Jump to content
Club-Monadire.Ge

Recommended Posts

პოეზია

 

 

 

კალმახები სასოფლო-სამეურნეო გამოფენაზე

 

გაისმა უცებ ,,ლილე,, ამაყი,

მთების ბუნების ჰიმნი სვანური,

და ადგაფუნდა წყალში კალმახი,

მკვირცხლი და მარად მოუსვენარი.

 

ერთი მეორეს შეეხო ფრთებით

და კალმახები შეყარა ალყად,

თუ გაახსენდათ სვანეთის მთები

და შფოთიანი ენგურის ტალღა?!

 

გაგიგონიათ კალმახი შედგეს?

ვერ მოისვენებს,თუ არ გაცურა

და დაეჯახა აუზის კედლებს

ფარა ფერადი მამაკაცურად.

 

ვინ იტყვის აბა,რა ხმას მოჰგავდა

მათი ფარების ცემა გმირული,

ენგური იყო,იგი ბორგავდა,

მუდამ შლეგი და თავგანწირული.

 

ძალა ჰქონია ვაჟკაცურ ,,ლილეს,,

წუთით თევზებმაც აიდგეს ენა,

მოიგონებდნენ ენგურის ჩრდილებს,

მოიგონებდნენ მშობლიურ კერას.

 

და მხნედ უტევდნენ პატარა სივრცეს

ჩქარი ტალღების ლაღი მდევრები,

წვრილ-წვრილ ვარსკლავებს ისროდნენ ცისკენ

და ლაპლაპებდნენ ,ვით სატევრები.

 

გაიოცებდა ხალხი მშრომელი

მათს გახელებას და ამღერებას,

და მოსკოველი სტახანოველი

იდგა,უმზერდა საკვირველებას.

 

იდგა აუზთან მაღალი კაცი,

მზისგან დამწვარი დიდი ხელებით,

უკვირდა,როგორ ელავდნენ წყალში

ნაირ-ნაირი ცისარტყელები.

 

და ბოლოს,როცა შრომის არსენამ

თვალით განჭვრიტა გზა სამერმისო,

შთაბეჭტილების წიგნში ჩაწერა,

-საქართველოში თევზიც მღერისო....

 

 

მაპატიეთ თუ კი დავაშავე ჩემო კარგებო,ანუ (флужу).რაღაც ჯიგარს მოაცვა ეს გემრიელი ნოსტალგია და დავცერე გულის ნადები.კი არ დავცერე,ბუმბერაზის,ლადო ასათიანის ქმნილება გადმოგეცით.არ შეიძლება ეს კაცს დაეწერა რომელსაც ჯიგარი არ ეცვოდა და ამის გემო არ ცოდნოდა.გეხუტეთ ყველას ვინც კი ბუნებაზეა შეყვარებული.....

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...
  • Replies 643
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

Popular Posts

სიყვარული არ კვდებაო ნინორე,  გული მაინც გაუძლებსო სიშორეს,  წამწამებზე შეგრჩენია ცისნამი,  დაღლილი ხარ დაისვენე ნინორე...  მუხის ხესთან ჩამომჯდარა ფუფალა,  სად მიდიხარ,ეჭორავე ნინორე!  ზღვი

სიხარულმა ჩაიარა, ჩაიარა წყენამაც. უკვდავებას მაზიარა  შენმა გამოჩენამა. ერთი ჰო და ასი არა  ვით გამოთქვას ენამა. უკვდავებას მაზიარა შენმა გამოჩენამა. სიხარულის ცრემლი კმარა, თვალები დ

ოდესღაც გწერდი: "ველი გაზაფხულს!.." მაგრამ, ძვირფასო, ასეთს კი არა - ნათიბის სუნმა ვეღარ დამათრო, ვერც გაზაფხულის ზეცამ, კრიალამ.   ვერ გავიგონე წვეთის სიმღერ

Posted Images

საქართველოს გაზაფხული----გივი ჭიჭინაძე

 

 

გაკვირტულა,

გაკვირტულა,

შინდის ტოტი გაკვირტულა!

ჩიტი დახტის შინდის ტოტზე,

განა ერთი,

ცხრა ჩიტუნა!

 

წყარო მთიდან მოჩუხჩუხე

ბარში დადგა, გაიტრუნა.

ცივ ჩქერს ჩიტი დაეწაფა,

განა ერთი

ცხრა ჩიტუნა!

 

გაზაფხულდა,

ტყის ფერდობი

ჩითის ფერად დაჩითულა.

ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე,

განა ერთი

ცხრა ჩიტუნა!

 

ნაწვიმარზე ცისარტყელამ

ცა მოხატა დიდებულად.

შეხე, ჩვენი საქართველო

როგორ აყვავილებულა!

Link to post
Share on other sites

- დაჰჟანგებულხარ, გორდაო,

დაგობებია ქარქაში.

სადა გყავს შენი პატრონი,

დაგაწყებინოს კაშკაში?

- სადღა მყავს, ძმაო, პატრონი:

შამქორს გავწირე მკვდარია,

ორმოცგან სჭირდა ნახმლევი,

სდიოდა სისხლის ღვარია.

ომში წინ წასვლა უყვარდა,

ხელთ დაბღუჯვილი ფარია;

არას დასდევდა სიკვდილსა,

ოღომც არ შარცხვეს ჯარია,

მეფის თამარის გვირგვინი,

ქართველთ სამეფო გვარია.

ეხლა უშნოდ ვარ... დამკიდეს

ლაჩართ კედელზე უქმადა;

ვისღა სცალია ჩემთვისა,

ქვეყანა იქცა დუქნადა.

გადამაგდებენ გირაოდ...

და გზირ-ნაცვლების ხელითა

ქვეყანა მხედავს მდებარეს

„არშინის“, „ჩოთქის“ გვერდითა.

შვიდასი წელი გამიხდა,

არ გავპოხილვარ დუმითა,

არ ვულესივარ ქართველსა

დაღიღინებით ჩუმითა.

