქვა თევდორამ სიცილით, – იქნება ყველანი გაგვპენტოს, შვილო, იმ დათვმა. ვსთქვათ მაინც რამე, ან გავიცინოთ, ეს მაინც შეგვრჩება… ხომ ერთი-ორი არ გადავურჩებით დაუბეგვავი და როგორ უნდა გავიგოთ, ვის დაბეგვავს დათვი და ვინ გადარჩება… ძაან მინდა, ვიცოდე, ჩემმა მზემ. მოდი ერთი, ქიტესო, წილი ვყაროთ, მე და შენში ვის დაგვბეგვავს დათვი და ვინ მშვიდობით გადავრჩებით, – უთხრა სიცილით თევდორამ ქიტესას.

– ძაან კარგი იქნება, – უპასუხა ქიტესამ, – აბა რაზე ვყაროთ?

– აი ნაჯახის ტარი. – თევდორას ნაჯახი ჰქონდა გარჭობილი წელში, გამოიძრო და მოჰკიდა ტარს ძირში ხელი, – ვინც ზევით არ მოვა, დათვი იმას დაბეგვავსო. ქიტესამ თევდორას ზევით მოჰკიდა ნაჯახის ტარს ხელი, ახლა ისევ თევდორამ, მერე ქიტესამ. გათავდა ნაჯახის ტარი, ქიტესა მოხვდა ზევით.

– გერგო, გერგო, ქიტესო! – დაიწყო თევდორამ სიცილი: – რაკი დაგბეგვავს, მადლიანად მაინც დაგბეგვოს ნეტავი, მე კი სეირს ვუყურო.

– რა იცი, რომ შენ არ დაგბეგვს დათვი?! – მიუბრუნდა თევდორას სოსიკა-ბიჭი.

– მე რათა, შვილოსან, – განაგრძო ღიმილით თევდორამ, – წილში თუ კი არ მერგო, რათ უნდა დამბეგვოს!?

– წილს რა ჭკუა აქვს? – უპასუხეს თევდორას სხვებმა ხუმრობით, – იქნება შენ დაგბეგვოს და ჩაგდვას კიდეც?

– ჰე, მე ვიცი, ცოლ-შვილი ამიტირდება! დამბეგვოს და დამბეგვოს, რა იქნება! – განაგრძო თევდორამ მამაცად, – ლეკებმა მბეგვეს, ჯერ იმათ ვერ დამბეგვეს, ისევ ის თევდორა ვარ, დათვმა როგორ უნდა დამბეგვოს!? თუ ღონით ვერაფერს გავაწყობ, გაქცევა ხომ ჩემი ხელობაა! ბრალი თქვენი, შვილოსან, რომ ღონეს დათვს ვერცავინ შეუწონთ და გაქცევითაც ვერ გაექცევით.

– მართლაც, კაცო, – სთქვა ერთმა, – მივდივართ დათვზე და აღარა ვფიქრობთ იმას, რომ დაგვბეგვოს ყველანი და ცოლ-შვილის ცოდვა დავიდოთ კისერზე. რა გვინდა? უნდა თავი დაგვენებებინა, ერთხელაც იქნება ხომ გადაიკარგება სადმე, მოსწყინდება აქ ყოფნა.

– შენ გიჟი ხომ არა ხარ, რას ამბობ, კაცო?! – სთქვა მეორემ, – მაშ უნდა შევარჩინო დათვს ჩემი კვებულა?! მოვკვდე მაშინ, მოვკვდე!

– შენ ეგა თქვი, – სთქვა მესამემ, – ჩემი ნიკორა კამეჩიღა?! ვაი დედას მტრისასა! – და ჩაიმჯიღა გული, – ქრისტეს მადლმა, მთისათვის რომ მოგება, მთას მოჰგლეჯდა. მაშ უნდა შერჩეს დათვს იმისი შეჭმა?! თუ ხელით ვერაფერს გავაწყობ, კბილებით მივვარდები. ვოჰმე, ვოჰმე, ჩემო ნიკორა კამეჩო!

– ყველანი თავის ჭირსა სტირით, შვილო, და ჩემს გულში კი არ ჩამოიხედავთ… საახალწლოდ ვინახავდი კერატს და მაგ ვერანამ არ მომტაცაა! მიჰყვანდა და თან მიაჭყვირებდა… არა, არა, დათმობა არ იქნება. გული ვერა სთმობს, – სთქვა მეოთხემ.

– თქვენ ჩემი სთქოთ, კაცო! – სთქვა მეხუთემ, – საქონელი რა სათქმელია?.. ნეტა ჩემი ცოლისათვის გული არ გადმოეგდებინა ბუდიდამ! მას შემდეგ, რაც ეს ვერანა ენახა ზღმარტლზე ყოფნის დროს, ძილში ბოდამს და ორჯელ ქადაგადაც დაეცა.

– მე არც ძროხა მყავს, არც ცხვარი, არც ღორი, არც კამეჩი, კატაც არა მყავს სახლში, თქვენც კარგად იცით, ცოლ-შვილს ვინ იტყვის, – სთქვა თევდორამ, – არც არაფერი შეუჭამნია ჩემი დათვს, მაგრამ სოფლის გულისთვის ჯანდაბას იყოს ჩემი თავი, ერთს დღეს გავჩენილვარ, ერთს დღეს მოვკვდები. ჩემ ფეხებს! ყოჩაღად იყავით, ნიახურელებო, ყოჩაღად! – თანაც ისეთი შეუჭყივლა თევდორამ, რომ ყველანი შეხტნენ, თითქოს ქორწილში არის თევდორა და არა ტყეში სანადიროდაო.

