laika 0 Posted January 28, 2012 Report Share Posted January 28, 2012 ზოოანთროპონოზული დაავადებები შესავალი უძველესი დროიდან ცნობილია, რომ ადამიანი მოიპოვებდა საკვებს ნადირობის, თევზაობის და სხვადასხვა მცენარეების ნაყოფის შეგროვების გზით ბუნებრივი რესურსების შემცირებასთან ერთად ადამიანმა მოიშინაურა მრავალი სახის ცხოველი, მოაკულტურა მრავალი მცენარე. ცივილიზებული ადამიანის ეპოქაქში კი სურსათით უზრუნველყოფა დამოკიდებულია მაღალგანვითარებულ, ინდუსტრიულ სოფლის მეურნეობაზე და თანამედროვე ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა მცირე ტერიტორიებზე, მინიმალური დროისა და მატერიალური საშუალებების დანახარჯებით შექმნას დიდი რაოდენობის პროდუქცია. მიუხედავად ამისა ნადირობას, თევზაობას, შემგროვებლობას თავისი ფუნქცია არ დაუკარგავს და წარმოადგენს ერთის მხრივ სურსათისა და ნედლეულის მოპოვების მეთოდს, ხოლო მეორეს მხრივ სპორტის სახეობას. მოგეხსენებათ ბუნებაში არსებობს მრავალი დაავადება რომელსაც იწვევენ სხვადასხვა მიკროორგანიზმები; ბაქტერიები და ვირუსები, პათოგენური სოკოები, ასევე პარაზიტული ორგანიზმები და მათი განვითარების ზოგიერთი ფორმები. საბედნიეროდ სახეობრივი იმუნიტეტისა და დაავადებათა აღმძვრელის ტროპიზმის წყალობით ყველა ინფექცია და ინვაზია საერთო არ არის მცენარის, ცხოველის და ადამიანისათვის, მაგრამ არსებობს რიგი დაავადებებისა რომლებიც საერთოა ცხოველისა და ადამიანისათვის. ასეთ დაავადებებს ზოოანთროპონოზებს უწოდებენ. მონადირეებს, მეთევზეებს, შემგროვებლებს, თუ უბრალოდ ლაშქრობის მოყვარულებს ხშირად აქვთ შეხება ნიადაგთან, ცხოველებთან, თევზებთან რომლებიც რიგ შემთხვევებში გვევლინებიან ამა თუ იმ დაავადების ბუნებრივ რეზერვუარად, ამიტომაც სასურველია და საჭიროც, რომ სპორტის ამ სახეობით გატაცებულ ადამიანებს, მიუხედავად მათი პროფესიისა, წარმოდგენა ჰქონდეს ზოოანთროპონოზებზე რათა შეძლონ ასეთი დაავადებებისგან თავის დაცვა და რისკის არსებობისას მათზე თავის არიდება. ძირითადი ზოოანთროპონოზები რომელიც სასურველია იცოდეს მონადირემ, მეთევზემ, შემგროვებელმა და მსგავსი გატაცების მქონე ადამიანებმა. პირველ რიგიში მინდა შევეხო ისეთ მწვავე ინფექციურ დაავადებას როგორიცაა ცოფი. ეს დაავადება შესულია განსაკუთრებით საშიში ინფექციების ნუსხაში, რადგანაც ამ დაავადების გამოსავალი 100%-ით ლეტალურია და თანამედროვე მედიცინა მას ვერ კურნავს. არსებობს მხოლოდ პროფილაქტიკა; ცოფიანი ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენა დადორბვლის შემთხვევაში იმუნოგლობულინის, შრატის და ვაქცინის შეყვანა ორგანიზმში. ეს უკანასკნელი მიმართულია დაავადების განვითარების გზაზე ლიკვიდაციისათვის. ბუნებაში ყველა თბილსისხლიანი ცხოველი ცოფის ამთვისებელია. დაავადების ძირითად წყაროს წარმოადგენს მელა, ტურა, მგელი, ენოტისებური ძაღლი, ძაღლი და ყველა ხორცისმჭამელი ცხოველი, ამიტომ მონადირე ასეთი ცხოველების მონადირებისას განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყოს რათა არ დაუშვას დაკბენა, დადორბვლა და დაზიანებული ხელებით ცხოველის გატყავება. საშიშროებას წარმოადგენს ასევე დამხმარე მონადირე ძაღლები რომლებიც ცოფზე არ არიან იმუნიზირებული. ხშირად მონადირე თავის ოთხფეხა მეგობარს არ ცრის ერთი წლის ასაკამდე, რადგან დადის მითი თითქოს ადრე ასაკში აცრა ხელს უშლის ცხოველის ზრდა-განვითარებას, რაც სიცრუეა და დიდი შეცდომა. ძაღლი მეოთხე თვის ასაკიდან უნდა იცრებოდეს ცოფზე ყოველწლიურად. კარგი მონადირე ძაღლი ცნობის მოყვარე, მოუსვენარია და თავისი