მისი ხმა აღარ მსმენია:

„გასჭერ, გამიშვი წინაო,

თუ სახელს არ მაშოვნინებ,

როგორ დავბრუნდე შინაო!“

Link to post
Share on other sites

ახლა აქ რომ იყო,ჩემთან ერთად

იმდენს გაკოცებდი - დაგახრჩობდი,

მოგეფერებოდი უსასრულოდ

და ჩემი სურნელით დაგათრობდი.

ჩემს ფიქრებს,ოცნებებს გაგიმხელდი,

უსაზგვრო სიყვარულს გაგიყოფდი,

ისე გაგართობდა ჩემთან ყოფნა

გათენებასაც კი ვერ იგრძნობდი

ნეტავ რა მაცოცხლებს რომ არ მყავდე,

უაზროდ ივლიდნენ ალბათ წლები,

როცა ვერ გხედავ და ჩემთან არ ხარ

ძალიან,ძალიან მენატრები.

რა მოხდება ახლა რომ გინატრო,

გინატრო და უცებ გაჩნდე ჩემთან,

ნიავივით ფიქრებს გამოყვე და

მზის ამოსვლას შევხვდეთ დილით ერთად.

Link to post
Share on other sites

*****უსიყვარულოდ! ****

 

უსიყვარულოდ

მზე არ სუფევს ცის კამარაზე,

სიო არ დაჰქრის, ტყე არ კრთება

სასიხარულოდ...

უსიყვარულოდ არ არსებობს

არც სილამაზე,

არც უკვდავება არ არსებობს

უსიყვარულოდ.

მაგრამ სულ სხვაა სიყვარული

უკანასკნელი,

როგორც ყვავილიშემოდგომის

ხშირად პირველს სჯობს,

იგი არ უხმობს ქარიშხლიან

უმიზნო ვნებებს,

არც ყმაწვილურ ჟინს, არც ველურ ხმებს

იგი არ უხმობს...

და შემოდგომის სიცივეში

ველად გაზრდილი,

ის გაზაფხულის ნაზ ყვავილებს

სულაც არა ჰგავს...

სიოს მაგივრად ქარიშხალი

ეალერსება

და ვნების ნაცვლად უხმო ალერსს

გარემოუცავს.

და ჭკნება,ჭკნება სიყვარული

უკანასკნელი,

ჭკნება მწუხარედ,ნაზად,მაგრამ

უსიხარულოდ.

და არ არსებობს ქვეყანაზე

თვით უკვდავება,

თვით უკვდავებაც არ ასებობს

უსიყვარულოდ!!!

Link to post
Share on other sites

ზაფხულში არაგვზე,სალუდე დუქანთან,

უკრავდა დაირა და დათვი ბუქნავდა.

ზიოდა სხიოდა მზისფერი დაირა,

სიცხეც ძუნძულებდა თლად დათვის ნაირად.

ღრეობდნენ ხევსური და ზორბა ხინკლები

პეშვიდან სხლტებოდნენ როგორც თხის ჯიქნები.

დაკეპილ ცხვირპირზე ეფინათ ხაშხაში,

აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.

გზაზე ეს სურათი კაცს ღიმილს მოჰღვრიდა,

ერთ ახმახს იაბო დაუფრთხა ოხვრითა.

რა ვნახე,როგორ ვთქვა ან როგორ გიამბოთ,

გოლიათს ლაჯებში მოეხჩო იაბო.

ჩამოხტნენ ხევსურნი და ცხენი მშიშარა

ვეება იღლიის ქვეშ ამოიჩარა!

გადმოვლენ ბოგირნი და მთვრალი ხევსურნი

შემოხვდნენ კიჟინივ აზარტში შესულნი,

ჩამოსვეს მაგიდა,ჩასცილდა მუხლისთავს,

ჯამში აშიშხინდა თვალები ბუხისა,

რაც იყო სუფრაზე სულ ერთად მოხოცა,

დათვიც კი შეაშინა იმისმა ხორხოცმა!

ერთურთს ხანჯლებით უღერდნენ ტაეპებს,

და ჰგავდნენ,ლანდებად წარმართულ ხვთაებებს!

დაკეპილ ცხვირპირზე ეფინათ ხაშხაში,

აგვისტოს პირდაპირ ისხამდნენ ხახაში.

გადააპკურა ხევსურმა ცხენს არაყი,

დეზი ჰკრა და ფეხით გააპო არაგვი.

და როს გავიდა ეხლაც და მაშინაც,

დათვი გოლიათის ლანდმა შეაშინა!

და როცა სიკვდილი აქ,ბარში მოჰყვრებთან,

ვენახებს მოხნავდა და მთის წყალს მოჰხვრეპდა,

მთიდან ჩამორბოდნენ ხარები ბარადა,

და რქებით ფჩხვერავდნენ კრწანის თუ მარაბდას,

მთიდან ჩამორბოდნენ,მტრის ჟლეტვა ნებავდათ

და იქვე რჩებოდნენ სამარის ზვერადა...

და მთიდან ჩამორბოდნენ ვაჟები კერკეტა,

უკან ბრუნდებოდნენ ზღაპრად თუ ლეგენდათ.

სიკვდილს სიმწრისგან ყელზე რომ დაადგა

ხევსურის ფარია სხვა მრავალ ფართაგან!

ემაგის სისხლია,ემაგის ძვლებია

ქართულ ციხეებს რომ ჩაჰფიცხებია.

ემაგის სისხლია,ემაგის სინდისი

ომში რომ არ წავხვდეთ მტერთან პირისპირ.

მის გორდას მამულის გზა გაუკაფია,

გარდასებრ ჩინჩხლებს ჰყრის ემაგის კაფია.

და მოდის საქართცელო ემაგის ჯიშითა,

როს მტერი ვერაგი,კვტებოდეს შიშითა!!!!

Link to post
Share on other sites

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს

 

 

კიდევაც ვნახავ გაზაფხულს,

ყელმოღერებულს იასა,

სიკვდილის სიცოცხლედ მქცეველს,

იმის სიტურფეს ღვთიანსა,

ამწვანებულსა მთა-ბარსა,

დამწყაზრულს, ყვავილიანსა.