გიგოლა სულ წინ მიდიოდა და დინჯად მიაბოტებდა, ლაპარაკში არც კი ერეოდა. თევდორას შეჭყივლებაზე გიგოლამ მოიხედა და შეუბღვირა თევდორას. თევდორასაც თითონაც, ცოტა არ იყოს, შერცხვა, პირზე ხელი მიიფარა და დაჭყეტილი თვალები უფრო დააჭყიტა. თევდორას არც სხვებმა მოუწონეს ეს უალაგოდ შეჭყივლება.

– აქ კი ნუ ღრიალებ, თუ ბიჭი ხარ, მამაცად დათვს დაუყვირე! – უთხრა თევდორას ქიტესამ, რომელიც, ცოტა არ იყოს, გულნატკენი იყო იმითი, რომ წილმა დათვისაგან დაბეგვა ამას არგუნა.

– მოკვდეს თევდორა, თუ დათვს უფრო არ დავუჭყვირო! – სთქვა თევდორამ და თან თეთრის ჩოხის ჩამოწეწილ-ჩამოგლეჯილი კალთები აიკეცა და ჩაიმაგრა ქამარში. თევდორას ისეთი ჩამოგლეჯილკალთებიანი ჩოხა ეცვა, რომ გეგონებოდათ, როცა შეჰხედავდით იმის ჩოხას, თასმები ჰკიდიაო… ჩაიმაგრა, შემოიკალთა ჩოხა თევდორამ და გაირჭო ისევ წელში თავისი ნაჯახი. ნაჯახის პირზე ერთს მჭადსაც დაედვა ყური და ამაყად ამოიცქირებოდა ჩოხის კალთიდგან.

 

IV

 

მონადირეები ეხლა ტყეში იყვნენ. გარიჟრაჟდა და ერთს ხევს მიადგნენ, პირები დაიბანეს, ზოგმა ჩიბუხი გააჩაღა, სხვამ პურს დაუწყო ლოღნა. დაიბანეს პირები და გადიწერეს პირჯვარი.ხევს რომ გასცდენ, აღმართს შეუდგნენ. ტყესა და ტყეს შუა ველები იყო, ველები მწვანედ მოსჩანდა, მოლით დაფარული. უცბად ყველანი შეჩერდენ. თოფიანებმა თოფებს ხელი გაიკრეს. რა მოხდა? ტყიდამ გამოცანცალდა კურდღელი, ჯერ კიდევ ნამი არ გაჰშრობოდა ტანზე და ყურებზე. პატარა ხანს გზაში შედგა, დაყუნტდა, ყურები აცქვიტა. წინად დაბუხულს ჰგავდა და ხალხი რომ დაინახა, ფიცხად გადახტა და მიიმალა ტყეში. თოფის სროლა ვერავინ მოასწრო. გიგოლამ ყურადღებაც არ ათხოვა და სხვებსაც დაუწყო ჯავრობა:

– სად არის იმდენი ტყვია-წამალი, კურდღლებზე ვხარჯოთ? კურდღელს რომ ტყვია მოხვდეს, ხომ ფეხების მეტი აღარაფერი დარჩა.

– აი დასწყევლოს ღმერთმა, – იძახოდა ხალხი, – როგორ დაგვნავსა მაგ ვერანამ! ცუდი ნიშანია, ცუდი!

ცოტა რომ გაიარეს, უფრო ფიცხად გაიკრეს თოფიანებმა ხელი თოფებზე, ნაჯახიანებმა ნაჯახზე, წალდუნიანებმა წალდუნაზე და შუბიანებმა შუბზე. რადა? რა მოხდა? რა ამბავია? ის ამბავია, რომ საით მხარესაც კურდღელი გადახტა, იმ მხრიდამ, თუმცა ცოტა ზემოდამ, მელა გადმოხტა და სწორედ ერთი ადლის ტოლა კუდი გადაათრია გზაზე.

– მელა, მელა, მელა! – დაიძახა ხალხმა ჩურჩულის ხმით. მელამ ერთი თავისებურად, ცბიერად, ცბიერის თვალებით გადმოხედა მონადირეებს, ულვაშები, თან ტუჩი აიფშრუკა, თითქოს დასცინა მონადირეებს, გადახტა თავმომწონებით და დასკუპდა ველის პირად.

– უყურე მაგ ვერანას! – სთქვა ერთმა და თან თოფი მიუღერა, დააჩხლაკუნა და არ გაუვარდა კი. მელამ კუდი აიბზიკა, გადახტა და იქვე დაცუცქდა.

– ჰაი, შე საოხროვ, შენა! – სთქვა მეორემ და მიუშვირა თოფი, – მე გიჩვენებ შენ სეირს! – დაუჩხლაკუნა და კიდევ იმასაც არ გაუვარდა. მელამ წინანდებურად კუდი შეიკაუჭა, გადახტა, შემოიხედა ერთი და იქვე დაყუნტდა… დასცინა მონადირეებს, ნამდვილად დასცინა. მონადირენი განცვიფრებით ბრაზმორეულნი შესცქეროდენ მელას…

– დაგნავსათ, რა ამბავია, მაგ ოხერმა? – სთქვა მესამემ და მიუჩხლაკუნა იმანაც თოფი. ფალიამ აიარა, მაგრამ თოფი კიდევ არ გავარდა. მელამ ეხლა კი იკადრა და გადახტა ტყეში. ამ სურათის მნახველს თევდორას სიცილი ვეღარ დაემაგრებინა, მუცელი ხელით ეჭირა და ჰგორავდა დაბლა.