დაუოკებელი ინსტინქტის გამო ყველგან ყოფს ცხვირს, ამ დროს ხშირია გარეული ცხოველების მიერ დაკბენები და შედეგი სავასლალო. საშიშია ის გარემოება, რომ ცხოველის ნერწყვში ცოფის ვირუსი ჩნდება 10 დღით ადრე სანამ გამოვლინდება ცოფისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები. ამიტომაც ამ დაავადების მიმართ განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო და ყველა საეჭვო შემთხვევაში კონსულტაციისთვის უნდა მივმართოთ ექიმ რაბიოლოგს. აქვე ორიოდე სიტყვით უნდა აღინიშნოს ტეტანუსი. ეს დაავადება ნიადაგოვანია, მისი აღმძვრელი გამოიყოფა რა გარემოში და მოხვდება ნიადაგში წარმოქმნის სპოროვან ფორმას, უხეშად რომ ვთქვათ იკრავს დამცავ გარსს რომელიც იცავს გარემო პირობების მომაკვდინებელი ზემოქმედებისგან და ნიადაგში ინარჩუნებს სიცოცხლის უნარს დიდი ხნის მანძილზე. ამიტომ ნიადაგში არსებული მახვილი საგნებისგან ჭრილობის მიღებისას ან ღია ჭრილობებში ნიადაგის მოხვედრისას აუცილებელია ანტიტეტანური პროფილაქტიკა რათა თავიდან ავიცილოთ საშიში ინფექცია და მისგან გამოწვეული შედეგები. რომელი მონადირისთვის არ წარმოადგენს წარმატებას ესა თუ ის ნადავლი? განსაკუთრებით ისეთი მსხვილი ცხოველების მონადირება როგორიც დათვი და ღორია. ასეთი ნადავლის მომპოვებელი მონადირეები საჭიროა ინფორმირებული იყვნენ ტრიქინელოზზე. ამ დაავადებას ახასიათებს მწვავე და ქრონიკული მიმდინარეობა. ამთვისებელია ყველა ხორცისმჭამელი და ლეშიჭამია ცხოველი, ავადდება ადამიანიც. დაავადების აღმძვრელია ნემატოდა. არსებობს ამ პარაზიტის ორი ფორმა: ნაწლავის (ზრდასრული) და კუნთების (ლარვა). დაავადება გადადის დაინვაზირებული ხორცის ჭამით, ხორცთან ერთად მოხვედრილი ტრიქინელები კუჭის წვენის მოქმედებით თავისუფლდებიან კაფსულისგან, გადადიან წვრილი ნაწლავის ლორწოვან შრეში და 30-40 საათის შემდეგ აღწევენ სქესმწიფე (ზრდასრულ) სტადიას. განაყოფიერების შემდეგ მამალი ტრიქინელა მალე კვდება, ხოლო დედალი 5-7 დღის შემდეგ თავისი სიცოცხლის მანძილზე (80 დღემდე) ცოცხლად შობს 1500-დან 10000-მდე წვრილ ჭიებს (ლარვებს) რომლებიც ნაწლავიდან ლიმფის საშუალებით ხვდებიან ლიმფურ სადინრებში, შემდეგ სისხლში საიდანაც მიმოიფანტებიან მთელს ორგანიზმში და იბუდებენ განივზოლიანი კუნთების ბოჭკოებში 3-6 კვირის შემდეგ კი იკეთებენ კაფსულას, რომელიც ადამიანის ორგანიზმში რჩება 30 წლამდე. ადამიანში იწვევს მტანჯველ ტკივილებს და დაავადება მიმდინარეობს მწვავედ ან ქრონიკულად. ხორცში არსებული ტრიქინელები თერმული დამუშავებისას ბოლომდე ვერ ისპობა და საკვებად საშიშია, ამიტომ ტრიქინელოზის ამთვისებელი ცხოველების ხორცის გამოყენებისგან მონადირეებმა თავი უნდა შეიკაონ მანამ, სანამ ხორცი არ იქნება შემოწმებული ტრიქინელოზზე. ამის განხორციელება კი შესაძლებელია ნებისმიერი აგრარული ბაზრის ვეტ. სან. ექსპერტიზის ლაბორატორიაში, სადაც მიკროსკოპის ქვეშ ამოწმებენ ცხოველის დიაფრაგმის ხერხემალთან მიმაგრების ადგილებს ტრიქინელების აღმოჩენის მიზნით. მონადირეებმა უნდა გაითვალესწინონ აგრეთვე ის, რომ დათვის და ღორის გარდა ამ დაავადებით ავადდება აგრეთვე მაჩვი, ნუტრია და ზღვის ძუძუმწოვრებიც. ნანადირევ და სასოფლო სამეურნეო ცხოველების შინაგან ორგანოებზე ხშირად შევხვედრივართ ექინოკოკის ბუშტუკებს, რომელიც სავსეა მღვრიე სითხით. ამ დაავადებას ექინოკოკოზი ქვია, იწვევს ნაწლავის ლენტისებური ჭიის Ecinococcus granulosus ბუშტუკოვანი ფორმა. ექინოკოკის შუალედურ მასპინძლად ითვლება ცხვარი, თხა, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ირემი, დათვი