 

კიდევაც ვნახავ, ცა სჭექდეს,

თოვლის წილ წვიმა ცვიოდეს,

ანოყივრებდეს მიწასა,

მდინარეები ხვიოდეს,

აღარვინ იტანჯებოდეს

და აღარცვისა შიოდეს;

სიმართლის გამარჯვებასა

მთაზე არწივი ჰყიოდეს;

მეც მას ბანს ვეუბნებოდე,

გული აღარა მტკიოდეს.

 

გუშინწინ ვნახე, გუშინაც,

გველი სწამლავდა იასა,

აშლიდა შხამსა და გესლსა,

ვერ კი აძლევდა ზიანსა.

დღეს ვხედავ, ია მთელია,

სუნნელოვანი, ნაზია,

ვუცქერ და ვამბობ იმასვე:

რა ტურფა, რა ლამაზია!

გველი დაღოღავს მუცლითა,

ახრჩობს ბოღმა და ბრაზია.

კიდევაც ვნახავ, უხვადა

ვარდნი, იანი ჰყვაოდენ,

ნაცარ-მტვრად იყვნენ ქცეულნი,

ვინაც გუშინა ზვაობდენ;

შხამის და გესლის მთესველნი

მოისპნენ, არარაობდენ,

ჩვენის სიკვდილის მსურველნი

ყორნები ვეღარ ჩხაოდენ!

 

დაჰბეროს სიცოცხლის სიომ

მომაკვდავს არემარესა,

გაუათასდეს სინათლე

ცაზე მზესა და მთვარესა,

უხვადა სძღვნიდენ წყალობას

ამ ჩვენს დაჩაგრულს მხარესა.

ჩვენც, მსხვერპლნი ძალმომრეობის,

ცრემლს აღარ ვღვრიდეთ მწარესა.

ჩიტების ტკბილი გალობა

ისმოდეს ყოველ მხარესა.

 

ვიხილავ სანატრელ სახეს,

რომ ამდგარიყოს მკვდრეთითა,

გვერდს ედგნენ მისნი ზვარაკნი,

გაფიცულები გვერდითა

ჭაბუკნი თავდადებულნი,

ტრფიალით მეტისმეტითა,

ტანს უმშვენებდეს წყლულები

ერთგულ მამულის შვილებსა,

ანგელოზები დაფნისას

გვირგვინს ადგამდენ გმირებსა.

Link to post
Share on other sites
  • 1 month later...

გვახსოვდეს 9 აპრილი!!!

 

 

ანათემა

 

ცა იყო უღმერთოდ მოღრუბლული,

მატლები გადმობობღდნენ ეშმაკის ფაშვიდან, -

მოდგა ურჩხული და არაყი მოითხოვა,

სისხლი დალია და დამშვიდდა.

დედინაცვალმა რომ დედობა მოინდომა,

წიქარა გამოვიხმე ჯადოსნურ ზღაპრიდან, -

მოდგა სიკვდილი და საჭმელი მოითხოვა,

ფრთები წამგლიჯა და გაფრინდა.

ბარ-ნიჩბით გაგვილახეს გაზაფხული,

ნატვრა აუსრულეს ბატონებს,

დათვებმა გაგვიწიეს დათვური სამსახური,

მიგვყარ-მოგვყარეს და დაგვტორეს.

ლოცვა და გალობა არ გვაცალეს,

ჭკუას არც ვინ სთხოვდა აშარებს,

ქრისტეს სიყვარული ჩაგვამწარეს,

კი არ დაგვამარცხეს, დაგვშალეს.

ფეხით გადაქელეს ფეხმძიმე ქალი,

მხრები ჩამოსხიპეს ყმაწვილებს,

ჰაერი მოგვიწამლეს მამალი შხამით,

სული ამოგვხადეს და დაგვცინეს.

შუბლზე დაგვამსხვრიეს შუბი და კეტი,

ავად გაგვითენეს შავი დღე,

თავი მოიწონეს ქალწულთა ჟლეტით,

”წესრიგი დაამყარეს” და განგვიდგნენ.

ურცხვთაგან შეწყალებას ვინ მოელის,

რომელი მსაჯული და რა ციხე,

ტანკებით გადაგვიხნეს მინდორ-ველი,

ხნულში ჩაგვყარეს და ჩაგვწიხლეს.

მორჩილებისკენაც მოგვიწოდეს,

ჭკუაც დაგვარიგეს თავიდან,

მერე ნამთვრალევზე ხაში მოითხოვეს,

ცეცხლი დალიეს და…ჰაიდა!

მიდის მიმავალი. მოდის მომავალი.

ქუჩები ყოველ წუთს იცვლიან სახელებს,

ღმერთო, სამართალი რომ არ არი,

სისხლში გათხვრილ სათქმელს ვახველებ.

ერთ წამს გაგვიასდა ცხრა იარა,

მუხლი მოიკვეთა მთაწმინდამ,-

მოდგა აპრილი და ტიტებზე გაიარა,

დარჩა თბილისი და ატირდა.

დედა-ღვთისმშობელი გვიალერსებს,

ფუძის ანგელოსი გვამშვიდებს, -

ყივის დაჭრილი მზე თრიალეთზე,

ბორგავს გონიო და სამშვილდე…

”მუმლი მუხასაო… მუმლი მუხასაო…

გარსა ეხვეოდაო… მარადის

მუმლი წყდებოდაო, მუხა რჩებოდაო…”

გულს მფხანს ქართველების ღაღადი.

ჩანგო, იბერიის პანაშვიდო,

როგორ შეგეხები თითებით,

მე შენ როდის უნდა დაგამშვიდო,

ოდეს თავად ვეღარ ვმშვიდდები?!

ალბათ ღამე უნდა გავათენოთ,

მჯერა, კვლავ ცხელ სანთლებს აღვანთებთ, -

ისე არ მოკვდება საქართველო,

დედა არ უტიროს ჯალათებს!

მორის ფოცხიშვილი

24 აპრილი 1989წ.

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას...