– ვაჰმე, დედავ, ვაჰმე, დედაჩემო! ნეტა ი საოხრო მუგუზალი მაინც წამომეღო! – კასკასებდა თევდორა.

გიგოლას ძალიან ეწყინა ეს ამბავი და შეუტია მონადირეებს.

– მაგ იმედით მოსდიხართ დათვზე?! ვაჰ, შენ ჩემო თავო, ვაჰ, შენ ჩემო თავო! – სთქვა გიგოლამ გაჯავრებულმა, – მომიტანეთ აქ თოფები, მომიტათ ჩქარა!

– შენ რატომ არ ესროლე, გიგოლი, თოფი იმ ოხერს? რა გვიყო, როგორ დაგვნავსა, ვერ უყურებ? – უთხრეს მონადირეებმა გიგოლას.

– სადათვედ გატენილი თოფი მაქვს, მელაზე დავცალო?! – სთქვა გიგოლამ, – მომიტანეთ აქ თოფები!

გიგოლას თოფები მიუტანეს: სათითაოდ ყველა თოფები გაშინჯა… ყველას ტალები გამოარიდა, დაუპირა, საფალია ყველა თოფებს თავის საპირისწამლიდამ დაუყარა თოფის ყურზე.

– ვაი, ვაი, რა ხალხნი ხართ! – ამბობდა გაჯავრებული გიგოლა, – თქვენი რა იმედი უნდა ჰქონდეს კაცსა! დათვზე მოსდიხართ და რა იარაღით მოსდიხართ, სირცხვილი არ არის?! განა ნადირობა რომ გაგიგონიათ, მაგნაირის იარაღით ნადირობენ და ჰხოცენ ნადირსა?!

– ყოჩაღადა ვართ, ფიქრიც არ არის, გიგოლი, – სთქვა თევდორამ სიცილით, – ერთი მუგუზალიღა გვაკლია, სხვა არაფერი!

– შენ რომ თოფიც არა გაქვს, შვილო, შენ ვისღა დასცინი?! – უთხრეს შერცხვენილმა მონადირეებმა სიცილისაგან თვალებმოცრემლიანებულს თევდორას.

 

V

 

ხალხი, ცოტა არ იყოს, სასოწარკვეთილებაში ჩავარდა ამ მარცხის გამო, იმედი შეუსუსტდა გულში, მაგრამ მაინც წინ მიდიოდა, უკან დახევა აღარ შეიძლებოდა. მონადირეებმა გადავლეს ქედი და მოედვნენ ხშირს, დაბურულს ტყეს. ბევრი იარეს, ცოტა იარეს, გავიდენ მლაშე ველში. ჯერ მზე კიდევ არ ამოსულიყო, მხოლოდ გაეწითლებინა კი აღმოსავლეთი, ფრინველთ პირველ განთიადის გაჩაღებულს გალობას უკლეს, მხოლოდ წიპრია და წიფლისჩიტა არ დაღალულიყვნენ. მონადირენი დასხდენ ცოტა ხანს და გამართეს თათბირი იმაზედ, თუ საით და როგორ მისვლოდენ დათვსა, რადგან დათვის ბინაზე, მის საწოლზე ახლო იყვნენ.

– იცით, ბიჭებო, ჩვენ რა უნდა ვქნათ და როგორ უნდა მოვიქცეთ? – სთქვა გიგოლამ, მაგრამ სიტყვის დასრულება ვეღარ მოასწრო, რომ ფიჩხიანიდამ ბღუილი შემოესმათ… – ოჰო, ოე! – სთქვა კვლავ გიგოლამ გამხიარულებულმა, – მე რო გითხარით ფიჩხიანში ეგდება-მეთქი, აბა დაიყურეთ, რა ამბავში არის ჩვენი მტერ-მოყვარე!

ყველანი ფეხზე წამოდგნენ, აცქვიტეს ყურები და გაიცქირებოდენ ფიჩხიანისაკენ.

– ეჰე, – სთქვა ერთმა, – როგორა ბურტყუნებს ეგ მუდრეგი!

– ჰოი და-და-და-და-და! – სთქვა მეორემ, – ძაან არ გამწარებულა!

– ჰაი, ოხრობა შენი და ტიალობა! – გაისმა საერთო ხმა ხალხისა, – რა აღმუვლებს, გიგოლი, მაგ მუდრეგს?

– კბილი ასტკივნია, – მიუგო გიგოლამ და თან ჩიბუხზედ ჩიბუხის ნემსით აბედს დაუწყო სწორება, – დაიცადე, დაიცადე პატარა ხანი, მაგ სხვა კბილებს ჩვენ აგატკიებთ, მოგვითმინე პატარა ხანი, – კიდევ სთქვა გიგოლამ თავმომწონედ.

– კბილიო? – განიმეორა ხალხმა, – ჰაი, ესემც ასტკივნია, რომ თან გადეტანოს კიდეც. ჩვენი ცოდო რა ხეირს დააყრის!

– კბილი კი არა, – სთქვა ღიმილით თევდორამ, – გვემუქრება; გაიგო, რომ მივდივართ და გვეძახის: „აბა, კაი ბიჭები იქნებით და მოხვალთო!“ გიგოლა გეხუმრებათ, რა არის, გული არ გაგიტყდეთ.