და ხსვა. ავადდება ცხენი და ადამიანიც. ექინოკოკოზის დროს დაზიანებული ორგანოები ექვემდებარება განადგურებას და მათი საკვებად გამოყენება დაუშვებელია, ხოლო დაუზიანებელი ხორცი და ორგანოები გამოიყენება შეუზღუდავად. ამ დაავადებას მონადირეებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა იმიტომ აქვს, რომ დაავადების საბოლოო მასპინძელი ხორცისმჭამელი ცხოველებია და მათ შორის ძაღლი. ზემოაღნიშნული ბუშტუკებში მოთავსებულია ეგრეთ წოდებული სკოლექსები, რომლის მიღების შემდეგაც საბოლოო მასპინძელში ვითარდება ჰელმინთოზი ანუ ექინოკოკის ზრდასრული ფორმა, აღწევს სქესმწიფე ასაკს და 45-90 დღის შემდეგ იწყებს წილების გამოყოფას რომელიც ფეკალთან ერთად გამოიყოფიან გარემოში. გამოყოფილი წილები მოძრავია და ისინი გარემოში თავის მხრივ გამოყოფენ კვერცხებს რომლითაც ბინძურდება ბალახი, წყალი, ბეწვი, ნიადაგი და სხვა. შუალედურ მასპინძელში (ცხვარი, თხა, მსხვილფეხა პირუტყვი, ღორი, ირემი, დათვი და ხსვა) მოხვედრისას კვერცხიდან გამოყოფილი ონკოსფეროები აღწევენ ნაწლავის კედელში და სისხლის გზით სხვადასხვა ორგანოებში მოხვედრის შემდეგ წარმოიქმნება ლარვები ანუ ზემოთაღნიშნული ბუშტუკები. ექინოკოკის განვითარების ეს ციკლი ჩვენს მიერ აუცილებლად უნდა იქნას გათვალისწინებული და არ უნდა დავუშვათ ძაღლების გამოკვება დაავადებული შინაგანი ორგანოებით, ძაღლები სისტემატიურად უნდა მუშავდებოდნენ ჰელმინთებზე და ამით თავს ავარიდებთ შემდგომში ამ დაავადების გავრცელებას და ჩვენი ექინოკოკოზით დაავადების რიკს. მონადირემ ამ საშიში დაავადებების გარდა კიდევ ყურადღება უნდა მიაქციოს მრავალ გარემოებას რათა შეძლოს თავის დაცვა ზოოანთროპონოზული დაავადებებისგან, მაგალითად თავი უნდა დაიცვას მოსკიტების თავდასხმისგან რომელთაც შეუძლიათ გადაიტანონ ისეთი დაავადება როგორიც ლეიშმანიოზია, სხვდასხვა საშიში ეპიზოოტიის და პანზოოტიის დროს (მაგ. ფრინველის გრიპი) არ დაუშვას იმ კონკრეტულ შემთხვევაში მოცემულ ცხოველსა თუ ფრინველზე ნადირობა. ინფექციებისა და ინვაზიების გარდა კიდევ არსებობს სხვადასხვა გარემოება რომელიც უნდა გავითვალისწინოთ, მაგალითისთვის მოვიყვან მწყერის ხორცით ადამიანების მოწამვლის შემთხვევებს, რომელიც ახსნილი იქნა როგორც მწყრის ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინით. გვალვიან პერიოდში ზოგიერთი მცენარე თავის გადარჩენის მიზნით იყენებს თავისივე უჯრედებში არსებულ სითხეებს და საზრდო ნივთიერებებს, ამ დროს კი მცენარეებში გროვდება ტოქსინი რომელსაც ახასიათებს ცხოველურ ორგანიზმში კუმულაციის უნარი. მწყრის ორგანიზმში მოხვედრილი ეს ტოქსინი ნელნელა გროვდება და ასეთი ფრინველის ხორცის გამოყენება იწვევს ადამიანის ინტოქსიკაციას მოცემული ტოქსინით. ჩამოთვლილი ზოოანთროპონოზების გარდა კიდევ მრავალი დაავადებაა რომელიც საერთოა ადამიანისა და ცხოველებისთვის, რომელთა საფუძვლიანი ცოდნა მონადირისთვის, მეთევზისთვის და მსგავსი გატაცების ადამიანთათვის შეიძლება აუცილებლობას არ წარმოადგენდეს მაგრამ ზოგადი წარმოდგენის ქონა ნამდვილად საჭიროა რადგან ნებისმიერი შემთხვევის დროს მაქსიმალურად იყოს დაცული ადამიანის ჯანმრთელობა. აქვე ავღნიშნავ, რომ მონადირეთა ვებ გვერდი www.monadire.ge და მასზე არსებული ფორუმი კარგი საშუალებაა ამ სახის ინფორმაციის და გამოცდილების გაცვლისთვის, ასევე ზოგადი განათლების გასაღრმავებლად რომელიც პრაქტიკული გამოყენებისათვის ძალზე ძვირფასია. გამოყენებული ლიტერატურა: 1. ლ. რამიშვილი, კ. კაპანაძე, თ. ყენია და სხვები. საქართველოს სავეტერინარო კანონმდებლობა. თბილისი 2004 წ. 2. ჯ. წულაია, ა. ბატიაშვილი, ბ. გოგოლაძე. სასოფლო სამეურნეო პროდუქტების სასამართლო სავეტერინარო სანიტარიული ექსპერტიზა. თბილისი 1996 წ. 3. საქართველოს სასოფლო სამეურნეო უნივერსიტეტის, ვეტერინარული ფაკულტეტის სალექციო პრაქტიკუმები. 