 

ზღვისფერი გაქვს თვალები და, თავად ჰგავხარ ზღვას,

თუ არ შეგებრალები და, მისთხოვდები სხვას,

მივატოვებ გაზაფხულზე თესვასა და ხვნას,

გადავლახავ ადიდებულ ჭოროხსა და მტკვარს,

ცეცხლს გავატან შენს სამყოფელს, შენს სიყვარულს ქარს,

და მოგიკლავ, მოღალატევ, მაგ ნაფერებ ქმარს...

ზღვისფერი გაქვს თვალები, და თავად ჰგავხარ ზღვას.

 

უცნობის პასუხი ამ ლექსზე.

 

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ,

ისევ შორიდან მელიცლიცები, ისევ შორიდან მკლავ,

ო, რა ტყუილად დაგიქადნია, მე მოგიკლავო ქმარს.

შენი სიტყვები, შენი მუქარა გაჰყვა შარშანდელ ქარს.

სხვისი ვარ, ისევ ჩემი თითები სხვისთვის გაიშლის თმას.

სხვის წისქვილს ვასხამ ცრემლიან პეშვებს, სხვისი სახნისით ვხნავ.

. . .

ისევ ზღვისფერი დამაქვს თვალები, სხვისი ცოლი ვარ კვლავ.

Link to post
Share on other sites
  • 4 weeks later...

ქალი ვარ, განა ქარი ვარ,

თავქარიანი ველადა,

ქალი ვარ, განა ღვინო ვარ,

როგორ შეგივსო ხელადა,

ქალი ვარ, განა წყალი ვარ,

რომ ჩაიხედო ვერა და

ქალი ვარ, განა მზის სხივი,

ცრემლი რამ აგიფერადა?

ქალი ვარ, ვიცი აპრილში,

მარტი ინანებს მარტობას,

გემუდარები ნუ წახვალ,

ნუღარ დამტოვებ მარტოს რაა...

ქალი ვარ, განა ვარდები,

რომ წამოვანთო მაისი...

ერთი პატარა ქალი ვარ,

რავი, თუ შეგიყვარდები...

Link to post
Share on other sites
  • 5 weeks later...

სახლი მინდოდა მქონოდა,უბრალო ხის და ისლის

სასტუმროდ ნუშის ბაღნარი,საბნად თიბათვის ნისლი.

ბაღი მინდოდა მქონოდა თვალუწვდომელი ჩრდილით

გადავრეკავდი მინდვრებზე შავთეთრა კრავებს დილით

ავაშენებდი სალოცავს გადადუღებულს კირში

გამოვისხლავდი გაზაფხულს,ვაზებს ჩავყრიდი მცკრივში

და ავაგებდი სამრეკლოს,ვაგუგუნებდი ზარებს

გავაშენებდი ვენახებს ცამდე ავწევდი ზვარებს

გავახურებდი კოცონზე ჩემი ცხენისთვის ნალებს

მისი ქროლვით და ჭენებით გადაუსწრებდი ქარებს

მერე მოვარდნილ ნიაღვრიდ დავაბრუნებდი წისქვილს

და ჩემი პურის თონეში,ფიჩხებს ჩავყრიდი,მზისსხივს,

ბაბუაჩემის საწნახელს გადაუხსნიდი ძარღვებს

არტერიებად დაბერილ ალადასტურის მკლავებს,

ჩემი ჭიშკარის ბოლოსთან გვალვით დასიცხულ მგზავრებს

ცივი წყლის ნაცვლად ვასმევდი ცოლიკაურის ხავერდს

მერე ვნახავდი საცოლეს,ცისფერთვალებას,ლამაზს

შემოვაკრავდი საჩუქრად ოქროდ–დავერცხლილ ქამარს

და ჩემი მატყლის საბანზე ავიწყვიტავდი ალერს

შვილებს სახელად მივცემდი ლაზარეს,თომას პავლეს!

მოვწყვეტდი დედის ძუძუდან გზემდე ვასმევდი ღვინოს

და სასაფლაოს სატნარში შუბლზე ვაცხებდი მირონს

მერე შევსვამდი სამივეს უუნაგირო ცხენზე

პატარა მაჯებს ვანდობდი მე რომ თოფი მაქ სხვენზე

წკეპლას მოვცხებდი თეძოზე ჩემს ხალიბრალა ფაშას

და ვაჟებს ვანადირებდი,კვდომის ვაცნობდი ლაზადს.

სახლი მინდოდა მქონოდა,უბრალო ხის და ისლის

სასტუმროდ ნუშის ბაღნარი საბნად თიბათვის ნისლი....

Link to post
Share on other sites

მომაკვდავის ჩვენება

 

სიკვდილ-სიცოცხლის შუა მდებარეს,

როდესაც სული ხორცს მეყრებოდა,

ცოდვილი ქვეყნის გამოთხოვება

მე მაინც კიდევ მენანებოდა!..

 

რასაც სიყრმიდან თვალი და გული

შეთვისებია და შეჩვევია,

გონება კავშირს ვეღარ გაიწყვეტს,

სიცოცხლეც მისი მონა და ტყვეა!

 

ვიტანჯებოდი, ცრემლების ნაცვლად

ჭირის ოფლში-ღა ვიწურებოდი...

მიწა მტოვებდა... ცა მიწოდებდა

და მე-კი ვერც ერთს ვეღარ ვსწვდებოდი.

 

არც აქეთ ვიყავ და აღარც იქით

მე, ორთა შუა გამოხიდული;

უჩინარ ბეწვით ოდნავ დაბმული

ხორცი უსულოდ, უხორცოდ სული.

 

უცბად გაიხსნა ცა, მოელვარე

მაღლით ნათელი გადმოეფინა,

და თანვე მოჰყვა ხმა ზეციური:

„აჰა, ოსანა მაღალთა შინა!“

 

ნათლის სვეტებზე ნათლისვე კიბით

გარმოექანა ძირს ანგელოსი;

სხივით ნაქარგი თვით ელვარება

იყო იმისი წმინდა სამოსი.