– არა, მართლა კბილი სტკივა, გეთაყვა, გიგოლი? – განმეორებით შეეკითხა ხალხი გიგოლას.

– მართლა, მამიჩემის სულის განათლებამ. სხვა დათვს არაფერი დააწყებინებს ეგრე გაბმით ღმუილს. ერთი, როცა თოფს დაჰკრავ, მაშინ დაიღრიალებს მხოლოდ ერთხელ, მერე ხმას გაიკმენდს, თუნდაც დაჭრილიც იწვეს, ან მირბოდეს, აღარა ღრიალებს. ეხლა ეგ ადგილობრივა გდია და უფრო საშიში ეხლა არის; უეჭველად ომს აგვიტეხს, მაგრამ, ღვთით, ვერაფერს კი გამოგვრჩება. თქვენ, როგორც მე დაგარიგოთ, ისე მოიქეცით.

– რაკი კბილი ასტკივნია, იქნება კიდეც გადიტანოს თან. მოდით, თავი დავანებოთ, – სთქვა ერთმა და ნახევარი ხალხი ამ სიტყვაზე დათანხმდა.

– აი ყოჩაღ! მართლა, მართლა, კარგი მოიგონეთ! – სთქვა გიგოლამ სიცილით.

ამდენის ხნის გაუცინარს ეხლა ძლივს გაეცინა გიგოლას.

– ბალღები ხომ არა ხართ, რას ამბობთ, კაცნო? – განაგრძო გიგოლამ, – თუ გეშინიანთ და სული ძალიან გეტკბილებათ, ნუ წამოხვალთ, მიბრუნდით უკანვე და მიუდით თავის ცოლებს შინ მშვიდობით, თუ არა და, რას ამბობთ, როგორ ამბობთ? დედაკაცები ხომ არა ხართ, კაცები ხართ, თავზე ქუდები გხურავთ. ქუდი კაცს ნამუსისათვის ჰხურავს, განა მარტო სიცხე-სიცივისათვის? სირცხვილით მაგას როგორ ამბობთ, თუნდა იცოდეთ კიდეც, რომ ცოცხლები ვეღარ დავბრუნდებით შინა?

– ვხუმრობთ, გიგოლი, განა მართლა ხომ არ ვამბობთ, – შესძახა გამხნევებულმა ხალხმა, – რასაც შენ გვეტყვი და გვირჩევ, ჩვენც ისე მოვიქცევით.

– ე მაგრე, ჰაი, ყოჩაღ, ნიახურელებო, ყოჩაღ! – შესძახა თევდორამ თავისებურად და ჩამოიწია თავისი დაგლეჯილი ქუდი თვალებზედ…

ყველანი გაუჯავრდენ ამ მოუთმენლობისათვის. თევდორამ იტურნა და თავისათვის მიჯდა გამხმარის ჯოყრების პირში.

– პირდაპირ უნდა სოროში მივუხტეთ, – იძახდა ხალხი, – ყველანი ერთბაშად უნდა მივიდეთ და დავუშინოთ თოფები!

– არა, – სთქვა გიგოლამ, – ერთის მხრიდამ მისვლა არ გამოდგება. როგორ იქნება? წამოხტება და სხვა მხარეს გაგვექცევა, პირში ჩალას გამოგვავლებს. ეგრე კი არა, ჩემო ძმებო, ჩვენ უნდა გარს შემოვერტყნეთ დათვის ლოგინს, ირგვლივ რამდენიმე კაცი ერთად დადგეს, ოროლი ან სამ-სამი, რომ ერთმანეთს მიეშველნენ. ერთი-ორი ბიჭი ზევით უნდა გავგზავნოთ, რომ დააგორონ ქვები და ზედაც თოფები დაახალონ. დათვი ადგება, პირაღმე არ გაიწევს, წამოვა თავქვე და ჩვენც წინ დავუხვდებით.

ხალხი ძალაუნებურად დასთანხმდა გიგოლას რჩევას; ყველას ერთად ყოფნა ეწადა, ერთად ბრძოლა და ერთს ადგილს სიკვდილი, მაგრამ არ შეიძლებოდა, ხალხი დასთანხმდა გიგოლას. ორი ბიჭი დათვის ასაგდებად გაგზავნეს და ხალხი ორ-ორ სამ-სამი კაცი ერთად დადგნენ ფიჩხიანის გარეშემო. დათვის ბღუილი და კვნესა ისევ ისე მოისმოდა. ზოგნი ხერგებში შეძვრნენ, სხვანი ბუერიანში ჩაიმალნენ, ან ხეებზე ავიდენ და ამბობდენ: ზევიდან უფრო კარგად დავაზელთ დათვს თოფსაო. ქიტესამა და თევდორამ ერთი ძირიანად ამობრუნებული წიფელი აისაფრეს. ქიტესა დაიმალა ფესვებთან, თევდორა – წიფლის წვერებთან მაღალ ფეხზე შემოყენებულის ქოფაჩით.

– ნუ გეშინიან, ძმაო ქიტესო, – ჩამოსდუდუნებდა ზევიდგან თევდორა, – თუ ჩემი ნაჯახი აქ მექნება, ლომსაც გავისტუმრებ, განაღამც დათვს, – ამბობდა რა ამას თევდორა, თან ნაჯახს ატრიალებდა ხელში.