4. К. И. Скрябин Гл. Ред. Научный совет издательства «Советская энциклопедия» Ветеринарная енциклопедия. Москва 1968 г. 5. Г. А. Кононов. Справочник по ветеринарии. Ленинград «Колос» 1979 Г. 6. А. А. Конопаткин «Эпизоотология и инфекционные болезни С/Х Животных». Москва «Колос» 1984 ციტირება Link to post Share on other sites
laika 0 Posted January 28, 2012 Author Report Share Posted January 28, 2012 საქართველოს მტკნარი წყლის თევზების პარაზიტები და მათ მიერ გამოწვეული დაავადებები ჩვენ აქ განვიხილავთ თევზების ინვაზიურ დაავადებებს, ე.ი. ისეთ დაავადებებს, რომელთა აღმძვრელებია ცხოველური ბუნების ორგანიზმები. თევზების ინვაზიურ დაავადებებს ძირითადად იწვევენ: 1) პარაზიტული უმარტივესები 2) პარაზიტული ჭიები ანუ ჰელმინთები 3) პარაზიტული კიბოსნაირები და აგრეთვე სხვა, პარაზიტული ორგანიზმებიც. პარაზიტების მიერ გამოწვეული დაავადებები რიგ შემთხვევებში თევზებისთვის მეტად საშიშია და დიდ ზარალს აყენებს თევზ-მეურნეობებს; ამასთან თევზების პარაზიტების, კერძოდ, ჰელმინთების ფაუნის შესწავლას, გარდა მეცნიერული ინტერესისა, უდიდესი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან ზოგიერთი ჰელმინთისთვის თევზები წარმოდგენდნენ როგორც დეფინიტურ (საბოლოო), ისე შუამავალ მასპინძლებს, ხოლო თევზებიდან ავადდებიან მათი მჭამელი ცხოველები და ადამიანიც. საქართველოს მტკნარი წყლის თევზების პარაზიტოფაუნაზე გამოკვლევები ჩაუტარებიან ბ. ყურაშვილს და ნ. ტაბიძეს (1947), ბ. ყურაშვილს, თ. როდონაიას, ქ. ქოიავას (1951), ე. ჭიაბერაშვილს (1954, 1955, 1961, 1962), ბ. ყურაშვილს (1960, 1961), ი. გოგებაშვილს (1962, 1963, 1964, 1966, 1969), ლ. ქოიავას (1966). ზემოთ დასახელებული ავტორების მიერ საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია 100-ზე მეტი სახეობის პარაზიტი. მათ შორის პარაზიტული უმარტივესი 63 სახეობა, ჰელმინთი 33 და პარაზიტული კიბოსნაირი 4. პარაზიტული უმარტივესები საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებული პარაზიტული უმარტივესები ეკუთვნიან შემდეგ კლასებს: შოლტოსნებს (Flagellata), კნიდოსპორიდიას (Cnidosporidia) და წამწამებიან ინფუზორიებს (Ciliata), მწოველა ინფუზორიებს (Suctoria). შოლტოსნებიდან აღსანიშნავია Costia necatrix, რომელიც იწვევს დაავადება – კოსტიაზისს (Costiasis). ეს პარაზიტი ოვალური ფორმისაა, სიგრძეში 14-20, სიგანეში 8-10. მარტივი აგებულებისაა, მოეპოვება ბირთვი, პროტოპლაზმა და კუმშვადი ვაკუოლი, მუცლის მხარეზე აქვს სიგრძივი ღარი, რომელიც პირის ხვრელს უერთდება. ღარიდან გამოდის ორი გრძელი შოლტი, რომლითაც პარაზიტი ემაგრება თევზის კანზე და ლაყუჩებზე. პარაზიტი იკვებება თევზის ლორწოთი, კანისა და ლაყუჩების ეპითელური უჯრედების ჩამონაფცქვენებით. პარაზიტის დაგროვების ადგილზე, კერძოდ, თევზის კანსა და ლაყუჩებზე, ჭარბად გამოყოფილი ლორწო, ეპითელი იშლება და პარაზიტის მასობრივი გამრავლებისა და დიდი რაოდენობით დაგროვების შედეგად თევზი იღუპება. არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში პარაზიტს აქვს დაცისტების უნარი. ცისტა რჩება წყლის ფსკერზე გარკვეულ პერიოდამდე. პარაზიტს დაცისტების მდგომარეობაში შეუძლია დარჩეს შემდეგი წლის