 

მომიახლოვდა მანუგეშებლად

ცისა და ქვეყნის შუამავალი.

დამიდგა მარჯვნით... მისმა შვენებამ

მომხიბლა სრულად და მომჭრა თვალი.

 

ამ დროსვე ერთად შეიძრა მიწაც,

ქვესკნელმა გრგვინვით გააპო ბნელი

და ამოფრინდა ბოროტი სახე

სრულის დიდებით, თვით ბელზებელი.

 

იმის მედიდურ ძლიერ სახეზე

უფლება შავი ხაზით ეწერა;

დადგა პირდაპირ ანგელოსისა

და შეუპოვრად დაუწყო მზერა.

 

„შენ აქ რა გინდა? - სთქვა ანგელოსმა -

სამარადისოდ შეჩვენებულო!..

ურჩო მეუფის!.. და ქვეყნის მტერო!

მოუსვენარო!.. ბოროტო სულო?!

 

განა არ იცი: ვისაც ამ ქვეყნად

ვერ შეურყიე სარწმუნოება,

სიკვდილის შემდეგ რომ მიეკარო,

არ გაქვს უფლება! არა გაქვს ნება!..“

 

„ვინ მოგახსენა?! ჯერ ჩემ უფლებას

ვერ გააქარწყლებ შენ ასე ჩქარა!..

ჩვენ-ჩვენ საზღვარზე ვდგევართ ისევე!

- სთქვა ბელზებელმა! გადიხარხარა! -

 

ჯერ, სანამ სული ხორცს არ გაჰყრია,

რა დამკარგვია უფლება და დრო!..

უკანასკნელად ერთს კიდევ ვსინჯავ,

რომ მაგის სული მოვინადირო.

 

და ხელის შეშლა თუ შეგიძლია,

იხმარე შენი გრძნობა-გონება,

რომ მოანატრო ის ზეციური

საოცნებო რამ ყოფა-ქონება.

 

მეც გამოვიჩენ ჩემ ძლიერებას,

სათვალდათვალოს და ხელშესახებს

და მაშინ ვნახავთ: ამ ორში, აბა,

რომელს აირჩევს? და რას აიღებს?

 

შენ შეგიძლია წაართვა სული!

მე შემიძლია რომ დავუბრუნო!

შენ სხვის მონად ხარ კარზე მოსული

და მე კი მმონებს თვით საუკუნო!..“

 

ანგელოსი

როდემდის?

 

ბელზებელი

სანამ არ მოიშლება

ქვეყანა მისი შვენიერებით,

არ მყავს მეტოქე, მოპირდაპირე

არც მოხერხებით, არც ძლიერებით!

 

ანგელოსი

კი მაგრამ ეგ ხომ დროებითია?

„მეორედ-მოსვლის“ არა გაქვს შიში?

 

ბელზებელი

საუკუნეთა საუკუნოებს

არა აქვს ზომა და ანგარიში.

„მეორედ-მოსვლა“ ისე შორს არის,

რომ მაზედ ფიქრი არს უგნურება.

 

ანგელოსი

რასაც ოდესმე ბოლო მოელის,

არ არის სრული ის ნეტარება.

 

ბელზებელი

ბევრჯერ წამიც-კი ბედნიერების

საუკუნოზედ უტკბილესია!..

მეც მომავალი ჩემი სიმწარე

აწმყოს სიტკბოში ჩამილესია!..

 

ამას ვჯერდები და მომავალი

მე დამითმია თქვენთვის საკუთრად, -

ჩემთვის შავ-ბუნდად წარმოსადგენი

და თქვენთვის რაღაც ნათელ-ვარდის ფრად.

 

თქვენ აწმყოსა სცვლით იმ მომავალში,

მე მომავალზე აწმყოს არ ვყიდი!..

ვინ მოსტყუვდება ჩვენში - ვინ იცის?..

სულ სხვადასხვა გვაქვს ჩვენ გზა და ხიდი:

 

„შენ მარჯვნივ იწვევ ადამის შვილებს,

მე იმათ მარცხნივ ვეპატიჟები!

არჩევანი კი იმათ ხელშია

და ნუ გასჯიან როგორც გიჟები!..

 

სადაც ერჩიოთ იქით წავიდნენ!

ა, მაგალითი ახლაც თვალწინ გვაქვს:

ამ მომაკვდავთან მოვსულვართ ერთად

და ჭირისუფლად ვადგივართ მას თავს.

 

შენ სულ სხვას ურჩევ და მე კიდევ სხვას!

არა სჯობს, ვკითხოთ მაგისვე სურვილს:

სიცოცხლეს ირჩევს ჩემი შეწევნით?

თუ შენი რჩევით სანატრელ სიკვდილს?

 

სთქვი, რას ჰპირდები?

 

ანგელოსი

განსასვენებელს,

სად არც ურვაამ არც მწუხარება!

და ხორცშესხმულიც ვერ წარმოიდგენს,

თუ რა ტკბილია ის ნეტარება!..

 

მახლობლად ღვთისა, წმინდანთა შორის,

ანგელოსთ გუნდში გამორეული,

ციური ძალით განიმსჭვალება

ვალგადახდილი სპეტაკი სული!

 

ამიერიდან უკუნისამდე

არ მოეშლება ის ნეტარება...

მაშინ, როდესაც შენი დიდება

ამ ქვეყანასთან ერთად გაჰქრება.

 

ბელზებელი

წეღანაც გითხარ, უფარსაგოა

ეგ საოცნებო რამ მოგონება:

მაგის სიშორეს ვერ წარმოიდგენს

ჭკვათა-მყოფელის გრძნობა-გონება.

 

და მე მით უფრო... რაც დღეს ხელში მაქვს,

განა გიჟი ვარ, რომ შეველიო?

ნათქვამი არის: „ხვალინდელ ქათამს

კვერცხი სჯობია დღევანდელიო“.

 

ანგელოსი

ჩვენსას თუ სწუნობ, ახლა შენა სთქვი:

რა უფლება გაქვს? რა შეგიძლია,

რომ ამ მიწის შვილს შენ მიანიჭო?