თევდორას ზემოთ თელასთან ატუზულიყო სოსიკა-ბიჭი, იმასაც მოემარჯვებინა გაშავებული და ჟანგისაგან შეჭმული ხარა-თოფი. გიგოლა ქვევით გეზზე ჩაუჯდა, ერთი ცეცხლისაგან გამომწვარი და გატუსული ყუნჭი აიფარა, თოფს წვერი დათვის მოსავლისაკენ მიუბრუნა და გაფაციცებით, მოუთმენლად ელოდა დათვის გამოჩენას. ყველანი, თავ-თავიანთ იარაღით მომზადებულნი, გულის ფანცქალით ელოდენ დათვთან ომს.

 

VI

 

მოისმა კივილი დათვის ასაგდებად გაგზავნილის კაცებისა და გავარდა ორი თოფი ზედიზედ. დათვს ამ ხმაურობაზე ცუდმა მხარმა უთხრა. ადგა გამწყრალი, ახალმა ჭირმა კბილის ტკივილი დაავიწყა. სიბრაზისაგან პირზე დორბლი მოუვიდა. წამოვიდა თავქვე ბუზღუნით. მოდიოდა დათვი ზვავივით, მოჰქონდა ფეხით მიწა და ფოთოლი და ტანით შიმელაების ტოტები. ყველას ჟრჟოლა მოჰკიდა ტანში, მოუვიდათ ჟამი ციებ-ცხელებისა. დათვი ექვსს მონადირეს გამოსცდა. ამ ექვსში მარტო სამი იყო თოფიანი, სხვანი კეტებითა და შუბებით იყვნენ: თოფიანებმა დათვი რომ გაიცილეს, მერე დაახალეს თოფები. სამი თოფი ერთბაშად გავარდა, დათვი დაიჭრა რამდენსამე ადგილას და მორთო ღრიალი. ნატყვივრებს კბილით იჯენჯდა და ამტვრევდა ხეებს, ასტეხდა ვაი-უშველებელი, დიდი მუქარა, დიდი ამბავი და გაექანა ბურტყუნით იქითკენ, სადაც ქიტესა და თევდორა იყვნენ ჩასაფრებულნი… ქიტესამ დათვს თოფი შუბლში დაუმიზნა, დასხლიტა ჩახმახი, თოფი გავარდა, ტყვია ძირს დაუცდა, ფეხში მოხვდა დათვს და წინა ტოტი მოსტეხა. დათვი გამწარებული გაექანა, დაეტაკა ქიტესას და დაუწყო ბეგვა…

„კაცი მოკლა, კაცი მოკლა!“ – გაისმა ხმა მონადირეებისა, – „უშველეთ, კაცებო, უშველეთ!“

– ნუ გეშინიან, ძმაო ქიტესო, მე აქა ვარ, ნუ გეშინიანთ! – გაისმა ხმა თევდორასი. თევდორა ნაჯახმოღერებული გადმოხტა და მიიწია მისაშველებლად. გაგონილი ჰქონდა, რომ დათვზე რომ გადაჯდეს კაცი და ყურები დაუჭიროს, დათვი ვეღარაფერს უზამსო. თევდორაც მივიდა თუ არა, შეახტა დათვს ზურგზე, ნაჯახი ხელიდამ ჩაუვარდა, როცა ყურების დასაჭერად დათვს ჩააწვადა ხელები. დათვი შედგა ტოტებზე, აასქდა და დაასქდა, თევდორა მოიგდებინა, ამოიდო ქვეშ ქიტესასთან ერთად და დაუწყო ორივეს ბუბვნა. გამოექანა სოსიკა-ბიჭი, მორბოდა მოსაშველებლად და თან გამოწვდილი დამზადებული თოფი ეჭირა ხელში. უცბად ხელი მოჰკრა ვიღაცამ უკან კალთაზე, „ვაიმეო!“ დაიძახა სოსიკა-ბიჭმა და დაეშვა დაბლა, თოფიც ხელიდამ ჩაუვარდა. იმას ეგონა, დათვმა დამიჭირაო.

– ნუ გეშინიან, შვილო, ნუ გეშინიან, მე ვარ, – ეუბნებოდა ათრთოლებულისხმით გიგოლა, რომელიც დათვს ეპარებოდა და უნდოდა თოფი ესროლა დათვისათვის. გიგოლას შეეშინდა, ვაი თუ სოსიკა-ბიჭს დაუცდეს თოფი, ხელი აუკანკალდეს და კაცები დახოცოსო დათვის მაგიერად. ამიტომ დაუჭირა კალთა სოსიკა-ბიჭს და დაახევინა უკან. სოსიკა-ბიჭს გული წაუვიდა და გამტკნარებული გაიშხლართა დაბლა, მაგრამ გიგოლამ იმას ყური აღარ უგდო. დაუჩოქა დათვს და ყურის ძირში მისცა თოფის ნიშანი. დათვი ამ დროს თევდორას ჰბეგვდა. თოფმა დაიგრიალა, ცოტა ხანს ისე იყო, ყურის ძირში ტოტი მოისვა და დაჰხედა. რა ნახა სისხლი, დაიღრიალა ერთი კი საცოდავად, გადაგორდა და თევდორაც თან გადაიყოლა, რადგან თევდორას მკლავი პირში ეჭირა. მონადირეებმა დაინახეს რა წაქცეული და დაგორებული დათვი, გამოვიდენ საფრებიდამ. ზოგნი გამოსულებიც იყვნენ და მისაშველებლად მორბოდენ. შეჰქმნეს ყვირილი, დასცეს კიჟინა. მისცვივდენ გიგოლას და დაუწყეს კოცნა.

 

 

VII

 

– ემ თვალში გენაცვალე, გიგოლი, რომ სჭუტავ ხოლმეო, – ჰკოცნიდა ერთი მარცხენა თვალში.