გაზაფხულამდე. თევზები ინვიზირდებიან როგორც ერთმანეთისგან, ისე ცისტების გარსიდან გამოსული პარაზიტებით. Costia necatrix რეგისტრირებულია საქართველოს მტკნარი წყლის შემდეგ თევზებში: ხრამულში, გველანაში, კობრსა და სარკოვან კობრში (მდ. მტკვარი, სიონის წყალსაცავი, თბილისის წყალსაცავი). კნიდოსპორიდიებიდან ბევრი პარაზიტი ძლიერ პათოგენურია და სარეწაო თევზებში იწვევს მასობრივ დაავადებას. ამ კლასიდან საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია მიქსოსპორიდიის რიგის მრავალი წარმომადგენელი. მიქსოსპორიდიებისთვის დამახასიათებელია ორსაგდულიანი სპორები, რომლებიც პანსპორობლასტებში წყვილ-წყვილად არიან მოთავსებულნი. თითოეული სპორა შეიცავს ორ ან ოთხ პოლარულ კაფსულას. გარდა ამისა სპორაში მოთავსებულია ორბირთვიანი ამებური ჩანასახი. მიქსოსპორიდიები უმთავრესად ქსოვილოვანი პარაზიტებია. ისინი პარაზიტობენ თევზების თითქმის ყველა ორგანოში: ლაყუჩებში, შემაერთებელ ქსოვილში, თირკმლებში, ღვიძლში, კუნთებში, ნაღველსა და საშარდე ბუშტების ღრუებში, ზოგჯერ ნაწლავის ღრუში და სხვა. მიქსოსპორიდიების მიერ გამოწვეულ დაავადებას მიქსოსპორიდიაზი ეწოდება. საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია მიქსოსპორიდიის შემდეგი სახეობები: 1. Myxobolus cyprint – ძირითადად აავადებს კობრისებრთა რიგის წარმომადგენლებს და იწვევს ავთვისებიან ანემიას, რეგისტრირებულია ხრამულში, ქაშაპში, ფრიტასა და წვერაში (მდ. მტკვარი, სიონის წყალსაცავი). 2. Myxobolus dispar - პარაზიტობს შავწარბაში, ხრამულში, წვერაში, მურწასა და კობრში. (მდ. მტკვარი, სიონის წყალსაცავი) 3. Myxobolus pfeifferi- წვერასნაირებში იწვევს, საყოველთაოდ ცნობილ ბუბონურ დაავადებას. გვხვდება თევზის თითქმის ყველა ორგანოში, მაგრამ ძირითადად ვითარდება კუნთოვან ქსოვილში, სადაც წარმოქმნის საკმაოდ დიდი ზომის სიმსივნეს, რომელიც გავსებულია ცისტებითა და დაშლილი ქსოვილების ნაშთებით. ეს პარაზიტი რეგისტრირებულია წვერაში, ჭანარსა და ნაფოტაში (მდ. მტკვარი, თბილისისა და სიონის წყალსაცავები). 4. Myxobolus exiguus – აღნიშნულია ლოქოში (მდ. მტკვარი) ბუნებრივ პირობებში ამ დაავადებასთან ბრძოლის ერთადერთი საშუალებაა დაავადებული თევზების (ისინი ტივტივებენ წყლის ზედაპირზე) დაჭერა და განადგურება, რადგან ისინი წარმოადგენენ შემდგომი დაავადების წყაროს. წამწამებიანი ინფუზორიებიდან ყურადღებას იპყრობს სამი დაავადება: ქილოდონიაზისი, ტრიქოდონიაზისი და იქთიოფთირიაზისი. ქილოდონიაზისის გამომწვევია Chilodonella cyprinid რომელიც რეგისტრირებულია შავწარბაში, მტკვრის ნაფოტაში, ხრამულში, გოჭალაში, კაპარჭინაში, ჭანარში, წვერაში, ფრიტაში, შამაიაში, კობრში, ქაშაპში, გველანასა და სარკოვან კობრში (მდ. მტკვარი, სიონისა და თბილისის წყალსაცავები). ქილოდონელა ეკუთვნის ნაირწამწამებიან ინფუზორიებს. პარაზიტის სხეულის სიგრძეა 0,05-0,07მმ, სიგანე 0,03-0,04მმ, გულისმაგვარი ფორმისაა, წინა მხარეზე პირის ხვრელია, რომლიდანაც გამოდის მოკლე მილი – ხახა. იგი აღჭურვილია ქიტინიზირებული ჩხირებით – ჩხიროვანი აპარატით, რომელიც პარაზიტის მიერ გამოიყენება თევზზე თავდასხმის დროს. სხეულის შუაში მოთავსებულია ბირთვი, ხოლო გვერდებთან ორი კუმშვარი ვაკუოლი. ქილოდონელა იკვებება ლორწოთი და ეპითელური უჯრედების ნაფცქვენებით. დაავადებული თევზის კანზე და ლაყუჩებზე ჩნდება მუქი – მოცისფრო ნადებები, რომლებშიც დიდი რაოდენობითაა დაგროვილი პარაზიტები. სატბორო თევზმეურნეობებში დაავადებული თევზები საჭიროა გატარდეს საჭმელი მარილის 2,5% ხსნარში 15-20 