 

ბელზებელი

რასაც კი მომთხოვს!.. სულ ადვილია!

 

ხანგრძლივ სიცოცხლეს და ტანმრთელობას,

სიბრძნე-სიმდიდრეს და ძლიერებას!..

სიჭაბუკესაც, რომ სიყვარული

უგვირგვინებდეს ბედნიერებას.

 

და ამას გარდა, ზედმეტად კიდევ

მცირე სურვილიც ვალად მედება;

ყოვლის-შემძლები - ვიქნები მონა

მაგისი! ნატვრა არ მოაკლდება.“

 

ეს რომ სთქვა, მერე მე მომიბრუნდა:

„აწ მოიკრიბე შენი ღონეო

და აირჩიე რომელიც გინდა!..

რაცა ვთქვით, შენც ხომ გაიგონეო?“

 

რომ მოვისმინე იმათი ბჭობა,

უჩვეულობით გაკვირვებულმა -

აღარ ვიცოდი რა უნდა მექნა!..

ძგერა დამიწყო ორჭოფად გულმა:

 

ზეცის შელევას ვერა ვბედავდი

და ეს ქვეყანაც მენანებოდა!..

სიტკბო-სიმწარის შუა ვიყავი,

სული შფოთავდა, ხორცი დნებოდა.

 

ბოლოს გავბედე ხმის ამოღება

და დავეკითხე მათ მორიდებით:

„ჩემგან რას ითხოვთ სამაგიეროს,

იმის სასყიდლად, რასაც მპირდებით?“

 

სთქვა ანგელოსმა: „მხოლოდ იმას გთხოვ,

რომ არ დაჰკარგო შენ სასოება

და ხრწნილებადი შენი სხეულის

არ მოინდომო ამაოება!“

 

ბელზებელმა სთქვა: „ბევრს არ მოვითხოვ:

რომ მოვიფხანო უბრალოდ გული,

მხოლოდ ფორმისთვის, ზეცის საჯიბროდ,

მერმისისათვის მომყიდე სული.“

 

ჩამაგდო ამან საგონებელში.

აღარ ვიცოდი, რა ამერჩია?

ორივე კარი ცის და ქვეყნისაც

მზა იყო ჩემთვის... ორივე ღია!..

 

პირი ვიბრუნე ბელზებელისკენ

და მოვინდომე მისი მინდობა.

თუმცა არ მსურდა არც ანგელოსის

უარის-ყოფა და ზეცის გმობა.

 

„შენ პირობაზე მე მოვაწერ ხელს!

ვთქვი - თანახმა ვარ და არც ვინაღვლებ!

იმ პირობით კი, თუ შენც შენს სიტყვას

არ გადაუხვევ და შეასრულებ!“

 

- „ვფიცავ ჯოჯოხეთს!“ - სთქვა აღტაცებით

და მედიდურად გადიხარხარა!..

შეკრთა მფარველი ანგელოსიცა,

მწუხარე სახე დაბლა დახარა!..

 

იუდას ტყავზე კაენის სისხლით

დაიწყო მტერმა პირობის წერა,

მაგრამ მარტო მის დანაპირებით

რომ ჩემი გული ვერ შეაჯერა,

 

თამამად მითხრა: „მეტი, რაც გინდა,

შენვე მომთხოვე და აგისრულებ!

მე ჩემი სიტყვის გამტეხი არ ვარ!..

არც გავწბილდები! არც გაგაწბილებ!“

 

- „მართლა? მაშ კარგი! მიუმატე ეს:

რომ აწ საერთოდ ქართველი ერი

ამაღლებული... აყვავებული...

ხანგრძლივი იყოს და ბედნიერი!“

 

- „აჰა, ჩავწერე!.. სხვა რამეც კიდევ

ჩამაწერინო გინდა თუ არა?

- „რასაკვირველია, ერთიც რამ კიდევ

და მეტს არას გთხოვ... გათავდეს! კმარა!“

 

- „სთქვი მალე ეგეც და გავათავოთ!

რა სურვილია ეგ კიდევ ერთი?“

- „რომ საქართველომ ქვესკნელი დაჰგმოს,

მოიახლოვოს ზედა და ღმერთი,

 

„რომ ქართველობამ მტკიცედ დაიპყრას

ქრისტეს მოძღვრება და წმინდა რჯული,

და მაშინ, დიახ, შენი იქნება

სამარადისოდ ეს ჩემი სული!..“

 

შეკრთა ეშმაკი ამის გამგონე!

არ მოელოდა ამგვარ პირობას!..

ფრთა შეეკვეცა იმის წამიერ

ამპარტავნება-მედიდურობას.

 

გაქვავდა თითქოს, მაგრამ კანკალი

დაუწყო მხოლოდ გულმა და ხელმა.

სთქვა გუნებაში: „ვაი, სირცხვილო,

რომ მომატყუა ამ იმერელმა:

 

„სულ ცოტა რომ ვთქვათ, დღეს ქართველების

მე ორი წილი ხომ კი მერგება,

და ამ ერთ სულში რომ ის გავყიდო,

რა ჭკუა არის? და რა მოგება?“

 

გასტეხა სიტყვა, გაუჩინარდა,

ჩაძვრა ქვესკნელში სირცხვილეული,

და მაშინ მხოლოდ ანგელოსიცა

ცაში აფრინდა გახარებული.

 

მე გონს მოვედი, მიმოვიხედე,

და იმავე წამს თვალი მოვკარი,

რომ მარცხნივ მიდგა დიდი მკურნალი

და მარჯვნით ახლოს ჩემი მოძღვარი.

 

 

აკაკი წერეთელი

Link to post
Share on other sites

ციხიდან გადამიფრინდი

არწივო,

ვერცხლისფრთიანო,

გულში მიზიხარ

ისედაც,

ცად რომ არ

აგაბრიალო ....

 

ამოფრქვეული

ცეცხლი ხარ,

ნაპერწკლებგადარეული,

ნეტავ,

შენს ფრთასამც

მამთხვია,

ცის კიდეს

ჩამოხეული.