– მარჯვენა თვალში გენაცვალეო, – ეუბნებოდა მეორე და ჰკოცნიდა, – რომ კარგად ამოიღებ ხოლმე ნიშანში.

ზოგი ეხვეოდა დაჭრილებს და უხვევდა წყლულებს. თევდორა ქიტესაზე მეტად იყო დაბეგვილი, ცალი ხელი, თეძო მილეწილი ჰქონდა, თვალ-პირზე სისხლი ჩამოსდიოდა, მაგრამ ერთხელაც არ დაუკვნესია. ქიტესას გვერდი ჰქონდა გამოჯენჯილი და ცალი ლოყა დაკაწრული. სოსიკა-ბიჭსაც სინჯვა დაუწყეს, მაგრამ წყლული არსად არა სჭირდა, თუმცა კი თვალები დახუჭული ჰქონდა და მკვდარივით ეგდო. ჩაუყვეს უბეში ხელი, გული უცემდა.

– ე რა ამბავია კაცო? – ეკითხებოდენ ერთმანეთს, – კაცი ცოცხალია და მკვდარს კი ჰგავს?!

– შეეშინა, არაფერი უშავს! – შემოსძახა ხალხს გიგოლამ. ხალხს მიჰქონდა წყალი, ზოგს კალთით, სხვას ქუდებით, ბუერით და ასხამდენ სოსიკა-ბიჭს თავზე.

– ადექი, სოსიკო, ადექი, ცოცხალი ხარ, ღმერთის მადლმა, ნუ გეშინიან, ადექი ბიჭო! – დაჰყვიროდენ სოსიკა-ბიჭს თავზე, – შეგშინებია, სოსიკო, შეგშინებია, ვერ დაგბეგვა დათვმა, ვერა!

როგორც იყო სოსიკა-ბიჭმა გაახილა თვალები, მაგრამ ისევ მალე დახუჭა.

– ავადა ვარ, ავად! – წაილუღლუღა სოსიკა-ბიჭმა და მიწვა მხარ-თეძოზედ.

– გიორგა, ჰა, გიორგა! – ეუბნებოდა თევდორა ერთს ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც მხარზე გაედო უზარმაზარი კეტი, – ერთი ქუდი მომიძებნე, გეთაყვა, ქუდი, ჩემი ქუდი! – თევდორას სიტყვაზე ყველანი დაფაცურდნენ, დაუწყეს ძებნა და შვიდად გაგლეჯილი მიუტანეს თევდორას ქუდი. ეს ქუდი აღარ დაიხურებოდა. ერთი თეთრი, ოფლისაგან გაშავებული თიკვი იშოვნეს და ის წააკრეს თევდორას თავზე. თევდორა მაინც არა კვნესის. წყლულები შეუხვიეს დაჭრილებს: ვინ ჩოხა დახია ნაჭრებად, ვინ ახალუხი. თევდორას შეუკრეს მაგრად გაჩეჩქვილი მკლავი და თეძო. თევდორა მაინც კიდევ არა კვნესის.

– წორედ რკინიჰ კაცია, ეგ ოჯახქორი, დასწყევლა ღმერთმა! ნახევარი კაცი აღარ არის და დახეთ, თუ ერთი ამოიკვნესოს, კაცო! – იძახდენ მონადირეები.

თევდორა მაინც არა კვნესოდა, წყლულები სურდო-ხველადაც არ მიაჩნდა. ორი ბიჭი სოფელს აფრინეს, რომ სოფლელთათვის ეხარებინათ დათვის სიკვდილი და თან ორი ურემიც წამოეღოთ: ერთი დათვის წასაღებად, მეორე დაჭრილთათვის. მონადირეთ ეხლა დრო მიეცათ დათვზე ნავარდობისა. მიეხვივნენ ყველანი მკვდარს დათვს, ვინ კეტსა სცემდა თავში, ვინ კიდევ ნაჯახის ყუას კბილებში ურახუნებდა და თან უგინებდა ცოდვიანს კბილებს, ვინ შუბსა სჩრიდა ხახაში. დათვი უგრძნობლად ეგდო გულაღმა; გულზედ ხელები დაეკრიფა მკვდარის კაცივით, ჩამოსდიოდა სისხლი წყალივით თითქმის ყველა ასოდამ.

 

VIII

 

მზეს ერთი შუბის ტარიღა ჩაუდიოდა, რომ ურმებმა მოიღეს ჭრიალი. უკან მოსდევდნენ ქვითინით ქიტესასი და სოსიკა-ბიჭის ნათესავები. ყველაზე შესაბრალისი სოსიკას დედა იყო, ამ ერთადერთის შვილის მეტი არავინ გააჩნდა საბრალოს და ესეც ხელიდამ მისდიოდა თითქმის. შორიდამვე ისმოდა სოფიოს, სოსიკას დედის, ქვითინი.

– სადა ხარ, შვილო, სოსიკო! – ქვითინებდა სოფიო, – გენაცვალოს, გენაცვალოოოს დედაშენი, შვილოო! რად გამოგგზავნე დათვზე მე თავმკვდარმააა. ვინღა დამმარხავს მე საბრალოოს?! მაშ აღარ მეღირსება შენის ხელით მიწა, შვილოო?! რატომ შენზე წინ მე არ მოვკვდიი! რად მინდა სიცოცხლეე! ვიღასათვის და ვისთვის ვიცოცხლოო?!