წუთის განმავლობაში, რაც კარგ პროფილაქტიურ საშუალებას წარმოადგენს. ტრიქოდინიაზისი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და ბევრ წყალსაცავში გვხვდება. მისი აღმძვრელია პარაზიტები Trichodina-ს გვარიდან. ისინი ძირითადად პარაზიტობენ სხვადასხვა სახეობის თევზების კანსა და ლაყუჩებში, ზოგიერთი სახეობა ნაპოვნია შარდის ბუშტშიც. ტრიქონიდებით უმეტესად ავადდებიან ახალგაზრდა თევზები, ზრდასრულები კი წარმოადგენენ პარაზიტის მტარებლებსა და შესაბამისად – ინვაზიის გამავრცელებლებს. დაავადების დამახასიათებელი ნიშნები გამოხატულია კანზე და ლაყუჩებზე მოცისფრო ლორწოვანი ნადების სახით, რომელიც შედგება ლორწოსა და დაშლილი ეპითელური უჯრედებისაგან. ძლიერი ინვაზიის შემთხვევაში ზიანდება თევზის ფარფლები, ლოკალიზაციის ადგილებში სცილდება ქერცლი და სუნთქვის ფუნქცია ირღვევა. საქართველოს წყალსატევების თევზებში რეგისტრირებულია ტრიქოდინათა 11 სახეობა. იქთიოფთირიაზისს იწვევს საკმაოდ დიდი ზომის პარაზიტული წამწამებიანი ინფუზორია, რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული თევზების მეურნეობებში. იგი წარმოადგენს მასობრივი ეპიზოოტიის მიზეზს. ამ პარაზიტისთვის დამახასიათებელია მასპინძლის მრავალგვარობა, იგი გვხვდება თითქმის ყველა სახეობის თევზში. პარაზიტობს მასპინძლის კანის, სხეულის, ფარფლების შინაგანი და გარეგანი ლაყუჩის ფირფიტების ეპითელურსა და შემაერთებელ ქსოვილებში და იწვევს მათ ანთებას. დაავადებული თევზის კანზე წარმოიქმნება თეთრი ლაქები; ძლიერი დაავადების შემთხვევაში კი ამგვარი ლაქებით იფარება მთელი სხეული და ზოგიერთი ადგილი ნეკროზდება. ლაყუჩებში ხდება ძლიერი სისხლჩაქცევები, იშლება სუნთქვის ფუნქცია, რაც ხშირად სიკვდილიანობით მთავრდება. საქართველოს წყალსაცავებში იქთიოფთირიაზისი რეგისტრირებულია ხრამულში, წვერაში, ფრიტაში, კობრში, ქაშაპში, ნაფოტაში, გველანასა და სარკისებრ კობრში (სიონი, მტკვარი, თბილისის წყალსაცავი), შედარებით დიდი ინვაზია აღინიშნება სიონზე. პარაზიტული ჭიები ანუ ჰელმინთები საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებული პარაზიტული ჭიები ანუ ჰელმინთები ეკუთვნიან მონოგენეზურ მწოველებს და დიგენეზურ მწოველებს (ტრემატოდებს), თასმისებურ ჭიებს ანუ ცესტოდებს და თავეკლიან ჭიებს (აკანთოცეფალებს). მონოგენეზური მწოველებიდან აღსანიშნავია Dactylogyrus vastator, ეს მწოველა თევზისთვის საშიშ პარაზიტს წარმოადგენს. მას სამართლიანად უწოდებენ გამანადგურებელს (vastator – ლათ. “გამანადგურებელი”). იგი უმთავრესად პარაზიტობს კობრისებრთა ოჯახის ახალგაზრდა წარმომადგენლებში და განსაკუთრებით კობრში – 1 წლამდე. ეს ჰელმინთი მიმაგრებულია თევზის ლაყუჩებზე და ზოგჯერ კანზე. დაავადება დაქტილოგიროზის, რომლის აღმძვრელია Dactylogyrus vastator, პირველ სყმპტომს წარმოადგენს ლაყუჩების არათანაბარი შეფარდება და ლორწოს ჭარბად გამოყოფა. თევზები მოუსვენარი ხდებიან, წყლის ზედაპირზე ამოყოფენ ხოლმე თავს და ჰაერს ყლაპავენ. შემდეგ ლაყუჩები უფერულდება და დაშლას განიცდის. კობრის ლაყუჩებში ეს ჰელმინთი იწვევს მნიშვნელოვან პათოლოგიურ ცვლილებებს. დასაწყისში ადგილი აქვს ლაყუჩების გაღიზიანებას. ლორწოს ჭარბად გამოყოფას, შემდეგ კი ჩნდება სისხლჩაქცევები. ყოველივე ეს იწვევს ლაყუჩების გარკვეული უბნების სიკვდილს და შემდეგ ქსოვილის დაშლას. ამ პათოლოგიური ცვლილებების შედეგად ლაყუჩების ფუნქცია ირღვევა, თევზის ზრდა ფერხდება, პროდუქტიულობა მცირდება და ბოლოს შეიძლება თევზი დაიღუპოს. ჰელმინთის ეს სახეობა საქართველოში რეგისტრირებულია