 

დავიარები,

კოშკებზე,

დავკოცნე

სათოფურები,

მთაო,

რაც უფრო

მაღლა ხარ,

მით უფრო

ხარბად მწყურდები!

გული

აქ დარშიც

მიწვიმს

და

თავსხმა

ავდარშიც

მზევდების,

მთაო,

მე შენი

მოდგმის ვარ,

უშენოდ

არ გათენდების!

 

ნინო ლარცულიანი

Link to post
Share on other sites

შემოდგომის ლეგენდა ვარ

 

შემოდგომის ლეგენდა ვარ და ხესავით ვიმოსები,

ზამთარ-ზაფხულ მახსოვს სევდა და სიცივის გისოსები,

სიყვარულის ფერია ვარ და ელფების მითოსები,

სექტემბერში დავიბადე და ყინვისგან ვითოშები?!

 

შემოდგომის ლეგენდა ვარ და ფოთლებით ვიმოსები,

მუდამ მაწვიმს სახეს დარდი და ცრემლების ნილოსები,

სიყვარულის გენია ვარ და სიყვითლის დემონები,

სექტემბერში გავჩნდი,ღამე და სინანულს ვემონები?!

 

შემოდგომის ლეგენდა ვარ და ფიფქებით ვიმოსები,

სულში მათოვს დეკემბერი და ოცნების ცის-კოშკები,

სიყვარულის მელია ვარ და სიწითლით ვიოცები,

სექტემბერში მოვევლინე და ოქტომბერს მილოცვები?!

 

შემოდგომის ლეგენდა ვარ და ნაძვივით ვიმოსები,

გულში მათრობს თებერვალი და მბორების ქვის-ქოშები,

სიყვარულის ძელია ვარ და ბავშვივით ვიყნოსები,

სექტემბერში დავიბადე და ვალენტინს ვის-კოცნები?!

Link to post
Share on other sites

ტირის თეთრი კლავიში

 

 

* რატომ, რატომ წამართვი

ზღვა, რომელიც ჩემია,

ზღვა, რომელმაც მარჯანი

მეათასედ იშვილა,

ზღვა, რომელიც გაავსო

მედუზების შიშინმა,

ზღვა, რომელიც მუხლამდე,

მუხლებამდე მწვდებოდა,

ზღვა, რომელიც ხანდახან

ავი დედა ხდებოდა...

რატომ, რატომ წამართვი

ცა, რომელიც ძნელია

ცა, რომელზეც ტირიან,

ცა , რომელზეც მღერიან,

ცა, რომელიც დამ ოკლდა,

მაგრამ ვეღარ შველიან!!!

* მშვენიერო, ორივე,

ორი დიდი ცთომილი,

ნიჟარებში რხეული,

სადღაც ფსკერზე დაგირჩა,

როგორც მწვანე უფსკრული,

მთვარეს გადახვეული...

ვიცი, ვეღარ გაუძლებს

ახლა ტრიოლეტების

მსუბუქ ამოფოთლებას

და ქარებით ძლეული,

ალიონზე მოსული,

ალიონზე მოკვდება...

* ჩუმად! ბოლო სიმღერას

ისევ მღერის კალასი,

ისევ ცვივა ალმასი

წვიმა – წვიმა – წვიმებად,

ბგერა, – ლურჯი ჩანჩქერი

აღარ დაედინება

და დუმილის ჭალაში

ქალი – ზღვა და ქალი – ცა

ერთ დიდ ფურცელ – მდინარეს

უკვე ვეღარ გადაშლის!

*ჟონავს სისხლი – მუსიკა,

ჟონავს ცისფერ დარბაზში,

ყელი, ყელი დაუშრა

მოწამლული სადაფით,

ვეღარ გუობს სინათლეს

მიწა – ბნელი სარდაფი!!!

და წავიდა! დატოვა

კლდეზე მინაწერები _

შორი არაბესკების

ურთულესი რიტმებით,

ყელმაღალი ჯვრებით და

ყელგაწვდილი ტიტებით!

და წავიდა! წავიდა

ამ მწუხარე სცენიდან,

ყელზე მარგალიტების

თუთისფერი ფანტელი

ჟრუანტელად ეკიდა.

და ვერასდროს, ვერასდროს,

ვეღარასდროს დაძებნი,

ვეღარასდროს შეუღებ

კარებს უცხო დარბაზის...

რატომ ჩამომამსხვრიე,

რატომ, რატომ წამართვი!

ასე როგორ დამტოვე

ხმაჩავარდნილ ოქტავით

დოდან – დომდე გამწელე,

ჰოდან – ჰომდე მომკალი..

* აჰა, დარჩეს გაზაფხულს

არასრული ნოტების

არასრული რხევები,

შავი – მუდამ მერყევი,

თეთრი – მყარი ბგერები,

თავისთავზე მაღალი

ცრემლი ქრიზანთემების...

.............................................

 

კივის სველი ნათება –

ფიქალ – ფიქალ – ფიქალი...

– რა ლამაზი მყოლიხარ,

– რა ლამაზი იყავი...

 

ნონა დავითაია

Link to post
Share on other sites

დაჭრილი ირემი

 

ირემი ვნახე დაჭრილი,

სისხლი სდიოდა ღვარადა,

კვნესოდა, თანაც ჩიოდა

საწყლურად, შესაბრალადა.

დედა-ბუნებამ დამბადა,

ამ ტყეთა ბინადარადა.

რას მერჩი ბრაკონიერო,

რა ბრალი დამდე ვალადა?

რას გიშლი, გამაგებინე,

რომ დამდევ გზადა-კვალადა.

თუ შენ გსურს იყო ცოცხალი,

ჩემთვის რად იქეც ჯალათად?

მაგ შენი თოფის ქუხილი

უღრან ტყეებსა ზარავდა,

მტრად რაზე გადამეკიდე,

ყველგან, მთაში თუ ბარადა.

მეც მინდა ვიყო ცოცხალი

ჰოდა რატომ მკლავ ძალადა?