ქიტესას ცოლ-შვილიც არა ნაკლებ დასტიროდა ქიტესას. მარტო თევდორას არა ჰყვანდა დამტირები, არავინ ჰგლოვობდა იმის უბედურებას. ან კი ვინ იტირებდა თევდორას? და იმას არა ჰყავ, ძმა და ცოლი, ბიძა და ბიძაშვილები, ერთი ლიტონი კაცია… თავისი თავი თითონ არ ებრალებოდა, სხვა ვინ შეიბრალებდა თევდორას? ამითი გულს არ იტეხდა თევდორა, ვიღასაც რუსული ფარაჯა წაეხურა თევდორასათვის და ურმიდამ წინანდებურად გამოიჭყიტებოდა, წინანდებურად ისე, რომ საათში ერთხელაც არ ახამხამებდა თვალს. იმის გვერდზე იწვნენ ქიტესა და სოსიკა-ბიჭი. ეს უკანასკნელი როგორც იყო მოასულიერეს, მაგრამ მაინც კიდევ ავადობასა სჩიოდა. თავი დედის კალთაში ედო… მეორე ურემზე დათვი დაუდეს… დათვის სიკვდილმა, ცოტა არ იყოს, რომ დედაკაცებს მწუხარება შეუმსუბუქა, რამდენიმე ქვა და გუნდა კიდევ თავის მხრით იმათ მიაყარეს დათვს, წყევა-კრულვა ხომ სხვა იყო. მონადირეებს, დათვის მოკვლისაგან გახარებულებს, დაჭრილთა მწუხარება დაავიწყდათ და სიმღერით გამოჰყვნენ უკან ურმებს.

 

IX

 

შუაღამე მოტანებული იქნებოდა, რომ გამარჯვებულები შევიდენ სოფელში. მოგროვდა ხალხი, დიდი და პატარა, ქალი და რძალი, დათვის სანახავად. ყველანი განცვიფრებით შესცქეროდენ დათვის სიდიდეს, იმის გოდორივით დიდ თავ-ყურს.

– მოჰკალით დათვი? – კითხულობს ერთი.

– მოვკალით და ეგრე! – უპასუხებს ერთი მონადირეთაგანი.

– მართლა მოჰკალით? – მორბის მეორე და იმასთან სხვანი მრავალნი.

– მოვკალით და მერე როგორ მოვკალით? ბოლი ავადინეთ ზურგზე! – უპასუხებენ მონადირენი.

– მართლა, მართლა მოუკლავთ, რამოტონაა ეს ვერანა, ერთი უცქირეთ-და! – იძახიან სეირის სანახავად მოსული სოფლელები.

დათვი მეორე დღეს შუადღემდე სოფლის შუა მოედანზე გასატყავებელი ეგდო და ყველანი მიდიოდნენ და სინჯავდენ, მკვდარს დათვზე ჯავრს იყრიდენ. სოფელში კუტიც კი აღარ დარჩა, რომ არ მოსულიყო და მკვდარის დათვისათვის წიხლი არ ჩაეზილა.

თევდორასა და ქიტესას სოფლის დედაკაცი დაადგა თავს, არჩენს ორივეს. ორივენი რჩებიან, ღვთის მადლით, კარგად არიან. თევდორა უფრო ყოჩაღად არის, ეხლა უფრო გამამაცდა და არამც თუ საათში, ორ საათშიაც კი აღარ ახამხამებს თვალებსა და ვეფხვივით გამოიცქირება.

დათვს კი სცემს ხალხი თავში და პირში. რამდენიც დაარტყამს, იმდენი დასძახებს თავზე: „ამოგშხამდა სოფლის შეწუხება?! მოკვდი, მოკვდი, ეგრე მოკვდი!“

 

1889 წ.

Link to post
Share on other sites

ჟრუნზე, ქედანზე და გვრიტზე ვიყავი გასული მიყრუებულში თორმეტიანით, ჟაკანი არ მქონდა..

 

იგრძნო ჩემი "სუნი" და დალეწა ყველაფერი გარშემო, თან ღრიალით აიკლო იქაურობა.

 

რაც მე მაშინ "ზადნით" ვიარეეეეე. :d030: :d030:

Link to post
Share on other sites

რაჭაში, ბაბუაჩემი ერთხელ სათიბში ყოფნისას, უკან წამოსვლისას მაყვლის ბუჩქთან გაჩერებულად და დაუწყია ჭამა. მიყვება ამ ბუჩქს ჭამა-ჭამით და უცებ ბუჩქის მეორე მხარეს მაყვლის მეორე მუშტარს გაუყარა თვალი თავალში :haha:

ბაბუჩემი მთასავით კაცი იყო, შიში უცხო იყო იმისთვის,თუმცა აზრზეც ვერ მოვიდა, ისე დაეშვა დათუნია ბურთივით დამრგვალებული დაღმართზე, უკანაც არ მოუხედავს :haha:

Link to post
Share on other sites
  • 4 months later...
  • 9 months later...

ჩემი ვიდეონანადირევი დედა დათვი 3 ბელით

მთელი 2 საათი ვუყურე 150 - 200 მეტრში.