კულტურული კობრის (Cyprinus carpio L) ლაყუჩებზე ჯაპანის თევზის სატბორო მეურნეობაში და აგრეთვე ბუნებრივ კობრში (ფარავანის ტბა), მაგრამ ინვაზიის უფრო ნაკლები ინტენსივობითა და ექსტენსივობით, ვიდრე კულტურულ კობრში. ეს ჰელმინთი მიმაგრებულია თევზის ლაყუჩების ფურცლის პროქსიმალურ ნაწილზე. შემდეგ კი, თევზის ზრდასთან ერთად ის გადადის ლაყუჩების ფურცლის დისტალურ ნაწილზე. პარაზიტის ლოკალიზაციის ასსეტ დაკავშირებას თევზის ასაკთან პროფ. ე. ლაიმანი იმით ხსნის, რომ თევზის ზრდასთან ერთად ლაყუჩი განიცდის მეტამორფოზს, იცვლება მისი ეპითელი და ამის შემდეგ პარაზიტს არ შეუძლია მიმაგრება ლაყუჩის ფურცლის დისტალურ ნაწილზეც კი. მონოგენეზური მწოველების მეორე წარმომადგენელია Gyrodactylus elegans. ეს პარაზიტი უმთავრესად გვხვდება კობრისებრთა თევზების ლაყუჩებზე, ხოლო უფრო ხშირად კანსა და ფარფლებზე (განსაკუთრებით ზურგისა და კუდის ფარფლებზე). გიროდაქტილოზის ნიშანია თევზის კანის გამუქება. პარაზიტი იკვებება ლორწოთი და კანის მკვდარი უჯრედებით, რის შემდეგადაც თევზის კანის გარკვეული უბნები ნეკროზს განიცდის. ზოგიერთ შემთხვევაში კანის ზედაპირზე ჩნდება მცირე დაწყლულებული ადგილები. იმ შემთხვევაში თუ G. elegans დასახლებულია ფარფლზე, ეს უკანასკნელი ისე ირღვევა, რომ მისი ცალკეული სხივები თავისუფლადაა გამოშვერილი. ეს პარაზიტი უმთავრესად აზიანებს ერთი წლის ასაკის თევზებს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ გიროდაქტილუსის გავრცელების ინტენსივობა და ექსტენსივობა ნაკლებია, ვიდრე დატილოგირუსისა. საქართველოში ეს პარაზიტი რეგისტრირებულია კულტურულ კობრში (ჯაპანის სატბორო მეურნეობა). მონოგენეზური მწოველებიდან საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია კიდევ რამდენიმე სახეობა: Ancyrocephalus paradoxus (ფარგასა და ქორჭილაში – პალიასტომის ტბა), Nitzshia sturionis Mycrocotyle mugilis (ლობანაში, ოქროსფერ კეფალსა და მახვილცხვირაში – პალიასტომის ტბა), Diplozoon paradoxum (ქაშაპში, ნაფოტაში, წვერაში, ჭანარში, მურწაში, კობრში, სარკოვან კობრში, ხრამულში, შავწარბასა და სხვ. – თბილისის წყალსაცავი და მდ. მტკვარი) მაგრამ მათ არა აქვთ დიდი უარყოფითი მნიშვნელობა საქართველოს პირობებში ნაკლები ინტენსივობისა და ექსტენსივობის გამო. დიგენეზური მწოველებიდან საქართველოს მტკნარი წყლის თევზებსა და შავი ზღვის გამსვლელ თევზებში რეგისტრირებულია ხუთი სახეობის ჰელმინთი: Clinostomum piscidium (ლობანის ლაყუჩების საფარი ქერცლის ქვეშ ინცისტირებული მეტაცერკარიის სტადიაში), Crepidostomum farionis (წვერას ნაწლავში – ხრამის წყალსაცავიდან), Allocreadium isosporum (აღმოსავლურ ფრიტასა და წვერას ნაწლავებში – ხრამის წყალსაცავისა და ფარავნის ტბიდან), Hemiurus (H.) appendicutatus შავი ზღვის ქაშაყში, ლობანისა და ქორჭილას ნაწლავებსა და პალიასტომის ტბაში, Brachyphallus musculus (აზოვ-შავი ზღვის ზუთხის კუჭში – შავი ზღვის ბათუმის მიდამოებში). თასმისებური ჭიებიდან დიდი პრაქტიკული მნიშვნელობისაა ლიგულოზის აღმძვრელი ჰელმინთი – Ligula intestinalis. ამ ჰელმინთის ლარვა – პლეროცერკოიდი პარაზიტობს კობრისებრი თევზების მუცლის ღრუში (ნაფოტა, ქაშაპი, ხრამული და წვერა), ხოლო სქესმწიფე ფორმა – იქთიოფაგ ფრინველებში. ჰელმინთის ლარვა ფართოდაა გავრცელებული საქართველოს თითქმის ყველა წყალსაცავის (ხრამის წყალსაცავი, თბილისის წყალსაცავი, სიონის წყალსაცავი და სხვ.) ზემოაღნიშნულ თევზებში. ლიგულის განვითარების ციკლი ასეთია: კვერცხი წყალში ვითარდება, მისგან გამოდის თავისუფლად