მეც მყავდა ჩემი ტრფიალი,

რატომ მატარებ ცალადა.

ჩემი ლამაზი სიცოცხლე

შენ რატომ გიღირს ჩალადა

 

 

 

ვალიკო ხუცურაული

დუშეთის რაიონი, სოფელი ხორხი

Link to post
Share on other sites
  • 3 weeks later...

ვეფხის ბალადა--

ჭელიძე ოთარ

 

 

 

 

შეიშმუშნა ზღვის ნაპირის

უდაბური მხარე,

ლერწმებიდან ნადირივით

გამოვარდა მთვარე.

 

ჩაშუქებულ შამბნარებში

გაიღვიძა მხეცმა,

გაიღვიძა და თვალებში

თითქოს ცეცხლი ეცა.

 

დაიქუხა, დაიჭექა,

გაიელვა ჭრელად,

ზე ასწია თათი ვეფხმა

მთვარის დასაჭერად.

 

სისხლისფერი მნათი მშვიდად

როცა დაჯდა მთაზე,

ახტა ვეფხი, გაეკიდა

მრისხანებით სავსე.

 

მთვარემ ისევ გადინაცვლა,

სხვა მწვერვალზე დაჯდა,

ვეფხიც განა დაიქანცა,

მთაგრეხილთან გაჩნდა.

 

ბედუინთა ცხელი მხარე

უკან დარჩა მდევარს,

არ დაეძებს ცხვრების ფარებს,

არც ცხენების რემას.

 

ხრამებს, ჩქერებს გადალახავს,

მთვარეს შორით უცქერს,

შვლების ჯოგებს სადაც ნახავს,

გვერდს შორიდან უქცევს.

 

მთელი ღამე ასე სდია

მოელვარე მთვარეს,

და წააწყდა მთების ძირას

სიზმრად ნახულ მხარეს.

 

რას შეხედა...… ვეფხი შედგა,

დაატყვევა მიწამ,

დაავიწყდა, მაღალ მთებთან

რისთვის გამოიქცა.

 

შედგა, თითქოს ქანდაკებად

გააქვავა მეხმა,

ხელმეორედ დაბადება

თუ ინატრა ვეფხმა!

 

გადახედა ვერხვნარს, ბაღნარს,

იალაღებს, არაგვს;

შედგა ვეფხი, არა, სხვაგან

წასასვლელი არ აქვს.

 

დიდხანს იდგა სანამ დილით

არ ახალეს ტყვია,

ძირს დაეცა და სიკვდილი

არც კი შეუტყვია.

 

გაწვა ვეფხი ტიალ გზაზე,

მიწას უწყო ლოკვა;

საქართველოს სილამაზემ

ასე ბევრი მოკლა.

Link to post
Share on other sites

ჭიორა

გული მიფეთქავს, მიბაგუნებს აღტაცებული,

როგორც მუჭაში გამომწყვდეულ ციცქნა ჩიორას,

ალბათ, ის კაცი არ იქნება მირონცხებული,

ვინც იხილავს და არ შეაქებს ლამაზ ჭიორას.

ხასხასა თოვლით დაფარული მთების ალყაში

ტურფა ქალივით მოკეკლუცობს რიონი ლურჯად,

რაჭველ კაცს უკვე ჩაუგია ხმალი ქარქაშში

და ცელი კვესავს ელვასავით, სიცოცხლის ბურჯად.

შოდას გასცქერის მონადირე თოფშემართული,

რომელიც არჩვებს ემუქრება თავზე დაცხრომით,

ძარღვებში უჩქეფს ალისფერი სისხლი ქართული,

ჭკვიანი არჩვი ლოღორიდან უცქერს განცხრომით,

საქართველოში რა გამოლევს წმინდა სალოცავს,

რაჭაში ლოცვის მეუფლება ჟინი ცხოველი,

სოფლისა თავში გადმომდგარა “კვირაცხოველი”

მაღლით დასძახის, ჭიორლებო, ღმერთი დაგლოცავთ! . .

post-189-0-63912800-1342013660_thumb.jpg

post-189-0-21629900-1342013678_thumb.jpeg

post-189-0-22753600-1342013700_thumb.jpeg

Link to post
Share on other sites
  • 2 weeks later...

ქალაქში დადის

ქალი სულელი,

გაბრუებული

შენი სურნელით.

უყვარს სიცოცხლე,

უყვარს ფერები

და ვეღარ გაძღა

შენი ფერებით!

გულით მზე დააქვს,

თვალებით _სითბო

და შენგან მხოლოდ

სიყვარულს ითხოვს!!!

Link to post
Share on other sites

ვათვალიერებ ძველისძველ ალბომს.

მესაუბრება, რას აღარ ამბობს.

ყველა სურათი საოცრად მათბობს,

მაშინაც, როცა ცივა და მათოვს.

აი, ეს ქალი (რა კარგად მახსოვს),

სულ მაზომებდა საკუთარ ნაქსოვს.

ეს კი ბაბუა! სურათზეც ბრაზობს

თუ შვილიშვილი ჟარგონზე “ბაზრობს”.

მამაჩემია, დანას რომ ასობს.

იმ ასაკშია თორმეტს ფლობს ასოს.

დედიკო ჩემი, რაღაცით ხარობს.

ოცი წლისაა, ტუშს ჯერ არ ხმარობს.

მაგრამ ვერ მივხვდი ალბომის საზომს

- რა უნდა მასში მეზობელ ანზორს?

ამ ბიჭსაც ვერ ვცნობ, წააგავს კარლსონს,

ვიღაც დეიდა ატენის მაწონს.

გაივლის დრო და… ნურავინ დარდობს,

რას იზამ, ზოგჯერ სიკვდილი ჭარბობს.

და ამ ალბომში (ეს აზრი მართობს)

მეც დავიმკვიდრებ გარკვეულ ფართობს.

Link to post
Share on other sites

Join the conversation

You can post now and register later. If you have an account, sign in now to post with your account.

Guest
უპასუხეთ თემას

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
  • Recently Browsing   0 members

    No registered users viewing this page.


×
×
  • Create New...