ჯერ ბალახობდნენ, მერე ბუნაგში კლდის ძირში მიწვა დედა დათვი და ბელებს ძუძუ აწოვა, მერე დაიძინეს. ბოლოს დავუსტვინე და დავენახე, წამოიზლაზნა და მაღლა კდეებისკენ გაიგდო ბელები

მე 300 მმ -იანი ობიექტივი მქონდა, ესპანელი დოკუმენტალისტები მახლდნენ 800 მმ ვიდო ობიექტივი ქონდათ იმათ უკეთესი კადრები აკრიფეს და მაგრად დაიშოკნენ - ასეთ შემთხვევას ცხოვრებაში ერთხელ თუ გადაეყრება ადამიანიო, მე კი მჯერავს კიდევ ბევრჯერ ვიხილავ ამ დედას თავის ბელებით და სხვებსაც. გვიმრავლოს !!!

 

Link to post
Share on other sites

სადღაც 35-40 მეტრში მყავს დანახული.

 

კატასავით სიარული ვიცი, გავედი მოსახვევში და ადგა ორივე ფეხზე მინიმუმ 400 კილოიანი, დაიღრიალა და "წადი აქედანო".

 

მაგარი ძნელი შეგრძნებაა, როცა მარტო ხარ და დათვს ჰხედავ ასეთ დისტანციაზე.

 

ისიც რომ გხედავს, მაგაშია საქმე და ამ დროს შვიდი ნომერი საფანტი გიდევს ლულაში. :karochera:

Link to post
Share on other sites
  • 3 months later...
  • 2 weeks later...

წინა კვირას მოხდა ეს ამბავი.

 

ვინც ფორუმს კითხულობს, ეცოდინება რომ ჩვენებური კაცი გავიცანი აქ და ერთად ნადირობაც მოვახერხეთ სეზონის გახსნაზე.

 

მასაც ჰყავს საახლობლო და ერთერთ მის ახლობელს ასეთი რამე შეემთხვა.

 

მარტო ყოფილა გასული .300-იანი ნახევრად ავტომატით, გაბურთული პისტოლი ზურგჩანთაში ჰქონია. :karochera: :karochera: :karochera:

 

სადღაც ათ მეტრში ხმაური გაუგონია და აყალყული დათვი დაეხატა თვალწინ.

 

ერთი სროლა მოუსწრია და მეორეზე გაუჭედა.

 

წამოსულა ეს ბომბორა მისკენ და ამან კიდევ ღმერთს შესთხოვა უცებ მომკლასო.

 

არ დაიჯერებთ რაც მოხდა.

 

ინერციით წამოსული დათვი ზედ დაეცა წაქცეულს.

 

ეს აზრზე როცა მოსულა, მკვდარი დათვი ეწვა ზემოდან.

 

იმ ერთი სროლით, პირდაპირ გულში მოურტყია.

 

 

ახლა დავშალოთ ეს მომხდარი და ბევრჯერ ნათქვამი კიდევ უნდა გავიმეორო.

 

1.დათვზე მარტო გასვლა არის სიშტერე და უტვინობა.

 

2. თუ მაინც გაბედე და მარტო გახვედი, "ძაან ძლიერი" პისტოლი/ მაგნუმ 44, კოლტი 45 და ა.შ./ ქამარზე უნდა გქონდეს შეყენებულ მდგომარეობაში, ან რაიმე "მძიმე" არტილერია უნდა გქონდეს მხარზე გადაკიდებული, მაგ. როგორიცაა AK 47, M4, AR15 და ა.შ.

 

3. იშვიათი შემთხვევებია დაფიქსირებული, როცა დათვი ერთი გასროლით ადგილზევე "რჩება".

მორტყმის შემდეგ, რანაირი სასიკვდილოც არ უნდა იყვეს ჭრილობა, მაინც ასწრებს გადაადგილებას ეს ცხოველი.

 

მოკლედ ეს ტიპი მეორედ დაიბადა იმ დღეს.

 

გაითვალისწინეტ ზემოთ ხსენებული სამი პოსტულატი. :old:

Link to post
Share on other sites

თორNიკე

 

შავი დათვი ყოფილა თორნიკე.

 

ამ მხარეში არ არის გრიზლი.

 

გრიზლისთვის უნდა გავგაზო სადღაც 500 კმ ჩრდილოეთისკენ, /ამავე შტატში./

 

დაახლოებით 200კგ სუფთა ხორცით./ამათი ხორცის არჩევა ვიცი მე, მხოლოდ რბილობს აჭრიან./ :karochera: :karochera:

 

მსგავსი სიტუაციის წარმოდგენა ვეცადე და ვერ გავქაჩე, არ მეყო "რაღაც", რაც ზემოთ დავწერე.

 

იგივე ხდება და უარესი კიდევ პუმაზე და ფოცხვერზე.

 

მაგათ ჩვენზე უკეთესი ჩასაფრება და შეტევა იციან, იმიტომ არიან დღესაც. :old:

 

მაგ დროს ადამიანს ჰგონია რომ ცხოველზე ნადირობს, არადა პირიქითაა, მოსწრებაზეა ყველაფერი, წამის სულ რაღაც "მილიარდებში" ხდება ყველა მოძრაობა.

 

პ.ს. დეტალებზე და წვრილმანებზე, თუ შეკითხვები გაჩნდება, აუცილებლად გიპასუხებთ.

Edited by ელჩი
Link to post
Share on other sites

 

მაგათ ჩვენზე უკეთესი ჩასაფრება და შეტევა იციან, იმიტომ არიან დღესაც. :old:

 

მაგ დროს ადამიანს ჰგონია რომ ცხოველზე ნადირობს, არადა პირიქითაა,

 

კუმაონის კაციჭამიები გამახსენდა.( ტიპი კაციჭამია ვეფხვებზე რომ ნადირობს ინდოეთში )იქაა ასეთი ფრაზა...

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.

×
×
  • Create New...