მცურავი წამწამებიანი ლარვა – კორაციდი. კორაციდს ყლაპავს ნიჩაბფეხებიანი კიბო, რომლის სხეულის ღრუში იგი გადაიქცევა პროცერკოიდად. კიბოს პროცერკოიდიანად ყლაპავს თევზი, რომლის სხეულის ღრუში პროცერკოიდი 2-14 თვის განმავლობაში განვითარდება ინვაზიურ პლეროცერკოიდად. დეფინიტურ ანუ საბოლოო მანპინძლებში, რომლებსაც იქთიოფაგი ფრინველები წარმოადგენენ, თევზთან ერთად ხვდება პლეროცერკოიდი: ფრინველების ნაწლავში პლეროცერკოიდი იზრდება, მას უვითარდება სასქესო ორგანოები, გამოყოფს განაყოფიერებულ კვერცხებს და 35-60 საათის შემდეგ იღუპება. ნემატოიდებიდან ყურადღებას იპყრობს ერთი პარაზიტი – Contracoecum bidentatus. იგი ნაპოვნია აღმოსავლურ ფრიტაში (ფარავნის ტბა). ეს პარაზიტი ითვლება ფართოდ გავრცელებულ ჰელმინთად როგორც მტკნარი წყლის, ისე მლაშე წყლის ზუთხისებრ თევზში. მიუხედავად იმისა, რომ ფრიტა არ წარმოადგენს სარეწაო მნიშვნელობის ობიექტს, ანგარიშგასაწევია იმ მხრივ, რომ მტარებელია ამ პათოგენური ჰელმინთისა, რომელიც შეიძლება გადაეცეს სარეწაო მნიშვნელობის თევზებს. ლიტერატურაში ცნობილია ფაქტი, რომ Contracoecum – ის გვარის ლარვები სახლდებიან მუცლის ღრუს სერიოზულ გარსზე, ღვიძლზე და ამით საკმაოდ დიდ ზიანს აყენებენ მასპინძელს, რადგან იწვევენ თევზის ზრდის შეჩერებასა და სხვა ფუნქციონალურ მოშლილობას. აკანთოცეფალებიდან (თავეკლიანი ჭიები) საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია 6 სახეობა: Neoechinorhynchus agilis (ლობანში, ოქროსფერ კეფალსა და მახვილცხვირაში – პალიასტომის ტბიდან), N. rutili (კობრსა და სევანის ხრამულში – პალიასტომისა და ფარავნის ტბებიდან, თბილისის წყალსაცავი), Quadrigyrus cholodkowskyi (ხრამულსა და წვერაში – თბილისის წყალსაცავი) Metechinorhynchus truttae (შავი ზღვის ორაგულსა და ცისარტყელა კალმახში, - შავი ზღვის ფოთის მიდამოებში და შავწყალას საკალმახე მეურნეობა გუდაურის რაიონში), Acanthocephalus lucii (კობრში, ქორჭილაში, ფარგასა და კაპარჭინაში – ფარავნისა და პალიასტომის ტბები) და Pomphorhenchus laevis (კობრსა და წვერაში – მდ. მტკვარი). სევანის ხრამულასთვის მეტად პათოგენურია Neoechinir hynchus rutili, რომელიც საკმაოდ დიდი ექსტენსივობით გვხვდება. საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულ ჰელმინთებიდან თევზმეურნეობებისთვის ყველაზე მეტი უარყოფითი მნიშვნელობა აქვს Dactylogyrys vastator-სა და Ligula intestinalis-ს. დაქტილოგიროზის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს საჭმელი მარილის აბაზანები. ჯერჯერობით ლიგულოზის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საშუალებას წარმოადგენს იქთიოფაგი ფრინველების მოსპობა, მათი ბუდეების განადგურება. პარაზიტული კიბოსნაირებიდან საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში რეგისტრირებულია ორი სახეობა: Clavellisa emarginala (შავი ზღვის ქაშაყის ლაყუჩებზე – პალიასტომის ტბიდან) და Pseudotracheliastes stellatus. საქართველოს მტკნარი წყლის თევზებში დღემდე რეგისტრირებულ პარაზიტებს შორის არ არის სამედიცინო მნიშვნელობის ფორმები, ე.ი. ისეთი ფორმები, რომლებიც შეიძლება თევზებიდან გადაეცეს ადამიანს. ციტირება Link to post Share on other sites
DMORAL 36 Posted April 17, 2012 Report Share Posted April 17, 2012 უნდა იცოდეთ და იცნობდეთ! შაორზე დაჭერილ ვიმბაში(РЫБЕЦ) შემხვედრია. ციტირება Link to post Share on other sites
Recommended Posts
Join the conversation
You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.